მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა წარმონაქმნია საშვილოსნოს მიომა (ფიბრომა) – ექიმის რჩევები

29.02.2024 • 13058
რა წარმონაქმნია საშვილოსნოს მიომა (ფიბრომა) – ექიმის რჩევები

საშვილოსნოს მიომა/ფიბრომა არის არასიმსივნური, კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. მცირე მიომების/ფიბრომების უმეტესობა არ იწვევს ჩივილებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა სიმპტომები გამოხატულია ძლიერი მენსტრუალური სისხლდენით, ხშირი შარდვითა და ტკივილებით. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის” მეან-გინეკოლოგი ნათია მელუა დაავადების ნიშნებსა და მისი მკურნალობის გზებზე საუბრობს.

  • რა წარმონაქმნია საშვილოსნოს მიომა/ფიბრომიომა?

საშვილოსნოს მიომა, იგივე ფიბრომა წარმოადგენს საშვილოსნოს კეთილთვისებიან წარმონაქმნს, რომელიც კუნთოვანი ქსოვილისგან წარმოიშობა. საშვილოსნო კუნთოვანი ორგანოა. სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედებით კუნთოვანი უჯრედები არასწორად იწყებენ გამრავლებას, რა დროსაც ყალიბდება მიომური კვანძები ან დიფუზიური მიომატოზი.

Clevland Clinic: საშვილოსნოს ფიბრომა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. საშვილოსნოს მქონე ადამიანების დაახლოებით 40%-დან 80%-ს აქვს ფიბრომა. იგი ყველაზე ხშირად გვხვდება 30-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში.

  • კონკრეტულად, სად ლოკალიზდება საშვილოსნოს მიომა?

ლოკალიზების მიხედვით არსებობს საშვილოსნოს მიომების სხვადასხვა ტიპები, ესენია: 

ინტრამურალური კვანძები – იზრდება საშვილოსნოს კედელში, კუნთოვანი ქსოვილის სიღრმეში [ეს ყველაზე გავრცელებული ტიპია];

 სუბმუკოზური კვანძები, იზრდებიან საშვილოსნოს შიდა (ლორწოვანი) გარსის ქვეშ, საშვილოსნოს ღრუსკენ; 

სუბსეროზული კვანძები, გამოდის საშვილოსნოს გარეთ. შეიძლება გახდეს საკმაოდ დიდი;

ცერვიკალურია მიომა, როდესაც კვანძები მდებარეობს საშვილოსნოს ყელში.

  • ზომით რამხელა შეიძლება იყოს მიომა?

მიომური კვანძები, როგორც წესი, ვითარდება რამდენიმე ერთად. კვანძები ზომით და წონით განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთი კვანძის წონამ შესაძლოა რამდენიმე კილოსაც კი მიაღწიოს.

Clevlend clinic: არ არსებობს მიომის ზუსტი ზომა, რომელიც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოსაშორებელია. ექიმი თქვენი სიმპტომების მიხედვით განსაზღვრავს, არის თუ არა საჭირო ოპერაციული ჩარევა. მაგალითად, დაახლოებით 13 მილიმეტრის დიამეტრის მიომასაც კი შეუძლია ჭარბი სისხლდენის გამოწვევა მისი ადგილმდებარეობის მიხედვით. 

როცა კვანძებში კუნთოვანი ქსოვილი ჭარბობს და ის რბილია, მას ლეიომიომას უწოდებენ, როცა კვანძებში შემაერთებელი ქსოვილია მეტი, წარმონაქმნი შედარებით მკვრივია და მას ფიბრომიომას უწოდებენ.

  • რა სიმპტომატიკა ახასიათებს, როგორ ამოვიცნოთ?

ხშირად მიომას არანაირი სიმპტომი არ აქვს, თუმცა იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს, რა ზომისაა, რა რაოდენობისაა მიომები, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სახის სიმპტომატიკა:

  • ჭარბი ან/და გახანგრძლივებული მენსტრუაცია;
  • ტკივილი და დისკომფორტი მენჯის ღრუში;
  • ხშირი შარდვა, როცა დიდი მიომური კვანძი შარდის ბუშტს აწვება;
  • შარდის ბუშტის დაცლის სირთულე;
  • მუცლის გარშემოწერილობის ზრდა (ორსულობის მსგავსად);
  • ყაბზობა და გაძნელებული დეფეკაცია ხდება მაშინ, როცა მიომური კვანძები ნაწლავს აწვება;
  • თვითნებური აბორტი [მუცლის მოშლა];
  • მტკივნეული სქესობრივი აქტი

Clevlend clinic წერს, რომ მიომის სხვა სიმპტომები ასევე შეიძლება მოიცავდეს: სისხლდენას მენსტრუაციათა შორის; მუცლის ქვედა ნაწილში სისავსის შეგრძნებას/შებერილობას; წელის ტკივილსა და ხანგრძლივ (ქრონიკული) ვაგინალურ გამონადენს.

  • რატომ ჩნდება მიომა?

საშვილოსნოს მიომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა კვლევები მოწმობს, რომ ჰორმონები ესტროგენი და პროგესტერონი, გარკვეულ როლს ასრულებენ ამ პროცესში.

ფიბროიდები შეიცავს უფრო მეტ ესტროგენულ და პროგესტერონის რეცეპტორებს, ვიდრე საშვილოსნოს ნორმალური კუნთების უჯრედები. გარდა ამისა, მიომის კვანძების უმეტესობა ვითარდება რეპროდუქციული ასაკის ადამიანებში. მათი წარმოქმნის რისკი კი მენოპაუზის შემდეგ,  ჰორმონის გამომუშავების შემცირების გამო იკლებს.

Clevlend clinic:  კვლევებმა აჩვენა, რომ მიომური კვანძები მიდრეკილია ზრდისკენ, როდესაც ჰორმონების დონე უფრო მაღალია (მაგალითად ორსულობის დროს) და მცირდება, როდესაც ჰორმონის დონე დაბალია (მაგალითად მენოპაუზის დროს).

გარდა ამისა, არსებობს რისკ-ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მიომური კვანძების განვითარების შანსებზე. ეს შეიძლება შეიცავდეს: გენეტიკური წინასწარგანწყობა (მაგალითად თუ დედას ან ბებიას ჰქონდა მიომა, მისი განვითარების რისკი უფრო მაღალია); მენსტრუაციის ადრეული დაწყება (ნაადრევი მენარქე); სიმსუქნე და სხეულის მასის უფრო მაღალი ინდექსი (BMI); არაჯანსაღი კვება – კერძოდ რაციონი ხორცით და ნაკლებად მწვანე ბოსტნეულით, ხილით; ასევე სხვადასხვა დაავადება, მათ შორის დიაბეტი და ჰიპერთირეოზი.

  • რა გართულებები შეიძლება მოყვას?

საშვილოსნოს ფიბროიდების უმეტესობა არ იწვევს სერიოზულ გართულებებს და ხშირად ჩივილების გარეშეც მიმდინარეობს. თუმცა ზოგიერთმა მიომამ შესაძლოა გარკვეული გართულებები გამოიწვიოს. მაგალითად, სუბმიკოზურმა (ლორწოვანქვეშა) კვანძებმა, შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა და გახანგრძლივებული მენსტრუაცია; სისხლის კარგვის შედეგად კი შესაძლოა განვითარდეს ანემია. 

მიომების სხვა გავრცელებული გართულებებია: ძლიერი ტკივილი; მუცლის ან მენჯის არეში შეშუპება; და იშვიათ შემთხვევებში უნაყოფობა.

  • როგორია მკურნალობა?

საშვილოსნოს მიომის მკურნალობა შეიძლება განსხვავდებოდეს კვანძების ზომის, რაოდენობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, ასევე იმის მიხედვით, თუ რა სიმპტომებს იწვევენ ისინი. სიმპტომების გარეშე მიმდინარე მიომას მკურნალობა არ სჭირდება. 

მსუბუქი მიმდინარეობისას ეფექტურია მედიკამენტური თერაპია. ამ დროს ხშირად გამოიყენება გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონი. იგი არეგულირებს სისხლში ესტროგენისა და პროგესტერონის დონეს.

გარდა ამისა, შესაძლოა მკურნალობა მოიცავდეს დინამიკურ დაკვირვებას, რომელიც გულისხმობს მიომის კვანძების ულტრაბგერით კონტროლს, ექვსი თვის ინტერვალით.

ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ მაშინ, როცა პაციენტს მიომის გამო აღენიშნება სისხლდენა, აქვს ზომიერი ან ძლიერი ტკივილის ან საშარდე გზების და ნაწლავების პრობლემები.

ქირურგიული მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს კვანძების ამოღებას; მიომური კვანძის მკვებავი სისხლძარღვის დაზიანებას; მიომური კვანძის დაშლას ლაზერით, მოყინვით და საშვილოსნოს ამოკვეთას [ეს პროცედურა შეიძლება რეკომენდებული იყოს მაშინ, როცა პაციენტს აქვს ძალიან ძლიერი სისხლდენა ან დიდი ზომის მიომები].

Clevland Clinic: საშვილოსნოში მიომების/ფიბრომების მიუხედავად, დაორსულება შესაძლებელია. ექიმი შეიმუშავებს მათი მონიტორინგის გეგმას. ორსულობის დროს, თქვენი სხეული ათავისუფლებს ჰორმონების მაღალ დონეს, ეს ჰორმონები ხელს უწყობენ ორსულობას. თუმცა, მათ ასევე შეუძლიათ მიომური კვანძების გაზრდა. დიდმა მიომამ შეიძლება გამოიწვიოს: საკეისრო კვეთის საჭიროება; პლაცენტის ნაადრევი აცლა; ნაადრევი მშობიარობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: