მთავარი,სიახლეები

შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული განმარტება – ქალთა მოძრაობა

08.03.2024 • 3731
შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული განმარტება – ქალთა მოძრაობა

ქალთა მოძრაობა 8 მარტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია კანონში.

ქალთა მოძრაობის განცხადებით, საქართველოში, სადაც სექსუალური ძალადობა გენდერული ძალადობის ყველაზე ფარული ფორმაა, საქართველოს კანონმდებლობა აცდენილია საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას.

„წლებია, ქალთა მოძრაობა ვითხოვთ, შეიცვალოს გაუპატიურების მოძველებული დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე.

დღემდე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გაუპატიურებად ითვლება ისეთი ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიიღწევა ძალის გამოყენებით, იძულებით ან მუქარით.

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არსებული განმარტება დაუსჯელს ტოვებს სექსუალური ძალადობის ბევრ შემთხვევას. ქალთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს, გაატაროს სქესობრივი დანაშაულების რეფორმა, მაგრამ პარლამენტი ჯიუტად თავს არიდებს ამ რეკომენდაციის შესრულებას“- წერია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.

მოძრაობის განცხადებით, გაუპატიურების მუხლის ცვლილება არის უფლებრივი საკითხი და არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ სურს საქართველოს პარლამენტს კანონით დაიცვას ადამიანები გაუპატიურებისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა გაიარეს არაერთი ტრენინგი და სპეციალიზაცია, პარლამენტი აჯანჯლებს სქესობრივი დანაშაულების რეფორმის გატარებას და ამით აბრკოლებს მართლმსაჯულების განხორციელებას. დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი მმართველი პარტიისაგან, თუ რატომ არ იცავს საკუთარ მოქალაქეებს ამ მძიმე დანაშაულისაგან“.

ქალთა მოძრაობა მოითხოვს:

„დასრულდეს სქესობრივი დანაშაულების დაუსჯელობა; შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე. თანხმობა უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი და მისი არარსებობა უნდა დადასტურდეს კონტექსტისა და გარემოებების გამოძიებით“.

______________________________

ამავე თემაზე: დაზიანების გარეშე გაუპატიურება ფაქტობრივად არ დგინდება – რატომ უნდა შეიცვალოს კანონი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: