სიახლეები

ფრანგული ენციკლოპედია ვერა ფაღავას მხატვრობაზე – ,,მისი ლურჯი ლავანდისფერია, ვარდისფერი კი მქრქალი”

27.02.2024 • 2847
ფრანგული ენციკლოპედია ვერა ფაღავას მხატვრობაზე – ,,მისი ლურჯი ლავანდისფერია, ვარდისფერი კი მქრქალი”

27 თებერვალს ქართველი მხატვარი, ვერა ფაღავა დაიბადა. აჭარის ხელოვნების მუზეუმში დაცულია 1962 წელს შექმნილი მისი „პეიზაჟი“.

ვერა ფაღავა 1907 წელს დაიბადა თბილისში. ვერას მამა, იური ფაღავა, იურისტი იყო, დედა ალექსანდრა ფაღავა კი თბილისის პირველი გიმნაზიის დირექტორი.

ვერა მშობლებმა 1922 წელს გერმანიაში წაიყვანეს დროებით. იური ფაღავა სამკურნალოდ წავიდა ევროპაში, თუმცა ოჯახი ვეღარ დაბრუნდა გასაბჭოებულ საქართველოში.

გერმანიიდან მალევე გადავიდნენ პარიზში საცხოვრებლად. ვერა თავიდან დეკორატიული ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, შემდეგ რანსონის აკადემიაში ჩააბარა და როჟე ბისიესთან სწავლობდა. ვერა ფაღავა იყო ლიონის მხატვართა გაერთიანების წევრი.

ვერა ფაღავა, ლურჯი ნატურმორტი, 1949 წელი

მხატვარი გალერისტმა ჟან ბიუშემ აღმოაჩინა. 1960-იან წლებამდე ეწყობოდა ბიუშეს გალერეაში ვერას გამოფენები. პარიზის სახელოვნებო წრეები ვერას ნახატებით სწორედ ბიუშეს გალერეაში მოწყობილი გამოფენების შემდეგ დაინტერესდნენ.

ვერა ფაღავას შესახებ ფრანგულ ენციკლოპედია ლარუსშიც იძებნება ცნობები:

„ვერა ფაღავას 1950-იანი წლების ნახატები „ზეციური იერუსალიმიც“ კი აბსტრაქტულია, კუბისტური კონსტრუქციების ერთობლიობა, სადაც საერთოდ არ არის ადამიანი. მან სცადა ყველაფერი, მუშაობდა ფიგურებზე, დიდ ბიბლიურ თემებსა და მითოლოგიაზე, თუმცა მისი ინდივიდუალური ხელწერა ყველაზე კარგად ნატურმორტებში ჩანს, რამაც 1932 წლიდან მოუტანა აღიარება („ორი ვაშლი და ჭიქა ღვინო“).

შემდგომ ნამუშევრებში ვერა ფაღავა საგნების მკაცრად განსაზღვრულ, მარტივ ფორმებთან თამაშობს, მსუბუქ ფერებს კიდევ უფრო აბაცებს: მისი ვარდისფერი მქრქალია, მისი ლურჯი კი – უფრო ლავანდისფერი“, – წერია ფრანგულ ენციკლოპედიაში მხატვრის შესახებ.

პარიზში ეწყობოდა ვერა ფაღავას პერსონალური გამოფენებიც, თუმცა 1930, 40-იანი წლების ევროპაში ნახატებით თავის რჩენა ძალიან რთული იყო. მუშაობდა ტექსტილზეც, ქსოვდა, მედდის განათლებაც მიიღო და ეხმარებოდა ომში დაჭრილებს. ვერას ოჯახს, 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, პარიზში ძალიან უჭირდა.

საბავშვო ბაღებისთვისაც ხატავდა დეკორატიულ პანოებს. დიჟონის წმინდა იოსების ეკლესიისთვის ამზადებდა ვიტრაჟებს. წიგნებსაც აფორმებდა მხატვრულად.

1958 წელს ვერა ფაღავამ ვატიკანის პავილიონში მონუმენტური ფრესკა შექმნა ბრიუსელის მსოფლიო გამოფენისათვის.

1966 საფრანგეთის სახელით ვენეციის 33-ე ბიენალაზე გამოიფინა ვერას ნამუშევრები. სწორედ ასე ჩააღწია ევროპის სხვა ქვეყნების ქალაქებამდე მხატვრის ნამუშევრებმა.

ვერა ფაღავამ მხოლოდ 1970-იანი წლებიდან დაიწყო ნახატების გაყიდვა ისე, რომ  თავის რჩენა შესძლებოდა.

მთელი ცხოვრება თანამშრომლობდა პარიზში მოქმედ გალერეა ,,დარიალთან“, რომელიც მის მეგობარს, თამარ წულუკიძეს ეკუთვნოდა. თამარის შვილმა, ელისო ტარასაშვილმა, მოგვიანებით პარიზში გამოსცა მხატვრის ნამუშევრების ალბომი, სადაც 1930-80-იანი წლების ნახატები შევიდა.

ვერა ფაღავა, ვნების ინსტრუმენტები, 1952 წელი

გარდაიცვალა 80 წლის, 1988 წელს. დაკრძალეს ლევილში, მშობლების გვერდით.

ვერა ფაღავას ნახატები დაცულია გერმანიასა და შვეიცარიაში, ძირითადად კერძო კოლექციებში. ნახატების ნაწილი ქალაქ დიჟონში ინახება, გრენობლის ხელოვნების მუზეუმსა და პარიზის პომპიდუს ცენტრის კოლექციაში.

ნამუშევრების ერთი ნაწილი მხატვარმა თავად გადასცა გალერეა ,,დარიალს“.  ეს გალერეა ახლა ,,ვერა ფაღავას ასოციაციის“ საკუთრებაა. ასოციაცია 1991 წლიდან მხატვრის შემოქმედების პოპულარიზაციას ეწევა მთელ მსოფლიოში.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სწორედ ასოციაციამ გადასცა ვერა ფაღავას სამი ნამუშევარი: 1967 წელს შესრულებული ,,უცნობი“, ,,პატარა საქართველო“  და ერთ ჩარჩოში ჩასმული გრაფიკული ჩანახატი.

ვერა ფაღავა, ნატურმორტი იხვით, 1952 წელი

გადაბეჭდვის წესი