მთავარი,სიახლეები

იაპონური კულტურის დღეები ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

07.03.2024 • 3321
იაპონური კულტურის დღეები ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (ბაუ) იაპონიის კულტურის დღეებს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საგამოფენო სივრცეში იაპონური დამწერლობის ნიმუშების დათვალიერება და იაპონური ჩაის გასინჯვა შეეძლოთ.

„ჩვენი უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობები დაკავშირებულია იაპონიასთან, შორეულ აღმოსავლეთთან, სწორედ ამიტომ მოვაწყვეთ იაპონური დღეები. დღევანდელი ღონისძიება იაპონიას უკეთ გააცნობს ჩვენს სტუდენტებს. ჩვენი სტრატეგიული მიზანია იაპონიასთან მჭიდრო თანამშრომლობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ნიჟარაძემ, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ იაპონური კულტურის დღეს საქართველოში იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი ესწრებოდა, რომელმაც საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.

იაპონიის ელჩი ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

„ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ერთგვარი პლატფორმა, სადაც ჩვენს სტუდენტებს შევუქმნიდით იაპონიაში სწავლის შესაძლებლობას. გვინდა იყოს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის. რადგან არ არიან ჩვენი სტუდენტები განებივრებული იაპონიაში გაცვლითი პროგრამებით, დასაქმებით და კვლევებით.

ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ავირჩიეთ იაპონია. გარდა იმისა, რომ იაპონია გამოირჩევა თანამედროვე სწავლების მეთოდით, კვლევითი ტექნოლოგიების უმაღლესი განვითარებით, ჩვენ, როგორც მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენელი უნივერსიტეტი, თანამშრომლობის დაწყებას ვაპირებთ იაპონიასთან. დღევანდელი ღონისძიება ერთგვარად ინფორმაციული ვაკუუმის შევსებისთვის არის. იაპონია შორს არის, თუმცა ყველაფერი მიღწევადია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ნიჟარაძემ.

ღონისძიების ბოლოს იაპონიის კულტურისა და ენის ცენტრის წარმომადგენელმა წაიკითხა ლექცია იაპონურ კულტურაზე და მათი თანამშრომლობის გამოცდილებაზე იაპონიასთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: