მთავარი,სიახლეები

„ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ სწრაფად გადაადგილდება“ – რა იქნება 2024 წლის არჩევნებზე

22.02.2024 • 3171
„ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ სწრაფად გადაადგილდება“ – რა იქნება 2024 წლის არჩევნებზე

„თუ არჩევნები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დასრულდება, ჩვენი სახელმწიფო უფრო ავტორიტარული მიმართულებით განვითარდება“, – ამბობს იენის უნივერსიტეტის მკვლევარი მიხეილ სარჯველაძე. მას „ბათუმელები“ 2024 წლის საპარლამეტო არჩევნებსა და მის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.

  • ბატონო მიხეილ, თუკი „ქართული ოცნება“ მოახერხებს, რომ 2024 წლის არჩევნებშიც უმრავლესობით დარჩეს ხელისუფლებაში, შეუქმნის თუ არა ეს საფრთხეს ამ ქვეყნის დემოკრატიას?

ზოგადად, დემოკრატიის არსი არის ის, რომ ერთი ძალა უსასრულოდ არ დარჩეს ხელისუფლებაში, რათა არ გაიზარდოს ძალაუფლებით ტკბობის, სახელმწიფოს მიტაცების შანსი და არ დაირღვეს ძალაუფლების გადანაწილების ბალანსი.

როცა მხოლოდ ერთი პარტიაა ხელისუფლებაში დიდი ხნით, ამას ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს პროცესები, რადგან ის ძალა სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების და მყიფე პოლიტიკური კულტურის  ფონზე ცდილობს ხელისუფლების ყველა შტო ჩაიგდოს ხელში ძალაუფლების უზურპაციის გზით.

საქართველოშიც მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე – „ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია ხელისუფლებაშია და როგორც ვიცით, გეგმავს არა მხოლოდ 2028 წლამდე, არამედ 2028 წლის მიღმაც დარჩეს ერთპარტიულ ხელისუფლებაში. საქართველოში ერთგვარი ჰიბრიდული რეჟიმი ყალიბდება, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივაა დემოკრატიული და არალიბერალურ დემოკრატიას წარმოადგენს.

საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ პარტიაზეც არ გვაქვს საუბარი, აქ რეალურად ერთ ადამიანზე ვსაუბრობთ, რომელიც ამ პარტიის მიღმა დგას, მაგრამ რეალურად მართავს პროცესებს.

ამას ვხედავთ თუნდაც უმაღლესი თანამდებობების დაკავებისას, რადგან ეს ადამიანები ხშირად არ არიან პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომლებმაც, მაგალითად, პარტიული სკოლა გაიარეს. ისინი ხშირად იმ კომპანიებიდან მოდიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და სწორედ ამ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, შეიცვლება თუ არა, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი.

ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა, ზოგადად, დემოკრატიული კულტურა  ძალიან მყიფეა. ეს დემოკრატიაც კი, რაც გაგვაჩნია, უფრო ფასადურია, ვიდრე შინაარსობრივი და ძირეული. სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემა, როგორც სახელმწიფოსი და როგორც საზოგადოების.

სანამ სახელმწიფოს ბედი ერთ ადამიანზე იქნება დამოკიდებული, მანამ შეუძლებელია შევძლოთ დემოკრატიული და ძლიერი ინსტიტუტების შექმნა, რადგან ეს ერთი ადამიანი კერძო ინტერესების სანაცვლოდ, ყოველთვის დაასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

რა თქმა უნდა, ეს იწვევს დემოკრატიის ეროზიას, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ ზიანს აყენებს.

  • „ოცნების“ მხარდამჭერები გერმანიის მაგალითის მოშველიებით ამტკიცებენ, რომ 16 წელი ხელისუფლებაში ყოფნა არ ნიშნავს არადემოკრატიულობას. იქნებ ავხსნათ, რა განსხვავებაა ამ შემთხვევაში ჩვენს პოლიტიკურ კულტურებს შორის და რატომ შეიძლება ეს გერმანიისთვის არ იყოს რისკი, ჩვენს შემთხვევაში კი, პირიქითაა?

ყველაზე უმთავრესი და უდიდესი განსხვავება საქართველოსა და დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს შორის არის ის, რომ თუნდაც გერმანიაში, ამ პოლიტიკური პროცესების მიღმა ერთი კონკრეტული ადამიანი არ დგას. ამ ეტაპზე გერმანიის სათავეში არის სამი პარტია.

ანგელა მერკელის დროს, რომელიც 16 წელი იყო კანცლერი და გერმანიის ისტორიაში მსგავსი რამ სულ ორჯერ მოხდა [თუმცა ყოველთვის კოალიციური მმართველობის პირობებში], მმართველ კოალიციებში სხვადასხვა იდეოლოგიური პლატფორმის მქონე პარტიები შედიოდნენ და ეს არ ყოფილა ერთპარტიული მმართველობა ჩრდილოვანი მმართველით.

ანგელა მერკელი არ ყოფილა ოლიგარქი, ის იყო პოლიტიკოსი, რომელმაც გაიარა პარტიული სკოლა და მისი პარტია ძალიან დიდი ისტორიის მქონე პარტიაა, რომელსაც მყარი იდეოლოგიური ღირებულებები გააჩნია „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით. ეს არის განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ კულტურებს შორის.

 გერმანიაშიც და სხვა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაშიც წარმოუდგენელია პრემიერ-მინისტრი გადადგეს იმის გამო, რომ ის წარმატებულია. ეს არალოგიკურია, რადგან დემოკრატიისა და ნებისმიერი პარტიის მიზანია, იყოს ხელისუფლებაში და მისი საუკეთესო, კვალიფიციური წარმომადგენლები მართავდნენ ქვეყანას.

შესაბამისად, ის, რაც ჩვენს რეალობაში ხდება, მიანიშნებს პოლიტიკური კულტურის სისუსტეზე, რადგან პოლიტიკური პარტიები არა საზოგადოებას, არამედ, როგორც წესი, ცალკეული ადამიანების ან ვიწრო ჯგუფების ინტერესებს წარმოადგენენ. ეს პოლიტიკის მიმართ საზოგადოებაში ინდიფერენტულ დამოკიდებულებას ზრდის. გარდა ამისა, ისეთ ქვეყნებში, როგორიც გერმანიაა, უმაღლესი თანამდებობის პირების წასვლა-არწასვლა ერთი ადამიანის სურვილზე არ არის დამოკიდებული.

  • კანდიდატის სტატუსის ფარგლებში ჩვენ ბევრი დავალება გვაქვს შესასრულებელი, მათ შორის მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. როგორ ფიქრობთ, ის ტენდენცია, რაც გვაქვს ქვეყანაში დღეს, გაგრძელდება „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, თუ რაიმე ნაბიჯებს გადადგამს ივანიშვილის მთავრობა დემოკრატიის სასიკეთოდ?

წინასწარ თქმა რთულია, თუმცა თუ შევხედავთ განვლილ დროს და აქედან გამოვიტანთ დასკვნებს, მივხვდებით, რომ ბიძინა ივანიშვილს, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესები, საკუთარი უსაფრთხოება ამოძრავებს და, შესაბამისად, ის ორიენტირებულია ამაზე.

ამ პროცესს და მიზანს ემსახურება დღეს სახელმწიფო სტრუქტურებიც ხომ?

შესაბამისად, მგონია, რომ ამ ვიწრო ჯგუფის ინტერესებზეა დღეს ყველაფერი მორგებული და მათ ინტერესებში არ შედის ძალაუფლების გადანაწილების პრინციპის დაცვა. პირიქით, მათ ინტერესებში შედის, სასამართლო არ იყოს დამოუკიდებელი, რადგან ძალაუფლების შენარჩუნების აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევენ იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება მოექცეს აღმასრულებელი ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ. ეს, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის დემოკრატიის პრინციპებს.

დემოკრატიის პრინციპი კი მჭიდროდ არის დაკავშირებული ძალაუფლების გაყოფის პრინციპთან, რომლის თანახმად ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ.

შესაბამისად, ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ არავითარ შემთხვევაში არ შეასრულებს ევროკავშირის ძირეულ მოთხოვნებს, რომელიც ეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, მედიაზე წნეხის გაზრდის შეჩერებას, პოლარიზაციის და, ზოგადად, დაძაბულობის შემცირებას, რადგან „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, ამ პროცესებით საზრდოობს.

შესაბამისად, არც ივანიშვილის ინტერესებში შედის, რომ დემოკრატიული პრინციპები იყოს დაცული.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფო განაგრძობს ერთგვარ ჰიბრიდულ რეჟიმად ჩამოყალიბებას თუ, ვთქვათ, არჩევნები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დასრულდა.

  • რომელი ქვეყნის მოდელი შეიძლება მივიღოთ ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანის, რუსეთის თუ სხვა?

აზერბაიჯანი ჩვენგან განსხვავებული შემთხვევაა, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლების ძალაუფლება ემყარება ბუნებრივ რესურსებს და ოჯახური კლანის მმართველობის სისტემად ჩამოყალიბდა სამი ათეული წელია.

ვფიქრობ, საქართველო მიდის არა ლიბერალური დემოკრატიის, არამედ საწინააღმდეგო მიმართულებით. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ საერთოს პოულობს სახელმწიფოებთან, როგორიცაა, ვთქვათ, ჩინეთი, უნგრეთი ან თუნდაც რუსეთი, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოებთან.

ქვეყანას შესაძლოა გააჩნია დემოკრატიული სტრუქტურები, ტარდება არჩევნები, თუმცა რეალურად ქვეყანა ჰიბრიდული რეჟიმის, ავტორიტარიზმის მიმართულებით გადაადგილდება და მე თუ მკითხავთ, საკმაოდ სწრაფი ტემპებით: თუ შევხედავთ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას დასავლეთის მიმართ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, „ქართული ოცნების“ რიტორიკა ძირითად საკითხებში თანხვედრაშია ამ ავტორიტარული სახელმწიფოების რიტორიკასთან.

მიუხედავად იმისა, რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ეს ძალიან კარგია, საქართველო, მაინც დღითი დღე შორდება რეალურად ევროკავშირს.

დღეს ვკითხულობდი, რომ ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის დაახლოებით ორ მილიარდამდე ევროს მობილიზება მოახდინა, თუმცა ევროკავშირს კიდევ და კიდევ გაუჭირდება საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენოს პირობითობის პრინციპი, რადგან ჩვენ გვქონდა წარსულში შემთხვევა, როცა საქართველომ რეფორმების გატარების სანაცვლოდ უარი თქვა ფინანსურ დახმარებაზე.

  • თქვენ ამბობთ, რომ ავტორიტარიზმისკენ სვლა გაიზრდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში. თუმცა კობახიძე ხშირად იმეორებს, რომ სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში შევა საქართველო ევროკავშირში. რამდენად შეძლებს „ოცნება“ ავტორიტარიზმისკენ სვლის პარალელურად ეს რიტორიკაც შეინარჩუნოს?

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ამ მხრივ შედარებით მარტივია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, ის ერთბაშად ვერ დაუპირისპირდება მოსახლეობას და საპირისპირო აზრს ვერ მოახვევს თავს.

სწორედ ეს იყო მათი ანტიდასავლური რიტორიკის მიზანი, რომ დასავლეთი წარმოეჩინათ როგორც გლობალური ომის პარტია, რომელიც საქართველოს ჩათრევას ცდილობს რუსეთთან ომში. ვიცით, რომ ეს სრული აბსურდია და თანხვედრაში მოდის რუსულ პროპაგანდასთან.

ამიტომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ოფიციალურად დასავლური კურსი შეინარჩუნოს, თუმცა არაოფიციალურად, დაუახლოვდეს ავტორიტარულ ბანაკს, რუსეთისა და ჩინეთის სახით.

ყველასათვის ფაქტია, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციაში მიღწეული წარმატებები განსაკუთრებით, კანდიდატის სტატუსი, უპირველეს ყოვლისა, ორმა ფაქტორმა განაპირობა:

შესაძლებლობების ფანჯარამ, რომელიც უკრაინის ომის ფონზე შეიქმნა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი ქართული საზოგადოების მაღალმა მხარდაჭერამ. ვფიქრობ, „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ის არაფერს გააკეთებს იმ ძირითადი პუნქტების შესასრულებლად, რომელსაც ჩვენგან ითხოვს ევროკავშირი. ახლა ინტეგრაციის წარმატება სწორედ რეფორმების გატარების მზადყოფნაზეა დამოკიდებული და არა შესაძლებლობების ფანჯარაზე.

  • მოსახლეობას, ვისთანაც „ბათუმელებს“ უსაუბრია, აქვს განცდა, რომ ივანიშვილი მანამდე იქნება ხელისუფლებაში, სანამ იქნება პუტინი. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

ასე პირდაპირ რთულია ურთიერთკავშირზე საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას სწორედ ამ ლავირების მეშვეობით. ეს ლავირება ხდება დასავლეთს და რუსეთს შორის ამ შემთხვევაში. ფაქტია ისიც, რომ რუსეთის ფაქტორი „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, რადგან „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ცდილობენ უკრაინაში რუსეთის წარმატების შემთხვევაში თავი გადაიზღვიონ.

ამაზე მეტყველებს ქართველი პოლიტიკოსების ის განცხადებები, რომლებიც რუსი პროპაგანდისტების მოწონებას იმსახურებს. თუმცა პუტინისა და ივანიშვილის ძალაუფლების ერთმანეთთან დაკავშირების ლოგიკას ბოლომდე ვერ მივყვები, რადგან პუტინის შემდეგ რუსეთის ძალაუფლების სათავეში ახალი პუტინი იქნება.

ივანიშვილისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხე, რომელიც მის უსაფრთხოებასა და ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნის, დააბალანსოს.

  • როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის უსაფრთხოებაზე, აქ ვგულისხმობთ მხოლოდ მის ფინანსურს უსაფრთხოებას, თუ ფიზიკურსაც. იმ შემთხვევაში, თუკი ივანიშვილი რეალურად ჩამოშორდებოდა პოლიტიკას, ეს უფრო არ დაიცავდა მას?

ვფიქრობ, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იგრძნოს თავი უსაფრთხოდ. შესაბამისად, ის ცდილობს სხვა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მის მიმართ არ იქნება ლოიალურად განწყობილი, ვერ მოახერხოს მოსვლა ხელისუფლებაში.

ამ შემთხვევაში მას შესაძლოა მოუწიოს ქვეყნის დატოვება. მას უნდა, რომ იმ მიკროსისტემაში გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ, რომელსაც, ფაქტობრივად, ტოტალურად განაგებს საქართველოში.

სწორედ ეს არის მისი მიზანი, რომ ეს მიკროსისტემა დაიცვას და ამით საკუთარი ძალაუფლება უზრუნველყოს გრძელვადიან პერსპექტივაში.

თანაც, „ქართული ოცნება“ ხომ რეალურად არ არის პარტია, რომელსაც რაიმე იდეოლოგიური საფუძვლები გააჩნია და ეს არის პრობლემა. ბევრი სხვა ქართული პარტიის მსგავსად, შემოკრებილია ერთი ადამიანის ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფების და ინტერესების ირგვლივ. ეს არის სწორედ ჩვენი პარტიული ლანდშაფტის პრობლემა.

  • რადგან სხვა პარტიებიც ახსენეთ, გადავიდეთ ოპოზიციაზეც. ბევრი ფიქრობს, რომ დღეს „ოცნებას“ კონკურენტული ოპოზიცია არ ჰყავს, პარტიული სიჭრელის მიუხედავად. თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს ქვეყანაში ოპოზიცია, ვისაც შეიძლება ხმა მისცენ ამ არჩევნებზე?

ოპოზიცია, რა თქმა უნდა, არსებობს. ის არ იარსებებდა, თუ, მაგალითად, ყველა ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების“ სატელიტი იქნებოდა. თუმცა იმ ამომრჩევლების დიდი რაოდენობა, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა, მიანიშნებს, რომ ვერც ოპოზიციური პარტიები ახერხებენ ამომრჩევლების ინტერესების წარმოდგენას. ამომრჩეველს უჭირს საკუთარი თავის იდენტიფიცირება მათთან, რადგან ეს პარტიები, როგორც წესი, არ საუბრობენ საზოგადოების პრობლემებზე და მათთვის გასაგებ ენაზე.

გარდა ამისა, ამ პარტიებში ვხედავთ სახეებს, რომლებიც დიდი ხანია პოლიტიკაში არიან და მოსახლეობას ვერ სთავაზობენ მათთვის საინტერესო თემებსა და იდეებს.

როგორც წესი, დისკუსიები მიმდინარეობს არა სიღრმისეულად, არამედ შინაარსობრივად დაცლილი თემების ირგვლივ პოპულისტური მეთოდებით.

ამიტომ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი არჩევნებში. გასული წლის გაზაფხულზე პოლიტიკური პარტიების მიმართ არაკეთილგანწყობილი ამომრჩევლის რაოდენობა, ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, 58%-ს შეადგენდა.

შესაბამისად, ფაქტია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ვერც ოპოზიციური სპექტრი სთავაზობს მათი პრობლემების გადაჭრის რეალურ გზებს.

  •  თუკი დარჩება „ოცნება“ ხელისუფლებაში, ამომრჩევლის პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით რა შეიცვლება?

პირიქით, სავარაუდოდ გაუარესდება. თუმცა საქმეც ამაშია, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ამომრჩევლამდე საკუთარი პროგრამების მიტანას და მათთვის ახსნას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამომრჩეველმა ხმა მისცეს ოპოზიციას და არა „ქართულ ოცნებას“.

  • თუკი 2024-ში გვეყოლება კოალიციური მთავრობა, რამდენად გააჯანსაღებს ეს პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში?

ფაქტია, რომ კოალიციური მმართველობა დემოკრატიული განვითარებისთვის ერთპარტიულ მმართველობაზე უმჯობესია. კოალიციური მმართველობის პირობებში ხდება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების, ჯგუფების ინტერესების თანხვედრა და დაბალანსება.

კოალიციური პარტიები უფრო შეძლებენ ერთმანეთის გაკონტროლებას, ვიდრე ერთი კონკრეტული პარტია თვითკონტროლს. ამიტომ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა კოალიციური მმართველობა უფრო მისაღებია. თუმცა მე რასაც ვუყურებ, ამ ეტაპზე ძალიან გაუჭირდებათ ოპოზიციურ პარტიებს შეძლონ უმრავლესობის მოპოვება და კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება.

  • რატომ ვერ ახერხებენ გაერთიანებას?

ვერ ახერხებენ ეგოისტური მისწრაფებების გამო. ამას ამომრჩეველი უყურებს და, რა თქმა უნდა, მისთვის არ არის სასიამოვნო, როცა არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. არსებობს ცალკეული ბლოკების შექმნის მცდელობა, თუმცა თუ ოპოზიციური პარტიები ვერ მოახდენენ იდეების გენერირებას, მათ ამომრჩევლამდე მიტანას და დარწმუნებას, რომ ისინი დამაჯერებელ ალტერნატივას წარმოადგენენ, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგება გაუადვილდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ გამყარებული აქვს თავისი პოზიციები, შეუძლია გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ამ ფონზე დაქსაქსვა მხოლოდ შეამცირებს ოპოზიციის წარმატების შანსს.

  • 13-წლიანი იმედგაცრუების მიუხედავად?

რა თქმა უნდა.

ისიც არის, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი შეიძლება არჩევნებამდე კრიტიკულად იყოს განწყობილი პოლიტიკურ პარტიებისადმი, მაგრამ როცა არჩევნების წინ მმართველი პარტია დაქოქავს პროპაგანდისტულ მანქანას, ამ იმპულსურ ტალღაზე მოხდება ამომრჩევლის მობილიზება.

მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაადგილებები ხდება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი, საქართველო სულ უფრო შორდება დემოკრატიული სახელმწიფოების ბანაკს და უახლოვდება ავტორიტარულ ალიანსს.

ეს ტენდენცია ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, ჩვენ უკვე გვაქვს არადემოკრატიული, ტოტალიტარული ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას უდიდესი ზიანი მიაყენა.

მაგალითად, ომში მყოფმა უკრაინამ სულ რამდენიმე დღის წინ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი საფრანგეთსა და გერმანიასთან. მაშინ, როცა საფრთხეები ყველა მხრიდან იზრდება, საქართველოს ხელისუფლების პასიურობა მიუღებელია.

„ქართული ოცნება“ დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების ხარჯზე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, კრემლის იმედზე ყოფნას ამჯობინებს, რაც საშიში ტენდენციაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: