მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ტაქიკარდია და არითმია, რომლის ეპიზოდიც ძლიერი ჩასუნთქვით ჩერდება – ექიმის რჩევები

01.03.2024 • 14787
ტაქიკარდია და არითმია, რომლის ეპიზოდიც ძლიერი ჩასუნთქვით ჩერდება – ექიმის რჩევები

სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (სვტ) ხშირად ვლინდება გულის უეცარი (პაროქსიზმული) აჩქარებით. ეს აჩქარება, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე წამი, წუთი ან საათი და ის ჩერდება სპონტანურად, გარკვეული სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებით ან მედიკამენტურად.

არსებობს სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მუდმივად (განუწყვეტლად) მიმდინარე ფორმებიც, თუმცა შედარებით იშვიათად. პაროქსიზმული ფორმის სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიის სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი გიორგი ცხომელიძე საუბრობს:

MayoClinic: ჩვეულებრივ გული წუთში დაახლოებით 60-დან 100-ჯერ სცემს. წუთში 100-ზე მეტი დარტყმის სიხშირეს ტაქიკარდია ეწოდება. სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის ეპიზოდის დროს გული წუთში დაახლოებით 150-დან 220-ჯერ სცემს.

  • ბატონო გიორგი, როგორ განიმარტება სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია?

   ამ სახის ტაქიკარდია (გულის აჩქარება), როგორც წესი, არ ასოცირდება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობებთან. ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს. გულის აჩქარებას განაპირობებს გულში არსებული პათოლოგიური კერები, რომლებსაც შეუძლიათ გულის ელექტრულ სისტემაში იმპულსების სწრაფი გატარება გამოიწვიონ. 

MayoCLinic გართულებების შესახებ წერს, რომ დროთა განმავლობაში, სვტ-ს არანამკურნალევმა და ხშირმა ეპიზოდებმა შეიძლება დაასუსტოს გული და გამოიწვიოს გულის უკმარისობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სხვა სამედიცინო მდგომარეობები. 

  სვტ შეიძლება შეგვხვდეს, როგორც ახალგაზრდა ასაკში, ისე შუა და ხანდაზმულ ასაკში. ასაკიდან ასაკამდე შეიძლება სვტ სხვადასხვა სახით და სიხშირით იყოს გავრცელებული. ყველაზე ხშირად იგი გვხვდება ემოციურ ადამიანებში, ძირითადად ემოციების ან ძლიერი სტრესის ფონზე ხდება მისი განვითარება.

 MayoClinic: სვტ ხდება მაშინ, როდესაც გაუმართავი ელექტრული კავშირები გულში იწვევს ადრეული დარტყმების სერიას გულის ზედა კამერებში (წინაგულებში). ამ დროს გულისცემა ძალიან სწრაფად ჩქარდება. გულს არ აქვს საკმარისი დრო, რომ სისხლით გაივსოს კამერები შეკუმშვამდე. შედეგად, შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, რადგან თქვენი ტვინი არ იღებს საკმარის სისხლს და ჟანგბადს.

  • რა სიმპტომები და რა ნიშნები ახასიათებს სუპრავენტრიკულურ პაროქსიზმულ ტაქიკარდიას?

არსებობს არითმიები და, მათ შორის, სვტ, რომელიც სიცოცხლისთვის უმეტესად სახიფათო არ არის. თუმცა იძლევა მნიშვნელოვან დისკომფორტს, რაც ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ცვლის, ასეთ პაციენტებს, რიგ შემთხვევებში, ეშინიათ ტრანსპორტირების, გადაადგილების, ნებისმიერ მომენტში ელოდებიან, რომ ტაქიკარდია დაემართებათ, ფსიქოლოგიურად დამოკიდებული არიან არითმიაზე. 

 ეს არითმია, როგორც წესი, უეცრად იწყება, ზოგჯერ მოწმენდილ ცაზე ისე, რომ პაციენტი საერთოდ არ ელოდება; ხშირად მისი დაწყება ასოცირდება სტრესულ ვითარებებთან.

ამ დროს პაციენტი ხშირად გრძნობს გულის აჩქარებას, გულის ფრიალს, გულის ძლიერ შეკუმშვებს; შედარებით იშვიათად შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის დაქვეითება, გულმკერდში ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, გულისწასვლის შეგრძნება ან გონების კარგვა. ეს უკანასკნელი კი შეიძლება მიზეზი გახდეს სხეულის მნიშვნელოვანი ტრავმული დაზიანების დაცემის შედეგად. 

  •  რა შემთხვევაში ხდება საჭირო მკურნალობა და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

მკურნალობა თავიდან მედიკამენტურია, თუ მედიკამენტები ეფექტურია, ვცდილობთ პაციენტები მუდმივ რეჟიმში გვყავდეს მედიკამენტურ მკურნალობაზე. ეს, ხშირად, სირთულეებთან ასოცირდება, რადგან გარკვეულ ასაკში, გარკვეულ პერიოდში შესაძლოა მედიკამენტების მიმართ იყოს აუტანლობა, იყოს გარკვეული უკუჩვენება, როცა კი ვფერხდებით (ეფექტური) მედიკამენტების მიცემაში.

თუ მედიკამენტები არაეფექტურია და პაციენტს მაინც ემართება აღნიშნული სახის ტაქიკარდიები, რეკომენდებულია პროცედურის – კათეტერული აბლაციის წარმოება, რომელიც სვტ-ების შემთხვევაში მაღალი წარმადობით ხასიათდება. მისი ეფექტიანობა დაახლოებით 98 პროცენტია. ამ პროცედურის შემდეგ ტაქიკარდიის დაბრუნების (რეციდივის) შანსი 2%-ია. 

  • რა პროცედურაა კათეტერული აბლაცია, რა ხდება ამ დროს?

კათეტერული აბლაცია საქართველოში რამდენიმე წელია დანერგილია. თუმცა, ძირითადად თბილისის მასშტაბით კეთდებოდა. ჩვენ ახლახან დავიმატეთ აბლაციის მიმართულება ჩვენს არითმოლოგიის სამსახურში. ეს პროცედურა კეთდება ზოგადი გაუტკივარების, ანუ ნარკოზის გარეშე. პაციენტი კლინიკაში ყოვნდება მხოლოდ ერთი დღე. პირველ დღეს კეთდება პროცედურა, შემდეგ დაკვირვება მიმდინარეობს.

პროცედურის დროს ადგილობრივად ვაყუჩებთ საზარდულის მიდამოს, საიდანაც სპეციალური ელექტროდები (კათეტერები) დიდი ვენების გავლით შეგვყავს გულში; ვეცდებით ხელოვნურად გამოვიწვიოთ აღნიშნული არითმია, რომ მივხვდეთ საიდან მოდის, რა არის წყარო ამ არითმიის და შემდეგ მცირე თერმული დაზიანებით მოვახდინოთ ამ არითმიის კერების მოშორება გულიდან, ისევ ამ კათეტერების დახმარებით. 

პროცედურის შემდეგ კათეტერები გამოგვაქვს, ორგანიზმში არაფერი რჩება. მხოლოდ 3-მდე მცირე ზომის ნაჩხვლეტი საზარდულის არეში. 

რეკომენდაციები: არსებობს გარკვეული მანევრები, რომლის საშუალებითაც შეიძლება არითმიის ეპიზოდი პაციენტმა ბინის პირობებში მოიხნას: ეს არის ღრმად ჩასუნთქვები და ძლიერი გაჭინთვები.  

როცა პაციენტი გვეუბნება, რომ ღრმად ჩასუნთქვისას არითმია გაჩერდა, ეს ასევე გვეხმარება ექიმებს დიაგნოსტირების პროცესში მივხვდეთ, თუ რა სახის არითმია ჰქონოდა პაციენტს ბინაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს შეტევა ელექტროკარდიოგრამაზე არ იყოს დაფიქსირებული.

დიაგნოსტირებისას ასევე მნიშვნელოვანია უშუალოდ შეტევის დროს გადაღებული ელექტრო კარდიოგრამა. ეს ხშირად იმიტომ არის დეფიციტურია, რომ დღეს საქართველოში გვაქვს ასეთი პრობლემა – სასწრაფო დახმარების ჯგუფები არ აძლევენ პაციენტებს გადაღებულ ელექტროკარდიოგრამებს. ამიტომ პაციენტებს შეუძლია ამ კარდიოგრამის დოკუმენტირება: გააკეთონ ფოტოთი, ან ქსეროასლი.

ეს კარდიოგრამა შემდგომში ძალიან გვეხმარება ექიმებს იმის გაგებაში, თუ რა სახის ტაქიკარდიასთან გვაქვს უშუალოდ შეხება.

რეკომენდაციები: პაციენტებს ვურჩევდი, რომ ფსიქოლოგიურად ნუ აჰყვებიან მსგავსი ტიპის არითმიებს, ემოციებში ნუ ჩავარდებიან, რადგან ემოცია ამ ტაქიკარდიას ასტიმულირებს, ტაქიკარდია კი ემოციებზე მოქმედებს, ჯაჭვური რეაქციასავითაა.

 ვისაც მსგავსი ტიპის არითმიები აწუხებთ და აპირებენ ორსულობას, ვურჩევდი წინასწარ გაიარონ არითმოლოგთან კონსულტაცია, რადგან ორსულობის პერიოდში ხშირად ხდება ამ ტაქიკარდიის სიხშირის მატება. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: