სიახლეები

ვის სურს აბაშიძეზე ძეგლის ადგილას კორპუსის აშენება და რას გადაწყვეტს სასამართლო

06.03.2024 • 6064
ვის სურს აბაშიძეზე ძეგლის ადგილას კორპუსის აშენება და რას გადაწყვეტს სასამართლო

ხვალ, 7 მარტს, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელზეც გადაწყდება ბათუმში არსებული კიდევ ერთი ძეგლის ბედი. მომჩივანი მესაკუთრე მემედ აბაშიძის ქუჩაზე არსებული „ფანდეევის სახლის“ ერთი ნაწილისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნას ითხოვს სამშენებლო მიზნებისთვის. აქ მაღლივი კორპუსის ჩადგმის შესაძლებლობას გამორიცხავს ნინო ინაიშვილი – ძეგლების დამცველი აქტივისტი და „ბათომის“ დამფუძნებელი.

ნინო ინაიშვილს ვთხოვეთ, შეაფასოს, რა ღირებულებას დაკარგავს ბათუმი, თუ გადაწყდება, რომ ერთსართულიან შენობას მემედ აბაშიძის #44-ში მოუხსნან ძეგლის სტატუსი:

ისტორიულად, ფუნქციურად და ისტორიული დოკუმენტებითაც მტკიცდება, რომ მემედ აბაშიძის #44-სა და ლუკა ასათიანის #15-ის კუთხეში მდებარე ერთსართულიანი ნაგებობა ერთი შენობა იყო. შენობა ეკუთვნოდა ბათუმელ კომერსანტ ნიკოლოზ ფანდეევს, რომელსაც აქ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და სავაჭრო ობიექტები.

ეს არის ერთ დროს აგებული სამსართულიანი და ერთსართულიანი ერთი შენობა. მემკვიდრეობის დაცვის პრინციპი ითვალისწინებს ძეგლის მთლიანობის დაცვას. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ჩვენი კანონიც უზრუნველყოფს, რომ ძეგლთან ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული ნაწილები უნდა დაიცვა. ეს არის ორჯერ ორი ოთხი – იმდენად ნათელია.

ახლა კი რა ხდება – კერძო სამშენებლო კომპანიამ წამოიწყო სასამართლო დავა, რომლის მიზანია, ამ ერთსართულიან ნაგებობას მოუხსნას ძეგლის სტატუსი და მშენებლობისთვის გამოათავისუფლოს ადგილი. ეს არის აბსოლუტურად უკანონო, აბსურდული და უპრეცედენტო შემთხვევა, უბრალოდ, თავგასულობა.

ეს ხდება ბათუში, მემედ აბაშიძის გამზირზე, [ყოფილი] მარინსკის პროსპექტზე, რომელიც ბათუმის გულში მდებარეობს და გამორჩეულია ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების ხასიათით, მასშტაბით, მაღალმხატვრული ღირებულებების ნაგებობათა სიმრავლით. ეს განაშენიანება ჰომოგენურია, ამიტომ ეს უნდა იყოს მთლიანობაში განხილული, როგორც „ქუჩა ძეგლი“. შესაბამისად, მის ურბანულ ქსოვილში ასეთი ჩარევა დაუშვებელია.

მისი ურბანული ქსოვილის განადგურდება და  უხეში ჩარევები 2009 წლიდან დაიწყო – იყო „ფოსტის შენობა“, შემდეგ „აფთიაქის შენობა“ და ამ ნაგებობისთვის შეუფერებელი ფუნქციის მქონე დანიშნულების დაწესებულების გახსნა. ფოსტის შენობისთვის შეუსაბამოა სასტუმრო, რადგან ის იყო საზოგადოებრივი ნაგებობა; ასევეა აფთიაქის შენობაც. იქეთ ბანკის სრულიად არაჩვეულებრივი შენობაც სასტუმროდ იქცა.

ამ ქუჩამ მთლიანობაში იცვალა სახე, ახლა კი აქეთ წამოვიდნენ და გადაწყვიტეს, რომ აქაც შეიძლება ადგილის გამოთავისუფლება. აქ იმ მოცულობისა და მასშტაბის შენობის დადგმა ურბანულად და არქიტექტორული თვალსაზრისით დაუშვებელია.

ესენი არც მალავენ, რომ ტერიტორია სჭირდებათ მშენებლობისთვის და გადაწყვიტეს, რომ დაანგრიონ ერთსართულიანი შენობა, რომელიც სამსართულიანი სახლის ნაწილია ანუ ძეგლის მთლიანობა დაარღვიონ. ეს დაუშვებელია.

ამ ერთსართულიან ნაგებობას ძეგლის სტატუსი ცალკე იმიტომ მიენიჭა, რომ თავის დროზე არასწორად იქნა აღქმული და მხოლოდ სამსართულიან შენობას მიენიჭა სტატუსი. თუმცა რომც არ იყოს ერთიანი შენობა, რასაც ადასტურებს ამ შენობის მომიჯნავე კედელში გაჭრილი კარი, რომელიც ავთენტურია და ყველაზე ადრინდელ პერიოდს განეკუთვნება, სამსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გვერდით, მისი ინდივიდუალური დაცვის არეალში [გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე ვიზუალურ დაცვის არეალს], ყოვლად დაუშვებელია 9 თუ მეტსართულიანი კორპუსის აგება, რასაც ესენი აპირებენ.

მით უფრო, დამატებით კვლევებითაც გაირკვა, რომ ეს არის ერთიანი შენობა და არ შეიძლება მისი ნაწილის დანგრევა გამართლებული იყოს.

მე მაკვირვებს სასამართლოს გადაწყვეტილება – რასაკვირველია, მას არ აქვს უფლება, რომ ძეგლს მოუხსნას სტატუსი, ეს უნდა გააკეთოს ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მაგრამ სასამართლომ შეაჩერა ძეგლის სტატუსი და სააგენტოს უკან დაუბრუნა, რომ თავიდან განიხილოს ეს საკითხი.

სააგენტოს კომისიას ჰქონდა ხანგრძლივი პერიოდი ამ გადაწყვეტილების მისაღებად. შეამოწმეს საბუთები და დაადგინეს, რომ შენობას ეკუთვნის ძეგლის სტატუსი.

ჩვენთან, სამწუხაროდ, დააწერინებენ ვიღაც ხელოვნებათმცოდნეს დასკვნას, რომ – „კი, შეიძლება სამსართულიანი ძეგლის გვერდით 9-სართულიანის კორპუსის აგება და ის მის იერს-სახეს არ დააკნინებს“. აი, ასეთი ხელოვნებათმცოდნეების დასკვნის საფუძველზე ხდება შემდეგ მშენებლობის ნებართვის გაცემა.

სააგენტოს 9-წევრიანი კომისია დაკომპლექტებულია კომპეტენტური არქიტექტორებით და ხელოვნებათმცოდნეებით. წარმოუდგენელია, სასამართლოს მიერ მათი მოსაზრებები უგულებელყო სამშენებლო კომპანიებთან შეკრული ერთი პირის, თვითმარქვია ხელოვნებათმცოდნის,  ალა პროზოროვას [ის არქიტექტორია, მაგრამ ეტყობა ამით ფულს ვეღარ შოულობს] დასკვნის საფუძველზე.

  • სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა აღსასრულებლად, თუმცა ეროვნული სააგენტოს კომისიას შეუძლია იმსჯელოს და ისევ დაადასტუროს, რომ ეს შენობა არის ძეგლი, ხომ?

რა თქმა უნდა, იმსჯელებს, მაგრამ ამ დონემდე რომ ვერ ვიცავთ ძეგლებს და როცა, აი, ასეთი სასამართლო პროცესებიც იმართება… აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე, რომ სასამართლომ ასეთი არაკომპეტენტური, უსამართლო გადაწყვეტილებით ზედმეტი საფრთხის ქვეშ დააყენოს ძეგლი. ძალიან კარგად ვიცით, რისთვის სჭირდება სამშენებლო კომპანიას შენობისთვის სტატუსის მოხსნა – ერთი კაცის მოსაზრებამ როგორ უნდა გადაწონოს კომისიის მოსაზრება.

ნინო ინაიშვილი. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ჩემთვის წარმოუდგენელია ვერ დაინახოს მოსამართლემ ეს საფრთხე. ხვალ არის ჩანიშნული სხდომა და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ნდობა სასამართლოს მიმართ ძალიან დაბალია საზოგადოებაში. ამიტომ ვშიშობ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ჩანს, ძალიან დიდი კორუფციული სქემები მუშაობს.

ეს ბათუმისთვის იქნება ძალიან დიდი დანაკარგი. ამ ქუჩის, მისი ისტორიული განაშენიანების, მასშტაბის რღვევა იდენტობის დაკარგვის ტოლფასია. ბათუმი უკვე დგას ამის წინაშე, რომ საერთოდ დაკარგოს იდენტობა, რაც ისტორიული ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.

ბათუმში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ისტორიული განაშენიანებისა და ურბანული ქსოვილის რღვევა და ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი საქციელი. კიდევ კარგი, რომ ძეგლის სტატუსი აქვს ამ შენობას, მაგრამ, ამის მიუხედავად, საფრთხის წინაშე მაინც აღმოჩნდა.

  • მშენებელი კომპანია უკვე დიდი ხანია იბრძვის თავისი მიზნის მისაღწევად, ამაში ხარჯავს თანხებს და დროს. ამხელა ძალისხმევას იღებენ, როცა ასეთი ძლიერი წინააღმდეგობა ხვდებათ ქალაქისგან. რა ამოძრავებთ მათ? 

მათი მოტივაციაა ამ ადგილას კორპუსის აშენებით დიდი ფული ნახონ ერთჯერადად. მაგრამ ქალაქი ძალიან ბევრ რამეს დაკარგავს კომერციული ორგანიზაციის გამო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამით ფული გააკეთოს.

დღეს ფული მარტო სამშენებლო ბიზნესში კეთდება, მეტი არაფერი მუშაობს საქართველოში და ამათ გადაწყვიტეს, რომ ფული აკეთონ.

_____

2022 წლის საჯარო რეესტრის მონაცემებით, ერთსართულიანი შენობა მემედ აბაშიძის #44-ში შპს „ელიტურ სახლს“ ეკუთვნის. კომპანიის 50/50 პროცენტს ბესიკ თავდგირიძე და ჯუმბერ მოწყობილი ფლობენ.  მთლიანობაში ერთსართულიანი შენობის ფართობი 283 კვ.მეტრია. კომპანია სასამართლოსგან მისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას ელოდება.

აქ ნახეთ დეტალები „ფანდეევის სახლთან“ დაკავშირებით: ბათუმში, მემედ აბაშიძის #44-ში, მესაკუთრე ძეგლზე სტატუსის მოხსნას ითხოვს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: