მთავარი,სიახლეები

120 ათასი დაიხარჯა ტუალეტზე, სადაც დაზიანებულია ინვენტარი – აუდიტი ბაღებისა და სკოლების „რემონტზე“

26.02.2024 • 3253
120 ათასი დაიხარჯა ტუალეტზე, სადაც დაზიანებულია ინვენტარი – აუდიტი ბაღებისა და სკოლების „რემონტზე“

ნინოწმინდის მერიამ 1 მილიონ 221 ათას ლარზე მეტი დახარჯა ბიუჯეტიდან სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაციაზე. თუმცა, აუდიტის დასკვნით პროექტების უმრავლესობა დაუსრულებელი ან ცუდადა შესრულებული. მეტიც, „ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას“. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 2021-2022 წლებს შეეხება.

მაგალითად, 2021-2022 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 297 ათასი ლარი გადაიხადა სოფელ პატარა ხანჩალში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, თუმცა, როგორც აუდიტი წერს, ობიექტი დაზიანებულია.

ხარვეზები გამოვლინდა სხვა ობიექტებზეც, რომელთა რეაბილიტაციაზე, ჯამში, 924 ათასი ლარი დაიხარჯა. კერძოდ, დაზიანებულია საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.

„ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომლის გამოვლენა საექსპერტო დაწესებულებას და მიმღებ კომისიას ევალებოდა“, – წერს აუდიტი.

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ ობიექტების დაზიანების მიუხედავად, მუნიციპალიტეტს კონტრაქტორთა თუ მერიის შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

მაგალითად, სოფელ როდიონოვკის საბავშვო ბაღის მშენებლობა 2021 წლის აგვისტოში დაიწყო და იმავე წლის ნოემბერში უნდა ჩაბარებულიყო. გამოყოფილი იყო 244 ათასი ლარი. პირველი ეტაპი განახორციელა შპს „ვემ“-მა. თუმცა სამუშაოები დასაწყისშივე მიმდინარეობდა გეგმა-გრაფიკის დარღვევით.

ამის შესახებ მუნიციპალიტეტს სისტემატურად ატყობინებდა სამუშაოების ზედამხედველი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტმა სამუშაოების დაწყების პირველივე თვიდან იცოდა, მიმწოდებელს ჩამორჩენა რომ ჰქონდა.

„მიუხედავად ამისა, მერიამ სათანადოდ არ გააკონტროლა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, არ დააჯარიმა მიმწოდებელი გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის და უამინდობის საფუძვლით, სათანადო დასაბუთების გარეშე გადასწია სამუშაოების შესრულების ვადა. დაგვიანდა მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყებაც და საბოლოოდ, სამუშაოები დასრულდა 2022 წლის 16 დეკემბერს“, – წერს აუდიტი.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, ვინაიდან „პასუხისმგებელი პირის განმარტებით, შენობას ესაჭიროება ინვენტარი და დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.“

აუდიტი წერს, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რატომ ვერ მოხერხდა ბაღის ინვენტარით აღჭურვა, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან გასული იყო 10 თვეზე მეტი.

„აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ შენობის ნაწილი დაზიანებულია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, დაზიანება გამოწვეულია ვენტილაციის არარსებობით და აგრეთვე იმ მიზეზით, რომ საბავშვო ბაღი დიდი ხნის განმავლობაში ექსპლოატაციაში არ იყო შესული. შენობა ზიანდება უფუნქციობის გამო“, – ამბობს აუდიტი.

საბავშვო ბაღების გარდა, უხარისხოდ არის ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ხანჩალისა და სოფელ კატნატუს საჯარო სკოლებშიც [სველი წერტილების მოწყობაზე 120 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა კატნატუს სკოლაში დაზიანებულია სველი წერტილების ინვენტარი, კედელზე დაზიანებულია საღებავის საფარი. ხანჩალის სკოლის საპირფარეშოში კი წყალი ჩამოდის სახურავიდან და არ მუშაობს წყლის ტუმბო“.

ამავე დასკვნის მიხედვით, ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ჟდანოვის საბავშვო ბაღშიც, რომლის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 69 ათასი ლარი დაიხარჯა. კედელი და იატაკი დაზიანებულია ასევე სოფელ როდიონოვკაში არსებულ საბავშვო ბაღის შენობაში, სადაც 244 ათასი ლარი დაიხარჯა.

„პასუხისმგებელი პირის განმარტებით, დაზიანებები გამოწვეულია ვენტილაციის არარსებობით და აგრეთვე იმით, რომ საბავშვო ბაღი დიდი ხნის განმავლობაში ექსპლოატაციაში არ იყო შესული“ – წერს აუდიტი.

უხარისხოდ შესრულდა სამუშაოები სოფლების – განძისა და ჯიგრაშენის საბავშვო ბაღებშიც, სადაც 32 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა რეაბილიტაციის შედეგად დამონტაჟებული სველი წერტილებიდან წყალი გამოდის, რის შედეგადაც დაზიანდა 2 ოთახის კედელი.

„ბაღში მოწყობილია გათბობის სისტემა, სველ წერტილებში მხოლოდ ცივი წყალი მოდის. სოფელ ჯიგრაშენში კედლებზე შეიმჩნევა სისველის და ნესტის კვალი, ასევე არის ბზარები“, – წერს აუდიტი.

სოფელ სამების საჯარო სკოლაში სველი წერტილის მოწყობაზე 71 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა საპირფარეშო ოთახში წყალი ჩადის.

გარდა სკოლებისა და საბავშვო ბაღებისა, ნინოწმინდაში უხარისხოდაა გაკეთებული კულტურის ცენტრებიც – არის ბზარები, ჩადის წყალი და სხვა.

მაგალითად, სოფელ ეშტიის და კატნატუს კულტურის სახლების რეაბილიტაციაზე 67 ათასი ლარი დაიხარჯა. ეშტიის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის დამატებით კიდევ იყო 52 ათასი ლარი გამოყოფილი, თუმცა აუდიტის დასკვნის მიხედვით, კედლები მაინც დაზიანებულია და აღინიშნება ნესტის კვალი.

უხარისხოდ არის გაკეთებული სოფელ ჯიგრაშენის თავშეყრის ადგილიც, რომელზეც 15 ათასი ლარი დახარჯულა. ამავე სოფელში, სპანდარიანის ქუჩაზე, უხარისხოდ მოუწყვიათ სტადიონიც, რომელზეც 98 ათასი ლარი დაიხარჯა.

სოფელ სათხის სპორტდარბაზის რეაბილიტაციაზე დახარჯეს 19 ათასი ლარი, ნინოწმინდის რიტუალების სახლის რეაბილიტაციაზე 27 ათას ლარზე მეტი, თუმცა დაზიანებულია კედლები. რიტუალების სახლის „ერთ ოთახში არ ირთვება შუქი, იატაკის ქვეშ მოთავსებული ტუმბო არ არის დაფარული, ერთ ოთახში არ არის შუქის ჩამრთველი“.

რიტუალების სახლი ასევე უხარისხოდ გააკეთეს სოფელ ჟდანოვში, სადაც 53 ათასი ლარი დაიხარჯა.

სოფელ საღამოში კი სპორტული მინისტადიონი დასახლებული პუნქტიდან ისე შორს მოაწყვეს, რომ სტადიონი არ გამოიყენება და სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლადაც უვარგისია: „დათვალიერების მომენტისთვის სტადიონზე განთავსებული იყო მოთიბული ბალახის შეკვრები“.

აი, ამ ყველაფრის ფონზე, ნინოწმინდის მერიამ გადაწყვიტა, რომ მისი საქმიანობის რეკლამირებისთვის თანხები ბიუჯეტიდან უნდა დაეხარჯა და ადგილობრივ ტელევიზია „ფარვანასთან“ 115 ათას ლარზე გააფორმა ხელშეკრულება.

_____________________

მთავარი ფოტო: სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლა/ფოტო: ბორის კარსიანის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: