მთავარი,სიახლეები

არის ქართული სასამართლო პროტესტის ჩახშობის ინსტრუმენტი? – როგორ მუშაობს საკონსტიტუციო

29.02.2024 • 4249
არის ქართული სასამართლო პროტესტის ჩახშობის ინსტრუმენტი? – როგორ მუშაობს საკონსტიტუციო

„ხელისუფლება სასამართლოს იყენებს, როგორც ინსტრუმენტს, ჩაახშოს პროტესტი, აღწევს კიდეც ამ მიზანს…“ – მიიჩნევს კოტე ჩაჩანიძე, ერთ-ერთი აქტივისტი, ვინც პროტესტის გამოხატვის გამო 2015 წელს დასაჯეს.

კოტე ჩაჩანიძე თბილისში „პანორამას“ მშენებლობას აპროტესტებდა: „პანორამა არა …ლე“ – ამ პლაკატების „მოშორებას“ ითხოვდა პოლიციელი აქტივისტისგან. კოტე და სხვა აქტივისტებიც დააკავეს. მოსამართლემ დაკავებულები წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააჯარიმა. პანორამა აშენდა. ეს საქმე სტრასბურგის სასამართლომ განიხილა და თქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა, საკონსტიტუციო სასამართლოს კი, რომელიც ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის გარანტი უნდა იყოს, 2019 წლიდან დღემდე გადაწყვეტილება არ მიუღია.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფოებრივი ინტერესების ნაცვლად, კანონის უპატივცემულობას და დუმილს ამჯობინებს. მაგალითად, „ფარული მოსმენების საქმეზე“ სასამართლომ არსებითი განხილვა 2019 წელს დაასრულა, თუმცა ამ შემთხვევაშიც 5 წელია გადაწყვეტილებას არ აცხადებს. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო „ფარული მოსმენების საქმეზე“ მოსარჩელეების ინტერესებს დააკმაყოფილებდა, სუს-ს აღარ ექნებოდა შესაძლებლობა, მარტივად მოესმინა ნებისმიერი ჩვენგანისთვის.

ეს რომ ასეა, დადასტურდა კიდეც: ვიდრე მოსამართლეებმა 5 წელი გადაწყვეტილება  არ დადეს, დაიდო „სუსის ფაილები“. ფაილებში დასახელებულმა არაერთმა პირმა კი, ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 5 წლის დაგვიანებით დაიწყო, მაგალითად, „ანა დოლიძის საქმის“ განხილვა, რომელიც მოსამართლეების შერჩევას უკავშირდება. სასამართლო თაროდან არც რელიგიური ორგანიზაციების სარჩელს იღებს, რაც საპატრიარქოსთან სხვა რელიგიური ორგანიზაციების გათანასწორებას ეხება.

„ჩვენ ვაპროტესტებდით „პანორამას“ მშენებლობას. თავდაპირველად გიგა მაქარაშვილს ეჭირა ეს ქაღალდი წარწერით – „პანორამა არა …ლე“. გიგა როცა აიყვანეს, შემდეგ ჩვენ დავიჭირეთ,“ – 2015 წლის აქციის გახსენება ვთხოვეთ კოტე ჩაჩანიძეს, რომელიც ახლა გერმანიაში ცხოვრობს. – „პოლიცია ითხოვდა, მოაშორეთ ეს პლაკატები, მოაშორეთო…

კოტე ჩაჩანიძე 2015 წლის საპროტესტო აქციაზე – „არა პანორამას“

მერე, ჩვენ დაგვაკავეს და ხულიგნობის მუხლით გაგვასამართლეს, მაგრამ არაფერი დაგვიზიანებია. ვინმეს შესაძლოა ჩვენი პროტესტის ფორმა არ მოეწონა, მაგრამ ეს ჩვენი პროტესტი იყო.

ხელისუფლების მიზანია, ჩაახშოს პროტესტი, ცდილობენ, მიაჩვიონ ხალხი, რომ გასაჩივრება და გაპროტესტება არ არის მისაღები, რომ პროტესტი თუ გამოთქვა, დაისჯები – საქართველოში 100 და 200 ლარი ჯარიმის გადახდაც შეიძლება პრობლემა იყოს. საბოლოო ჯამში, მეორედ და მესამედ დაფიქრდები, რამდენად შეიძლება გამოვხატო პროტესტი? რა დამიჯდება ეს? იქითკენ მიდის საქმე, რომ პოზიტიური ცვლილებების მიღწევა რთულდება,“ – გვიყვება აქტივისტი,

კოტე ჩაჩანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა 100 ლარით დააჯარიმა. ახლა იგივე მუხლი – წვრილმანი ხულიგნობა უკვე 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. კონსტანტინე ჩაჩანიძის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2018 წელს დარეგისტრირდა. 2019 წელს ამ საქმის არსებითი განხილვა დასრულდა.

რა ინტერესით მოქმედებენ მოსამართლეები, რას ეტყოდით მათ? – ვკითხეთ აქტივისტს.

„რთულია, რამე ვუთხრა მოსამართლეებს, სათქმელი არაფერი დარჩა. ვეტყოდი, რომ გადადექით, თუ არ შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ რეპრესიულ მექანიზმს და ადგილი დაუთმეთ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ დაიცვან კანონი და ქვეყნის მომავალზე ზრუნვა.

ეს მოსამართლეები მმართველი პოლიტიკური ელიტის ინტერესებზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესებზე. ნუ სპობენ ქვეყნის მომავალს, ამას ვეტყოდი,“ – ამბობს კოტე ჩაჩანიძე „ბათუმელებთან“.

კოტე ჩაჩანიძე „პანორამას“ აქციაზე

სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „მოსარჩელეს ეკავა უცენზურო სიტყვების შემცველი ქაღალდი“ აქციაზე „არა პანორამას“. აქცია თბილისის საკრებულოსთან იმ დღეს გაიმართა, როცა გაირკვა, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა.

მოსარჩელის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი გოცირიძე იცავს, საიას იურისტი. მისი აზრით, მოსამართლემ ბლანკეტურად არ უნდა იმოქმედოს და უხამსი სიტყვების გამოყენების დროს გაითვალისწინოს კონტექსტი:

„ამ სარჩელის მიზანს არ წარმოადგენს, მოხდეს სრული დაუსჯელობა უხამსი სიტყვების საჯაროდ წარმოთქმისათვის. უხამსი სიტყვების წარმოთქმის დასჯადობა არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის…

თუმცა გამოხატვის თავისუფლების უფლებისაგან არაფერი დარჩება, თუ კონკრეტული სიტყვების გამოყენებაზე დაწესდება აბსოლუტური და ბლანკეტური აკრძალვა. არსებობს შემთხვევები, როცა პროფანაციული სიტყვების გამოყენებისათვის არ შეიძლება ადამიანი ისჯებოდეს. მოსამართლე ხატია არდაზიშვილის მსჯელობის საპირისპიროდ შეიძლება ითქვას, პროფანაციულ სიტყვებს, მათ შორის მამაკაცის სქესის აღმნიშვნელ ტერმინს, შესაძლოა გააჩნდეს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღირებულება: მაგალითად, უდავოა, რომ სულხან-საბა ორბელიანის ,,სიტყვის კონას“ გააჩნია როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო ღირებულება. ამ ნაწარმოებში გვხვდება ის ტერმინი, რისთვისაც მოსარჩელე ცნეს სამართალდამრღვევად…“ – აღნიშნულია სარჩელში.

სარჩელში ხაზგასმულია ისიც, რომ სასქესო ორგანოს აღმნიშვნელი სიტყვა შეიძლება ფილმებსა და სერიალებშიც იყოს, ამ ნაწარმოებებზე შეზღუდვის დაწესება კი, ცენზურა იქნება.

„ანალოგიურად ამ ტერმინის გამოყენება შესაძლოა აღმოჩნდეს მაპროვოცირებელი ფაქტორი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე დებატებში ჩასართავად. სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციაში ჩაწერის მიზანს წარმოადგენს, დაიცვას ის საშუალებები და ფორმები, რაც ახალისებს მოქალაქეებს, ჩაერთონ პოლიტიკური მნიშვნელობის დებატებში. ქალაქ თბილისის ურბანული პოლიტიკა არის იმდენად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, რომ პროვოკაციული, მათ შორის, ერთი შეხედვით, პროფანაციული გამონათქვამები, ამართლებს ამ საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიების წარმოებას და ამ საკითხზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე პროფანაციული ტერმინის გამოხატვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ტერმინის გამოყენება არ ისახავს მიზნად რომელიმე ადამიანის შეურაცხყოფას,“ – აღნიშნულია სარჩელში.

აქციაზე „არა პანორამას“ დაკავებული აქტივისტების საქმეზე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2022 წელს მიიღო. ევროსასამართლომ კონვენციის დარღვევა დაადგინა.

„აღნიშნული სიტყვა, სასამართლოს ინტერპრეტაციით, „მოსარჩელეების მიერ გამოყენებული იყო, როგორც სტილისტური იარაღი მათი მხრიდან პროექტის აშენების შესახებ პროტესტის უკიდურესად მწვავედ გამოსახატავად… მათ არ გაითვალისწინეს, რომ მე-10 მუხლი მიემართება არა მხოლოდ ინფორმაციასა და იდეებს, რაც არ არის მიჩნეული უხამსობად, არამედ ისეთ [ინფორმაციასა და იდეებსაც], რაც აღიზიანებს, გააოცებს თუ შეაწუხებს სახელმწიფოსა თუ საზოგადოების რომელიმე სექტორს“, – წერია სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ევროსასამართლომ ასევე შენიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევა გამოიხატა არა მხოლოდ პოლიციის მიერ დემონსტრანტების 100-100 ლარით დაჯარიმებით, არამედ პროტესტის ადგილიდან ძალის გამოყენებით გაყვანით. ევროსასამართლომ სახელმწიფო დაავალდებულა, მოსარჩელეებს გადაუხადოს 1040 ევრო ზიანის ასანაზღაურებლად.

ამ შემთხვევაში, როცა ევროსასამართლომ დაადგინა დარღვევა, შესაძლოა, განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ? – ვკითხეთ იურისტს, გიორგი გოცირიძეს.

„ამ პირობებში, როცა სტრასბურგის სასამართლოს აქვს უკვე დადგენილი კონვენციის დარღვევა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, სხვა დასკვნამდე არ ვიცი, როგორ შეიძლება მივიდეს სასამართლო. ეს გარკვეულწილად სატესტო საქმეა. ადრე თუ გვიან სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა შედეგი არის საინტერესო. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ პანორამა თბილისის არქიტექტურული პროექტის შედარება მამაკაცის სასქესო ორგანოსთან არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული და ამ ქმედებისთვის ადამიანის დაკავება წარმოადგენს კონვენციით აღიარებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევას. იგივეა დავის საგანი საკონსტიტუციო სასამართლოში,“ – განმარტავს გიორგი გოცირიძე „ბათუმელებთან“.

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო დუმს, „პანორამა“ აშენდა და თბილისის ისტორიული ხედი ასე შეიცვალა

სარჩელში, რომლითაც კოტე ჩაჩანიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, ამ კუთხით რამდენიმე საინტერესო ანალოგიაა აღწერილი: სხვა ქვეყნებმა რა მიდგომა დაამკვიდრეს, როცა ადამიანი პროტესტის გამოხატვის დროს იყენებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს?

მაგალითად, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 1971 წლის გადაწყვეტილება საქმეზე „კოენი კალიფორნიის წინააღმდეგ“, წერია:

„…კოენი იმყოფებოდა ლოს ანჯელესის საგრაფოს სასამართლოს შენობის კორიდორში. კოენი ატარებდა ჟაკეტს, რომელსაც ახლდა წარწერა: მოვტ…ნ ჯარში გაწვევა [“Fuck the Draft”]. ეს წარწერა ყველასთვის დასანახი იყო.

ამ დროს სასამართლოს კორიდორში იმყოფებოდნენ ქალები და ბავშვები. ამის შემდეგ კოენი დააკავეს. კოენმა მისცა ჩვენება იმის თაობაზე, რომ გააზრებულად ჩაიცვა ჟაკეტი, რომელსაც ამგვარი წარწერა ჰქონდა გაკეთებული. კოენს სურდა საზოგადოებისათვის ემცნო მისი ღრმად უარყოფითი დამოკიდებულება ვიეტნამის ომში ჯარისკაცების გაწვევაზე.

კოენი მსჯავრდებული იქნა შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. ლოს ანჯელესის მუნიციპალურმა სასამართლომ მას შეუფარდა პატიმრობა 30 დღით. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული სიტყვის თავისუფლების დარღვევა.

სახელმწიფო ვალდებული იყო დაეცვა ის ადამიანები, ვისაც არ სურდათ კოენის უგემოვნო და ვულგარული გამონათქვამის მოსმენა [დატყვევებული აუდიტორია]. სასამართლოს თქმით: „დაუშვებელია გამოხატვა მხოლოდ იმის გამო იქცეს სამართალდარღვევად, რომ მოსაზრება შემთხვევით იმ ადამიანმა მოისმინოს ან წაიკითხოს, ვისაც ეს არ სურს. მართალია, პირადი ცხოვრების უფლება ადამიანს აძლევს უფლებას, საკუთარ სახლში არ მოისმინოს აზრები, რასაც არ ეთანხმება, მაგრამ ამით სრული აკრძალვა ვერ დაწესდება საზოგადოებრივ დიალოგთან დაკავშირებით. სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი სახლის მიღმა ხშირად ჩვენდა უნებურად ჩვენთვის უსიამოვნო საუბრის მძევლები ვხდებით. უსიამოვნო გამონათქვამის მოსმენისაგან სხვა ადამიანის დაცვის მიზნით, კონსტიტუციის დაცვით, გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად სახელმწიფომ უნდა დაადასტუროს, რომ ამ საუბრით პირადი ცხოვრების უფლება დაუშვებელი ფორმით შეილახებოდა. ამასთან ამ უფლებამოსილების ფართოდ გამოყენება შეიცავს იმის რისკს, რომ უმრავლესობამ დისიდენტები ძალით გააჩუმოს,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში.

საქმე, სადაც მოსამართლეებმა კანონი დაარღვიეს – „გამოგირთავთ მიკროფონებს“ 

კანონით გათვალისწინებულია კონკრეტული ვადა, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი უნდა განიხილოს. სარჩელის რეგისტრაციიდან სასამართლომ 9 თვეში უნდა განიხილოს საქმე. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეს ვადა შესაძლოა 2 თვით გახანგრძლივდეს.

კანონით არაა განსაზღვრული, საქმის განხილვის დასრულებიდან რა ვადაში უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება.

„რატომ არღვევთ კანონს?“ – შეკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მას შემდეგ დავუსვით, როცა სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ სხდომაზე ერთი საათით შესვენება გამოაცხადა.

2024 წლის 28 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ანა დოლიძის საქმის“ არსებითი განხილვა 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაიწყო. ეს საქმე სასამართლოში 2018 წელს შევიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა „ბათუმელების“ შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს. „ასეთი რამ, რომ პროცესზე შეკითხვა დასვათ და ჩვენ აქ დისკუსია გავმართოთ, კანონი ასეთ რამეს არ ითვალისწინებს,“ – მხოლოდ ეს გვითხრა მერაბ ტურავამ. ვიდრე ის სხდომათა დარბაზს დატოვებდა, ვუთხარით, რომ პრესცენტრთან მოსამართლეების ჩაწერის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მოსამართლემ არაფერი თქვა, როდის უპასუხებს შეკითხვებს.

„ანა დოლიძის საქმეც“ განსაკუთრებულია. ის მოსამართლეების უვადოდ გამწესებას ეხება. მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამწესებს. მოსამართლეების კონკურსს და გასაუბრების პროცესსაც კი, ანა დოლიძე მიკერძოებულობის მოტივით ააცილეს. მისი თვითაცილება მოსამართლეობის კანდიდატებმა მოითხოვეს. მოთხოვნა საბჭომ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ეს საქმე 5 წლის შემდეგ ჩამოიღო თაროდან, მას შემდეგ, რაც მოსამართლეები უვადოდ გაამწესეს და ანა დოლიძეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აღარ არის.

იმ დროს, როცა „ოცნების“ ხელისუფლება წინა ხელისუფლებას პოლიტიკურ რეპრესიებში მუდმივად ადანაშაულებს, ანა დოლიძემ 2018 წელს, როცა იგი ჯერ კიდევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო, საჯაროდ თქვა, რომ არ დაუჭერს მხარს მოსამართლეებს, რომლებიც „პოლიტიკური რეპრესიების იარაღი გახდნენ“.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონი პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას, შეამოწმოს მოსამართლეების კეთილსინდისიერება.

არსებითი განხილვის სხდომა „ანა დოლიძის საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლოში – 2024 წლის 28 თებერვალი

  • მნიშვნელოვანი დეტალი: 2018 წელს მოსამართლეობის კანდიდატების რიგში ყოფილა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილიც, ვისაც ანა დოლიძის აცილება მოუთხოვია. ხვიჩა კიკილაშვილი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, მისი შვილი – გოგა კიკილაშვილი კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა. მოსამართლის შვილს პარლამენტმა მალევე დაუჭირა მხარი, როგორც კი, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
  • ხვიჩა კიკილაშვილი ხელვაჩაურის სასამართლოს მოსამართლე იყო, როცა მის სამუშაო მაგიდაზე „გიორგი მიქაუტაძის საქმე“ გაჩნდა. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო და მას კონკრეტული ადამიანები არასრულწლოვანზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდნენ. მალევე ეს პირები, რომლებიც მოსამართლეს ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ბრალდებულების სკამზე აღმოჩნდნენ. ვიდრე მათ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განაჩენს გამოუტანდა, ბრალდებულებმა დიდ ბრიტანეთს შეაფარეს თავი და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს.
  • გიორგი მიქაუტაძე ახლა უზენაეს სასამართლოშია, ხვიჩა კიკილაშვილი კი, ამ საქმის განხილვის დასრულების შემდეგ დაწინაურდა – იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა, შემდეგ – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.
  • „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც „გიორგი მიქაუტაძის საქმეში“ ბრალდებულების ინტერესებს იცავდა, მიიჩნევდა, რომ მოსამართლე – ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგიალობა კანონზე მაღლა დააყენა.

საინტერესოა ისიც, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ გამწესებაში მონაწილეობდა იუსტიციის საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე.  მან აცილების საკითხი მას შემდეგ დააყენა, როცა საჯაროდ უთხრეს, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

უფრო შორს წასულა საკონსტიტუციო სასამართლო: 2018 წელს ანა დოლიძემ სარჩელის დაკმაყოფილებასთან ერთად, სადავო ნორმის შეჩერებაც მოითხოვა დავის გადაწყვეტამდე. კანონით დადგენილი ვადების დარღვევის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლო 2023 წლის დეკემბერში იკრიბება და საოქმო ჩანაწერს წერს:

აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება უკვე დასრულებულია. ამდენად, უკვე გავლილია ის ეტაპი, რომელიც მოსარჩელის მიმართ სადავო ნორმის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ვერ იქნება მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების ქმედითი მექანიზმი.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისათვის მოსარჩელე აღარ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რაც მის მიმართ განჭვრეტად მომავალში სადავო ნორმის მოქმედებას გამორიცხავს,“ – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ საოქმო ჩანაწერში.

ხვიჩა კიკილაშვილი პლენუმის დღევანდელ სხდომას არ დასწრებია – თავი აიცილა. სხდომაზე არც ანა დოლიძე იყო.

მამა-შვილი კიკილაშვილები: ხვიჩა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრია, გოგა კიკილაშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

„ხვიჩა კიკილაშვილს მონაწილეობა უნდა მიეღო განხილვაში?“ – გამოსვლა მალევე შეაწყვეტინა სასამართლო სხდომაზე გიორგი გოცირიძეს მოსამართლე ევა გოცირიძემ. გიორგი გოცირიძე სასამართლოში ანა დოლიძის ინტერესებს იცავს.

„მე არ მომითხოვია მისი [ხვიჩა კიკილაშვილის] აცილება და საინტერესო იქნებოდა,“ – უპასუხა მოსამართლეს გიორგი გოცირიძემ. მან ევა გოცირიძეს გაახსენა, იუსტიციის საბჭოს წევრი რომ იყო და ასევე, პარლამენტის ყოფილი წევრიცაა საკონსტიტუციოს მოსამართლე.

„ჩემი ფუნქცია არის ის, რომ დაგარწმუნოთ, მათ შორის, თქვენ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო აქტები შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური,“ – უთხრა მოსამართლე ევა გოცირიძეს საიას იურისტმა. მოსამართლე ევა გოცირიძემ დააზუსტა: „მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესს უნდა გამოეთიშოს იუსტიციის საბჭოს წევრი, თუ არსებობს ეჭვი მიუკერძოებლობაზე?“ – იკითხა მან.

„კეთილსინდისიერების ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს დამოუკიდებელი და სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებდეს პოლიტიკური გავლენის გარეშე… პოლიტიკურ გავლენაზე ბრალდების გამო მოხდა სწორედ ანა დოლიძის ჩამოცილება,“ – განაცხადა გიორგი გოცირიძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირდაპირი ფუნქციაა, მოსამართლეების კეთილსინდისიერება შეამოწმოს.

საიას იურისტის მტკიცებით, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს აქვს მოსაზრება მოსამართლეობის კონკრეტული კანდიდატების კეთილსინდისიერებაზე, მას უნდა მიეცეს გასაუბრებაზე კანდიდატის არგუმენტების მოსმენის შესაძლებლობა, კანდიდატისთვის კი, პირიქით, საბჭოს წევრის მიერ წინმსწრებად გაკეთებული განცხადება „დახმარებაა“ –  გასაუბრებაზე კონკრეტული მტკიცებულებებით, ანუ მომზადებული მივიდეს და თავისი კეთილსინდისიერება დაადასტუროს.

„როცა პერსონიფიცირებულია ეს განცხადება?“ – საუბარში მოსამართლე მანანა კობახიძე ჩაერთო.

მოსამართლეს გიორგი გოცირიძემ განუმარტა, რომ შესაძლოა, კრიტიკული განცხადება ეხებოდეს კონკრეტულ ადამიანსაც, მაგალითად, ყოფილ მოსამართლეს, რომელიც დისციპლინური გადაცდომის გამო გაათავისუფლეს მოსამართლეობიდან ან „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად იქცა“ და ახლა ისევ მოსამართლეობა სურს.

საიას იურისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ არასწორია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიუკერძოებლობის სტანდარტის შედარება სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლესთან. გიორგი გოცირიძის თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრი უნდა ინტერესდებოდეს, მათ შორის, მედიაში კონკრეტულ მოსამართლეებზე გავრცელებული ინფორმაციით.

„პრესაში გავრცელებულ ცნობებს არ სჭირდება გადამოწმება?“ – მიუბრუნდა საიას იურისტს მოსამართლე ევა გოცირიძე.

„გასაუბრება იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ გადამოწმებულ იქნას პრესაში გავრცელებული ინფორმაციაც,“ – უპასუხა მოსამართლეს გიორგი გოცირიძემ.

„როცა წინმსწრებად ხდება პერსონიფიცირებული განცხადება?,“ – იკითხა ისევ მოსამართლე მანანა კობახიძემ, – „ამ შემთხვევაში კანდიდატს არ ექნება საფუძველი, რომ უნდობლობის საფუძველი გაუჩნდეს? თქვენ რომ მოსამართლეობის კანდიდატი იყოთ, ამ დროს იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრი გამოვიდეს საჯაროდ და კონკურსამდე, გასაუბრებამდე თქვას, რომ ბატონი გიორგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში და ასრულებდა რომელიმე უცხო ქვეყნის დაკვეთებს, სერიოზული ბრალდებები წარგიდგინოთ, თქვენ არ გაგიჩნდებათ საფუძველი, ეჭვი შეიტანოთ მის მიუკერძოებლობაში?“ – დაასრულა მოსამართლემ.

„მივიდოდი გასაუბრებაზე და დავასაბუთებდი, რომ უცხო ქვეყნის ინტერესს კი არ ვატარებდი, არამედ ვემსახურებოდი ადამიანის უფლებებს, აცილებას არ მოვითხოვდი,“ – კატეგორიული აღმოჩნდა საიას იურისტი, გიორგი გოცირიძე.

„გამოგირთავთ მიკროფონებს, მოსარჩელე მერე გამოხატავს პრეტენზიას,“ – გაცხარდა სხდომის თავმჯდომარე, მერაბ ტურავა, რადგან გიორგი გოცირიძეს სიტყვის დასრულებამდე დაუსვეს შეკითხვები მოსამართლეებმა.

გიორგი გოცირიძის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი „კორპორატივიზმია“ სასამართლო სისტემაში, რაზეც ვენეციის კომისიაც საუბრობს. იურისტი ამბობს, რომ როცა სასამართლო სისტემაში კორპორატივიზმის პრობლემა არსებობს, პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულ არამოსამართლე წევრის პროცესში აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„არამოსამართლე წევრისგან განსხვავებით, მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის კოლეგა, მრავალი წელი ერთად ჰქონდეთ ნამუშევარი, ერთ პალატაში და ასე შემდეგ, ჰქონდეთ პირადი ურთიერთობა. როდესაც კეთილსინდისიერება ფასდება, შესაძლოა, მოსამართლე წევრისთვის უხერხულობასთან იყოს დაკავშირებული მისი მეგობრისთვის შეკითხვის დასმა კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით,“ – უთხრა მოსამართლეებს გიორგი გოცირიძემ.

შედარებით ნაკლები დრო დასჭირდა პარლამენტის ინტერესების დამცველს, ლევან ღავთაძეს. მისი თქმით, ანა დოლიძის განცხადება ზოგადი არ იყო და შეეხებოდა კონკრეტულ მოსამართლეებს, რომლებსაც იმ პერიოდში ამწესებდნენ. სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ ანა დოლიძის განცხადებაში მოსამართლეები იდენტიფიცირებადი იყვნენ.

ლევან ღავთაძემ ყურადღება გამახვილა სარჩელის იმ მონაკვეთზე, სადაც მოსარჩელე წერს, რომ მოსამართლეობის კონკრეტული კანდიდატების მიმართ მიკერძოებულობა რომც დადასტურდეს, ეს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მისაღებია.

„ზოგადი განცხადება რა შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად?“ – დაინტერესდა მოსამართლე მერაბ ტურავა.

„მაგალითად, ის, რომ მოსამართლე არ შეიძლება იყოს მიკერძოებული,“ – უპასუხა სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტის იურისტმა.

  • რელიგიური ორგანიზაციების სარჩელიც თაროზე შემოდეს – დავა საპატრიარქოსთან უფლებების გათანასწორებას ეხება 

საკონსტიტუციო სასამართლოში არაერთი საქმეა, სადაც საქმის განხილვის ვადა დაირღვა და ადამიანები წლობით შედეგს ელიან, ან საქმის განხილვა დასრულდა და 5 წლის შემდეგაც გადაწყვეტილება არ არსებობს.

შესამჩნევია, რომ განსაკუთრებით იმ საქმეების განხილვა ჭიანურდება, სადაც მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენიანი ჯგუფების გავლენები დაასუსტოს და დემოკრატია – გააძლიეროს, მაგალითად, ფარულ მოსმენებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება აღარ დაუტოვებს სუს-ს შესაძლებლობას, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე გვითვალთვალოს, როცა მას ეს მოუნდება.

რელიგიური ორგანიზაციების სარჩელის დაკმაყოფილებაც გავლენიან ჯგუფს ეხება, ამ შემთხვევაში, საპატრიარქოს, რომლის პრივილეგიებიც ასევე შეიძლება შესუსტდეს.

რელიგიური ორგანიზაციების 4 სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2019, 2020 და 2021 წლებში შევიდა. ერთ-ერთ სარჩელზე, რომლის დასაშვებობაზეც სასამართლოს 2020 წელს უმსჯელია, გადაწყვეტილება არსებითად განსახილველად დაშვებაზე დღემდე არ არსებობს. ამ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები, რომლებიც ზღუდავს რელიგიური ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის ან გაცვლის უფლებას. გამონაკლისი დაწესებულია მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

სარჩელები ასევე ეხება არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებულ საგადასახადო უთანასწორობას. კერძოდ, სადავო ნორმა არაეკონომიკური მიზნით გამოყენებული მიწის [ქონების] გადასახადისაგან ათავისუფლებს მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას და ამ შეღავათს მიღმა ტოვებს ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებას.

სარჩელი ეხება კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასაც, რომლებიც საღვთისმსახურო პროდუქციის შემოტანის დროს იმპორტის გადასახადისგან მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ათავისუფლებს, ხოლო სხვა რელიგიურ გაერთიანებებს უზღუდავს ამ შესაძლებლობით სარგებლობას.

ერთ-ერთი სარჩელი კი შეეხება სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში არსებულ ჩანაწერს, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რელიგიური დანიშნულების ნაგებობებისა და მათი ნანგრევების პრივატიზების უფლებას უზღუდავს. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება ამ კატეგორიის ქონების პრივატიზებას უკრძალავს ყველა სუბიექტს, მათ შორის რელიგიურ გაერთიანებებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქო კვლავ ინარჩუნებს ამ უფლებას, რაც გამომდინარეობს საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებიდან.

ეს საკითხი ორმხრივად პრობლემურია, ვინაიდან ის არა მხოლოდ წარმოშობს დისკრიმინაციას, არამედ ყველა არადომინანტურ რელიგიურ გაერთიანებას ართმევს საბჭოთა ხელისუფლების მართვის პერიოდში ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნების შესაძლებლობას. 2021 წლის 28 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითად განსახილველად მიიღო, სარჩელის არსებითი განხილვის სხდომის თარიღი ამ დრომდე უცნობია,“ – აღნიშნულია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ანგარიშში. ეს ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებს იცავს.

უფლებადამცველები, რომლებიც საკონსტიტუციოში სარჩელებზე მუშაობენ, შენიშნავენ, რომ პერიოდულად საკონსტიტუციო სასამართლო დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, მაგალითად, 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა რელიგიური გაერთიანებების სარჩელი და დაადგინა დისკრიმინაცია, ასევე არაკონსტიტუციურად ცნო „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6³ მუხლის 1-ლი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

„სასამართლომ აღნიშნა, რომ “[მართლმადიდებელი] ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. […] დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი. […] ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას”, – ვკითხულობთ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ანგარიშში.

 „საქმეების ასე გაჭიანურება ხომ არ აჩვენებს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფრთხილდება წარსულში მიღებულ თამამ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის აქტიურად დაცვის ნაცვლად, განზე გადგომას და დუმილს ამჯობინებს?“ – ეს გიორგი გოცირიძეს ვკითხეთ, საიას იურისტს, რომელიც ხშირად წარმოადგენს სხვადასხვა მოსარჩელეს საკონსტიტუციოში.

„ვფიქრობ, ეს ტესტია, ასეთ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია. ძნელია თქვა, რატომ ხდება ეს, მაგრამ როცა ამდენი წელი გადაწყვეტილებას არ აცხადებ, გამოდის, რომ ის არ არის უფლებების დაცვის ეფექტური საშუალება, მაგალითად, მოსმენების საქმეზე, ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე.

მეორე მხრივ, არსებობს, მაგალითად, „ბირჟა მაფიის საქმე“, როცა საკონსტიტუციომ თქვა, რომ პოლიციელის ჩვენება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ნარკოტიკის შენახვისთვის ადამიანი ციხეში გაუშვა – აუცილებელია არსებობდეს ნეიტრალური მტკიცებულებები. ეს ტესტი საკონსტიტუციომ ძალიან წარმატებით გაიარა, თუმცა მას ბევრი ტესტი აქვს კიდევ გასავლელი, რაც საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობას ეხება, იუსტიციას და მოსმენებს, რაც ქვეყანაში ამდენი წლის პრობლემაა. ახლაც შეიძლება გვისმენდნენ, როცა მე და თქვენ ტელეფონით ვსაუბრობდეთ,“ – ამბობს გიორგი გოცირიძე.

გიორგი გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე

გიორგი გოცირიძის დაკვირვებით, საკონსტიტუციო სასამართლო რეალურად დატვირთულია და სარჩელებმა დაახლოებით 2010 წლიდან იმატა, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ თამამი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო. უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეულ საქმეზე არგუმენტირებული დასაბუთება, ხოლო სიჩქარის მოტივით სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება შესაბამისი დასაბუთების გარეშე იმაზე უფრო დამაზიანებელი იქნება, ვიდრე, მაგალითად, პირველი ინსტანციის სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილება.

„თუმცა სასამართლო უნდა ანიჭებდეს პრიორიტეტებს კონკრეტულ საქმეებს,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე, – „როცა სარჩელი ეხება მწვავე პრობლემას და მას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი.

საქმეების ასე გაჭიანურება რომ პრობლემაა, ეს დადასტურდა: ვიდრე ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველით, გამოჩნდა სუს-ის ფაილები. დავინახეთ, რომ სასულიერო პირებიდან დაწყებული, რიგითი ადამიანების ჩათვლით, ყველას გვისმენენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის გაჭიანურება აფერხებს დემოკრატიის განვითარებას. ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოეთხოვება, განსაკუთრებული ინტერესის საქმეებს პრიორიტეტი მიანიჭოს და დროულად განიხილოს. ყველა საქმეზე ის ვერ დაიცავს ვადებს,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე.

„5 წელი მართლაც დიდი დროა“ – სახალხო დამცველის მოადგილე 

სახალხო დამცველის მოადგილეს უჭირს სახელი დაარქვას იმას, რასთან გვაქვს საქმე, როცა საკონსტიტუციო სასამართლო წლობით გადაწყვეტილებებს არ იღებს. არის თუ არა ეს კანონის უპატივცემულობა, როცა, მაგალითად, ადამიანებს სისტემატურად და უკანონოდ უთვალთვალებენ, სასამართლო კი 5 წელი გადაწყვეტილებას არ იღებს?

„არ ვიცი, რა ახსნა აქვთ მათ. ფაქტია, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებს არ იცავენ. ჩვენი შეფასება არის ის, რომ მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს დროულად… ვერ გეტყვით, რა ობიექტური მიზეზი შეიძლება არსებობდეს – 5 წელი მართლაც დიდი დროა, რომ მიიღო გადაწყვეტილება,“ – ამბობს ელენე ღუდუშაური, სახალხო დამცველის მოადგილე.

სახალხო დამცველის სარჩელებზეც დარღვეულია ვადები. რა გამოსავალს ხედავს სახალხო დამცველი? – ელენე ღუდუშაური გვარწმუნებს, რომ გაჭიანურებულია იმ საქმეების განხილვაც, ან გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის არ არის და არც განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა.

ელენე ღუდუშაური

„გვაქვს 2017, 2018 წლებში შეტანილი სარჩელები, რაზეც გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ბოლო სამი წელი სარჩელების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს გაჭიანურების საფუძველი. მაგალითად, სამხრე კამერების გამოყენებაზე სარჩელი 2022 წელს შევიტანეთ, არსებითად მიღების საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ დღემდე არ არის ეს საკითხი განხილული.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არსებითად განსახილველად მიიღო 2023 წლის თებერვალში და არ განუხილავს სარჩელი ოპერატიული ღონისძიებების შესახებ. გამოვყოფდი ასევე სარჩელს შშმ პირთა პარკირების პრობლემაზე. ამ საქმეზე სასამართლო გასულია სათათბირო ოთახში და ორი წელია გადაწყვეტილება არ მიუღია.

უნდა ითქვას ისიც, რომ წელს შედარებით დადებითი ტენდენცია გვაქვს – ახალ სარჩელებზე საქმისწარმოება დაჩქარდა. ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ ბუნდოვანია ვადები და არ არის რეგულირებული, სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ რა დროში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლომ, პირველ რიგში, ეს უნდა შეიცვალოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ელენე ღუდუშაურმა, სახალხო დამცველის მოადგილემ.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: