მთავარი,სიახლეები

ომბუდსმენს თანამშრომელი სასამართლოში უჩივის, ის დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს

12.03.2024 • 4059
ომბუდსმენს თანამშრომელი სასამართლოში უჩივის, ის დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო და სხდომაც ჩაინიშნა. მას მოქმედი თანამშრომელი უჩივის და „განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას“ ითხოვს.

ლევან პაპავა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორია და ამბობს, რომ სამსახურში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაც სახალხო დამცველმა არ განიხილა.

„როცა სახალხო დამცველი მსგავს შემთხვევას შესაბამისი რეაგირების გარეშე ტოვებს, ის ინაწილებს პასუხისმგებლობას დისკრიმინაციულ მოპყრობაზე.

სახალხო დამცველს, რომელიც ზედამხედველობის მთავარი ორგანოა ქვეყანაში დისკრიმინაციული მოპყრობის ნაწილში რეკომენდაციების შესრულების კუთხით, თავად არ აღმოაჩნდა ანტიდისკრიმინაციული რეაგირების მექანიზმი.

ეს ბევრად უფრო სამწუხაროა, ვიდრე რომელიმე საჯარო სამსახურში მომხდარი შემთხვევა, როცა ამას სახალხო დამცველი განიხილავს,“ – ამბობს ადვოკატი მირზა მამულაძე, რომელიც სასამართლოში სახალხო დამცველის თანამშრომლის ინტერესებს იცავს.

ლევან პაპავა სასამართლოში ითხოვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, განსხვავებული შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას, დისკრიმინაციის  აღმოფხვრას, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.

ლევან პაპავა სახალხო დამცველის აპარატში 2016 წლიდან მუშაობს. იგი გვიყვება, რომ 2018 წლიდან, როცა საჯარო მოხელეების პროფესიული საქმიანობის შეფასების სისტემა ამოქმედდა, მისი შრომა პერიოდულად ფასდებოდა, როგორც „საუკეთესო“, ან „კარგი“, 2023 წლის წლიური შეფასების დროს კი, „დამაკმაყოფილებელი“ დაუწერეს და ეს მის განსხვავებულ შეხედულებებს უკავშირდება.

„რეგიონული სამმართველოს უფროსის გიორგი ტალახაძის მიერ ჯამურ ქულად განმესაზღვრა – 2. შეფასებამ ასიგნაცია გაიარა ზემდგომი თანამდებობის პირთან, ასიგნატორი იყო სახალხო დამცველის პირველი მოადგილე.

ჩემი დაბალი შეფასების ერთ-ერთ ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია სამეგრელოს ოფისში განმცხადებლების დაბალი მომართვიანობა. ბრძანებაში მიკერძოებულად მოყვანილია მხოლოდ ქუთაისისა და ბათუმის ოფისების წლიური მიმართვიანობის მაჩვენებლები. ეს შეფასება წარმოადგენს არამხოლოდ დაუსაბუთებელ, უკანონო და მიკერძოებულ გადაწყვეტილებას, არამედ პირდაპირაა ნაკარნახევი  სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსის დისკრიმინაციული მოტივებით და მტრული დამოკიდებულებით,“ – მიიჩნევს ლევან პაპავა.

ლევან პაპავა

რას ნიშნავს „მტრული დამოკიდებულება“? – დაკონკრეტება ვთხოვეთ ლევან პაპავას და იმის ახსნა, რა განსხვავებულ შეხედულებას უკავშირდება მის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაცია?

„პირად კონფლიქტს ვერ დავარქმევ, მასთან [გიორგი ტალახაძე] კონფლიქტი არ მქონია… 2018 წელს თითქოს კოლეგაზე რაღაც ნეგატიური ინფორმაცია გავავრცელე და ეს ჩემს თანამშრომელს უთხრა. მას ასევე ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება ჩემ მიმართ მას შემდეგ, რაც გახდა უშუალო ხელმძღვანელი, კერძოდ  ჩემი კითხვების იგნორირება, ზურგშექცევით დგომა შეხვედრებზე და ასე შემდეგ,“ – გვიყვება ლევან პაპავა.

იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უთანხმოება გიორგი ტალახაძესთან 2022 წელს დაიწყო, როცა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იყო და ლევან პაპავას წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. მართალია, მაშინ წარმოება შეწყდა, თუმცა კომისიის წევრის, გიორგი ტალახაძის აცილება ლევან პაპავას მოუთხოვია, რაც დაკმაყოფილდა.

„2023 წლის დასაწყისში უშუალო ხელმძღვანელმა სამეგრელოს ოფისის თანამშრომელს ექსკლუზიურად შესთავაზა ტრენინგში მონაწილეობა ისე, რომ მე ამის შესახებ ინფორმაცია არც კი მქონდა. ეს საკითხი გავიარე კურატორ მოადგილესთან, მას ეგონა, რომ მეც ვიყავი ინფორმირებული. დამპირდა, რომ თვითონ გააკონტროლებდა ამ საკითხს.

2023 წლის 7 დეკემბერს შეფასების შედეგების ზეპირი გაცნობისას, გიორგი ტალახაძემ მრავალგზის ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ მე თითქოს საჩივრებით მივმართავ მის წინააღმდეგ კურატორ მოადგილეს. საწყის ეტაპზე კი აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით თითქოს პრობლემა არ აქვს, თუმცა, შემდგომ დამატებით დასძენს, რომ ეს არის ძალიან ცუდი,“ – ამბობს ლევან პაპავა.

ლევან პაპავას უშუალო ხელმძღვანელის, გიორგი ტალახაძის შეფასება ადმინისტრაციული საჩივრით გაუსაჩივრებია სახალხო დამცველთან, თუმცა ლევან იოსელიანის მიერ ხელმოწერილი, 2024 წლის 23 იანვრის ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

„დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, მოტივებსა და ნიშანზე ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო არც სახალხო დამცველის ბრძანებით შექმნილ კომისიას და არც თავად სახალხო დამცველს არ უმსჯელია. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო სადავო ბრძანების მიღებისას დაეყრდნო ჩემი უშუალო ხელმძღვანელის ზეპირ განმარტებებს, ხოლო ჩემ მიერ წარდგენილი რიგი წერილობითი მტკიცებულებები თუ ზეპირი ახსნა-განმარტებები მხედველობაში არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს შეფასება „დამაკმაყოფილებელი“ სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შორის მივიღე მხოლოდ მე,“ – დასძინა ლევან პაპავამ.

მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით, ლევან პაპავა ლევან იოსელიანისთვის 300 ლარის დაკისრებას ითხოვს. „მიუღებელ შემოსავალში“ კი, იგულისხმება ე.წ. პრემია, რაც ლევან პაპავას აღარ მისცეს, დაბალი წლიური შეფასების გამო.

ამას გარდა, ლევან პაპავას წინააღმდეგ ერთ-ერთი თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე დაწყებულია დისციპლინური წარმოება.

„თითქოს იმ თანამშრომელს შევულახე რეპუტაცია და გავუვრცელე არასწორი ინფორმაცია… არ გამოვრიცხავ, გამათავისუფლონ,“ – აღნიშნა ლევან პაპავამ.

ჰქონდა თუ არა პირადი კომუნიკაცია სახალხო დამცველს თანამშრომელთან, რომელიც ამბობს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლია?

„პირადი კომუნიკაცია არ მქონია ბატონ ლევანთან, თუმცა წერილობით გაგრძელდა ჩვენ შორის კომუნიკაცია ამ საკითხზე. როგორც მომწერა, შემეძლო მიმემართა სასამართლოსთვის და მივმართე კიდეც სასამართლოს,“ – ამბობს ლევან პაპავა. იგი შენიშნავს, რომ ომბუდსმენმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი კომისიის წევრები არ ყოფილიყვნენ გიორგი ტალახაძის ახლო მეგობრები.

„მოპასუხემ [სახალხო დამცველი] არა თუ  საფუძვლიანად არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასება არ მისცა ჩემ მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარმოდგენილ უამრავ წერილობით თუ აუდიო მტკიცებულებას, არამედ რიგ შემთხვევებში დადგენილად მიიჩნია მცდარი ფაქტობრივი გარემოებები,“ – გვითხრა ლევან პაპავამ.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი მოქმედ კანონმდებლობაზე აკეთებს აქცენტს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საჯარო დაწესებულება ვალდებულია, შემუშავებული ჰქონდეს რეაგირების მექანიზმი და დისკრიმინაციული ფაქტი სწრაფად და მიუკერძოებლად შეისწავლოს, მისი დადგენის შემთხვევაში კი, აღმოფხვრას.

„ეს იმას ნიშნავს, რომ სახალხო დამცველი საკუთარ თავთან მიმართებაში მაინცდამაინც ეფექტური ვერ არის, რაც სამწუხაროა. სახალხო დამცველს, პირველ რიგში, თავის სტრუქტურაში უნდა ჰქონდეს ნდობის მაღალი მანდატი.

მართალია, დისკრიმინაციული მოპყრობა განახორციელა მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, მაგრამ სახალხო დამცველს არაფერი არ გაუკეთებია, რომ აღნიშნული მოპყრობა აღმოეფხვრა, თუნდაც ემსჯელა ამ საკითხზე, ფაქტობრივად, მას რეაგირების კუთხით არაფერი არ გაუკეთებია,“ – მიიჩნევს ადვოკატი მირზა მამულაძე.

„ბათუმელები“ ამ სარჩელთან დაკავშირებით დაუკავშირდა სახალხო დამცველის პრესცენტრს, სადაც გვითხრეს, რომ საქმის მასალები ახლახან ჩაჰბარდათ და ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: