სიახლეები

„წელს ნამდვილად დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზა“ – მინისტრი

12.03.2024 • 3321
„წელს ნამდვილად დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზა“ – მინისტრი

„ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წელს დასრულდება“ – აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ბათუმის შემოვლითი და ხულო-ზარზმის გზების მშენებლობა რომ საარჩევნო, 2024 წელს დასრულდებოდა, მთავრობამ ამის შესახებ გასულ 2023 წელს განაცხადა. არადა, ეს მშენებლობები, სულ ცოტა, 2023 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო.

„ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს რთულ გეოლოგიურ პირობებში, ბევრი გამოწვევის მიუხედავად წელს დასრულდება. კიდევ უფრო დიდი ძალისხმევის და გაზრდილი რესურსების პირობებში, შესაძლებელი იქნება აღნიშნული გზის სეზონისთვის გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის.

ხუთივე გვირაბი გაჭრილია, სამ გვირაბში უკვე დასრულებულია მოსახვა, საფარის დაგება. მიმდინარეობს საინჟინრო ქსელების მონტაჟი, დარჩენილ ორ გვირაბში გრძელდება მოსახვის სამუშაოები. 20 ხიდიდან 19 – აშენებულია. გარდა ამისა, ეწყობა საფარი და ეს ყველაფერი ხელშესახებს ხდის იმას, რომ წელს ნამდვილად დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის 329 630 734 ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაციაში კი, აღნიშნული იყო, რომ ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის მთლიანი თანხა 493 მილიონ 120 ათას 100 ლარია.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / 12.03.2024 / ფოტო: გზების დეპარტამენტი

დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი შენდება.

„ამ დროისათვის, პროექტით გათვალისწინებული ხუთივე გვირაბი გაჭრილია და 20 ხიდიდან აშენებულია 19 ხიდი; შემოვლითი გზის შინაარსიდან გამომდინარე გათვალისწინებულია ორი კვანძი, რომლითაც ქალაქში შესვლა იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ახალი გზით ქალაქი მაქსიმალურად განიტვირთება; ახალი შემოვლითი გზა გაივლის სოფლებს: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს“ – აცხადებს დეპარტამენტი.

დღევანდელი მდგომარეობით ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მახინჯაურის გვირაბთან შევიწროებულია ბათუმი-ქობულეთის გზის სავალი ნაწილი, რის გამოც შეფერხებულია ტრანსპორტის გადაადგილება ამ მონაკვეთში, რაც საცობის მიზეზია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: