მთავარი,სიახლეები

ოპოზიცია მერს უხარისხო სამუშაოებისთვის აკრიტიკებს, ლევან ზოიძე მათ „განულებულ უსაქმურებს“ უწოდებს 

11.03.2024 • 3400
ოპოზიცია მერს უხარისხო სამუშაოებისთვის აკრიტიკებს, ლევან ზოიძე მათ „განულებულ უსაქმურებს“ უწოდებს 

საკრებულოს ოპოზიცია ქობულეთის მერს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში ადანაშაულებს, მერი კი მათ „დესტრუქციულ ძალას“ და „განულებულ უსაქმურებს“ უწოდებს.

ქობულეთის მერიის არაეფექტურ მუშაობაზე ცოტა ხნის წინ სახელმწიფო აუდიტმაც გამოაქვეყნა ვრცელი დასკვნა.

ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, სოლომონ ბაჯელიძე აცხადებს, რომ ქობულეთის მერიის შენობის გარემონტებული ნაწილი მერიამ უკვე ჩაიბარა, „გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა შესრულებული სამუშაოები უხარისხოა“.

სოლომონ ბაჯელიძემ შესრულებული სამუშაოების ფოტოებიც გადმოგვიგზავნა, სადაც ხარვეზებია ასახული. მისი თქმით, ფოტოები 4 დღის წინ არის გადაღებული.

 

საკრებულოს წევრის ინფორმაციით, მერიის შენობის სხვა ნაწილის გასარემონტებლად ახალი ტენდერი გამოაცხადეს.

„300 000 ლარია გამოყოფილი. ორი სხვადასხვა კომპანიაა, უკვე დახარჯულია 200 000 ლარი. გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, უკვე დასრულებულია 200 000 ლარის სამუშაოები, რაც  უხარისხოდაა შესრულებული. როდესაც მერია ადმინისტრაციის შენობის ასეთ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს იბარებს, წარმოვიდგინოთ ქობულეთის მასშტაბით როგორი დამოკიდებულება ექნებათ. ქობულეთში არ არსებობს ტენდერი, რომელიც უხარისხოდ შესრულებული არ იქნება. ამას მოჰყვება „ატკატი“ „ოცნების“ ჩინოვნიკებისთვის. აქცენტს ვაკეთებ უკვე შესრულებულ სამუშაოებზე, მაგრამ რასაც ვაკვირდები, ახლა რაც კეთდება, ისიც უხარისხოდ კეთდება“, – ამბობს საკრებულოს წევრი.

ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე აცხადებს, რომ საკრებულოს წევრს „ხალხი შეცდომაში შეჰყავს“.

„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვამბობ და მოვუწოდებ დესტრუქციულ ძალებს, განულებულ უსაქმურებს, რომ დოკუმენტაცია წაიკითხონ ზუსტად. ზუსტად გააკეთონ დასკვნები და ხალხი ნუ შეჰყავთ შეცდომაში. ჩვენ ვახორციელებთ ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას სამ ეტაპად. სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილს მოვრჩით 2023 წელს, გავაგრძელეთ სამუშაოები – გამოყოფილი გვაქვს 100 ათას ლარზე მეტი. წელს შიდა სამუშაოებს მოვრჩებით და, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი გააგრძელებს შენობის რეაბილიტაციას. შემდეგ ეტაპზე დავიწყებთ გარე ფასადის რეაბილიტაციას. ასე რომ, მოვუწოდებ მათ სიმშვიდისკენ, არამხოლოდ ამ შენობის რეაბილიტაციას მივიყვან ბოლომდე, არამედ ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებ“, – განაცხადა ლევან ზოიძემ.

რაც შეეხება დეფექტების გამოვლენას სამუშაოების ჩაბარების შემდეგ, მერი ამბობს, რომ მერია დასრულებულ სამუშაოებს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იბარებს:

„ასეთი დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ ჩვენ წინა წელს დასრულებული სამუშაოები, რომლებშიც დაახლოებით 200 ათას ლარამდე დაიხარჯა… იმ სამუშაოებს, რომლებიც უკვე დასრულდა, არანაირი ხარვეზი არ აქვს“.

მერმა განმარტა ასევე, რომ ნებისმიერ კონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულება გარკვეულ ვადაში, ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხარვეზის გასწორებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ 2021-2022 წლებში [აუდიტის პერიოდში] ქობულეთის მერიის შპს-ებში გამოვლინდა ხელფასების შეუთანხმებლად ზრდის ფაქტები. გარდა ამისა, აუდიტის ინფორმაციით, დოკუმენტებისა და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ − ქობულეთის სანდასუფთავების ბუღალტერი საბიუჯეტო თანხების გადარიცხვისას თანამშრომლების ხელფასებისა და მომსახურე ფიზიკური თუ იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების ნაცვლად, მიუთითებდა საკუთარ საბანკო ანგარიშს. შესაბამისად, 28 შემთხვევაში მის ანგარიშზე უკანონოდ ჩაირიცხა ბიუჯეტის კუთვნილი 24 112 ლარი.

მერის ინფორმაციით, „ქობულეთის სანდასუფთავების“ ბუღალტერი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მითვისებული თანხა კი ბიუჯეტში დააბრუნებინეს.

ზემოთ მითითებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ  დოკუმენტებს „ბათუმელები“ შეისწავლის, ამ თემაზე მასალას მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: