განათლება,მთავარი,სიახლეები

TikTok-ერი მასწავლებელი: ზურგს უკან მსმენია „მასწავლებელია და რა აცანცარებს“, მოსწავლეებს კი მოსწონთ

22.02.2024 • 18953
TikTok-ერი მასწავლებელი: ზურგს უკან მსმენია „მასწავლებელია და რა აცანცარებს“, მოსწავლეებს კი მოსწონთ

„ზურგს უკან მსმენია ხოლმე – მასწავლებელია და რა აცანცარებს. თუმცა ეს მოსწავლეების მხრიდან არასდროს ყოფილა“, – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ბიჭიკო ოჩიგავა, რომელიც თბილისის ორ სკოლაში მუშაობს და  TikTok-ზე აქტიურობს.

რატომ სურდა პოპულარობა და როგორ აღმოჩნდა სკოლაში – „ბათუმელები“ პედაგოგს ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა.

  • ბატონო ბიჭიკო, მასწავლებლები სულ ჩივიან იმაზე, რომ მოსწავლეებს სწავლა აღარ უნდათ, მარტო ტელეფონებში არიან და ტიკ-ტოკის მეტი არაფერი აინტერესებთ. თქვენ რატომ გახდით Tik Tok-ერი და როგორ უთავსებთ ამ აქტივობას სკოლას?

სიმართლე გითხრათ, ჩემი სოციალური აქტივობა განაპირობა იმან, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ადრე სულ ვოცნებობდი, პოპულარული გავმხდარიყავი. ეს პროფესიაც ამიტომ ავირჩიე. მეგონა, პოპულარობისკენ მიმავალი ერთ-ერთი მარტივი გზა იყო, რომ ერთ დღესაც დავუქნევდი მეგობრებს ეკრანიდან ხელს, რომ აი, ტელევიზორში ვარ.

ჟურნალისტად რომ ვერ შევდექი, ამის მიზეზი იყო სწორედ პოპულარობის მოტივაცია, რადგან მაშინ ვერ ვხვდებოდი, რამხელა სიძნელეებისა და სირთულეების გადალახვა უწევთ ჟურნალისტებს ამ გზაზე.

„პოპულარობა“ ვიღაცისთვის შეიძლება ამბიციური განაცხადია და ვიღაცისთვის – დამატებითი ფინანსური შესაძლებლობა. შესაბამისად, ეს დანაკლისი ყოველთვის მქონდა და ამიტომ დავიწყე ტიკტოკერობა.

  • ახლა მიიჩნევთ თავს პოპულარულად და როგორი აღმოჩნდა ეს თქვენთვის, რთული თუ მარტივი?

რომ გითხრათ, მთელი ქვეყანა მიცნობს-მეთქი, ასე არ არის. თუმცა მასწავლებლების წრეში საკმაოდ დიდი ცნობადობა მაქვს, მანამდეც მიცნობდნენ ჩემი კოლეგები, რადგან სულ ვუზიარებდი ხოლმე ჩემ მიერ შექმნილი აქტივობების ვიდეოებს, სასწავლო რესურსებს. იმდენად დიდი იყო მათი მხარდაჭერა, რომ დღეს მასწავლებელი რომ ვარ, ამაში ჩემს კოლეგებსაც მიუძღვით დიდი წვლილი.

ზოგადად, მასწავლებლების პრობლემებზე ორიენტირებულმა ვიდეოებმა, სადაც ჩვენ გარშემო არსებულ რეალობას ვაშარჟებ, ჩემი ცნობადობა გაზარდა.

  • მასწავლებლებისგან ხშირად მესმის, იმხელა რუტინაა სკოლაში, რომ დრო აღარ რჩებათ პირადი ცხოვრებისთვის, გართობისთვის, ოჯახისთვისაც კი. თქვენ როგორ ახერხებთ დაიტოვოთ თავისუფალი დრო თუნდაც სოციალური აქტივობისთვის?

ჩემი სამუშაო დღე იწყება დილის შვიდ საათზე და მთავრდება საღამოს ათ საათზე, შემდეგ კიდევ მყავს მოსწავლეების ჯგუფები.

რაც შეეხება ბიუროკრატიას სკოლაში, ამაში ვეთანხმები კოლეგებს. სქემის ამოქმედებიდან დღემდე მასწავლებელს ყოველთვის უწევდა ვიღაცისთვის ემტკიცებინა, რომ ღირსია მასწავლებლობის, ღირსია იმ ხელფასის, რომელსაც იღებს და ასე შემდეგ. ამ რაღაცების დამტკიცებას ბოლო აღარ უჩანს.

თუმცა, მე როგორც ერთ რიგით მასწავლებელს, უფლება მაქვს სკოლის შემდეგ ვაკეთო ის, რაც მომწონს. ეს ჩემი პირადი სივრცეა, ჩემი საინტერესო თუ უინტერესო აქტივობებით, რომელიც უხეშად არ იკვეთება მოსწავლის უფლებებში და ამით არანაირად არ ვაკნინებ მასწავლებლის პროფესიას.

ჩემი კონტენტი არ არის ვულგარული, ან ისეთი, რომ მასებზე ვზემოქმედებ ცუდად, მათ ემოციებზე ვთამაშობდე, მათი პირადი სივრცე დავარღვიო და ასე შემდეგ.

ტიკტოკზე მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობთ და ამ ხუმრობების დროსაც კი, ძალიან ბევრს ვფიქრობ, სანამ რომელიმე ვიდეოს გადავიღებ, რადგან სოციალურ სივრცეში ერთ დაუფიქრებელ სიტყვასაც კი შეიძლება ზვავის ეფექტი მოჰყვეს.

გასაგებია, ხუმრობაა, მაგრამ იმ ხუმრობაში უნებლიეთ გასროლილმა ერთმა სიტყვამ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის ღირსება შელახოს. ამიტომ, ერთი შეხედვით, ვიღაცისთვის მარტივად აღსაქმელი ვიდეოც კი, არის ძალიან დიდი ფიქრის შედეგი.

  • მოსწავლეებში პოპულარობა გაგიზარდათ ტიკ-ტოკმა?

ვფიქრობ, კი. რაც სოფლიდან გადმოვედი ქალაქში, ხშირად მიწევს ხოლმე სკოლების შეცვლა და როდესაც უცხო კლასში პირველად შევდიოდი, უკვე ზუსტად ვიცოდი, როგორი იქნებოდა ბავშვების პირველი ემოცია, როცა დამინახავდნენ.

  • როგორი ემოცია ჰქონდათ, რას ამბობდნენ?

პირველი რეაქცია იყო ხოლმე „ვაა“ და თითს გამოიშვერდნენ. ვხვდებოდი, რომ ეს ემოცია უკავშირდებოდა ჩემს ტიკ-ტოკ ვიდეოებს, რომ მიცნეს და ასე გამოხატეს ეს ემოცია.

ძალიან მიხარია ხოლმე, როცა მოსწავლეები მეუბნებიან, მას, გუშინ დედაჩემმა თქვენი ვიდეო ნახა; მას, ჩვენთან ერთადაც ხომ არ გადაიღებთ ვიდეოს და ასე შემდეგ.

ზოგადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლასში განწყობის შექმნა. მნიშვნელოვანია ბავშვების პირველადი ემოციებიც, რადგან გაცნობის ეტაპზე როგორ შთაბეჭდილებასაც მოახდენ მოსწავლეზე, რეალურად ეს მიგყვება მთელი მუშაობის პროცესში.

ზურგს უკანაც მსმენია ხოლმე „მასწავლებელია და რა აცანცარებს“, თუმცა მოსწავლეებისგან არასდროს. მათგან მხოლოდ პოზიტიური ემოცია მოდის.

  • რა კატეგორიის ხალხისთვის არის თქვენი აქტივობა „ცანცარი?“ და ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის იუმორი?

იუმორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც საკლასო ოთახი იყო რაღაც სადამსჯელო ღონისძიებებითა და მიდგომებით სავსე სივრცე, როდესაც მოსწავლეს არ შეეძლო დამოუკიდებლად გამოეხატა საკუთარი აზრი, არ შეეძლო თუნდაც გაღიმება გაკვეთილზე.

შესაბამისად, დადებითი განწყობა მნიშვნელოვანია და ეფექტის მომტანი.

შესაძლოა, მოსწავლე ყოველთვის არ იყოს აკადემიურად მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ჩემთვის, პირველ რიგში, ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ მოსწავლეში ადამიანი დავინახო.

თუკი ჩემი მოსწავლე არის ადამიანური ღირებულებებით შემკული, თუ ის ასხივებს მზეს, ეს ჩემთვის ფუნდამენტია, რომელზეც შემდეგ ვაშენებ სხვა დანარჩენს.

  • და მზის სხივს თუ ვერ ხედავთ, მაშინ რას აკეთებთ, რით ეხმარებით ბავშვს?

რაც არ უნდა ტრაფარეტულად ჟღერდეს, ყველა მასწავლებელს უჭირავს გასაღები, რომელიც უნდა მოარგოს მოსწავლეს. სხვადასხვა გასაღებია საჭირო, რა თქმა უნდა. ამდენ მოსწავლეში შეუძლებელია გამოიყენო ერთი მეთოდი, ერთი მიდგომა და შემდეგ თქვა, რომ – იცით რა, დღეს ვერ ავიყოლიე კლასი.

ინდივიდუალური მიდგომაა მნიშვნელოვანი და ის მზე, რომელიც ვახსენე, გამოანათებს ყველა მოსწავლეში.

ვიღაც ადვილად იხსნება, ვიღაცას დრო სჭირდება, ვიღაცას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენი პროფესია იმიტომ არის ძალიან რთული, რომ დანებების უფლება არ გვაქვს.

როგორც კი ჩვენ თვითონ დავნებდებით, მზე არათუ გამოანათებს, შეიძლება ჩაქრეს კიდეც.

დღეს მოსწავლეს მასწავლებელი ვერ გააკვირვებს მისი სტატუსებით. იმით, რომ ის მასწავლებელია და მასზე ბევრად მეტი ესმის. დღეს მოდის ისეთი თაობა, რომელიც ბევრად თავდაჯერებულია, ვიდრე წინა ათწლეულებში, საკუთარი თავის მეტი რწმენა აქვთ და, შესაბამისად, ზღვარზე უნდა გახვიდე, როცა მათთან ურთიერთობებში შედიხარ. უნდა აღიარო ბავშვების უნარები და ღირებულებები.

შეიძლება მოსწავლეს არ ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება, მაგრამ ჰქონდეს სხვა უნარები, რომელსაც ავლენს, მაგალითად, არაფორმალურ გარემოში. ვიღაც მღერის, ვიღაცას თეატრალური მონაცემები აქვს, ვიღაცას სპორტული უნარები და ეს ერთგვარ რესურსად უნდა გამოიყენო ამ ბავშვთან ურთიერთობაში.

თუ ამ ყველაფერს დაინახავ და დაანახებ მოსწავლესაც, რომ გჯერა მისი შესაძლებლობების, გამორიცხულია მზემ არ გამოანათოს მისგან.

  • თქვით, რომ რთულია დღეს გააკვირვო, გააოცო თანამედროვე ბავშვი.  რაიმე შემთხვევა თუ გქონიათ, როცა მაინც მოახერხეთ მათი გაოცება და რა შემთხვევა იყო ეს?

მაგალითად, როცა სოფელში ჩამოვაყალიბე ტელესკოლა, სადაც სასკოლო პროგრამას და მასალას ფაქტობრივად გავდიოდით სასკოლო ტელეეთერში.

მახსოვს მათი სახეები, გაფართოებული თვალები, როცა გადაცემა გადავიღეთ, დავამონტაჟეთ და ჩავუშვით სკოლის ვებგვერდზე და შემდეგ ერთად ვუყურეთ ამ ყველაფერს.

ვერ წარმოედგინათ, იმ სივრცეში, იმ გარემოში, თუ შეიძლებოდა მოერგოთ ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟის, წამყვანის როლი. აი, ასეთი პატარ-პატარა დეტალებით მივიღე ის, რაც ვიცი, რომ დიდხანს არ დაავიწყდებათ და ამ პროექტით ყოველთვის გამიხსენებენ.

  • რატომ წამოხვედით სოფლიდან?

ცხრა წელი ვიმუშავე იმ სკოლაში, სადაც მეც ვსწავლობდი და, ფაქტობრივად, ჩემი მასწავლებლები გახდნენ ჩემი კოლეგები. ამიტომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს.

თუმცა ქალაქში გადმოსვლა მაიძულა ფინანსებმა. დავოჯახდი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და მივხვდი, რომ გაცილებით მეტი გასაქანი გვექნებოდა ქალაქში, მეც და ჩემს მეუღლესაც, რადგან ისიც ინგლისურის მასწავლებელია.

დღეს მასწავლებელი მხოლოდ სკოლით ვერ იარსებებს. პარალელური შემოსავლის გარეშე რთულია თვიდან თვემდე გაიტანო თავი. შესაძლოა თვის ბოლოს აღებული ხელფასი სამ დღეში დახარჯო, თუ რაიმე აუცილებელი ხარჯი გამოგიჩნდება. შემდეგ კი რჩები შემოსავლის გარეშე.

  • განათლების მინისტრმა თქვა, რომ ივლისში უპრეცედენტოდ მაღალ ხელფასებს აიღებთ. თქვენი, როგორც მენტორის, „უპრეცედენტო“ ხელფასიც არ არის საკმარისი სოფელში არსებობისთვის?

სრული საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში, მენტორის ხელფასი სოფლის პირობებში არ არის პატარა, მაგრამ მე არ მქონდა სრული საათები, ჩემს მეუღლეს გავუყავი. ამიტომ, როცა ერთი ადამიანის ხელფასს ორი იღებს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.

ახლა ორ სკოლაში ვმუშაობ – კერძოსა და საჯაროში და დამატებით ვამზადებ მოსწავლეებს.

თანაც, ეს მატება საათებზეა დამოკიდებული. ჯერ ისიც არ ვიცი,  რამდენი საათი მექნება მომავალ წელს და რომელი სკოლიდან წამოვალ.

  • როგორ ფიქრობთ, საკუთარი თავი პედაგოგიკაში აღმოაჩინეთ, თუ სხვა სფეროს მიმართაც გაქვთ ინტერესები?

მასწავლებლობაზე არასდროს მიფიქრია. არ ყოფილა ჩემთვის საოცნებო პროფესია ნამდვილად, არც კი დავფიქრებულვარ, რომ შეიძლება ოდესმე მასწავლებელი ვყოფილიყავი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება თურმე.

13 წელია ამ პროფესიაში ვარ, თუმცა სხვაგანაც მინდა ვცადო ბედი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მასწავლებლებად იბადებიან და მასწავლებლებად უნდა მოკვდნენ.

ჩვენი ცხოვრება მრავალფეროვანია, ყველა დღე წინას არ ჰგავს. თუ ვფიქრობ, რომ ამ პროფესიაში კარგად ვარ, უნდა იყო აქ. თუმცა შესაძლოა შემეცვალოს ხედვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პროფესიაში როცა ვარ, ყალბი ვარ და არ მინდა.

  • და მაინც რა არის პედაგოგის მთავარი ფუნქცია თქვენი აზრით, გარდა საგნის ცოდნისა, რა უნარებს აფასებთ ამ პროფესიაში?

ჩემი აზრით, მასწავლებელი უნდა იყოს მართალი ადამიანი, სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანი და არ შეუშინდეს გამოწვევებს, რადგან ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, როცა სამართლის პოვნა რეალურად პრობლემაა, მაგრამ თუკი რაღაცებს შევუშინდებით და თავს დავხრით, მით უფრო დიდ წუმპეში ვიქნებით.

შესაბამისად, მასწავლებელი უნდა იყოს მაგალითი თავისუფლების, ბრძოლისუნარიანობის, სიყვარულის და პროფესიონალიზმის.

ბიჭიკო ოჩიგავა ტიკტოკზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: