განათლება,მთავარი,სიახლეები

რა წერია დოკუმენტში, რომელსაც სამინისტრო განათლების ეროვნულ მიზნებს უწოდებს

26.02.2024 • 10833
რა წერია დოკუმენტში, რომელსაც სამინისტრო განათლების ეროვნულ მიზნებს უწოდებს

დღეს, 26 თებერვალს, განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ იწყებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის პროექტის განხილვას. თუმცა, როგორც განათლების სისტემაში მყოფი ადამიანების ნაწილი გვეუბნება, დოკუმენტი სრული სახით ჯერ არ უნახავთ.

განათლების სამინისტროს, ფეისბუქის გვერდზეც წერენ დაინტერესებული ადამიანები, თუ სად არის განთავსებული სრული დოკუმენტი. თუმცა სამინისტრო მათ კომენტარებს არ პასუხობს. არც ის მიუთითებია სამინისტროს, დაინტერესებულ პირებს სად შეუძლიათ ნახონ ახალი ეროვნული მიზნების დოკუმენტი.

იმ ზოგად ჩამონათვალში კი, რომელიც სამინისტრომ გამოაქვეყნა, მხოლოდ რამდენიმე პუნქტია ჩამოწერილი.

დოკუმენტი ეფუძნება მოსწავლეებში შემდეგი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას:

  • ეროვნული იდენტობის შენარჩუნება;
  • ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება;
  • სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა;
  • სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი;
  • ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა;
  • მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა;
  • თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული  გადაწყვეტილებების მიღება.

მოგვიანებით სამინისტროს ვებგვერდზე შედარებით დიდი მოცულობის ტექსტიც დაიდო. 

სამინისტროს განცხადებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ის დოკუმენტია, რომელიც შეთანხმებული და გაზიარებული უნდა იყოს ფართო საზოგადოებასთან, რათა სასკოლო საზოგადოება სრულად შეთანხმდეს ამ პრინციპებზე.

„სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო დაიწყებს დოკუმენტის საჯარო განხილვას და შესაბამისი უკუკავშირების შემდეგ წარმოადგენს საბოლოო ვერსიას, რომელიც პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად.

სწორედ, ფართო საზოგადოების თანამონაწილეობით მიღებულ დოკუმენტს დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა და ყველა საგნის სტანდარტი, თუ სახელმძღვანელო, რათა ამ ჯაჭვმა საბოლოო, ზემოთ ჩამოთვლილ დიდ მიზნამდე მიგვიყვანოს“, – წერს სამინისტრო.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მოქმედი დოკუმენტი 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: