განათლება,მთავარი,სიახლეები

რესურსცენტრებს არ აქვთ ერთიანი სამოქმედო გეგმა, მისაღწევი მიზნები არ არის მკაფიო – აუდიტი

08.03.2024 • 9709
რესურსცენტრებს არ აქვთ ერთიანი სამოქმედო გეგმა, მისაღწევი მიზნები არ არის მკაფიო – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ეფექტურობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2019-2021 წლებს მოიცავს.

რესურსცენტრების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მონიტორინგი. თუმცა, როგორც აუდიტი წერს, რესურსცენტრებს არ აქვთ განსაზღვრული მონიტორინგის ჩატარების პერიოდულობა და სკოლების დაფარვის სიხშირე.

„აღნიშნული კი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესების საფუძველია“, – წერს აუდიტი.

მათივე შეფასებით, რესურსცენტრების მიერ სამინისტროსთან წარდგენილი სამოქმედო გეგმები რიგ შემთხვევაში არაერთგვაროვანია, ხოლო მისაღწევი შედეგები არ არის მკაფიოდ გაზომვადი.

„გეგმა არ წარმოადგენს კონკრეტული აქტივობების ამსახველ დოკუმენტს.

კერძოდ, 14 რესურსცენტრიდან 8 რესურსცენტრს ყოველწლიურად შემუშავებული აქვს იდენტური ან თითქმის იდენტური სამოქმედო გეგმა. გაწერილი აქტივობები არის ზოგადი, საპროგნოზო რაოდენობრივი მაჩვენებლისა და მოსალოდნელი შედეგის მითითების გარეშე, თუმცა იკვეთება შემთხვევები, როცა საპირისპირო სურათი გვაქვს“.

აუდიტის შეფასებით, სხვადასხვა რესურსცენტრში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა იდენტურია, მიუხედავად მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სკოლებისა და ამ სკოლებში მოსწავლეების განსხვავებული რაოდენობისა, „რაც ქმნის ფუნქციების არასათანადოდ განხორციელების რისკებს“-წერს აუდიტი.

ანგარიშის მიხედვით, იკვეთება შემთხვევა, როდესაც ერთი რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობა 7-ჯერ აღემატება, მეორე რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობას.

მაგალითად, ლენტეხის, ახალქალაქის და მარნეულის რესურსცენტრებში 5-5 თანამშრომელია დასაქმებული, მაშინ როცა ლენტეხის რესურსცენტრზე 11 საჯარო სკოლა და 482 მოსწავლე მოდის, ახალქალაქის რესურსცენტრზე 65 სკოლა და 7 156 მოსწავლე, ხოლო მარნეულის რესურსცენტრზე 74 სკოლა და 19 491 მოსწავლე მოდის.

განსხვავებულია რესურსცენტრების დაფინანსებაც.

  • ლენტეხი – 10 816 ლარი
  • ახალქალაქი – 84 510 ლარი
  • მარნეული – 107 339 ლარი.

აუდიტის შეფასებით, აღნიშნული რესურსცენტრების თანამშრომლების დატვირთვა განსხვავებულია, მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სკოლების და ამ სკოლებში მოსწავლეების განსხვავებული რაოდენობის გამო. „დიდი დატვირთვის პირობებში კი, არსებობს რესურსცენტრების ფუნქციების არასათანადოდ და არაეფექტიანად განხორციელების რისკი“.

შესაბამისად, აუდიტი მიიჩნევს, რომ „საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისთვის შეზღუდული ადამიანური რესურსისა და შედარებით მაღალი დატვირთვის პირობებში, კონკრეტულად გაწერილი სამოქმედო გეგმის არსებობა განსაკუთრებით აქტუალურია“.

ამავე ანალიზის მიხედვით, აუდიტი აღნიშნავს, რომ სამინისტროს არ აქვს დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა, რისი არსებობაც ხელს შეუწყობდა რესურსცენტრების მიერ პროცესების ეფექტიან დაგეგმვას და შესაბამისი რესურსის ოპტიმალურ გადანაწილებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: