მთავარი,სიახლეები

„ჩემი 17 წლის შვილი 1 თვეა სახლში არ მოსულა, დარწმუნებული ვარ, ბევრ დედას არ სძინავს ჩემსავით“

12.03.2024 • 4460
„ჩემი 17 წლის შვილი 1 თვეა სახლში არ მოსულა, დარწმუნებული ვარ, ბევრ დედას არ სძინავს ჩემსავით“

„თებერვლის შემდეგ სახლში არ მოსულა. არ ვიცი სად არის, ვისთან ერთადაა და რა მდგომარეობაშია.  

ერთადერთი კავშირი მასთან მესინჯერია, როცა საიტზე მწვანე აციმციმდება, მაშინ ვმშვიდდები ცოტათი, რადგან ის მაინც ვიცი, რომ ცოცხალია“, – ამბობს 17 წლის მოზარდის დედა. 

38 წლის ქალი დღე და ღამ ქუჩა-ქუჩა, უბან-უბან დადის და თავის უფროს გოგონას დაეძებს. დედა ამბობს, რომ მისი შვილი 14 წლის ასაკიდან შეიცვალა. სავარაუდოდ, მიზეზი ნარკოტიკის მოხმარებააო. 

„დარწმუნებული ვარ, ბევრ დედას არ სძინავს ჩემსავით. სამსახურიც კი დავტოვე, რომ მომეძებნა. დღისითაც გავსულიყავი და ღამითაც. ღამის სამ საათამდე შემეძლო ქუჩებში მევლო, იქნებ სადმე შემხვდეს-მეთქი.

ძველ მეგობრებს აღარ ეკონტაქტება, ყველა ჩამოშორდა. როცა ისინი ჰყავდა, მეუბნებოდნენ – აქ ვნახეთ ანა, იქ ვნახეთ და მეც გავრბოდი. ახლა არც კი ვიცი ვისთან მეგობრობს, ვინ არიან ის ადამიანები.

სამ-ოთხჯერ მივაგენი კიდეც ძებნისას. ერთხელ ზღვისნაპირას, ბულვარში. თუმცა შემდეგ, როცა მიხვდა, რომ ვეძებდი, იმ ადგილებში აღარ ჩნდებოდა“, – ამბობს დედა. 

რა მდგომარეობაში იყო, როცა იპოვეთ, ვინ იყო მის გვერდით? – ვკითხეთ ქალს.  

ამბობს, რომ ანა (სახელი შეცვლილია) აგრესიული იყო, თვალები გაფართოებული ჰქონდა. „რატომ მომაკითხე, რა იყო, რას დამდევ? – მეუბნებოდა და ძალიან ცუდი სიტყვებით მომმართავდა. ის ახალგაზრდებიც რაღაც უცნაურ მდგომარეობაში იყვნენ, ერთმანეთზე ჩამოკიდებული… არ ვიცი, მგონი ნასვამები იყვნენ. 

არ მივსულვარ ახლოს, იქვე, შორიახლოს ვიდექი და ველოდებოდი, როდის წამოვიდოდა ჩემი გოგო სახლში. 

იმ ახალგაზრდებიდან არავის ვიცნობ. არც მათი მშობლების შესახებ ვიცი რაიმე“, – გვეუბნება დედა. 

მისი თქმით, თებერვლის შემდეგ ანა სახლში არ დაბრუნებულა. „მოვალ მალე, – მითხრა და გავიდა. მას შემდეგ არაფერი ვიცი, სად არის და ვისთან. 

როცა ვურეკავ, არ მპასუხობს, არც კამერას მირთავს, რომ ვნახო ვის გარემოცვაშია, ტელეფონს მითიშავს. 

დღე და ღამ ტელეფონს ჩავცქერი, იქნებ გამოჩნდეს. თუ მესინჯერი აციმციმდა, ეს ცოტათი მამშვიდებს, რადგან ის მაინც ვიცი, რომ ცოცხალია“, – გვეუბნება დედა. 

მას ვკითხეთ, თუკი არ მუშაობს ანა, არც ოჯახს ეკონტაქტება, რით გააქვს თავი ამ ხნის მანძილზე, სად შოულობს საკვებს, ტანსაცმელს ან სხვა საჭიროებებს როგორ იკმაყოფილებს? დედას ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს. 

„არაფერი ვიცი. 

მე მხოლოდ ის ვიცი, რით გავიდა გარეთ. ლასინები, თეთრი როლინგი, ჩექმები და ქურთუკი ეცვა. მალე მოვალ – მომაძახა და წავიდა. ეს „მალე“ გახდა ერთი თვე და ასე გადის დღეები. 

თუ ფული სჭირდება, მაშინ მომწერს – „ერთი 50 ლარი ჩამირიცხე“. თუ არ მაქვს და უარს ვეუბნები, გათიშავს მესინჯერს და აღარ მომწერს არაფერს“.  

  • პირველი ცვლილება

დედა ამბობს, რომ ანას ხასიათის ცვლილება 14 წლის ასაკში დაეწყო. მშვიდი ბუნების გოგონა უცება გახდა კონფლიქტური და მოუსვენარი.

„სულ გარეთ მიიწევდა, სახლში არ უნდოდა ყოფნა. დაეწყო უძილობა, მთელი ღამე არ ეძინა, შფოთავდა, დადიოდა იქეთ-აქეთ, რამეს თუ ეტყოდი, ყვირილს იწყებდა.  

ვფიქრობ, ტაბლეტებს მოიხმარდა. ზუსტად რას, არ ვიცი. 

ძალიან განვიცადე, როცა გავიგე. ჩავრთე ფსიქოლოგიც, თუმცა ვერ იმუშავა ფსიქოლოგმა სათანადოდ, ვერ მიუდგა. „შტერები, მაგათ რა უნდა მასწავლონ“ – ასე ამბობდა, როცა მოდიოდა ფსიქოლოგისგან. 

მივიყვანე ნარკოლოგიურშიც, იქ რაღაც დამამშვიდებელი აბები მისცეს, ერთი-ორჯერ დალია და გადაყარა. ეგ სულელებისთვისაა, მე რად მინდაო – ამბობდა. 

დღითი-დღე უკონტროლო ხდებოდა. სულ ჩხუბი, სულ შანტაჟი, – გამიშვი, თორემ პოლიციას დავურეკავ და ვეტყვი, რომ ძალადობ – მეტყოდა და მეც ვუშვებდი. 

ერთი-ორჯერ ხელიც მომარტყა, როცა უარი ვუთხარი.  

როცა რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა, შეუძლია ყველაფერზე უარი თქვას – დედაზე, მამაზე, ოჯახზე. 

ვცადე ფსიქიატრიულში დაწვენაც, თუმცა ისტერიკები მოაწყო – „დედა აქ მტოვებ? მე გიჟი არ ვარ“- ყვიროდა, ვეღარ გამიძლო გულმა და წამოვიყვანე“, – ამბობს ქალი. 

  • როგორ მოიქცა სკოლა მოსწავლის ცვლილებისას

„კონფლიქტური როცა გახდა, სულ პრობლემები ჰქონდა სკოლაში. ხან ჩხუბი, ხან გარჩევა და თითქმის ყოველდღე იქ ვიყავი ამბების გასარკვევად. 

იყო შემთხვევები, როცა გაკვეთილების დროს, სკოლის გარეთ მხვდებოდა სკამზე მარტოდ ჩამომჯდარი. 

აღარ სწავლობდა. ამიტომ გადავწყვიტე, მეცხრე კლასიდან გამომეყვანა. კოლეჯშიც მოვაწყვე, თუმცა იქაც იგივე სიტუაცია ჰქონდა – სულ ჩხუბი და უსიამოვნება. 

კოლეჯიც მიატოვა. 

როგორ აღმოჩნდა ნარკოტიკი მის ხელში, სად იპოვა და რა გარემოცვაში გასინჯა? – ვკითხეთ დედას. 

ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს სუსტი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. 

დედის აზრით, სწორედ სახელმწიფომ გახადა ნარკოტიკები ადვილად ხელმისაწვდომი და სისტემა ვერაფერს ან არაფერს აკეთებს პრევენციისთვის, რომ ნარკოტიკები არ აღმოჩნდეს ბავშვებისა თუ მოზარდების ხელში ადვილად. 

„ძალიან ხელმისაწვდომი გახდა მოსაწევიც და ეს ტაბლეტებიც. ალბათ ამის ბრალია.  

რამდენი დედა გამწარდა ამის გამო, რამდენი ბავშვი დაიღუპა. 

ისიც არ ვიცი, ვის უნდა მივმართო, რა მოვიმოქმედო, რა გზას დავადგე. ტკბილი სიტყვით დაველაპარაკები, შეურაცხყოფას მაყენებს, ხელს მირტყამს – შენ ვინ გეკითხებაო მეუბნება. 

მკაცრად მოვექცევი და მაშანტაჟებს – „პოლიციას გამოვიძახებ“, სულ ტელეფონი უჭირავს ხელში. სოციალური სამსახურიც გამომიძახა, ჩემზე ძალადობენო უთხრა. 

თუმცა, როცა მოვიდნენ, კი ნახეს რა იყო რეალურად და გაგიჟდნენ“, – გვეუბნება დედა. 

როცა არასრულწლოვანი კვირაობით, თვეობით გარეთ არის და მშობელი ეძებს, რას ამბობს პოლიცია, გეხმარებათ მის პოვნაში? – ვკითხეთ დედას. 

მისი თქმით, ის ადრე მიმართავდა პოლიციას, თუმცა მაინც ვერაფერს ცვლიდა მათი ჩარევა. „გარეთ უნდა და გაუშვითო, – ასე მეუბნებოდა პოლიცია. გავუშვებდი და აღარ მოდიოდა. 

მერე მუქარები დაიწყო, – თუ გამოიძახებთ, თავს მოვიკლავ, მამას დავაჭერინებ, შენ თავს დავაჭერინებო და მეც მეშინოდა, მართლა რაიმე არ ევნო თავისთვის. 

კიდევ ერთი შვილი მყავს. პატარაა ჯერ და იმასაც ხომ სჭირდება ყურადღება? არ მინდა, ასეთ მდგომარეობაში ენახა და. რადგან როცა წინააღმდეგობას ვუწევთ, ისეთ ამბებს ატეხს, მთელ უბანს შეგიყრის. 

ვცდილობ, პატარა დამ არ დაინახოს ეს სირთულეები, რომ შემდეგ იგივე ნაბიჯი არ გადადგას.

ძალიან გამწარებული ვარ. რაღაც გზას ხომ უნდა დავადგე, არ ვიცი რას მივმართო, ვის მივმართო. ავდგები, ვეძებ, ვეძებ და ვერსად ვპოულობ. ჯანმრთელობაც შემერყა ღამეების თევაში.  

მინდა დაბრუნდეს სახლში. თუ შია და სწყურია, სახლი აქვს, კარი აქვს, სითბო და სიყვარული აქვს სახლში, აქ მოვიდეს“, – ამბობს დედა. 

თუ ფულს არ აძლევთ და არც სამუშაო აქვს, როგორ შოულობს წამალს? ფიქრობთ, რომ გასაღების ქსელში შეიძლება იყოს ჩათრეული – ვეკითხებით დედას. 

მისი თქმით, თუ ვერ იშოვა, მოიპარავს – „რა პრობლემაა“. 

დედის თქმით, ნარკორეალიზაციის შემთხვევებზე არაფერი სმენია. თუმცა ჩხუბის და მოპარვის გამო, პოლიცია რამდენჯერმე დაუკავშირდა ოჯახს. 

„წინა წელს ორი შემთხვევა ჰქონდა და დამიკავშირდა პოლიცია, წელს, ჯერ არავინ დამკავშირებია მსგავს რამეზე“, – ამბობს დედა. 

  •  რას ვერ აკეთებს სახელმწიფო მოზარდებისთვის და როგორი უნდა იყოს მიდგომა? 

ფიქრობთ, რომ საწყის ეტაპზე რაღაც გამოგრჩათ, რაღაც სხვა იყო გასაკეთებელი და რა ვერ გააკეთეთ, როგორც მშობელმა? 

იქნებ ფიქრობთ, რომ სახელმწიფომ ვერ მიიღო ეფექტური ზომები მოზარდის რეაბილიტაციისთვის? – ვკითხეთ დედას. 

„გასაგებია. მეც ხშირად მესმის, „სად იყო დედა, მამა სად იყო? აგერ ვარ დედა და გესაუბრებით. რა ვქნა, როგორ მოვიქცე?

როცა შვილი შეურაცხყოფას მოგაყენებს, „დავაი ახლა“ გეუბნება, არ გემორჩილება, არ გისმენს, ხელს გიბრუნებს, ვის მივმართო? არც სიყვარულით მიდგომა ჭრის, არც მუქარა. რა გზას დავადგე. 

სახელმწიფო ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობას ვერ აკონტროლებს, არასრულწლოვნები არ არიან დაცული მავნე ზემოქმედებისგან არც ქუჩაში, არსად. ასეთი ხელმისაწვდომი რომ არ იყოს მოსაწევი, ხომ არ ჩავარდებოდნენ ჩვენი შვილები ამ დღეში?

რაც დღეს საქართველოში ხდება, არა მგონია კიდევ სადმე ხდებოდეს. იღუპებიან ბავშვები, ახალგაზრდები და ეს არის პრობლემა. 

მესმის იმ დედების, რომლებიც ჩემს დღეში არიან და იმათიც, ვინც ამის გამო დაკარგა შვილები. აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კანონი და ყველა ზომა მიიღოს სახელმწიფომ ბავშვების ნარკოტიკებისგან დასაცავად“, – ამბობს დედა. 

მისი აზრით, სუსტია პროგრამებიც და მთლიანად შესაცვლელია სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით. ისეთი სერვისები უნდა იყოს, სადაც ბავშვები რეაბილიტაციის დროს, მათთვის საინტერესო საქმითაც დაკავდებიან. მაგალითად, ჩემს შვილს ვიზაჟისტობა მოსწონს და იქნებ მკურნალობის პარალელურად ეს პროფესიაც ესწავლებინათ. ცეკვა, ხატვა, მუსიკა, სპორტი – ამ ყველაფერში უნდა ჩართონ მოზარდები, რომ მკურნალობის პარალელურად, რაღაც პროფესიაც შეიძინონ ახალგაზრდებმა. 

ძალიან ბევრი მოზარდია ასეთ მდგომარეობაში, მარტო ჩემი კი არა. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე“. 

დედის თქმით, აუცილებელია ბათუმში რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნას ნარკომომხმარებელი ბავშვებისთვის და დროულად დაიწყოს მათზე ზრუნვა სახელმწიფომ. 

„ერთხელ რომ ნახოთ და გაესაუბროთ, იტყვით, – „ეს ვინაა, თაფლი გადმოსდის პირიდანო“, მაგრამ როცა ზემოქმედების ქვეშაა, ისე იცვლება შოკში ჩავარდები.

ამ ოთხი წლის განმავლობაში ვერცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია ვერ დაგვეხმარა ვერც მე და ვერც ჩემს შვილს, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდით“, – ამბობს დედა.

მისი თქმით, ბრძოლის უნარი დაკარგა მეუღლემაც, რადგან მისი შვილი, პოლიციით ემუქრება. „თუ არ გამიშვებთ, გიჩივლებთ და დავაჭერინებ თქვენ თავსო, გვეუბნება. მამამისსაც ეშინია… „ახლა ციხის თავი არ მაქვსო“, ერთი შვილი გვყავს კიდევ გასაზრდელი. შრომობს, მოხელე კაცია, თავი ძლივს გაგვაქვს. 

მარტო ვარ ამ ბრძოლაში. ხელჩართული ბრძოლა მაქვს, ოღონდ სულ მარტოდ“, – გვეუბნება დედა. 

მისი აზრით, თუკი ნარკომომხმარებელი ბავშვების მშობლები გაერთიანდებიან, ეს მათ გააძლიერებს. 

„მინდა იმ დედების გვერდით დავდგე, ვინც ჩემსავით გამწარებულია.

დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბევრ დედას არ სძინავს. თუმცა ბევრი ერიდება სირცხვილის გამო ამაზე ხმამაღლა საუბარს. 

თუ მშობლები ერთად ვიბრძოლებთ, იქნებ გამოგვივიდეს რაიმე. კამპანია წამოვიწყოთ იქნებ, რომ აღარ ვიყოთ გამწარებული მშობლები და ჩვენი შვილებიც გადარჩნენ“, – ამბობს ანას დედა. 

„დამანგრია ამ ყველაფერმა, 38 წლის ვარ და უცებ დავგლახდი დარდისგან. 

„არ შემიძლია ვთქვა, „წავიდეს, მომშორდეს“. სანამ ცოცხალი ვარ, ვიბრძოლებ, რომ შვილი დამიბრუნდეს“, – გვეუბნება დედა.

შვილის შესახებ სულ მცირე ამბის გაგებაც კი შვებას ჰგვრის: 

„სთორებზეც კი მბლოკავს, რომ არ ვნახო. თუ სხვამ ნახა და მომწერს, სთორი დადოო, ესეც კი მაბედნიერებს. ვფიქრობ – ესე იგი, ცოცხალია. 

ვინ იცის, რამდენი დედა ტირის ჩემსავით, ეს უნდა დამთავრდეს“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: