მთავარი,სიახლეები

ფარული კადრებით შანტაჟის ისტორიები სასამართლოდან

08.03.2024 • 10432
ფარული კადრებით შანტაჟის ისტორიები სასამართლოდან

მას შემდეგ, რაც საქართველოში გავლენიან და ცნობილ რამდენიმე ქალს ფარული კადრები გაუვრცელეს, ზოგს კი ამით დაემუქრნენ – ფარული კადრების გავრცელებით დაშანტაჟების შემთხვევებმა იმატა. ამ ტიპის დანაშაულის ჩადენა კი ძირიტადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

კაცი პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა – ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციაა იმაზე, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით კაცი დააკავეს.

რა ხდება, როცა ქალის დამორჩილებას ფარულად გადაღებული კადრებით ცდილობენ? – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს რამდენიმე განჩინებას გაეცნო 2023 წლიდან დღემდე: საქმეებს, რომლებიც პირადი ცხოვრების, პირადი საიდუმლოს ხელყოფას ეხება, ასევე ადევნებას, რომელიც 2017 წლიდან გახდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი.

„…ანასგან ფარულად, ავტომანქანის სალონში დაამონტაჟა თავისი მობილური ტელეფონი და ჩართო ტელეფონის ვიდეოკამერა… მან უკანონოდ გადაიღო ვიდეოჩანაწერი, რომელშიც აღბეჭდილი იყო ანასთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტი,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 იანვარს მიღებულ განჩინებაში, ერთ-ერთ ბოლო საქმეში, რომელიც ქალებზე ამ ფორმით ძალადობას ეხება: ინტიმური კადრების უკანონოდ მოპოვება და მისი გავრცელებით შანტაჟი.

ამ კატეგორიის საქმეებში მსხვერპლი ძირითადად ქალია – მოძალადის ცოლი, ან ყოფილი ცოლი. „ანას საქმეში“ კი [სტატიაში სახელები შეცვლილია], რომელსაც ვიდეო ფარულად ავტომანქანაში გადაუღეს, ბრალდებული კაცი მოსამართლეებმა გაამართლეს.

  • ანას ამბავი – როგორ გაამართლეს მოსამართლეებმა ფარული კადრების გადამღები კაცი

ანას თანასოფლელ ზურასთან ჰქონია ურთიერთობა და ერთ დღეს მანქანითაც გაჰყვა. პროკურატურის ვერსიით, კაცმა ქალი ტყეში წაიყვანა და ავტომანქანის სალონში ქალს ფარულად ვიდეო გადაუღო. მას ბრალი სსკ-ის 157-ე პრიმა ერთი მუხლის მიხედვით წარუდგინეს, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, კერძოდ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას და შენახვას.

ეს მუხლი სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ ბრალდებული ზურა მოსამართლემ გაამართლა – მთავარი არგუმენტი სამივე ინსტანციის სასამართლოში ის იყო, რომ თავდაპირველად, გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, ანამ თქვა, რომ მისი ნებით გადაუღეს ვიდეო.

პროკურორ ზაზა ცქვიტარიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის მიუწერია, რომ ამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები „უტყუარად ადასტურებენ ზ.გ.-ს ბრალეულობას“ და განაჩენის დადგენისას სასამართლოებს უნდა ეხელმძღვანელათ დაზარალებული ქალის გამოძიებასთან დაფიქსირებული პოზიციით.

„…ადამიანის შიშველი სხეულის გამოსახულების და მისი სქესობრივი აქტის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა წარმოადგენს იმგვარ ინფორმაციას, რომელიც, როგორც წესი, დაფარულია გარეშე პირთათვის და განეკუთვნება ადამიანის განსაკუთრებულად დაცულ პირად საიდუმლოებას. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს რა შემთხვევაში ითვლება პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვება უკანონოდ. განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება გულისხმობს პირის წინასწარი ნებართვის გარეშე, მისგან მალულად, ამგვარი ინფორმაციის ასახვას ან აღბეჭდვას ფოტო/ვიდეო ან სხვა მასალაზე. დაზარალებულმა ა. ნ–მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო ზ. გ–ს მიერ სურათების გადაღების ფაქტი,“ – აღნიშნავს უზენაესი სასამართლო.

საინტერესოა, რომ პროკურატურის ვერსიაში, რომელიც დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენებას ეყრდნობა, საუბარია ავტომანქანის სალონში ფარულად დამონტაჟებულ მობილურ ტელეფონზე, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში კი, ნებაყოფლობით ფოტოების გადაღებაზე.

  • უკანონოდ კადრებს საქართველოში ცოლებსაც უღებენ 

უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებული ერთ-ერთი განჩინების მიხედვით, დავითი ინტიმური ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს ცოლს უღებდა, შემდეგ კი, გამოქვეყნების მუქარით ქალს ფულს სძალავდა. პროკურატურის ეს ვერსია ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან ამ შემთხვევაშიც დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში დუმილი არჩია.

სასამართლომ დავითი დამნაშავედ მხოლოდ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის ნაწილში მიიჩნია. სასჯელის ზომად მსჯავრდებულს მოსამართლემ განუსაზღვრა ჯარიმა – 2500 ლარი. განაჩენის მიღებამდე ბრალდებული სასამართლოს 12 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ ჰყოლია გათავისუფლებული.

პროკურატურის ვერსიით, დათოს ნათიასგან საერთო ჯამში დაახლოებით 4000 ლარი მიუღია.

ფარული კადრების საქმე განიხილა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომაც – ქალს თავისი დის პარტნიორმა აბაზანაში ფარულად გადაუღო ვიდეო და გაუვრცელა. ამ შემთხვევაში ბრალდებულ სულხანს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა მას სასჯელი სააპელაციო სასამართლომ შეუმსუბუქა 2 წელსა და 6 თვემდე.

ხელვაჩაურის სასამართლომ სულხანი დამნაშავედ მიიჩნია, სსკ-ის 157-ე მუხლის მიხედვით [პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა], ასევე 157-ე მუხლის პრიმა ერთი ნაწილის მიხედვით [პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა].

ეს იყო პირადი ცხოვრების ხელყოფა, თუ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა? – ამ საკითხზე უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა.

„პირის ბანაობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი და შიშველი სხეულის ფოტო წარმოადგენს არა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, არამედ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას,“ – დაასკვნა უზენაესმა სასამართლომ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის 197 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მუხლით [157-ე პრიმა ერთი] გათვალისწინებული დანაშაული 2022 წელთან შედარებით 50 %-ით გაზრდილია. 

რაც შეეხება ადევნებას და უკანონო თვალთვალს [სსკ-ის 151 მუხლის პრიმა ერთი] – 2023 წელს 118 ფაქტი დაფიქსირდა, 2022 წელს – 115. 

  • ქალი ყოფილ ქმარს შეურიგდა, მას ყოფილი პარტნიორი აედევნა და უთვალთვალებდა 

საქმის მასალების მიხედვით, გიორგის, რომელიც თბილისში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში გაცნობილ მაიასთან 3 წელი ჰქონდა ურთიერთობა, შემდეგ კი, ქალი ქმარს შეურიგდა.

„…ტელეფონის საშუალებით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და სთხოვდა შეხვედრას, შერიგებასა და სასიყვარულო ურთიერთობის აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ემუქრებოდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით,“ – აღნიშნულია პროკურატურის დადგენილებაში.

ქალს ტელეფონის ნომერი შეუცვლია და მისამართიც, სადაც ოჯახთან ერთად გადასულა, თუმცა გიორგი მასთან დაკავშირებას მაინც ახერხებდა. „უკავშირდებოდა მ.-ს ახლობლებს და ატყობინებდა მისი ყოფილი პარტნიორის ურთიერთობის შესახებ, რის შედეგადაც მ.-ს უწევდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა, განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას,“ – ეს პროკურატურის ვერსიაა.

გიორგის გამოძიება ადევნების და უკანონო თვალთვალს ედავებოდა [სსკ-ის 151-ე მუხლის პრიმა ერთი], კონკრეტულად კი, ტელეფონის საშუალებით არასასურველი კომუნიკაციის დამყარებასა და სხვა განზრახ ქმედებებს, რომლებიც სისტემატურად ხორციელდებოდა, იწვევდა დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვას და მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დამნაშავედ მიიჩნია და ის 10 ათასი ლარით დააჯარიმა. ეს მუხლის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, გიორგის უზენაესისთვის მიუმართავს – ის გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

გიორგის ვერსიით, მაია ამბობდა, რომ სიმსივნით იყო დაავადებული, მისგან ფული ისესხა და „ყველანაირი ხერხით ცდილობდა“ ეს თანხა – 1500 ლარი უკან არ დაებრუნებინა.

უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს პროკურორს ბაქარ შიოშვილსაც: „გ.-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი,“ – იწერებოდა პროკურორი.

„საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ – ჩაუწერიათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს განჩინებაში.

  • კაცი ქორწინებაში მყოფ ქალს აედევნა – მას 1.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 

ზუგდიდში მცხოვრებ ხატიას, რომელსაც 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ახალგაცნობილი კაცი – მერაბი აედევნა. პროკურატურის ვერსიით, კაცი ქორწინებაში მყოფ ქალს მასთან დაქორწინებას აიძულებდა.

ამ შემთხვევაში სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია დაზარალებულად მიჩნეულ ქალს. ხატიას თქმით, მერაბი თავდაპირველად ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში გაიცნო, როცა სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა. მისთვის მერაბს ავტომანქანა გაუჩერებია და სახლამდე გაყვანა შეუთავაზებია.

„…რამდენიმე წლის შემდეგ მ.-ს სახლის მოპირდაპირე მხარეს კვლავ შეხვდა მას, რომელმაც ხელები მაღლა აღაპყრო, პირჯვარი გადაიწერა და თქვა, მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი შემახვედრაო.

დაზარალებულის განმარტებით, იმ დღიდან დაიწყო მ.-მ მასზე ადევნება. მან იცოდა მისი დღის განრიგი და ყველგან ხვდებოდა. ყოველდღე სახლიდან გასვლისა და შემოსვლის დროს ხვდებოდა ქუჩაში, მაგრამ ამისთვის დაზარალებულს ყურადღება არ მიუქცევია, ცხოვრობდა სოფელ ახალსოფელში, მაგრამ, მ.-ს გამო, შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ამჟამად ცხოვრობს ზუგდიდში… მ.-ს მიზანი იყო მისი ცოლი ან საყვარელი გამხდარიყო და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ იყო გათხოვილი და სამი შვილის დედა. მას შემდეგ, რაც მ-მ უთხრა, ჩემი უნდა გახდეო, შეეშინდა და მეუღლეს უამბო აღნიშნულის თაობაზე…

სამუშაო ადგილზე მიდიოდა მ. და თანამშრომლების მეშვეობით უგზავნიდა ჩირს, ლობიანს, დაბადების დღეზე ტორტიც მიართვა და მის თანამშრომელს უთხრა, თუ არ გამოართმევდა, ყელს გამოიჭრიდა და თავს მოიკლავდა.

…შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადის გასვლისთანავე, კვლავ გამოჩნდა და დაიწყო თვალთვალი. მ. მას ასევე უგზავნიდა მობილურ ტელეფონზე შეტყობინებებს, რაც წარუდგინა გამომძიებელს. ყოველივე ამის ნიადაგზე მას შეელახა ჯანმრთელობა და დღემდე მკურნალობს,“ – აღნიშნულია განჩინებაში დაზარალებული ქალის მონათხრობი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბი დამნაშავედ მიიჩნიეს ადევნების და უკანონო თვალთვალის ნაწილში, მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს მუხლი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მერაბი გამართლდა ქორწინების იძულების ბრალდების ნაწილში.

მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა, პროკურორ შორენა გვილავას უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს. მან მ.-სთვის „სამართლიანი სასჯელის შეფარდება“ მოითხოვა და მისი დამნაშავედ ცნობა ქორწინების იძულების ნაწილშიც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შეფასებით კი, ქორწინების იძულება არ დასტურდება.

„დაზარალებულმა ხ-მ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მ. მას უთვალთვალებდა და უთხრა, რომ „მისი უნდა გამხდარიყო“, თუმცა დაზარალებულს არ განუმარტავს, რაში გამოიხატებოდა ქორწინების იძულება, რა ფსიქოლოგიური თუ მით უმეტეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას… დაზარალებულ ხ. ხ-ას სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ უხსენებია მ. ჯ-ს მიერ ქორწინების იძულების გარემოება, კერძოდ, რომ ეუბნებოდა მისი გამხდარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნახავდა რა დაემართებოდა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც მ. ჯ.-ს ქმედების კვალიფიკაციის, ისე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ეკა ბესელია: „ხელისუფლება არათუ სჯის დამნაშავეს, თავად არის ეჭვმიტანილი“ 

„მე ვერ დავინახე სხვაობა: თუ წინა ხელისუფლების დროს ეს ფარული ბრძოლის საშუალება იყო, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ეს კიდევ უფრო გამძაფრდა და აგრესიულად გამოჩნდა,“ – საკუთარ ხედვას გვიზიარებს ეკა ბესელია, პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“, რომელსაც ფარული კადრების გავრცელების პრობლემაზე ვესაუბრეთ და ვკითხეთ: ცნობილი ქალების ინტიმური კადრების გავრცელების შემთხვევები ხომ არ უკავშირდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის გაზრდილ მაჩვენებელს?

ეკა ბესელია ერთ-ერთი პოლიტიკოსი ქალია, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2019 წელს გაუვრცელეს და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ის „ოცნებას“ და სასამართლოს გავლენიან ფიგურებს დაუპირისპირდა. პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „ვიდრე ხელისუფლება თავად არის ეჭვმიტანილი“, მნიშვნელობას კარგავს კანონის ჩანაწერი და ვერც კონკრეტულ შედეგზე გავალთ, რადგან ეს ახალისებს ადამიანებს.

„ყველა ასეთი შემთხვევა ახალისებს ამ კატეგორიის დანაშაულს, რადგან ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით შეუვალი უნდა იყოს მსგავს შემთხვევებში, არათუ არ სჯის დამნაშავეს, პირიქით, ეჭვმიტანილია,“ – კატეგორიულია ეკა ბესელია.

ეკა ბესელიას დაკვირვებით, განსაკუთრებით ქალი პოლიტიკოსების დასამორჩილებლად ყველაზე ხშირად ამ მეთოდს იყენებენ, რადგან ჯერ კიდევ არსებობს საყრდენი საზოგადოებაში „გენდერული სტერეოტიპების“ სახით.

„ეს არის დაახლოებით იგივე, რომ მოკლა ადამიანი, ამის ტოლფასია,“ – გვიყვება ეკა ბესელია. – „წარმოუდგენელი ძალისხმევა სჭირდება ადამიანს, რომ ამ მდგომარეობიდან დაუბრუნდე აქტიურ რეჟიმს.

ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა იმ დღეებში და პირად მიმოწერაში საკუთარ გამოცდილებას მიზიარებდა. ჩემთვის მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს სისტემური პრობლემა იყო.

რასაც ვაკვირდები პოლიტიკაში, ყველაზე ამაზრზენი მეთოდი, რასაც იყენებენ ქალის გასანეიტრალებლად, არის ქალის გენდერული ნიშნით დამორჩილების მცდელობა, რომ ის ქალია და საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული სტერეოტიპული შეხედულებები ქალის პირად ცხოვრებაზე. ჩემი მაგალითი ალბათ ყველაზე მკაფიო მაგალითია ამის, მაგრამ დუმილი გამოსავალი არ არის. ეს არის საშუალება, გაგანეიტრალონ.

როგორც კი ეს გავაცნობიერე შოკური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, ვიპოვე ძალა, რომ მეთქვა: მე არანაირ ზეწოლას არ დავემორჩილები,“ – გვითხრა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია

ჯერ კიდევ პარლამენტის წევრი იყო ეკა ბესელია, როცა მისი ინიციატივით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება შევიდა და „პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა“ მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდა.

კადრების გავრცელების შემდეგ ეკა ბესელია ამბობდა, რომ კადრები, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლების დროს გავრცელდა, წინა ხელისუფლების დროსაა ჩაწერილი და მაშინ იგივე კადრების გავრცელება ვერავინ გაბედა. ბესელიამ მაშინ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უმრავლესობის წევრებსაც აშანტაჟებენ და „შანტაჟის მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს“.

ვინ აგო პასუხი ამ შემთხვევიდან 5 წლის თავზე?

„ვითხოვდი და დღემდე ვითხოვ, რომ გამოვლინდეს პირველწყარო: ვინ იყო დამგეგმავი, ორგანიზატორი. ეს არ გამოვლინდა – როგორც ჩანს, სასამართლოს კლანი მიდის სახელისუფლებო შტოებთან.

ამ მასშტაბის გავრცელებას და დანაშაულის ჩადენას კერძო პირები ვერ შეძლებენ ხელისუფლების გარეშე, ეს გამორიცხულია. თუ კერძო პირები ახერხებენ მსგავსი მასშტაბის დანაშაულის ჩადენას, გამოდის, რომ საერთოდ მოშლილია ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა. მეორეა კონტექსტი: როცა მქონდა კონფლიქტი ჩემსავე პარტიასა და სასამართლოსთან, მაშინ ჩნდება ეს უკანონო ჩანაწერი.

მე ვიცოდი ამ ჩანაწერის შესახებ, რადგან წინა ხელისუფლების რამდენიმე პირი გაასამართლეს ამ ჩანაწერის განხორციელებისთვის და ეს ჩანაწერი იდო სასამართლოში, ხელმისაწვდომი იმ პირთათვის, ვისაც ძალაუფლება აქვთ.

დააპატიმრეს 19 ახალგაზრდა, რომლებსაც აღმოაჩნდათ ეს უკანონო ჩანაწერები. შემდეგ მე თვითონ დამჭირდა ჩარევა, რომ ეს ახალგაზრდები გაეთავისუფლებინათ და ვითხოვე, ყველასთან გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება – არ შეიძლება, ბავშვები ამის გამო ციხეში გაეშვათ. ორგანიზატორთაგან არავინ დაისაჯა.

ამ მეთოდს იყენებენ ამ დრომდე. ბევრი გააჩუმეს კიდეც, რადგან ვხედავთ ყველა, რომ პირველწყარო არ ისჯება, არ აჩვენებს სახელმწიფო, რომ ამ საკითხში შეუვალია,“ – ამბობს ეკა ბესელია „ბათუმელებთან“.

უფლებადამცველს ვუთხარით სასამართლოს დასაბუთების მთავარ არგუმენტზეც, როცა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება პოლიტიკოსს და ცნობილ ადამიანებს არ ეხება: ძალადობის მსხვერპლი ქალები მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე ხშირად დუმილს ამჯობინებენ. მოსამართლეები კი წერენ, რომ მათ ხელში მტკიცებულება აღარ რჩებათ.

„სადაც არ გაჩუმდნენ და ხმა ამოიღეს, სადაც ძლიერი იყო მტკიცებულებები, იქ რა გააკეთეს? იქ რატომ მოხდა კომპრომისების დაშვება?“ – შეკითხვები აქვს ეკა ბესელიას მოსამართლეებთან.

პოლიტიკოსს საზოგადოების რეაქცია აფიქრებს, განსაკუთრებით, „სუსის ცნობილი ფაილების სკანდალის“ შემდეგ:

„ამას არ მოჰყვა მასობრივი გამოსვლები, რომ პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო… ეს იყო ცუდი სიმპტომი, თითქოს ყველა შეეჩვია, რომ ეს შეიძლება ნორმად იქცეს, რაც ძალიან სახიფათოა.

მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების და ეკონომიკური გაძლიერების გარდა, საჭიროა, ძლიერი საზოგადოება, რომელიც არ პატიობს, პასუხს სთხოვს ხელისუფლებას ასეთ ფაქტებზე. ეჭვიც კი საკმარისია ასეთ დროს, რომ ხელისუფლება თავად შეიძლება იყოს მონაწილე ადამიანების პირადი ცხოვრების თემებით მანიპულირებაში,“ – გვითხრა ეკა ბესელიამ.

____

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: