მთავარი,სიახლეები

სხვაგან სასახლეც რომ მომცენ, არ მინდა მე სოფლის გარეშე – ქალი დამეწყრილი სოფლიდან

04.03.2024 • 9840
სხვაგან სასახლეც რომ მომცენ, არ მინდა მე სოფლის გარეშე – ქალი დამეწყრილი სოფლიდან

ნაზი სოფელ გელაძეებიდანაა. გელაძეებში დაიბადა, ამავე სოფელში დაქორწინდა და მისთვის მშობლიური გარემოს დატოვება წარმოუდგენელია.

მთელი მისი ცხოვრება იმ მიწასთანაა დაკავშირებული, რომელ მიწაზეც სარჩო-საბადებელი მოჰყავს და რომელზეც მისი წინაპრები განისვენებენ.

ნაზის საშუალო განათლება აქვს. მისთვის საქონლის მოვლა და მიწაზე მუშაობა ერთგვარად იქცა პროფესიად, რომლითაც მრავალრიცხოვან ოჯახს კვებავს.

„რატომ ვარ სოფელზე მიჯაჭვული იცი? საშუალო განათლება მაქვს. ჩემი სპეციალობა ახლა არის ეს – მიწაზე მუშაობა. ჟოლოს ბაღი მაქვს. ეს ჩემი სამსახურია. უმაღლეს ახლა ვერ დავამთავრებ და რამე ახალ პროფესიას ვერ მივიღებ. ამით შემიძლია ოჯახს დავეხმარო. ეს რომ არ გავაკეთო, როგორ იარსებოს ჩემმა ოჯახმა? სხვებიც, ვინც ვერ მიდიან აქედან, ჩემსავითაა.

ამას გარდა, 92 წლის მამამთილი მყავს სახლში. რომელ გარემოში შეიძლება წავიყვანო, რომ ის შეეგუოს? ზაფხულობით მთაში ავიყვანთ ხოლმე და უკან მოდის, არ უნდა არსად მისი სახლის გარდა, შეჩვეული გარემოს გარდა,“ – გვიყვება ნაზი გელაძე.

მეწყერი სოფელ გელაძეებში 6 თებერვალს ჩამოწვა და ჩაკეტა სოფლამდე მისასვლელი გზა. სოფელი გელაძეები წლების განმავლობაში იყო მეწყერსაშიში სოფლების ნუსხაში შეტანილი. ბოლო მეწყრის შედეგად სოფელში მხოლოდ 22 ოჯახი დარჩა.

ნაზი ამბობს, რომ კონკრეტული შეთავაზება მთავრობისგან ჯერ არ მიუღიათ. თუმცა ამბობს, რომ შეიძლება გელაძეების მცხოვრებთ 50 ათას ლარი შესტავაზოს სახელმწიფომ.

„არაფერი შემოუთავაზებიათ ჩვენი ოჯახისთვის. რაიონიდან იყვნენ მოსულები სოფელში და უთქვამთ 50 ათასს მოგცემთო. რომც დათანხმდე, 50 ათასი რას ეყოფა? სახლის ძებნაში დაიხარჯება ეგ თანხა. 50 ათას ლარს ზოგი რესტორანში ტოვებს და გამოდის. ჩვენ რაში უნდა ვიმყოფინოთ?“ – კითხულობს ნაზი.

ნაზი გელაძის აზრით, ეს თანხა არაა საკმარისი დღეს სადმე სხვაგან იყიდო სახლი, მიწა და ახალი ცხოვრება დაიწყო.

რაც ზუსტად იცის, არ უნდა მისი შვილები და შვილიშვილები სოფელში დარჩნენ. უნდა უსაფრთხო გარემოში გაიყვანოს და სხვაგან აცხოვროს. ხოლო თავად გელაძეებში დარჩენა აქვს გადაწყვეტილი.

„მთის ჩიტი მთას შეაკვდებაო“ – ალბათ მასე მჭირს მეც,“ – ამბობს ნაზი კითხვის პასუხად, რას იზამს, თუკი მეწყერი ისევ განმეორდება.

„აქაურობა რომ დამატოვებინონ, სასახლე რომ მომცენ, არ მინდა მე სოფლის გარეშე. სოფელში დავიბადე, სოფელში გავიზარდე და სოფელი მინდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საფლავებს ვერ დავტოვებ…

მაგრამ ახალგაზრდები აქ არ გაჩერდებიან. ყველა მიდის და ვერც გავაჩერებ. რაღაც უნდა ვიღონო, რომ შვილები და შვილიშვილები აქაურობას გავარიდო. ჩემი თავი ჯანდაბას.

ძალიან ემოციურ სიტუაციაში ვართ. შიშის გრძნობა ცალკე გვაქვს, აქაურობის დატოვების სინანული ცალკე გვაქვს. ძალიან ძნელი და რთული სიტუაციაა – ცხოვრებას ვეკიდებით, მიწა-წყალი კი მიდის,“ – ამბობს ნაზი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: