მთავარი,სიახლეები

ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას, რატომ გაუშვა შვილი აშშ-ში, ლგბტ თემაზე კი ისევ სიძულვილით ისაუბრა

02.03.2024 • 5015
ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას, რატომ გაუშვა შვილი აშშ-ში, ლგბტ თემაზე კი ისევ სიძულვილით ისაუბრა

დღეს, 2 მარტს, ბათუმში მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, კიდევ ერთხელ გააჟღერა რუსული ნარატივი ლგბტქ თემაზე და პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების საჭიროებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მორიგი რუსული კანონით „ქართული ოცნება“ მომავალი თაობის დაცვას აპირებს.

„ჩვენი ხალხის 90 პროცენტზე მეტი ასეა განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა აი, ამ მავნებელი ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან“, – ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ლგბტქ პროპაგანდა საზოგადოებისთვის „მგრძნობიარე“ საკითხია. თუმცა „ბათუმელების“ კითხვას, თუ რა კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ხალხს ეს პრობლემა უფრო მეტად აწუხებს, ვიდრე სიღარიბე, უმუშევრობა და მასობრივი მიგრაცია ქვეყნიდან, ღარიბაშვილი არ პასუხობს.

ჩვენს კითხვაზე, თუ ვინ ეწევა პროპაგანდას, დაეკონკრეტებინა ქვეყნები ან კონკრეტული ჯგუფები, ღარიბაშვილმა ამერიკა და ევროპა დაასახელა.

„ამერიკაში, ევროპაში, ყველგან. ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, აჩვენებენ ბავშვებს და ეუბნებიან, რომ ეს ნორმალურია“.

მაშინ მას ვკითხეთ, თუკი დასავლეთი, როგორც თვითონ ამბობს, „ანტიადამიანურ პროპაგანდას“ ეწევა, რატომ სწავლობს და ცხოვრობს მისი შვილი აშშ-ში და რატომ არ აქვს იმის შიში, რომ პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოექცევა?

ღარიბაშვილმა არც ამ კითხვას გასცა პასუხი და ლგბტქ თემაზე კვლავ გააგრძელა სიძულვილის ენით საუბარი.

რეალურად კი, საქართველოს მოქალაქეებს სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. მოსახლეობა ფიქრობს, რომ სექსუალური უმცირესობების თემით, „ქართული ოცნება“ სწორედ ამ პრობლემების გადაფარვას ცდილობს.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ბათუმში მამუკა მდინარაძეც იმყოფებოდა. დრამატულ თეატრში მათ „ქართული ოცნების“ აქტივთან გამართეს დახურული შეხვედრა.

შეხვედრაზე ძირითადად საჯარო მოხელეები, ბათუმის საკრებულოს და მერიის, ასევე აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელები და საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები, მინისტრები და სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.

ღარიბაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული შეხვედრები აჭარიდან დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: