მთავარი,სიახლეები

ბათუმის მოსახლეობა თანახმაა ქობულეთში ცათამბჯენი აშენდეს – რა დაამტკიცეს ქობულეთში წაუკითხავად

21.02.2024 • 5603
ბათუმის მოსახლეობა თანახმაა ქობულეთში ცათამბჯენი აშენდეს – რა დაამტკიცეს ქობულეთში წაუკითხავად

ქობულეთის ზღვისპირა ზოლში კომპანია „ვითიქეი“ 40-45-სართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავს, რისთვისაც დაწყებული სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა.

სააგენტოს ინფორმაციით, ქობულეთის მერიისგან წარმოდგენილ დოკუმენტებში „ფაქტობრივი ხარვეზებია“.

სააგენტოდან ქობულეთის მერიაში გაგზავნილ წერილში წერია, რომ სკრინინგის განცხადების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მოსახლეობა ქობულეთში დაგეგმილი მშენებლობის მომხრეა.

პროექტის განხორციელება დაგეგმილია ქალაქ ქობულეთში, ამიტომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას – წერს სააგენტოს დირექტორი ქობულეთის მერს, ლევან ზოიძეს, 2024 წლის 20 თებერვლით დათარიღებულ წერილში.

ამავე დოკუმენტში, სადაც ხელისუფლების ორგანოების მოსაზრებებზეა საუბარი, ქობულეთის მერიის ნაცვლად აღნიშნულია, რომ „ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა მოითხოვეს მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინება.“

ის, რომ „ქალაქ ბათუმის მოსახლეობა [ქობულეთში] მშენებლობის მომხრეა“, ამას, ამავე დოკუმენტის მიხედვით, „სოციოლოგიური კვლევის ანალიზი გვიჩვენებს“.

სკრინინგის დოკუმენტებში ხშირად გარკვეული ინფორმაციები დაკოპირებული და გადმოტანილია სხვა დოკუმენტებიდან. ახალი დოკუმენტის შემდგენლებს კი დაკოპირებული ინფორმაციის ახალ ტექსტზე მორგებისას ზოგან „ძველი და არასაჭირო ინფორმაცია“ ჩაუსწორებელი რჩებათ.

ახალი დოკუმენტის შემდგენლები რომ ინფორმაციას სხვა დოკუმენტიდან აკოპირებენ და გადმოაქვთ, ეს ქობულეთთან დაკავშირებით იმ დოკუმენტითაც დასტურდება, რომელზეც ახლა ვსაუბრობდით.

იმავე პროექტთან დაკავშირებით სააგენტოს დირექტორი ქობულეთის მერს სწერს, რომ ქობულეთში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებულ სკრინინგის განცხადებაში „ინფორმაციის დიდი ნაწილი გადმოტანილია „ქ. თბილისში, სოფელ შინდისში „ესსი ტაბახმელა დეველოპმენტის“ 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტსა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობასა და ექსპლუატაციის პროექტის“ დოკუმენტაციიდან, რაც არ იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“.

სკრინინგის პროცედურით სააგენტომ დაგეგმილ სამუშაოებზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროება უნდა განსაზღვროს. ქობულეთის „ტყუპებთან“ დაკავშირებით კი, სააგენტომ ეს პროცედურა ზემოთ აღნიშნული ხარვეზების გამო შეწყვიტა.

აღნიშნული „ხარვეზები“ აჩენს ეჭვს, რომ მსხვილი პროექტებისთვის კანონით დადგენილი აუცილებელი პროცედურები ფიქტიურია და სახელმწიფო თუ მუნიციპალური ორგანოები [მერია, საკრებულო] შესაბამის დოკუმენტებს უბრალოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით ისე „განიხილავენ“, რომ არ კითხულობენ შიგ რა წერია. ამ პროცედურებით კი უნდა დადგინდეს ამა თუ იმ პროექტის ზეგავლენა გარემოზე, ადამიანზე და სხვა.

ანალოგიური მაგალითი ამ ბოლოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროსთან დაკავშირებითაც იყო. სკრინინგის დოკუმენტებში აქაც ბათუმის მერია იყო უადგილოდ მითითებული: „დოკუმენტში დამგეგმავ ორგანოდ განხილულია როგორც სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, რაც საჭიროებს დაზუსტებას“, – წერდა აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო.

ვრცლად: ბახმაროში ახალი უბნის აშენება იგეგმება – სასტუმრო კომპლექსით და კოტეჯებით

ქობულეთში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს სხვა შენიშვნებიც აქვს. კერძოდ:

  • „ვინაიდან მოსალოდნელია ვიზუალურ-ლანდშაფტური ცვლილებები, წარმოდგენილ უნდა იქნას აღნიშნული ცვლილების შეფასება;
  • შენობა განთავსდება იმგვარად, რომ არ შექმნის ხელოვნურ ფარდას, რათა არ ჩაკეტოს აერაციისა და ვიზუალური აღქმის არეალები. წარმოდგენას საჭიროებს აღნიშნულის შესახებ დასაბუთება;
  • საპროექტო ტერიტორია მდებარეობს გადამფრენ ფრინველთა სამიგრაციო მარშრუტზე. საჭიროა დოკუმენტში სათანადოდ აისახოს მრავალსართულიანი შენობების მოწყობით ფრინველებზე მოსალოდნელი ზემოქმედება და ამ ზემოქმედების თავიდან აცილების ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები, მათ შორის შეჯახებით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელი ქმედებები სათანადო დასაბუთებით;
  • საჭიროა დოკუმენტში წარმოდგენილ იქნას ინფორმაცია, ზღვისპირა ჰაბიტატებზე მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების შესახებ, როგორც აღნიშნული პროექტის, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე დაგეგმილი პროექტების განხორციელებით…
  • წარმოდგენილ უნდა იქნას სატრანსპორტო ნაკადებზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება, შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით;
  • დოკუმენტაცია საჭიროებს სტრუქტურულ გამართვას, კერძოდ, ტექსტური ნაწილისა და გრაფიკული მასალის ზომათა დიდი სხვაობა წარმოშობს ტექნიკურ შეფერხებას, რაც ართულებს დოკუმენტის განხილვას“ და სხვა.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით შესწორებული სკრინინგის განცხადების წარმოდგენის შემდეგ“, – წერს სააგენტო ქობულეთის მერიას.

დოკუმენტების მიხედვით, შპს „ვითიქეი“ მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას ქობულეთში, აღმაშენებლის 285 ნომერში, თავის საკუთრებაში არსებულ 8 165 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აპირებს.

„ვითიქეის“ მესაკუთრეები ბელარუსისა და ორმაგი – საქართველო-რუსეთის მოქალაქეები არიან.

დაგეგმილი კომპლექსი მოიცავს სასტუმრო/აპარტამენტებს, კაზინოს, სარელაქსაციო სივრცეებს, კომერციულ ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებსა და სხვადასხვა სახის სარესტორნო სივრცეს.


„ტყუპები“ ქობულეთში / ფოტომონტაჟი დოკუმენტიდან, რომელიც ქობულეთის მერიასა და საკრებულოში არ წაიკითხეს და ისე გააგზავნეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში / ამ ცათამბჯენების აშენებას შპს „ვითიქეი“ გეგმავს, ქობულეთის მერია და საკრებულო თანახმაა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: