მთავარი,სიახლეები

ხელისუფლება არ იძიებს, რა მოხდა ადიგენში – მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ

09.03.2024 • 4204
ხელისუფლება არ იძიებს, რა მოხდა ადიგენში – მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ

შინაგან  საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ გვიპასუხეს: დაიწყო თუ არა გამოძიება ადიგენში გუშინ, 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე? პროკურატურაში კი გვითხრეს, რომ ამ უწყებას გამოძიება არ დაუწყია.

საუბარია ადიგენის ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე – მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა. სახლის გარეთ, ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.

დაიწყოს გამოძიება ადიგენში ქართველი მუსლიმი თემის დევნისა და რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები,“ – განცხადება დღეს, 9 მარტს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა:

„იმამ მერაბ [იუსუფ] მიქელაძის კერძო საკუთრებაში შეჭრა და მუქარის ფაქტები, რომელსაც განგრძობადი ბუნება აქვს [ამგვარი შემთხვევები დაფიქსირდა 2023 წლის ზაფხულში, ასევე წინა პარასკევს) და ერთი და იგივე პირებისგან მომდინარეობს [მის ორგანიზატორია მღვდელი ნიკოლოზ გეწაძე], ერთდროულად რამდენიმე დანაშაულის ნიშნებს ატარებს, მათ შორის, დევნის [სსსკ 156-ე მუხლი], რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის [სსსკ 155-ე მუხლი],“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ დღეს, 9 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ასევე სთხოვს მთავრობას „დაგმოს რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა გამოვლინება და საკუთარ რიტორიკაში გააძლიეროს დემოკრატიაზე, თანასწორობასა და მრავალფეროვნების პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური შინაარსი“.

დღეს, 9 მარტს, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა პოლიციის მხრიდან რეგიონული მედიის TOK TV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტს:

„ადგილობრივი მედიის TOK TV-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უშლიან ხელს პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტს ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მედია ცდილობდა, გაეგო თუ რა ხდებოდა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და მედიის წარმომადგენლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა უზრუნველყოს,“ – აღნიშნულია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე უწყებაში მიმართვა არ შესულა. გამოძიების დაწყების ერთ-ერთი პირობაა სავარაუდო დანაშაულის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადება.

„აღარ ილოცებენ ამ სახლში,“ – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე „ბათუმელებთან“. ის ამბობს, რომ მერაბ მიქელაძესთან და ჯამბულ კახიძესთან მიაღწია შეთანხმებას საკულტო ნაგებობისთვის ალტერნატიული ფართობის გამოყოფაზე.

„მივცემთ საშუალებას, მიწით იქნება, თუ ფულადი სახსრებით, რომ ააშენონ ეს იმ სოფელში, სადაც არსებობს მეჩეთის საჭიროება… აფიეთი არის ასეთი სოფელი, სადაც აჭარელი მოსახლეობა ცხოვრობს და მეჩეთი არ არის. იმამები როცა მობრძანდებიან, თვითონ დააყენებენ ამ საკითხს, სად ურჩევნიათ,“ – ამბობს გოჩა ქიმაძე.

რატომ ჩათვალა ადიგენის მერმა, რომ მისი მოთხოვნა სამართლიანია, როცა მუსლიმ თემს კერძო საკუთრებაში ლოცვის საშუალებას არ აძლევენ?

„არ აგვიკრძალია, თხოვნა იყო ჩვენი, რომ განვმუხტოთ ეს დაძაბულობა… იქ საკმაოდ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. ეს იყო ჩვენი თხოვნა და მადლობას ვუხდით მათ, რომ გაგებით შეხვდნენ ხალხის ამ მოთხოვნას.

ხალხის მოთხოვნა არის ის, რომ ეს არის სახლი და არ არის საკულტო ნაგებობა: როდესაც ლოცვა მიმდინარეობს, იქ ბევრი ავტომანქანა გროვდება და გზის გამტარობა რთულდება, მეზობლები წუხდებიან. ეს იყო მიზეზი იმის, რომ იქ ხალხი შეიკრიბა,“ – გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა.

გოჩა ქიმაძის თქმით, შეთანხმება ჯერ კიდევ გასულ წელს შედგა იმაზე, რომ ახალი მეჩეთის მოსაწყობად 50 ათასი ლარი გამოიყოფოდა.

„თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს კატეგორია, ვინც იქ ლოცულობს, არ არის მუსლიმთა სამმართველოს ნაწილი, როგორც ვიცი, სულეიმანჯები არიან და არ ისურვეს სამმართველოს ანგარიშზე ჩარიცხულიყო ეს თანხა, ნდობა არ გვაქვსო. სხვაგვარად მაშინ ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რადგან ეს კანონს სცდებოდა. ამ თემას განვაახლებთ ორშაბათს და დავიწყებთ მუშაობას,“- გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ.

იმის მიუხედავად, რომ გუშინ ადიგენში მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოში მუქარა მკაფიოდ ჩანს, ადიგენის მერი ამბობს: „როცა მივედი ადგილზე, დაძაბულობა ვერაფერი ვნახე, რაც საშიშროებას წარმოადგენდა, პოლიციამ შეასრულა პრევენციის როლი, რამე არ მომხდარიყო,“ – აღნიშნავს მერი და „საკითხის გამწვავების“ კიდევ ერთ ფაქტორს ასახელებს:

„სოფელ ლელიანში მოსახლეობამ გადაწყვიტა ტაძრის აშენება, ჩვენ გავუგზავნეთ გაფრთხილების წერილი და მშენებლობა შევაჩერეთ, რადგან არ ჰქონდათ ნებართვა და არც პროექტი ჰქონდათ… სამართლიანია რასაც ხალხი ამბობს, რომ სამართალი შერჩევითი არ უნდა იყოს,“ – გვითხრა გოჩა ქიმაძემ მოცემულობაში, როცა მუსლიმი თემის დისკრიმინაციას საქართველოში სასამართლოც კი ადგენს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მაგალითად, ამ დრომდე არ აძლევს ბათუმის მერია მუსლიმებს ახალი მეჩეთის აშენების უფლებას.

„ბათუმელები“ ამ დრომდე ვერ უკავშირდება სახლის მესაკუთრეებს, სადაც დაპირისპირება მოხდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: