მთავარი,სიახლეები

მოქალაქეები ითხოვენ ონკოპაციენტებს დაუფინანსდეს სადიაგნოსტიკო და გეგმიური საკონტროლო კვლევები

11.03.2024 • 3505
მოქალაქეები ითხოვენ ონკოპაციენტებს დაუფინანსდეს სადიაგნოსტიკო და გეგმიური საკონტროლო კვლევები

„Motxovna N……. Ar dakmayofilda. Damatebiti informaciistvis gtxovt mimartot servis centrs,“ – ამ შინაარსის ტექსტს იღებენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან პაციენტები, რომლებსაც სკრინინგის შემდეგ კიბო აღმოაჩნდათ და ანალიზების დასაფინანსებლად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიმართეს.

სწორი დიაგნოზის დასმისათვის, მკურნალობის სწორად წარმართვისთვის და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭიროა მთელი რიგი სადიაგნოსტიკო კვლევები, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. თანხა, რომელიც კვლევებს სჭირდება ხშირად 5 ათას ლარს აღწევს – იმის მიხედვით, თუ რა ტიპის სიმსივნე აქვს პაციენტს და რამდენად რთულია მისი მდგომარეობა.

ნინო ალავიძე 57 წლისაა. უმუშევარი. საპენსიო ასაკამდე კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი. ნინოს არ აქვს კერძო დაზღვევა. არ აქვს სოცდაუცველის სტატუსი. ნინოს ჯანდაცვის სისტემა „ვერ ხედავს“.

ნინოს მსგავსად ყველა, ვინც არ არის საპენსიო ასაკის (ქალების შემთხვევაში 60 წლამდე, კაცების შემთხვევაში 65 წლამდე), არ აქვს კერძო დაზღვევა ან არ სარგებლობს რაიმე სოციალური შეღავათით, ჯანდაცვის სისტემის მიღმა რჩება.

„ჩემი დიაგნოზი მოულოდნელად გავიგე სკრინინგზე – მკერდის სიმსივნე მაქვს. ექიმმა, პირველ რიგში, სადიაგნოსტიკო კვლევები დამინიშნა – ქორბიოფსია, იმუნოჰისტოლოგიური კვლევა, მრტ, ციტოლოგია. ყველა ხარჯი მე დავფარე, დაახლოებით 4 ათას ლარამდე იყო. ვალები ავიღე და ისე. ჩეკების ნაწილი დღემდე შენახული მაქვს. თბილისში ვცხოვრობ, მთაწმინდაზე. პენსიონერი არ ვარ, შუა ასაკის ვარ. დიაგნოზის შემდეგ სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. 2700 ლარი ჯდებოდა ჩემი ოპერაცია, მხოლოდ 790 ლარი ჩამირიცხა ჯანდაცვამ.

გავაპროტესტე. მითხრეს, რეფერალურს მიმართეო. მივმართე, მაგრამ არაფერი შეიცვალა, ტყუილად დამაკარგვინეს დრო.

ძლივს გავიკეთე ოპერაცია. ოპერაციის შემდეგ პროტოკოლითაა გაწერილი – სიმსივნური კვანძი ითესება იმუნოჰისტოლოგიაში. 500 ლარი ღირს და აუცილებელია. ამის მიხედვით დგინდება მკურნალობის მეთოდი – ქიმია და სხივები გენიშნება.

ისევ ვისესხე და ისე გადავიხადე ამ კვლევის ფული,“ – იხსენებს ნინო ალავიძე.

ნინო ალავიძე

ნინოს კიბო სამი წლის წინ აღმოაჩნდა. არც მანამდე და არც შემდეგ სახელმწიფოს მიდგომა არ შეუცვლია. კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევებს არ უფინანსებს იმ საშუალო ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არც პენსიონერები არიან და არც სოცდაუცველები.

ერთადერთი, რაც ფინანსდება, არის მკურნალობა.

„მე არ დამიმარცხებია ჯერ სიმსივნე. ჰორმონდამოკიდებული ვარ. ჰორმონს მიფინანსებს ჯანდაცვა. ძალიან იაფი წამალია, წელიწადში 1000 ლარი მჭირდება.

ყოველ 6 თვეში მჭირდება კვლევები. ხომ იცით ონკოლოგია როგორია – გაიპარება, რა ვიცით სად გადავა. ამიტომ 6 თვეში ერთხელ იგივე კვლევას ვიტარებ, რაც დიაგნოსტირებისას გავიკეთე. ესეც არ ფინანსდება. აი, სად უნდა მოვიძიო ამხელა თანხები?

ონკოპაციენტებს ლიმიტი გვაქვს 25 ათასი ლარი წელიწადში. 1000 ლარი ჯდება ჩემი წამალი. დავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში და მოვითხოვე – ხომ რჩება ჩემს ლიმიტს ამხელა თანხა, იქნება ამ თანხით კვლევები დამიფინანსოთ-მეთქი. უარი მითხრეს – პროგრამაში არ არისო.

მესამე წელია, სულ ჩემი ხარჯებით ვიტარებ გამოკვლევებს. აპრილში დიდი კვლევა მჭირდება და ისევ თავიდან უნდა ვეძებო ფული.

ახლა გადასხმა მიწევს, ზოლენტონი, მედიკამენტია, ძვლებზე რომ არ მოხდეს რეციდივი. თბილისში ვცხოვრობ, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დამიფინანსა წამალი. ამაზე მადლობა.

მაგრამ  გადასხმაა ფასიანი, ასევე ანალიზები მჭირდება გადასხმამდე. სახლში ვერ გადაისხამ, კლინიკაში უნდა მიხვიდე, პროტოკოლითაა განსაზღვრული. წამალი მიდევს და არ მაქვს ასი ლარი, თოდუაში რომ გადავისხა,“ – ამბობს ნინო ალავიძე.

ნინო ითხოვს, რომ ონკოპაციენტებს უფინანსდებოდეს როგორც სადიაგნოსტიკო, ისე გეგმიური საკონტროლო კვლევები და ყოველ ექვს თვეში სესხის აღება არ უწევდეს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად.

„ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არ ფინანსდება სადიაგნოსტიკო კვლევები – როგორც ლაბორატორიული, ისე მაღალ ტექნოლოგიური.

კითხვებზე პასუხის მიღების შემთხვევაში ის მასალაში აისახება ან ცალკე სტატიად გამოქვეყნდება.

ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება მოქალაქეს მძიმე ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდეს, არის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართო. ამ შემთხვევაში სქემა ასეთია: პაციენტს სამედიცინო ფორმა 100 და ანგარიშფაქტურა კლინიკიდან მიაქვს მერიაში, მერია განიხილავს, აძლევს საგარანტიო წერილს, რომ კვლევებისთვის საჭირო თანხის ნახევარს დააფინანსებს, შემდეგ ეს წერილი პაციენტს მიაქვს უკან კლინიკაში და იტარებს სადიაგნოსტიკო კვლევებს.

ეს სქემა დიდ დროს და ლოჯისტიკურ უნარებს მოითხოვს. რაიონულ ცენტრებში მდებარე კლინიკებში მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება შეუძლებელია. პაციენტები, როგორც წესი, დიდ ქალაქებს – თბილისს, ქუთაისს, ბათუმს ან ზუგდიდს ირჩევენ. შესაბამისად, კვლევებისთვის საჭირო თანხის ნახევრის მისაღებად საკმაოდ დიდი ძალისხმევის გაღება უწევთ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ექიმი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ საქართველოში დღეს მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის სქემა პრობლემურია და მისი ოპტიმიზაციაა საჭირო. ვახო კალოიანის თქმით, მისი პარტიის ხედვაა მოქალაქეს მიეცეს ვაუჩერი, რომლითაც ის შეძლებს კარგი სადაზღვევო პოლისის ყიდვას, რომელიც შემდგომ მკურნალობის ხარჯებს დაფარავს.

ვახტანგ კალოიანი

ონკოლოგიის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრისას ხაზს უსვამს სკრინინგის ფორმალურობას და იმას, რომ სასკრინინგო ცენტრები მცირე ოდენობითაა, ასევე გეოგრაფიულად ვერ ფარავს მთელ ქვეყანას. დაფინანსების სქემაში კი ორ ძირითად პრობლემას გამოყოფს.

„პირველი – არ არის მკვეთრად განსაზღვრული კლინიკური პროტოკოლი, როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის და შემდგომი მეთვალყურეობის. არსებობს საერთაშორისო გაიდლაინები, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არ არის ამისი დოკუმენტაცია, რითაც უნდა იხელმძღვანელონ პროფესიონალებმა. ან რაც არის არასრულყოფილია.

როცა ჩვენ გვექნება რეალური კლინიკური პროტოკოლი, რომელიც მოიცავს პრევენციას და დიაგნოსტიკას, უფრო ზუსტად შევძლებთ იმ ფინანსების გათვლას, რას სჭირდება ამ ძალიან მძიმე პაციენტების ჯგუფს.

მეორე – არ ფინანსდება ბევრი მნიშვნელოვანი კვლევა. მაგალითად, არ ფინანსდება, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT). ეს ძალიან დიდი [ფინანსური] ტვირთია მოქალაქისთვის და, შესაბამისად, ხელს უშლის მკურნალობის სტრატეგიის სწორად დაგეგმვას. ხშირად გვიანდება მკურნალობის დაწყება, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებენ დროულ დიაგნოსტიკას.

იგივე ხდება იმუნოთერაპიაზე. იმუნოთერაპიას სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები, რომლის გაკეთებასაც ბევრი ვერ ახერხებს. შესაბამისად, შემდგომ ეჭვქვეშ დგება მკურნალობის ეფექტურობა,“ – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

მისი თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი დაფინანსების სქემის შეცვლაა, სკრინინგის მასშტაბის გაზრდა და  მოქალაქისთვის საკუთარი ფულის განკარგვის უფლების მიცემა.

„ასევე კლინიკური მართვის პროტოკოლებისა და გაიდლაინების შემუშავება, მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს და უსაფრთხოს გახდის პაციენტისთვის მკურნალობის პროცესს,“ – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: