სიახლეები

ვსწავლობ და თან ვმუშაობ – ბათუმში მცხოვრები მეათეკლასელი უკრაინიდან

07.03.2024 • 3707
ვსწავლობ და თან ვმუშაობ – ბათუმში მცხოვრები მეათეკლასელი უკრაინიდან

„უკრაინაშიც ხშირად ვმუშაობდი მოხალისედ. ბევრ ადამიანს ვეხმარებოდი, განსაკუთრებით ზაფხულობით, არდადეგებზე, როცა ბევრი დრო მქონდა. ახლა რთული პერიოდი გვიდგას და მინდა ჩემს ოჯახს ტვირთი შევუმსუბუქო, ამიტომ გადავწყვიტე მემუშავა.

ბევრი მოსწავლე არ მყავს, მაგრამ ჩემი ფული მაქვს. როცა მუშაობ პასუხისმგებლობის გრძნობა გამოგიმუშავდება და დამოუკიდებლად ცხოვრებაზე იწყებ ფიქრს. ეს ნაბიჯი ადრე თუ გვიან ყველას გადასადგმელი გვაქვს, როცა ჩავაბარებთ და მშობლებისგან წავალთ: უნდა მოძებნო ბინა, ისწავლო, იმუშაო… მინდა, რაც შეიძლება იშვიათად დამჭირდეს მშობლებისთვის ფულის თხოვნა“, – ამბობს 15 წლის მაია მაღლაკელიძე. მაია დედით უკრაინელი, მამით კი ქართველია.

უკრაინაში დაიბადა და ხარკოვში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად 2022 წლის მარტამდე.

მოსწავლეებს ინგლისურში ინდივიდუალურად ამეცადინებს მათზე მორგებული მეთოდით. ერთისთვის გაკვეთილების მომზადება და სასაუბრო ინგლისურში გაწაფვაა მნიშვნელოვანი, მეორესთან უფრო გრამატიკაზე მუშაობს და ა.შ.

ინგლისურს პირველი კლასიდან სწავლობს და რამდენიმე ინგლისურენოვან ბანაკშიც იყო. ბევრი სხვადასხვა პროგრამის მონაწილე და ფლექსის გამარჯვებულია.

როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ხარკოვში ცხოვრება აღარ იყო უსაფრთხო, მაიამ მშობლებთან ერთად ქვეყანა დატოვა. საქართველოში ჩამოვიდნენ.

მაშინ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ომი ორ წელიწადს გაგრძელდებოდა და დასასრულიც უცნობი იქნებოდა:

„დასავლეთ უკრაინაში გავიქეცით თავიდან, ვცხოვრობდით ჯერ სკოლის, მერე ბაღის შენობაში, კეთილი ხალხი გვეხმარებოდა, გვაძლევდნენ საჭმელს და ტანსაცმელს. უკრაინაში ნათესავები არ გვყავს, ამიტომ საქართველოში წამოვედით – მამაჩემი ქართველია და ბათუმში მამიდაჩემი ცხოვრობს“, – ამბობს მაია.

იცის წერა-კითხვა ქართულად, მაგრამ საუბარი უჭირს და ამბობს, რომ ქართულ სექტორზე ვერ გააგრძელებს უნივერსიტეტში სწავლას. ბათუმის მე-13 სკოლის უკრაინულ სექტორზე ჩაეწერა. პარალელურად საკუთარი კლასის ონლაინგაკვეთილებს ესწრება, მისი კლასელების ერთი ნაწილი ხარკოვიდან ესწრება გაკვეთილებს, ნაწილი სხვადასხვა ქვეყნიდან.

მაია მაღლაკელიძე ხარკოვში, კლასელებთან ერთად

„ხანდახან ონლაინგაკვეთილებზეც კი ისმის სროლები. ხანდახან წყდება გაკვეთილი და ჩემი კლასელები თავშესაფრებში გარბიან, ხშირადაა განგაში. ხალხი თითქოს მიეჩვია ამ ომს. მიუხედავად ყველაფრისა, ღიაა კაფეები და ხალხი საღამოობით გასართობადაც დადის“, – ამბობს მეათეკლასელი უკრაინიდან.

მომავალ 2025 წელს მაია მე-11 კლასში გადავა და სკოლას დაამთავრებს, რის შემდეგაც უნდა მოძებნოს უნივერსიტეტი სწავლის გასაგრძელებლად:

„ძალიან რთულია დატოვო შენი ქვეყანა და წახვიდე იქ, სადაც არ გიცხოვრია. მაგრამ საქმე ის არის, რომ ვერც საქართველოში დავრჩები. გამოდის, რომ აქაურობაც უნდა დავტოვო, არ ვიცი ენა ისე კარგად, რომ გავაგრძელო სწავლა. არ ვიცი ვიპოვი თუ არა იმ ფაკულტეტების ინგლისურ სექტორს, რაზეც მინდა ჩავაბარო, ან რა ეღირება სწავლა.

დაზუსტებით ჯერ არ ვიცი რას ვიზამ, მაგრამ ალბათ მომიწევს ვისწავლო სლოვაკური და სლოვაკეთში წავიდე. იქ უკრაინელებისთვის კარგი პირობებია: სლოვაკურიც სლავურია ენაა და ძალიან ჰგავს უკრაინულს, ერთ წელიწადში ვისწავლი ამ ენას და მერე იქაურ უნივერსიტეტში ჩავაბარებ“, – ამბობს მაია. თუმცა იმასაც გვეუბნება, რომ ბევრი მისი კლასელი გეგმავს ომის რეჟიმში მყოფ უკრაინაში დაბრუნებას.

მაია მაღლაკელიძე

„ბევრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. უკრაინაში მუშაობენ უნივერსიტეტები, ხან დასწრებით, ხან ონლაინრეჟიმში, საომარი ვითარების მიხედვით, მაგრამ ეს ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა. მუდმივად დაბომბვებში მოგიწევს ცხოვრება და სიცოცხლეს რისკავ. არ ვიცი ასეთ დროს როგორი უნდა იყოს სწავლის ხარისხი“, – ამბობს მაია.

ბათუმში მაიასთან ერთად რამდენიმე მოსწავლეა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. შესაბამისად, ისინი უკრაინაში ვერ დაბრუნდებიან სწავლის გასაგრძელებლად და ბევრი გეგმავს ისწავლოს ქართული, ინგლისური და ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩააბაროს, ან ევროპაში წავიდეს.

მაიას უნდა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ჩააბაროს ან ჟურნალისტი გახდეს. კარგად იცის ინგლისური ენა, უყვარს მოგზაურობა და მოსწონს სხვადასხვანაირ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: