მთავარი,სიახლეები

რას ითხოვენ პლაჟის მოიჯარეები და როგორია აჭარის მთავრობის პასუხი – ვიდეო

11.03.2024 • 3622
რას ითხოვენ პლაჟის მოიჯარეები და როგორია აჭარის მთავრობის პასუხი – ვიდეო

„ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, 3-წლიანი ხელშეკრულებებით გადასცეს პლაჟი. თუმცა დავიშალეთ იმ პირობით, რომ ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დაელაპარაკება,“ – ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც პლაჟის მოიჯარეების დახურულ შეხვედრას დაესწრო აჭარის მთავრობაში.

დღეს, 11 მარტს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბათუმის სანაპირო ზოლზე დასაქმებულმა, პლაჟის მოიჯარეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა აუქციონი არ ჩატარდეს, ქონება აუდიტმა შეაფასოს და 3 წლის ვადით მათთან პირდაპირ გაფორმდეს იჯარის ხელშეკრულებები. აქციის შემდეგ რამდენიმე მოიჯარეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა:

„მინისტრის თქმით, მხოლოდ პანდემიის დროს დაუშვეს გამონაკლისი, რადგან მაშინ სხვა მოცემულობა იყო. მოიჯარეებმა მას უთხრეს, რატომ გადასცეს მაშინ პირდაპირი ხელშეკრულებებით პლაჟი, მაგალითად, ბიზნესმენ პაპუნაიშვილს? მინისტრმა თქვა, რომ მას კონკრეტული ვალდებულებები ჩაუწერეს. მოიჯარეებმა მინისტრს უთხრეს, რომ მათაც შეუძლიათ ვალდებულებების შესრულება.

რამდენიმე დღე მოიჯარეები დაელოდებიან აჭარის მთავრობის პოზიციას,“ – გვითხრა თამაზ ბაკურიძემ.

„მთელი ზაფხულის სეზონი ვწვალობთ, რომ გადავიხადოთ ბიუჯეტის გადასახადი, ეს ჩვენი ლუკმა-პურის ფულია, რომელსაც ვკარგავთ… აუქციონი არ უნდა ჩატარდეს, ბევრი უცხოელია დაინტერესებული ამით. დაინტერესება დიდია: რუსი მოვიდა, ბელარუსი,“ – ამბობს პაატა ბაკურიძე, რომელიც პლაჟის ერთ-ერთი მოიჯარეა და დღეს, 11 მარტს, საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.

„გასულ წელს ზღვის დაბინძურება არ იყო რეალური, მაგრამ ბევრი აღარ დადიოდა საბანაოდ. ეს აისახა ჩვენზე. აუქციონზე არარეალურ თანხას ითხოვენ. ჩვენ მონაწილეებს ხომ ვერ ვხედავთ, შესაძლოა, ხელოვნურად იმატებს ფასი. რამდენიმე წელია ვიღებ იჯარით ფართს და ამაზე ვმუშაობ, უფასოდ არაფერს არ ვითხოვთ – შეაფასოს აუდიტმა ქონება და ისე გადმოგვცენ, ისევ დროებით სარგებლობაში,“ – უთხრა პაატა ბაკურიძემ „ბათუმელებს“.

„მთავრობამ კეთილი ინებოს და მცირე, საშუალო ბიზნესის განვითარებაზე იზრუნოს, ეს ხალხი დაიზარდა ამ პლაჟზე, იმდენი წელია მუშაობენ, მათ სჭირდებათ სტაბილური გარემო, აუქციონს არ ეთანხმებიან, რადგან აუქციონში ვინც მეტს გადაიხდის, იმისაა იჯარა. იქ სპეციფიკურობა არ არის გათვალისწინებული, მოვა ვინმე ივან ვასილევიჩ პეტროვიჩი, რომელმაც არ იცის ადგილობრივი ინფრასტრუქტურისთვის რა არის საჭირო,“ – მიიჩნევს ნოდარ ცინცაძე.

„სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ ვინარჩუნებთ ფასს, ჩვენ არ ვახდევინებთ ვინმეს 50 ლარს ერთ შეზლონგში, დაახლოებით 30 მოიჯარე ვართ და დასაქმებული გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი,“ – აღნიშნა ჯაბა გოხიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: