მთავარი,სიახლეები

ონლაინ სექსუალური შევიწროების ფაქტზე ექიმმა პოლიციას მიმართა

07.03.2024 • 4306
ონლაინ სექსუალური შევიწროების ფაქტზე ექიმმა პოლიციას მიმართა

ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, ექიმმა რეპროდუქტოლოგმა ეკა კვირკველიამ პოლიციას მიმართა.

ორგანიზაციის განცხადებით, ეკა კვირკველია ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნე აღმოჩნდა, მისი პროფესიული საქმიანობის გამო.

„ის საგანმანათლებლო შინაარსი, რომელიც ქალების რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ეხება, უკანასკნელ წლამდე ტაბუს ექვემდებარებოდა.

ეკა, რომელიც გამოხატული პროფესიონალიზმით შეეხო ამ თემას, უამრავი ქალის მხარდამჭერია, რომლებიც, გავრცელებული სტერეოტიპების გამო, საკუთარ რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ვერ იცავდნენ.

თუმცა, თავად ეკა, როგორც ქალი, ამის გამო გენდერული ძალადობის ნიშნით შეტევას დაექვემდებარა და მის მიმართ სისტემატური ონლაინ სექსუალური ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი კომენტარების და კორესპონდენციის ფორმით“, – აცხადებს PHR-ი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წლის 5 მარტს PHR-ის ხელმძღვანელი და ამავე დროს მოქმედი ადვოკატი თამარ გაბოძე, ეკასთან ერთად, პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სამართლებრივი პროცედურები დაიწყო.

საქმეში ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტიც.

„ამ დროისთვის საქმეზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. PHR-ი მოელის, რომ ეკა კვირკველიას მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე სახელმწიფოს მიიღებს მკაცრ, მყისიერ და ადეკვატურ ზომებს“ – აცხადებს ორგანიზაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: