მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს დისლექსია აქვს – ინტერვიუ

07.03.2024 • 9340
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს დისლექსია აქვს – ინტერვიუ

დისლექსია სწავლის უნარის დარღვევაა, რომელიც ართულებს კითხვას და ენასთან დაკავშირებულ სხვა ამოცანებს. ხშირად დისლექსია ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემა ჰგონიათ, თუმცა ბავშვთა განვითარების ცენტრი „მოზაიკის“ ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიამ ათაბაგი განმარტავს, რომ ეს წარმოდგენა მცდარია.

„დისლექსია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს განვითარების ეტაპების დაყოვნებას, რაც კვლევებითაც დასტურდება“ – ამბობს მარიამ ათაბაგი.

დისლექსია, ექსპერტების შეფასებით, გავლენას ახდენს მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით შვიდ პროცენტზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ადამიანს აქვს დისლექსიის მსუბუქი სიმპტომები და არ აქვთ დიაგნოზი, შესაძლოა ეს მდგომარეობა მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტს ჰქონდეს.

  • მარიამ, რა არის დისლექსია?

დისლექსია დასწავლის სპეციფიკური დარღვევაა, რომელიც ხასიათდება სირთულეებით კითხვისა და წერისას. დისლექსია არის ნეირობიოლოგიური მდგომარეობა, და არა დაავადება, შესაბამისად, ის საჭიროებას არა „მკურნალობას“, არამედ თერაპიული ინტერვენციისა და სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი აქტივობების შეთავაზებას, ამ მდგომარეობით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად.

  • რა იწვევს დისლექსიას?

დღეისთვის ამომწურავი ინფორმაცია დისლექსიის გამომწვევი ზუსტი მიზეზების შესახებ არ გვაქვს, თუმცა, ვიცით, რომ არსებობს გენეტიკური ფაქტორი – დისლექსიის მქონე ადამიანების ოჯახის წევრებს ხშირად უდგინდებათ იგივე მდგომარეობა.

როგორც დასწავლის ყველაზე გავრცელებული სპეციფიკური დარღვევა, დისლექსია გვხვდება ყველა ენისა და კულტურის მქონე მოსახლეობაში.

  • ხშირად დისლექსია განვითარების/ინტელექტის პრობლემა ჰგონიათ, რეალურად არის რაიმე კავშირი ბავშვის ინტელექტსა და დისლექსიას შორის?

დისლექსია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს განვითარების ეტაპების დაყოვნებას – კვლევებით დასტურდება, რომ მსგავსი ტიპის კორელაცია არ არსებობს.

იმ ცნობილი, წარმატებული ადამიანების სიაში, რომლებსაც დისლექსია/დისლექსიის ნიშნები აღენიშნებოდათ, შეხვდებით აინშტაინს, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს, პაბლო პიკასოს და ა.შ.

ბუნებრივია, დასწავლის სირთულემ, განსაკუთრებით გვიანი დიაგნოსტირების შემთხვევაში, შეიძლება ბევრი გამოწვევის წინაშე დაგვაყენოს და არა მხოლოდ აკადემიურ სფეროში. უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული შემთხვევა არის ინდივიდუალური და არსებული გამოწვევების დაძლევაც, ადამიანის ძლიერი მხარეების და საჭიროებების გათვალისწინებით ხდება.

  • რა პრობლემებს უქმნის ადამიანს დისლექსია?

გარდა აშკარა სირთულეებისა, რაც წერისა და კითხვის უნარების დასწავლას ეხება, დისლექსიამ მნიშვნელოვნად შეიძლება იმოქმედოს ბავშვის თვითშეფასებაზე.

ხშირად, როცა დიაგნოსტირება დროულად არ ხდება, ბავშვისთვის რთული გასაგებია, რატომ გამოსდის კონკრეტული აქტივობები სხვებზე „უარესად“, რატომაა სხვებზე ნაკლებად წარმატებული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში პროტესტი და რთული ქცევა. ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტირება და ღია, გულწრფელი კომუნიკაცია ბავშვთან, დახმარების სტრატეგიების შეთავაზებასთან ერთად.

  • რა ნიშნებით შეიძლება ვიეჭვოთ, რომ ბავშვს დისლექსია აქვს, რა ასაკში ხდება ეს და თუ არსებობს დისლექსიის ადრეული ნიშნები, სკოლამდელ ასაკამდე?

ეს არის ნიშნები, რომლებმაც შეიძლება მიგვანიშნონ დისლექსიაზე:

  • ბავშვს შესაძლოა უჭირდეს ასოების დასწავლა/ასოების ერთმანეთისგან გარჩევა, განსაკუთრებით ერთნაირი მოხაზულობის ასოების (მაგ, „ხ“ და „ძ“);
  • შეიძლება ანაცვლებდეს/აკლებდეს/ამატებდეს სიტყვებში მარცვლებს;
  • ნელა კითხულობდეს;
  • თავს არიდებდეს ხმამაღლა/დიდი ტექსტების კითხვას; წერისას ხშირად უშვებდეს შეცდომებს.

როგორც წესი, დიაგნოსტირება 7 წლიდან ხდება, თუმცა, არსებობს სხვა ასაკობრივი ინდიკატორები, რომლებსაც შეგვიძლია დაგვაკვირდეთ.

ბავშვები, რომლებიც პირველ სიტყვას არ ამბობენ 15 თვის ასაკში, ხოლო პირველ ფრაზას 2 წლის ასაკში, უფრო მაღალი რისკის კატეგორიაში არიან. 

5 წლამდე ინდიკატორებად შესაძლოა ჩავთვალოთ: ანბანის დასწავლის სირთულე, ნაცნობი სიტყვების წარმოთქმის სირთულე, გარითმული სიტყვების პატერნების ამოცნობის სირთულე; თანაჟღერადი სიტყვების არევა.

დისლექსიაზე, ან დასწავლის სხვა სპეციფიკურ დარღვევაზე ეჭვის მიტანა შეიძლება მაშინაც, როცა ბავშვი აპროტესტებს აკადემიურ აქტივობებში ჩართვას და სკოლაში წასვლას.

  • ბევრი ადამიანია ვისაც ბავშვობაში წერა/კითხვის პრობლემა ჰქონდა, რთული წლები გამოიარა სკოლაში, მაგრამ მათთვის ეს დიაგნოზი არ დაუსვამთ, ეს არადიაგნოსტირებული ზრდასრული ადამიანები როგორ უნდა მიხვდნენ, რომ დისლექსია აქვთ ან ჰქონდათ?

უკვე ნახსენებ კლინიკურ ნიშნებთან ერთად ზრდასრულ ასაკში დისლექსიაზე შესაძლოა ეჭვი მივიტანოთ, თუკი პირს უჭირს ყურადღების კონცენტრაცია წერისა და კითხვისას; მარჯვენასა და მარცხენას გარჩევა/სივრცეში ორიენტირება; ტექსტის ერთხელ წაკითხვით გააზრება; აზრის გადმოცემა წერისას.

გვიანი დიაგნოსტირების შემთხვევაში ხშირია სხვა ტიპის სირთულეებიც, მაგალითად, დაბალი თვითშეფასება და აკადემიურ სივრცეებთან დაკავშირებული შფოთვა.

  • დიაგნოსტირების რა მეთოდები არსებობს და ვის უნდა მიმართოს მშობელმა პირველ რიგში?

ზოგადად, დასწავლის სპეციფიკური დარღვევების შემთხვევაში დიაგნოსტირება მოიცავს სხვადასხვა ტიპის ტესტებსა და კითხვარებს, რომლებიც გამორიცხავენ სირთულეების არსებობის ფიზიოლოგიურ საფუძვლებს, მოიცავენ ბავშვის ფსიქოლოგიურ შეფასებას, განვითარების ასაკობრივ სტანდარტთან შესაბამისობას და აკადემიური უნარების შეფასებას. ამ დროს უნდა მივმართოთ ნეიროფსიქოლოგს. 

  • დისლექსია იკურნება? რას მოიცავს ამ მდგომარეობის მართვა/მკურნალობა?

დისლექსია, ისევე, როგორც სხვა ტიპის ნეირობიოლოგიური მდგომარეობები ნარჩუნდება მთელი ცხოვრების მანძილზე. მდგომარეობის მართვა, ინტერვენცია მოიაზრებს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დახმარების გზების შეთავაზებას, არამხოლოდ თერაპიულ გარემოში, სადაც სწორად დაგეგმილი აქტივობებით მოხდება არსებულ სირთულეებზე მუშაობა, არამედ ოჯახის/სკოლის სივრცის ადაპტირებას, დამხმარე სტრატეგიების შერჩევას სხვადასხვა სენსორული მოდალობების გამოყენებით. სენსორული მოდალობებია მაგალითად ტექსტის წაკითხვა, მოსმენა და თითის გაყოლება (ჩართულია მხედველობითი, სმენითი და ტაქტილური მოდალობები).

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ადრეული ინტერვენციის აუცილებლობაც – რაც უფრო ადრე ხდება დიაგნოსტირება და შესაბამისი სერვისების მიწოდება, მით უფრო ეფექტურია ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა, რომელსაც ბავშვს ვთავაზობთ.

  • რა რეკომენდაციები არსებობს ამ პროცესში მშობლებისთვის?

პირველი რეკომენდაცია მშობლებისთვის იქნება მიიღონ ბავშვის მდგომარეობა – რეალისტური წარმოდგენებისა და მოლოდინების არსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს ფრუსტრაციის დონეს ბავშვებში. ამასთან ერთად, საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია, რათა ვიცოდეთ რა გამოწვევები და საჭიროებები არსებობს ბავშვის ცხოვრებაში, არამხოლოდ აკადემიური კუთხით.

ფსიქოგანათლება და არსებული რესურსების მოძიება ასევე დიდ როლს თამაშობს აუცილებელი მხარდაჭერის შეთავაზებაში. 

  • განათლების სისტემა რამდენად ხედავს ამ დიაგნოზს, რა ტიპის ხელშეწყობა შეიძლება მოითხოვოს მშობელმა დისლექსიის მქონე ბავშვისთვის სკოლაში? 

იმ შემთხვევაში თუკი მოსწავლეს დისლექსია, ან ნებისმიერი სხვა ტიპის დიაგნოზი აქვს, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას აკადემიური მიზნების მიღწევაში, მშობლებს შეუძლია ინკლუზიური განათლების პროგრამის ფარგლებში შეფასებისთვის მიმართოს განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდს, რის შედეგადაც ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და სწავლების მეთოდების ადაპტირება, მოსწავლის საჭიროებებზე მორგება და საჭიროებისამებრ სხვადასხვა სპეციალისტების ჩართვა (მაგ. სპეცმასწავლებლის, მეტყველების თერაპევტის) სწავლების პროცესში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: