მთავარი,სიახლეები

ახალრეაბილიტირებული ბაგრატიონის ქუჩაც ნახევრად ადაპტირებულია

29.02.2024 • 3750
ახალრეაბილიტირებული ბაგრატიონის ქუჩაც ნახევრად ადაპტირებულია

დღეს, 29 თებერვალს, ეტლით მოსარგებლე ადამიანებმა და შშმ პირთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ბათუმში განახლებული ბაგრატიონის ქუჩა დაათვალიერეს.

ეტლით მოსარგებლე ადამიანების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩა ახალი რეაბილიტირებულია და ხელშეკრულებაც ითვალისწინებს ქუჩების და ტროტუარების ადაპტირებას, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები ხელშეკრულების პირობებს ხშირად არღვევენ. მერია კი პასუხს არ სთხოვს.

ეტლით მოსარგებლე პირების თქმით,  რეაბილიტირებულ ბაგრატიონის ქუჩაზეც მსგავსი პრობლემებია. გადასასვლელები არ არის ნულოვან ნიშნულზე, 3-5 და 7 სმ-იანი შემაღლებებია ტროტუარზე ასასვლელებთან, რის გამოც ეტლით მოსარგებლეს უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება.

არაადაპტირებულია უსინათლოთა ტაქტილური ბილიკებიც, რაც პრობლემებს უქმნის უსინათლო პირებს ქუჩაში გადაადგილებისას.

„სტანდარტები უგულებელყოფილია, ადაპტირება – ფასადური. უსინათლოთა ტაქტილური ბილიკი ისევ დეკორის მიზნით არის გაკეთებული, რადგან რეალურ ფუნქციას ვერ ასრულებს.

რაც შეეხება ეტლით გადასასვლელებს, როცა გუშინ დავაანონსეთ აქცია, როგორც ჩანს, გამოვიდნენ ამ დილით და რაღაცები ჩაასწორეს, რადგან ზოგიერთ ნაწილს ეტყობოდა, რომ ახალი ჩამოთლილი იყო კიდეები“-ამბობს შშმ პირთა უფლებადამცველი, ნინო ჩხაიძე.

ტროტუარებთან მოუწესრიგებელია საკანალიზაციო ჭების სახურავები და ყრია ქვაფენილის ნარჩენებიც.

„მერიასთან წლების წინ შევთანხმდით, რომ ყველა პროექტში გათვალისწინებული იქნებოდა ნულოვანი დონეები თავისი სტანდარტული დახრილობით, მაგრამ ისევ ისე გრძელდება დარღვევები.

ერთია პროექტი, მეორე – აღსრულება, მესამე – ინსპექტირება და პროექტის შესაბამისობის დადგენა და აქ რომელ ეტაპზე მოხდა დარღვევა, მოქალაქემ სად და რატომ უნდა არკვიოს, როცა ყველანაირი სამსახური არსებობს, რომ ამას აკონტროლებდეს და სამაგალითოდ სჯიდეს“ – ამბობს ეტლით მოსარგებლე თომა კაკაბაძე.

„ბათუმელებმა“ რამდენჯერმე გადაამოწმა მასთან და სხვა ეტლით მოსარგებლე პირებთან ერთად ქალაქის ახალგაშენებული თუ რეაბილიტირებული უბნები, თუმცა ფაქტი აჩვენებს, რომ სამუშაოთა მწარმოებელი კომპანიები არ ითვალისწინებენ არც შშმ პირთა უფლებებს და არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებენ კეთილსინდისიერად.

„ბათუმელებმა“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ჰკითხა, თუ რატომ არის ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები და არ არის შშმ პირთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ყველა საჭირო სტანდარტი დაცული ქუჩების რეაბილიტაციისას, რაზეც აღნიშნულ სამსახურში ამჯერადაც ზედაპირულად და სტანდარტულად გვიპასუხეს:

„სამმართველოს მიერ შესყიდულ ყველა პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული გარემოს შექმნა, სადაც ახალი გზის მოწყობა ხორციელდება ყველა მისამართზე, შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით. ხოლო იმ ქუჩებზე, რაც უკვე მოწყობილია, ეტაპობრივად ხორციელდება გადასასვლელების ნულოვან ნიშნულებზე დაყვანა“.

მერიის სამმართველოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ დარღვევაზე ვკითხეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

ამ თემაზე: „კროსვორდივითაა, უნდა გამოიცნო“ – რა მოაწყვეს ბაგრატიონის ქუჩის სკვერში 2 მილიონად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: