მთავარი,სიახლეები

„განდაგანას“ ცეკვა აჭარაში ყველა მესამემ იცის – „ბერმუხას“ 70 წლის თვითნასწავლი მოცეკვავე და მედოლე

23.02.2024 • 4414
„განდაგანას“ ცეკვა აჭარაში ყველა მესამემ იცის – „ბერმუხას“ 70 წლის თვითნასწავლი მოცეკვავე და მედოლე

თვითნასწავლი მედოლე, მომღერალი და მოცეკვავეა. 50 წელზე მეტია, რაც დოლზე უკრავს, იყო დრო მსახიობად მუშაობდა, შემდეგ ანსამბლში მღეროდა. საკუთარ თავს ხელოვანად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ვერ წარმოიდგინა საბოლოოდ ანსამბლ „ბერმუხას“ მოცეკვავე თუ გახდებოდა.

დღეს 70 წლის გიორგი თაფლაძეზე გიყვებით, რომელიც რამდენიმე წელია, რაც „ბერმუხას“ შეუერთდა.

„სხვათა შორის, ჩემი ცეკვა ყველას გაუკვირდა. მედოლე კაცმა ცეკვა რომ არ იცოდე გამორიცხულია.

ცეკვის მასწავლებელი არასდროს მყოლია. დაკვრაც თვითონ ვისწავლე და ცეკვაც.

ქართული ცეკვები ძალიან მიყვარს. საერთოდ, ქართული ცეკვა თუ არ მოგეწონა, რისი ქართველი ხარ მაშინ?

ბერმუხაში მე ახლა რასაც ვცეკვავ, ეს დავამუშავე მამაჩემის, სხვების ილეთებიდან. ეს ყველაფერი ძველია, ფოლკლორია. ახლა მუხამედ ირემაძის, ანსამბლის უხუცესი წევრის ილეთების დამუშავებაზე ვმუშაობ, რათა არ დაიკარგოს.

პირველი ცეკვა, როგორც ანსამბლის მოცეკვავემ, ხულოს დრამატული თეატრის სცენაზე ვიცეკვე, სადაც გავიზარდე და ყველაზე დიდი ემოციებიც მაშინ მქონდა.

პირველად რომ სცენაზე ფეხი დავდგი, 17-18 წლის ვიყავი. მე რომელ ცეკვებსაც ვფლობ, ესაა განდაგანა და ხორუმი. ორივე ძალიან მომწონს. განდაგანა უფრო სახასიათოა, ხორუმი უფრო სხვა სტილია.

ყველაზე რთული ცეკვა ხორუმია. იქ თუ ერთი რგოლი გამოაკლდა, ყველაფერი აირევა. განდაგანაში რაც გინდა ის გააკეთე, რადგან ინდივიდუალურია, სოლოებად ვცეკვავთ“, – გვიყვება გიორგი.

მისი თქმით, ძალიან მოსწონს თანამედროვე ცეკვებიც და ხშირად ადევნებს ხოლმე თვალს. იხსენებს, რომ ბავშვობაში ქორწილები განსაკუთრებით უყვარდათ, რადგან შეეძლოთ მთელი ღამე დაეკრათ და ეცეკვათ: „მაშინ დასალევი იშვიათობა იყო, დოლი და გარმონიც. მთელი ღამე ჭიბონზე ვუკრავდი, ვცეკვავდით და ვმხიარულობდით.

ყოველმა მეორემ თუ არა მესამემ მაინც იცის განდაგანას ცეკვა [აჭარაში]. არ არსებობს არ იცოდეს, ქალი იქნება თუ კაცი. ეს გამჯდარი გვაქვს აჭარელ ხალხს სისხლში.

ცეკვა ჩემთვის სიამოვნებაა და ნამდვილად მახარებს, დარბაზის რეაქციები. როცა ცეკვავ და მაყურებლის სიყვარულს გრძნობ, ტაშს იმსახურებ, ეს ყველაზე დიდი ჯილდოა“, – გვეუბნება გიორგი.

გიორგი ამბობს, რომ იყო „ბერმუხას“ წევრი ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა. გვიზიარებს, რომ ამა თუ იმ ღონისძიების გამართვამდე რამდენიმე კვირით ადრე იკრიბებიან და მეცადინეობენ.

„პასუხისმგებლობაცაა, კონკურენციაც. ძალიან ბევრი ანსამბლია, ოღონდ „ბერმუხა“, როგორც ასაკოვანი ანსამბლი ერთადერთი ვართ. ფაქტობრივად, ბერმუხა ბრენდია. ჩვენთან ასაკობრივი ზღვარია და ანსამბლის მოცეკვავე მხოლოდ 65 წელს გაცილებულ ადამიანს შეუძლია გახდეს.

ცეკვა ჯანმრთელობას ნამდვილად უწყობს ხელს. ის ფაქტობრივად ფიზიკური ვარჯიშია“.

სანამ გიორგი „ბერმუხას“ მოცეკვავე გახდებოდა, როგორც მედოლე შეუერთდა რამდენიმე კონცერტზე.

„ვფიქრობ, „ბერმუხა“ ფოლკლორის უკვდავებას ემსახურება. ის არ კარგავს ძველ ფოლკლორს, ეს არის მისი არსებობის მიზანი.

ვეძებთ მოცეკვავეებს, მაგრამ ბევრს ვეღარ ვნახულობთ. არის საფრთხე, ფოლკლორის დაკარგვის. 500 ლარია ჩვენი ხელფასი, მაგრამ ყოველ დღე რომ ვიაროთ, ამის ვალდებულება არ გვაქვს. მომზადებას დაგეგმილ კონცერტებზე რამდენიმე კვირით ადრე ვიწყებთ.

ჩვენ [ხულოს] მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე ვართ, კულტურის სამინისტრო არ გვაფინანსებს.

ისევ სოფლებში უნდა ვეძებოთ ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ანსამბლს შემოუერთდებიან. მეტი წახალისება იცით რატომაა საჭირო? მაგალითად, ხიხაძირიდან რომ კაცს გამოიყვან ანსამბლში, მანძილი ძალიან დიდია, გასვლა-გამოსვლა ხარჯი უჯდება, ხელშეწყობა უნდა დიდი, რომ ამ საქმით დაინტერესდეს. ყველა ენთუზიასტი არ არის.

მე მგონი მუნიციპალიტეტებში, გინდ ხულო იყოს, შუახევი და სხვა, ფოლკლორს, ხელოვნებას, უფრო მეტი ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. ამას თუ ვერ გავუფრთხილდით… ცოტა ხანში შესაძლოა საერთოდ დაიშალოს „ბერმუხა“, თუ ახალი წევრები არ წამოვიდნენ. მგონია, რომ საქართველოს განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსაც ევალება მოგვხედოს. მაგრამ არ ვიცი კულტურის სამინისტრო ზემო აჭარას მწყრალად რატომ გვიყურებს.

„ბერმუხა“ მუნიციპალურ დაფინანსებაზეა. ხულოს მუნიციპალიტეტს რამხელა ბიუჯეტი აქვს, რომ ყველას მიხედოს? რა საშუალებაც აქვს, იმით აკეთებს ყველაფერს, მაგრამ კულტურის სამინისტრომაც რომ გადმოგვხედოს კარგი იქნება.

ჩემი აზრია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაც უნდა ევალებოდეს ფოლკლორის შენახვა“, – ამბობს გიორგი თაფლაძე.

მას უნდა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას და იხსენებს გამოთქმას – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი“.

მარჯვნიდან პირველები – გიორგის მეუღლე და გიორგი

გიორგი თავისი ოჯახის შესახებაც გვიყვება. მას  2 შვილი, 4 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი ჰყავს.

„თავს ბედნიერ კაცად ვთვლი და ყოველი დღე ბედნიერებაა ჩემთვის. ყველაზე ცუდ დღედ ის მახსენდება, როცა ჯარში წამიყვანეს და ცოლ-შვილი დამატოვებინეს“, – იხსენებს ის.

გიორგიმ და მისმა მეუღლემ სიყვარულით იქორწინეს. ცოლი, ნინო ქორეოგრაფია და ფანდურზე უკრავს. ერთმანეთი ხულოს კულტურის სახლში გაიცნეს.

„ერთმანეთი შეგვიყვარდა და მერე გავიპარეთ, მაგრამ ეს შეთანხმებული გაპარვა იყო.

მაშინ ის პერიოდი იყო, თუ სცენაზე ქალი იდგა, სხვა შეხედულება ჰქონდათ და წინააღმდეგობები შეგვხვდა მაგაზე, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასე სჯობია. არავის აღარ შევეკითხეთ.

მამიდა მყავდა სოფელ ვაშლოვანის, ტყის ძირში ცხოვრობდა და იქ წავედით. დასამალი რა გვქონდა, 20 წლისები ვიყავით.

ჩემი მეუღლის მშობლები მალე შემოვირიგე. კაი სიძე ვიყავი და რატომ არ უნდა შემრიგებოდნენ?

ქორწილი ეზოში, სეფაში გვქონდა, მაგრამ მე ვერ ვიცეკვე, დოლს ვუკრავდი ჩემ ქორწილში. მედოლე არ გვყავდა და მე სიძეც ვიყავი და მედოლეც, სხვები ცეკვავდნენ“, – იხსენებს გიორგი.

საუბრის ბოლოს გიორგი გვიზიარებს, თუ რატომ იცლება აჭარის მთის სოფლები ხალხისგან.

„იქ პირობები არ არის მისაღები. კარტოფილის მოყვანა იმ შრომის ფასად აღარ უღირს ხალხს. ბაზარში ყიდვა ურჩევნია, ვიდრე იქ თოხზე იმუშაოს და ვერანაირი მოგება ვერ ნახოს. წამოვიდა აქ კაცი, მშენებლობაზე მუშაობს, ქირით ცხოვრობს და უკეთესადაა. არც ისეთი მოსავლიანია ხულო, რომ ოჯახი არჩინო. სამსახური თუ არ გაქვს რომელიმე ოჯახის წევრს, ძალიან გაგიჭირდება ცხოვრება. მარტო პენსიით ვეღარ იცხოვრებ. მე გული მიკვდება ამდენად დაცლილ სოფელს რომ ვხედავ.

ჩემი სოფელი ქედლებია. 300-კომლიანი სოფელი იყო და აქედან ახლა რომ დაიარო, 50 კომლსაც ვერ ნახავ. მით უმეტეს ახლა, ზამთარში“, – გვითხრა გიორგიმ, რომელიც თავადაც ბათუმში ცხოვრობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: