ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმში, რუსთაველზე 8-სართულიან კორპუსს აშენებენ, რომელსაც პარკინგი არ ექნება

08.03.2024 • 18088
ბათუმში, რუსთაველზე 8-სართულიან კორპუსს აშენებენ, რომელსაც პარკინგი არ ექნება

ბათუმში, რუსთაველის #37-ში, სამშობიარო სახლის გვერდით, რვასართულიან მრავალბინიან კორპუსს ააშენებენ, დამატებით ერთი მიწისქვეშა სართულით. ნებართვა გაცემულია. პროექტი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დაამტკიცეს. კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა 6,0-მდე მოითხოვა.

სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია, მომიჯნავედ მდებარე სამშობიარო სახლს ძეგლის სტატუსი აქვს.

დოკუმენტების მიხედვით, პროექტის დამტკიცებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაეთანხმნენ. გარდა იმისა, რომ კორპუსი ძეგლის დაცვის ზონაში შენდება, პროექტი ისტორიული სახლის დემონტაჟსაც ითვალისწინებს.

ბათუმი, რუსთაველის #37

რუსთაველის #37

სამშენებლო კოდექსი არ უშვებს 381 კვ.მეტრზე 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობას. შესაბამისად, კომპანიას არ შეეძლო სამშენებლო ნებართვის მიიღებდა, რომ არა ავარიული სახლების პროგრამა.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, პროექტის განაშენიანების ფართობი 2636.4 კვ.მეტრია, საერთო ფართობი 2229.5 კვ მეტრი, საცხოვრებელი ფართობი 1241 კვ.მეტრი. 

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიწისქვეშა სართულზე განთავსდება სატუმბი სადგური და წყლის ავზი, ასევე შენობის დამხმარე სათავსოები. მიწისპირა სართულზე ერთი კომერციული სივრცე და საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო.

ნებართვა 2024 წლის 26 თებერვლით თარიღდება.

რენდერი

 

  • როგორ გადაწყდა პარკინგის საკითხი?

სამშენებლო მიწის ნაკვეთი 381 კვ. მეტრია. ნაკვეთი ვიწრო და მოგრძო ფორმისაა, ამიტომაც პროექტის ავტორს პარკინგის განსათავსებლად ადგილი არ ეყო.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

„საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობისა და კონფიგურაციიდან გამომდინარე მიწისქვეშა სართულზე და უკანა ეზოში პარკინგის განთავსება შეუძლებელია. საპროექტო მიწის ნაკვეთს ორივე, სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთები, რომლის სერვიტუტით დატვირთვაც შეუძლებელია, რათა გამოვიყენოთ სამანქანე გზად უკანა ეზოში მოსახვედრად.

იმ შემთხვევაში თუ საპროექტო მიწის ნაკვეთზე განვათავსებთ უკანა ეზოში მოსახვედრ გზას პარკინგისთვის, ნაკვეთის სიგანე არ იძლევა მანქანის მოტრიალების საშუალებას, რომ უკუსვლით არ მოუწიოს გამოსვლა მანქანას. იმ შემთხვევაში თუ პარკინგს განვათავსებთ მიწისქვეშა სართულზე, ვაწყდებით იგივე პრობლემას, რადგან ნაკვეთის სიგანე არ იძლევა საშუალებას სრული ნორმების დაცვით მოვახერხოთ ერთი პარკინგის ადგილის განთავსებაც კი.

იმ შემთხვევაში კი თუ პარკინგის ლიფტს გამოვიყენებთ, – პირველ სართულზე მანქანის მოსახვედრად ეს შექმნის რუსთაველის ქუჩაზე მანქანების დაყოვნების საშიშროებას. ნებისმიერ შემთხვევაში ვერ ხერხდება კანონის შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე ადგილების განთავსება მიწის ნაკვეთზე, ვერც უკანა ეზოში და ვერც მიწისქვეშა სართულზე.“

კომპანიამ მერიას წარუდგინა სქემა, რომელსაც თან დაურთო განმარტება:

„დატანილია მიწისქვეშა სართულზე პარკინგის განთავსებისთვის აუცილებელი პანდუსის გზის სიგანე და მოხვევის რადიუსები, რისი გაბარიტიც ცდება საპროექტო მიწის ნაკვეთის საზღვრებს.“

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის სამშენებლო მიწის ნაკვეთი 3 მესაკუთრეს – ბაჩანა ადამიას, ლუკა დალაქიშვილს და მანუჩარ კონცელიძეს ეკუთვნით.

რეესტრის მონაცემებით, მანუჩარ კონცელიძე სამშენებლო კომპანიების, შპს „ბადა გრუპის“, „ბადა კონსტრაქშენის“, შპს „გლასკოს“ და კიდევ რამდენიმე კომპანიის დირექტორია. ამ კომპანიებს კი ბაჩანა ადამია ფლობს. ლუკა დალაქიშვილი კი შპს „შპს რუფერსს“ ფლობს.

მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი 514 კვ მეტრი ეთერ შამილიშვილს ეკუთვნის. აქ მესაკუთრეს ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი აქვს. მას სახლის რეკონსტრუქციისა და 2 სართულის დაშენების ნებართვა ჰქონდა მოთხოვნილი. მას უარი უთხრეს.

 

მერიამ ეთერ შამილიშვილს განუმარტა, რომ პროექტი ისტორიული განაშენიანების რღვევას გამოიწვევდა:

„სამშენებლო მიზნებისათვის წარმოდგენილ კვარტალში, განაშენიანება დახურული და ისტორიულად ჩამოყალიბებული სახეობისაა. შესაბამისად, მისი წარმოდგენილი სახით განვითარება იწვევს ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების დარღვევას [ჩნდება წყვეტა ჩამოყალიბებულ დახურულ განაშენიანებაში]. სამშენებლო ტერიტორიის ქალაქგეგმარებისა და სამომავლოდ სამშენებლო განვითარების მიზნებისათვის, საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნება, არსებული [დახურული] განაშენიანების შესაბამის დოკუმენტაციის წარმოდგენის  შემთხვევაში.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: