მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა სინდრომზე მიუთითებს მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვება

08.03.2024 • 10007
რა სინდრომზე მიუთითებს მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვება

მეტაბოლური სინდრომი არის მდგომარეობა, როცა ადამიანს აღენიშნება სამი ან მეტი ისეთი სიმპტომი, რომელიც ზრდის გულის დაავადების, ინსულტის და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკებს. ამ მდგომარეობებიდან თვალით აღქმადი მხოლოდ ერთი – მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვებაა.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის” ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ თითოეული ეს მდგომარეობა განკურნებადი და მართვადია ცხოვრების წესის ცვლილებებით და/ან მედიკამენტებით.

2022 წლის მასშტაბური კვლევის თანახმად, მეტაბოლური სინდრომის გავრცელება გლობალურ მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. კერძოდ, მსოფლიოში მეტაბოლური სინდრომის გავრცელება, დიაგნოსტიკური კრიტერიუმების მიხედვით, დაახლოებით 13-დან 32 პროცენტამდე მერყეობს. კვლევის ავტორები წერენ, რომ მეტაბოლური სინდრომის ასეთი მაღალი გავრცელება მოითხოვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფრო აგრესიულ ინტერვენციებს. 

  • ბატონო გიზო, რას ნიშნავს მეტაბოლური სინდრომი?

სიტყვა „მეტაბოლური“ მეტაბოლიზმთან ანუ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დაკავშირებულს აღნიშნავს, სინდრომი კი ცალკეული, ერთმანეთთან დაკავშირებული სიმპტომების, ანუ ნიშნების ერთობლიობაა. ამრიგად, მეტაბოლური სინდრომი ეს არის მდგომარეობა, რომელიც ზრდის კარდიოვასკულარულ თუ ცერებრო-ვასკულარულ დაავადებების რისკს და მოიაზრებს რამდენიმე დაავადების ერთობლივად არსებობას. 

მისი განვითარების გზას წარმოადგენს ჭარბი წონა, განსაკუთრებით აბდომინური სიმსუქნე, ანუ ისეთი სიმსუქნე, როდესაც ცხიმის დაგროვება ხდება უპირატესად მუცელზე და იზრდება მისი გარშემოწერილობა, ანუ ჭარბი წონა.

Cleveland Clinic: სხეულის ცხიმი გამოყოფს ქიმიკატებს (ე.წ. პროანთებითი ციტოკინები), რომლებიც ასუსტებენ ინსულინის ეფექტს. რაც უფრო მეტი ჭარბი ცხიმი გაქვთ ორგანიზმში, მით უფრო ნეგატიურად შეუძლია მას იმოქმედოს ინსულინის მუშაობაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ სხეულის ზედმეტი ცხიმი მუცლის გარშემო განსაკუთრებით ზრდის თქვენი ინსულინრეზისტენტობის რისკს. ჭარბი ვისცერული ცხიმი (თქვენი ორგანოების ირგვლივ ცხიმი) იწვევს უფრო მეტ ინსულინის წინააღმდეგობას, ვიდრე ჭარბი კანქვეშა ცხიმი. 

სიმსუქნე – ჭარბი წონა, რომელიც განისაზღვრება სხეულის მასის ინდექსით – BMI, საბოლოო ჯამში ხშირად იწვევს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას, დისლიპიდემიას [სისხლის ცხიმების თანაფარდობის დარღვევა], გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას და ინსულინრეზისტენტობის ჩამოყალიბებას, რაც საფუძვლად უდევს პრედიაბეტის ან შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორის განვითარებას. 

მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკი მატულობს ასაკთან ერთად; გარდა იმისა, რომ მეტაბოლური სინდრომის განვითარება მჭიდრო კავშირშია ჭარბ წონასთან და სიმსუქნესთან, ამ მდგომარეობის მიზეზად ასევე მოიაზრება გენეტიკური წინასწარგანწყობაც.

Cleveland Clinic წერს, რომ მეტაბოლური სინდრომის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა: თქვენი კუნთები ფუნქციონირებისთვის იყენებენ ბევრ გლუკოზას და დამარაგებულ/შენახულ გლუკოზას (გლიკოგენს). ფიზიკური აქტივობა თქვენს სხეულს უფრო მგრძნობიარეს ხდის ინსულინის მიმართ და აყალიბებს კუნთებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში მეტი გლუკოზის ათვისება. 

  • როგორ ხდება დიაგნოსტირება?

იმისთვის, რომ დაისვას მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზი, საჭიროა აბდომინურ სიმსუქნესთან ერთად ვლინდებოდეს შემდეგი მდგომარეობა: ინსულინრეზისტენტობა ან პრედიაბეტი [სისხლში შაქრის მომატება], ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, დისლიპიდემია [კარგი ქოლესტერინის დონის შემცირება, ტრიგლიცერიდების დონის მომატება].

ნიშნები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ და მივმართოთ ექიმს:

როცა მუცლის გარშემოწერილობა მამაკაცებში აღემატება 101 სმ.-ს, ხოლო ქალებში – 89 სმ.-ს; ასევე, არტერიული წნევის მაჩვენებელი თუ არის 130/85 მმ ვწყ. სვ.ზე მეტი ან პაციენტი იღებს ჰიპოტენზიურ (წევის დამწევ) მედიკამენტს. ასევე, თუ ვიცით, რომ ტრიგლიცერიდების მაჩვენებელი გვაქვს 150-მგ-ზე მაღალი; თუ გლიკემიის მაჩვენებელი უზმოდ არის 100 მგ/დლ-ზე მაღალი ან პაციენტი იღებს ჰიპოგლიკემიურ (შაქრის დამწევ) მედიკამენტს; მნიშვნელოვანია ასევე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციის მაჩვენებელი, კერძოდ, როდესაც ეს არის 40 მგ/დლ-ზე ნაკლები მამაკაცებში, ხოლო ქალებში – 50 მგ/დლ-ზე ნაკლები.

იმისთვის, რომ დიაგნოზი დავსვათ, უნდა გვქონდეს ჩამოთვლილთაგან სამი ან მეტი მდგომარეობა. 

მეტაბოლურ სინდრომთან დაკავშირებულია კიდევ ერთი დაავადება, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ქალებში – პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი. 

მეტაბოლური სინდრომის დიაგნოსტირება ხდება ენდოკრინოლოგთან, ინიშნება მკურნალობა. თუ არის ჭარბი წონა, მიმდინარეობს წონის კორექცია, თუ არის არტერიული ჰიპერტენზია – ინიშნება შესაბამისი მედიკამენტი, რომ მოხდეს წნევის კორექცია.

ასევე, ტარდება რამდენიმე ანალიზი, დისლიპიდემიის შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის წონის კორექცია – ვინაიდან სიმსუქნის დროს ვითარება ინსულინრეზისტენტობა, პრედიაბეტი, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და დისლიპიდემია. 

Cleveland Clinic წერს, რომ მეტაბოლური სინდრომის ყველა ასპექტი არ იწვევს სიმპტომებს. სიმპტომები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რომელი გაქვთ ხუთი მდგომარეობიდან. მაგალითად, მაღალი წნევა, ცუდი ქოლესტერინის მაღალი დონე და კარგი ქოლესტერინის დაბალი დონე, ჩვეულებრივ არ იწვევს სიმპტომებს. თუმცა, სისხლში შაქრის მაღალმა დონემ (ჰიპერგლიკემიამ) შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ადამიანისთვის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: გამუქებული კანი იღლიის ფოსოში ან კისრის უკანა და გვერდითა მხარეებზე; ბუნდოვანი ხედვა; გახშირებული წყურვილის გრძნობა; გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით ღამით და დაღლილობა.

  • რა მეთოდებით ექვემდებარება ეს მდგომარეობები მკურნალობას ან/და მართვას?

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მეტაბოლური სინდრომი და მასთან დაკავშირებული გართულებები, დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტს მოეთხოვება ცხოვრების ჯანსაღი წესი – კერძოდ დიეტა, რომელიც მოიცავს რაც შეიძლება ნაკლები ნახშირწყლების მოხმარებას და ზომიერ ფიზიკური აქტივობას; ასევე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მედიკამენტური თერაპია.

ძირითადი აქცენტი ამ პროცესში მაინც კეთდება წონის მოწესრიგებაზე – ეს არის გზა რომელიც აქვეითებს ინსულინრეზისტენტობას; თუ ინსულინრეზისტენტობა შემცირდება, შესაბამისად მცირდება მეტაბოლური სინდრომის ისეთი გართულებების რისკი, როგორიცაა კარდიოვასკულარული, ცერებროვასკულარული დაავადებები, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ცხიმოვანი ჰეპატოზი. საბოლოოდ უნდა მოხდეს სხეულის მასის 10%-მდე შემცირება. 

გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაში რეგულარულად უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს, რათა ჩავიტაროთ საჭირო პროფილაქტიკური კვლევები და შევასრულოთ ექიმის მითითებები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: