მთავარი,სიახლეები

მუსლიმების აქცია ბათუმის მეჩეთთან – „ვითხოვთ სამართლიან პირობებს“

10.03.2024 • 3700
მუსლიმების აქცია ბათუმის მეჩეთთან – „ვითხოვთ სამართლიან პირობებს“

„ხელისუფლებას მინდა მივმართო: ერთი თვის შემდეგ, როცა მარხვა დასრულდება, თქვენ აუცილებლად მოხვალთ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვაზე, ამას მუდმივად აკეთებთ,“ – თქვა დღეს, 10 მარტს, ბათუმის მეჩეთთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას ჰურიე აბაშიძემ, – „მოხვალთ და თვალებში ჩახედავთ ამ ადამიანებს, ეტყვით, რომ ტოლერანტული სახელმწიფო გვაქვს, რომელიც აღიარებს ყველა ადამიანის რელიგიას და გამოხატვის თავისუფლებას.

თუმცა თქვენ თუ ამ ერთ თვეში ამ საკითხს ვერ მოაგვარებთ, ინდივიდუალურად მე, როგორც მუსლიმ მოქალაქეს, მგონია, რომ თქვენ ამ მეჩეთში არ შეგესვლებათ“, – თქვა მან.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმში ხელისუფლებას კონსტიტუციის დაცვა მოსთხოვეს, რომელიც რელიგიის თავისუფლებას და თანასწორობას იცავს.

8 მარტს, ადიგენის ცენტრში მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა. სახლის გარეთ, ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.

ბათუმის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართეს – ამ დრომდე 8 მარტს მომხდარი დაპირისპირებაზე გამოძიება არ დაწყებულა.

ბათუმის ახალი მეჩეთის იმამმა შეკრებულებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციას არ აჰყვნენ:

„ჩვენი უფლება და თავისუფლება, რომელიც გაგვაჩნია, ეს არის ჩვენი ღირსება.

საუკუნეების განმავლობაში მუსლიმები და ქრისტიანები ვიცავდით ამ ქვეყანას, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, რაც მოგვიტანეს დღემდე. დღეს ვიღაც ამ თავისუფლების წართმევას ცდილობს. მე მოგმართავთ თქვენ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ ვართ ერთიანი, ვიღაც ცდილობს, ჩვენს შორის შუღლის ჩამოგდებას. გთხოვთ, ნუ აუყვებით პროვოკაციებს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე.

მე, როგორც სასულიერო პირი, ლიდერი, ყოველ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს ვაკონტროლებ, ყოველ სიტყვას, რაც ამოდის ჩემი პირიდან, რომ არ დავაზიანო ჩემი რელიგია, ხალხი, მე ვერ დავინახე ეს მეორე მხარეს, მაგრამ არ ვაფასებ ქრისტიანებს ერთეული ადამიანით. ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ცდილობს პროვოკაციის ჩამოგდებას,“ – განაცხადა თამაზ მგელაძემ აქციაზე.

მიქელაძეები, ვის სახლთანაც ადიგენში ეს დაპირისპირება მოხდა, ამ დრომდე დუმილს ამჯობინებენ. ადიგენის მერი ამბობს, რომ რადგან სამეზობლო წინააღმდეგია, სახლის მესაკუთრეს თხოვნით მიმართა და ადგილმონაცვლეობაზე დაითანხმა. შეთანხმების დეტალების დასაზუსტებლად შეხვედრა ადიგენში ხვალ, 11 მარტს უნდა გაიმართოს.

ის, რომ მესაკუთრეები, ვისაც ლოცვა დაუშალეს, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, ბათუმის ახალი მეჩეთის იმამს, თამაზ მგელაძეს აფიქრებინებს, რომ მათი გაჩუმება სცადეს:

„ჯერ კიდევ ველოდებით, რა გაირკვევა ორშაბათს და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ – ამბობს თამაზ მგელაძე და ხაზს უსვამს მესაკუთრის კანონით დაცულ უფლებას:

„ჩემს სახლში მინდა ვილოცებ, მინდა – ვალოცებ. თუმცა თუ საჭირო იქნება და ცუდად უნდა წავიდეს ეს პროცესი, შესაძლებელია შეთანხმება, თუნდაც როცა მეზობლები ამას გმობენ, არ უნდათ შენი იქ ყოფნა…“- მიიჩნევს თამაზ მგელაძე.

აქციის მონაწილეები არც იმას გამორიცხავენ, მომავალი კვირის პარასკევს თავად დაესწრონ ლოცვას ადიგენში, თუ სამართლიანი შეთანხმება არ შედგა.

 

„ჩვენ ვითხოვდით და ახლავ ვითხოვთ მხოლოდ სამართლიან შეთანხმებას. წინა შეთანხმება არ შედგაო, ამბობენ. იმიტომაც არ შედგა, რომ არ იყო სამართლიანი,“ – გვიყვება აქციის კიდევ ერთი მონაწილე, თემურ ბერიძე.

„სახელმწიფო, რელიგიის სააგენტო და ადიგენის მერიაც მხოლოდ ცალმხრივ პოზიციას აფიქსირებს, მათი მოთხოვნა არის უსამართლო. ხელისუფლება ასეთი კონფლიქტების დროს ხშირად დუმს, მისი როლი არის იმაში, რომ კონფლიქტის პრევენცია მოახდინოს და რეაგირება. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მასიური ხასიათი მიეცა ასეთ დაპირისპირებებს, გვახსოვს ჭალის მინარეთიც, იმის შემდეგ ათამდე ინციდენტი მოხდა,“ – უთხრა თემურ ბერიძემ „ბათუმელებს“.

კიდევ ერთი აქცენტი ჰურიე აბაშიძის აქციაზე გამოსვლიდან ეს იყო:

„თუ დღეს მუსლიმი მოსახლეობის უფლება ირღვევა, ეს არ  არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის ყველა იმ ადამიანის პრობლემა, ვინც სახელმწიფოს ღირებულებებით ცხოვრობს,“ – თქვა ჰურიე აბაშიძემ.

__

გადაბეჭდვის წესი


ასევე: