სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 ადამიანი დააკავეს

02.03.2024 • 3721
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 ადამიანი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და ისრაელის მოქალაქეები.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, დიდი ოდენობით თანხა, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი.

თბილისში, ერთ-ერთი ბრალდებულისგან ამოღებულია 440 აბი „ექსტაზი“, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი „კანაფი“, „მარიხუანა“ და „ჰაშიში“.

ნარკოდანაშაულის საქმეზე ფონიჭალაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს. „ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 18 შეკვრად დაფასოებული – 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი, 97 350 აშშ დოლარი, 6080 ლარი და 2 790 000 რუსული რუბლი“.

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს ასევე ორი პირი, რომლებიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდნენ.

„ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო“.

ასევე თბილისში კიდევ ერთი პირი, „ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა“.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია სამი პირი. „ნივთმტკიცებად ამოღებულია, ნარკოტიკული საშუალება კოკაიანი, მარიხუანა, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, სასიგნალო პისტოლეტი და 9 ვაზნა.“

ერთი პირი დააკავეს გურიაში.  „პირადი ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინი” და “ამფეტამინი” ნივთმტკიცებად ამოიღეს“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: