მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ყინულის ღეჭვა – რა იწვევს და რას აზიანებს

26.02.2024 • 12109
ყინულის ღეჭვა – რა იწვევს და რას აზიანებს

ყინულის ღეჭვა, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ზოგიერთ ადამიანისთვის ძალიან კომფორტული და ბუნებრივი ჩვევაა. მას სახელიც კი აქვს მედიცინაში – პაგოფაგია. უცნობია ზუსტი მიზეზი, თუ რა წარმოშობს ამ სურვილს, თუმცა კვლევების მიხედვით, ყინულის ღეჭვის სურვილს რკინის დეფიციტით არის გამოწვეული; გარდა ამისა მიიჩნევა, რომ ეს სურვილი სტრესსა და შფოთვასაც  უკავშირდება.

კლინიკა „როგოს“ თერაპევტ-სტომატოლოგი მაია მგელაძე განმარტავს, თუ რატომ არის ყინულის ღეჭვა კბილებისთვის საზიანო.

  • რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ყინულის ტექსტურის ღეჭვა კბილებისთვის?

საზიანოა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ყინული მყარი ნივთიერებაა და უხეშია დასაღეჭად. განსაკუთრებით, თუ ეს ხდება ყოველ დღე, მას შეუძლია დააზიანოს კბილის სტრუქტურა, მინანქარი, გამოიწვიოს ბზარები. ეს დროთა განმავლობაში პაციენტს მისცემს ჰიპერმგრძნობელობას, რომელიც დისკომფორტს წარმოშობს ცხელი და ცივი საკვების მიღებისას. 

ასევე თუ პაციენტს აქვს ბჟენები ან გადაკრული კბილები, მსგავსმა მავნე ჩვევამ შეიძლება გამოიწვიოს ამ კონსტრუქციების – ბჟენების დაზიანება.

თუ მყარი ყინულის კბეჩა-ღეჭვა არის ყოველდღიური ქცევა, რა თქმა უნდა, საზიანოა სასისა და ქვედა ყბისთვის, შეიძლება ამან გამოიწვიოს გაღიზიანება და დაჭიმულობა.

  • ამ შემთხვევაში ღეჭვის ობიექტის დაბალი ტემპერატურა დამატებითი სტრეს-ფაქტორია კბილებისთვის, თუ მხოლოდ ყინულის სიმკვრივე არის ძირითადი პრობლემა?

ცივი ობიექტი რომ არის, ეს შემდგომში გამოიწვევს პრობლემებს. თუ დასაწყისში კბილის სტრუქტურა არის სრულიად ჯანსაღი და პაციენტი ყოველდღიურად ღეჭავს მყარ ყინულს, დააზიანებს კბილის სტრუქტურას, შემდგომში კი უკვე ეს ცივი საგანი მისცემს მგრძნობელობას. 

საქმე ის არის, რომ თუ დაზიანდა გარეგანი სტრუქტურა, რაც იცავს კბილს, შემდეგ იწყება მგრძნობელობის მატება. მგრძნობიარეა კბილის შიდა ფენები, ამიტომაც თუ გაშიშვლდება (გარემოსთან მიმართებაში) ეს შიდა ქსოვილი, მაშინ იმატებს მგრძნობელობა.

კბილზე მგრძნობელობის მომატებას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი არის გარეგანი მინანქრის ქსოვილის დაზიანება, რომელიც იცავს მას.

კვლევაში ანემიური პაციენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ყინულის ღეჭვისას თავს უფრო ფხიზლად გრძნობენ. ზოგი მას ყავას ადარებს და ამბობს, რომ ყოველი დღე უნდა დაიწყოს რამდენიმე ფინჯანი ყინულით და დაუბრუნდეს ყინულის ღეჭვას მთელი დღის განმავლობაში სიფხიზლის შესანარჩუნებლად.

დაღლილობა რკინადეფიციტური ანემიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი, რკინის ნაკლებობის გამო, საკმარისი რაოდენობით ვერ აწარმოებს ჟანგბადის გადამტან ცილას – ჰემოგლობინს. 


Cleveland Clinic-ის რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შევწყვიტოთ ყინულის ღეჭვა: ზოგიერთი ადამიანისთვის, ვინც ყინულს ღეჭავს, სიცივის შეგრძნება დამამშვიდებელია. ასე რომ, ყინულის დაღეჭვის ნაცვლად, უბრალოდ დაადნეთ პირში ან წვრილად დაქუცმაცებული ყინული აურიეთ სითხეში; შესაძლოა პირველადი ჯანდაცვის ექიმმა გირჩიოთ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: