მთავარი,სიახლეები

ქობულეთის მერიამ უკანონო მშენებლობები არ შეაჩერა – კიდევ რა დარღვევებზე წერს აუდიტი

04.03.2024 • 3771
ქობულეთის მერიამ უკანონო მშენებლობები არ შეაჩერა – კიდევ რა დარღვევებზე წერს აუდიტი

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნებართვო მშენებლობები ვერ შეაჩერა და ვერც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება აღკვეთა. ამას მოწმობს სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც 2021-2022 წლების მუშაობის ანგარიშს და შეფასებას მოიცავს.

აუდიტის პერიოდში ქობულეთში 242 სამშენებლო ნებართვაა გაცემული. მათ შორის, 214 შემთხვევაში ახალ მშენებლობაზე, 11 შემთხვევაში – მშენებლობის ცვლილებაზე და 17 შემთხვევაში − შენობის დემონტაჟზე.

აუდიტისთვის მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 2021-2023 წლებში ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნებართვო მშენებლობის 30 შემთხვევა გამოავლინა, რის გამოც მშენებლები 93 000 ლარით დააჯარიმეს. ამ თანხიდან მხოლოდ 53 590 ლარი იყო გადახდილი 2023 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით.

აუდიტის ჯგუფმა ქობულეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების კანონიერება შერჩევითი წესით შეისწავლა.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა 4 უნებართვო მშენებლობა, რომელთან დაკავშირებითაც ქობულეთის ზედამხედველობის სამსახურს მიუღია დადგენილებები, მშენებელი პირების მიმართ საჯარიმო სანქციების დაკისრებისა და უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ, თუმცა ეს ღონისძიებები პრაქტიკულად არ განხორციელებულა.

მაგალითად:

ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე №52-ისა და №54-ის და დავით აღმაშენებლის გამზირის №279-ის მიმდებარედ, დაფიქსირდა კაფეების უნებართვო მშენებლობა. სამივე შემთხვევაში მშენებლობა განხორციელებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლითაც კონკრეტული პირები სარგებლობდნენ მერიასთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით.

ამის თაობაზე, 2023 წლის ივლისში, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს მიუღია დადგენილებები, მშენებელი პირების დაჯარიმებისა და უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ, თუმცა შენობების დემონტაჟი არ განხორციელდა.

ქობულეთის პლაჟზე, თამარ მეფის #52-ის გასწვრივ, ასვე, #54 -ში უკანონო მშენებლობაზე „ბათუმელებმა“ 2023 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია. 

 

თამარ მეფის #52 ქობულეთის მერიიდან 10 წუთის სავალზეა. მიუხედავად ამისა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობა ვერ აღკვეთა.

აუდიტი წერს, რომ ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება. ეს კი ქობულეთის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის
არსებით სისუსტეზე მიუთითებს.

საკურორტო სეზონზე ამ კაფეს ქობულეთის ბულვარში, სასეირნო ბილიკის ნაწილი ჰქონდა დაკავებული. მშენებელმა კაფეს, რომელიც ტროტუარზე ჰქონდა მოწყობილი, ფაქტობრივად, პლაჟის მხრიდან ვერანდა მიადგა ისე, რომ პლაჟზე ჩასასვლელიც ჩაკეტა.

  • იჯარით გაცემული ქონება 

დასკვნის მიხედვით, აუდიტის პერიოდში ქონების იჯარით გაცემის შესახებ 2015- 2022 წლებში გაფორმებული 249 ხელშეკრულება მოქმედებდა. ამ ხელშეკრულებების მიხედვით, იჯარით გაცემულია 27 საკადასტრო ერთეული – 44 847 კვ.მეტრი

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 3 საკადასტრო ერთეული – 73 430 კვ.მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი.

საიჯარო ხელშეკრულებების შესაბამისად, წლიური საიჯარო გადასახადის თანხა 350 656 ლარია. ხაზინიდან მიღებული ინფორმაციით, აუდიტის პერიოდში საიჯარო გადასახადის სახით ბიუჯეტში ჩარიცხულია 574 580 ლარი [2021-2022წლები]. 

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში არ არის შესრულებული მოთხოვნები იჯარით გაცემული ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით. კერძოდ, იჯარით გაცემული ქონება ბუღალტრულად არ არის აღრიცხული და, შესაბამისად, ის არც ფინანსურ ანგარიშგებაში ფიგურირებს.

ამასთან, საიჯარო ხელშეკრულებების პირობების შესრულების ანალიზით დადგენილია, რომ  ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებამოსილება საიჯარო ქირის დაგვიანებით გადახდისათვის არასრულადაა გამოყენებული.

2022 წელს ქობულეთის მერიას და მუნიციპალურ ორგანიზაციებს არ ჩაუტარებიათ ბალანსზე რიცხული 192 მილიონ 203 655 ლარის აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, არ არის შესრულებული მოთხოვნები იჯარით გაცემული ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით და ასევე არ არის აღრიცხული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივები.

სახელმწიფო აუდიტის მოთხოვნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო ქონების ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად უნდა ჩაატაროს აქტივებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია და მუნიციპალური ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივების შეფასება, შემდეგ კი ბალანსზე აისახოს მონაცემები.

ამასთან, მერიამ უნდა შეიმუშაოს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საიჯარო ხელშეკრულებების პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: