ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო კუნძულისა და ტერმინალის მშენებელ კომპანიებს სთხოვს, ზღვის ხედზე შეთანხმდნენ

26.02.2024 • 12225
სახელმწიფო კუნძულისა და ტერმინალის მშენებელ კომპანიებს სთხოვს, ზღვის ხედზე შეთანხმდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტო კერძო კომპანია „ტერმინალ 1“-ს სთხოვს მის მიერ დაგეგმილი საქმიანობა სხვა კერძო კომპანიასთან – „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეათანხმოს.

„ტერმინალ 1“ ბათუმში მდებარე ნავთობპროდუქტების საცავის წარმადობის გაზრდას და ზღვაში ახალი საზღვაო სატვირთო ნავმისადგომის მშენებლობას გეგმავს, „ამბასადორი“ კი – ხელოვნური ნახევარკუნძულების და კუნძულის მშენებლობას.

„ვინაიდან ზემოაღნიშნული კუნძული დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის განვითარებისთვისაც, ხოლო უნაპირო საზღვაო სატვირთო მისადგომის მოწყობა დაგეგმილია საპროექტო კუნძულის ზღვის ხედის მიმართულებით, გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ კომუნიკაციის/შეთანხმების ამსახველი ინფორმაცია“, – წერს სააგენტო „ტერმინალ 1“-ს.

სააგენტოს წერილის მიხედვით, გამოდის, რომ „ამბასადორმა“ შესაძლოა ჩათვალოს, რომ დაგეგმილი უნაპირო ნავმისადგომი გააუარესებს კუნძულიდან „ზღვის ხედს“ და არ დათანხმდეს მის მშენებლობას. შესაბამისად, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააგენტო თუ „ტერმინალი 1“ და „ამბასადორი“ ვერ შეთანხმდებიან.

„ტერმინალ 1“-ს დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ს ანგარიში მომზადებული და გადაგზავნილი აქვს გარემოს ეროვნულ სააგენტოში. სააგენტომ კი, გზშ-ს დოკუმენტის განხილვა შეწყვიტა და კომპანიას შენიშვნები გაუგზავნა. სააგენტო ამ შენიშვნებზე პასუხების მიღების შემდეგ განაახლებს საკითხის განხილვას.

კომპანიების შეთანხმების გარდა, ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ „საპროექტო მეტალის ფსკერული მილსადენიდან „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილ მულტიფუნქციურ ხელოვნურ კუნძულამდე მანძილი დაახლოებით 60 მეტრია, დაგეგმილი კუნძულის მიწაყრილი ზღვის ფსკერზე შესაძლებელია გაცილებით მიუახლოვდეს ან გადაკვეთოს საპროექტო მილსადენი, რაც საყურადღებოა, როგორც მილსადენის მოწყობის, ასევე ექსპლუატაციის ეტაპზე. შესაბამისად, გზშ-ის ანგარიშში აღნიშნული საკითხი საჭიროებს დეტალურ განხილვას და კუმულაციური ზემოქმედების ნაწილში შეფასებას“.

ფოტო მშენებარე ნახევარკუნძულიდან / ოქტომბერი, 2023 წელი

სააგენტო შენიშვნების წერილში ასევე აღნიშნავს, რომ „გზშ-ის ანგარიშს თან ახლავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული პოზიცია/მოსაზრებები, მაგრამ ვინაიდან სკოპინგის ანგარიშისაგან განსხვავებით, შეიცვალა საზღვაო სატვირთო მისადგომის მდებარეობა, შესაბამისად, გზშ-ის ანგარიშში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ცვლილების გათვალისწინებით“.

„ტერმინალი 1“-მა სკოპინგის განცხადებით გარემოს სააგენტოს 2023 წელს მიმართა [სწორედ სკოპინგის პროცედურის შედეგად გადაწყვიტა სააგენტომ, რომ კომპანიას გზშ მოემზადებინა].

სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე:

„ტერმინალ 1“-ის ნავთობპროდუქტების საცავი ბაქოს ქუჩაზე, თევზის ბაზრის უკან მდებარეობს. კომპანია სწორედ ამ საცავის წარმადობის გაზრდას და საზღვაო სატვირთო მისადგომის მშენებლობა-ექსპლუატაციას გეგმავს.

„ტერმინალს“ ასევე გააჩნია „დაახლოებით 150 მეტრი სიგრძის პირსი, რომლის საშუალებით მცირე ზომის საზღვაო ხომალდები მილსადენებით უკავშირდება სარეზერვუარო პარკს“.

გზშ-ს ანგარიშის მიხედვით: „სარეზერვუარო პარკის რეკონსტრუქციის შემდგომ ნავთობპროდუქტების საცავის ჯამური მოცულობა 20 000 კუბურ მეტრს, ხოლო წლიური ტვირთბრუნვა დაახლოებით 625 000 კუბურ მეტრამდე [დაახლოებით 500 000 ტონამდე] გაიზრდება.

გარდა სარეზერვუარო პარკისა, რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებულია უნაპირო ნავმისადგომის [დამატებითი მილსადენის] მოწყობა, რათა შესაძლებელი იყოს უფრო დიდი წყალწყვის მქონე ხომალდების მიღება, სატუმბი სადგურის და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების გადაიარაღება, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების განახლება და ა.შ.“

„ტერმინალი 1“ გზშ-ის დოკუმენტში აღნიშნავს ასევე, რომ რეკონსტრუქციის შემდგომ, ოპერირების ფაზაზე ადგილი ექნება სხვადასხვა სახის ზემოქმედების მნიშვნელობის საგრძნობ შემცირებას [არსებულ მდგომარეობასთან შედარებით].

„აღნიშნული უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მცურავი საშუალებების მიღება ძირითადად მოხდება ახალ ნავმისადგომზე, სანაპირო ზოლიდან მოშორებით. მოსალოდნელი დადებითი ეფექტიდან უნდა აღინიშნოს შემდეგი:

გარკვეულწილად შემცირდება ვიზუალურ-ლანდშაფტური ეფექტი სანაპირო ზოლიდან და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის მშენებლობის არეალიდან, ვინაიდან მცურავი საშუალებების მიღება ძირითადად მოხდება არსებული სარეიდო უბნის სიახლოვეს, სადაც დღეის მდგომარეობითაც საკმაოდ ინტენსიურია ხომალდების გადაადგილება“ – აღნიშნულია გზშ-ს დოკუმენტში.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ახალი საზღვაო სატვირთო მისადგომზე შენიშვნა კუნძულის ჭრილში ადრე, სკოპინგის ეტაპზეც ჰქონდა:

„კუნძული დაახლოებით 2 კმ სიგრძით იქნება შეჭრილი სანაპირო ზოლიდან ზღვაში, რომელიც მოიცავს ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტის ტიპის ხელოვნური ნახევარკუნძულის და კუნძულის შექმნას და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას. აღნიშნული ტივტივა კი, სკოპინგის ანგარიშზე დაყრდნობით ხელოვნურ კუნძულთან ახლო მანძილში იმყოფება – 400 მეტრი“ [საუბარია დაგეგმილი საზღვაო ნავმისადგომის ტივტივაზე].

ამ შენიშვნას „ტერმინალი 1“-მა გზშ-ს ანგარიშში ასე უპასუხა:

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გზშ-ს ანგარიშში დაზუსტებული მონაცემების მიხედვით საპროექტო უნაპირო ნავმისადგომის ტივტივა კიდევ უფრო დაშორდა სანაპირო ზონას [ვიდრე ეს სკოპინგის ანგარიშში იყო მითითებული] და მიუახლოვდა არსებულ გარე სარეიდო არეალს.

შესაბამისად, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ს საინვესტიციო პროექტის საკადასტრო ტერიტორიასა და საპროექტო ტივტივას შორის მანძილი კიდევ უფრო გაიზარდა და 0,56-0,58 კმ [560-580 მეტრი] და მეტი“.

დაახლოებითი მანძილი დაგეგმილ კუნძულსა და უნაპირო ნავმისადგომს შორის. ფოტოზე აღნიშნულია პირსიც, რომელიც „ტერმინალ 1“-ის ნავთობსაცავს უკავშირდება / სიტუაციური ფოტო აღებულია გზშ-ს ანგარიშიდან

„აღსანიშნავია, რომ უნაპირო ნავმისადგომის პროექტის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია საინვესტიციოდ შერჩეულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ზემოქმედების მნიშვნელობის შემცირება, რაც გამოიხატება იმაში, რომ არსებულ პირსზე, რომელიც გაცილებით ახლოს მდებარეობს [„ამბასადორის“] საინვესტიციო ტერიტორიასთან, ტანკერების შემოსვლის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ასევე შემცირდება აღნიშნულ არეალში ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ჩატარების ინტენსივობა“, – წერია გზშ-ს ანგარიშში.

მიუხედავად აღნიშნულისა, სააგენტო „ტერმინალ 1“-ს მაინც სთხოვს „ამბასადორთან“ „კომუნიკაცია/შეთანხმების ამსახველ ინფორმაციას“. სააგენტოს გზშ-ს დოკუმენტთან დაკავშირებით სხვა შენიშვნებიც აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: