მთავარი,სიახლეები

რატომ დატოვეს 7 წლის ბავშვი და მისი ოჯახი ბათუმში მშიერი – ვიდეო

20.02.2024 • 12271
რატომ დატოვეს 7 წლის ბავშვი და მისი ოჯახი ბათუმში მშიერი – ვიდეო

„იმ ღამით ძალიან აფორიაქებული იყო, შფოთავდა. ამბობდა მომბეზრდა ყველაფერიო. შემდეგ მითხრა – მე უნდა გავიდე. შემდეგ ბავშვს აკოცა. ალბათ ემშვიდობებოდა.

გვიანი იყო, როცა მეორე ოთახიდან ხმაური შემომესმა და გავედი. არასდროს ამოვა ის წუთები ჩემი თვალებიდან… არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ თოკი გადავჭერი… სახეზე ხელი შემოვარტყი და მოვასულიერე. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და პოლიციაც“, – გვეუბნება 40 წლის ნონა, რომელმაც სიღარიბისგან სასოწარკვეთილი მეუღლე იმ ღამით ბეწვზე გადაარჩინა.

მეორე დღეს კი, საავადმყოფოდან დაბრუნებულს სოციალური დახმარების სააგენტოსგან დატოვებული შეტყობინების ფურცელი დახვდა – რომ სახელმწიფო მათ ოჯახს სოციალური დახმარების დანიშვნაზე და უფასო სასადილოზე ისევ უარს ეუბნება.

სახელმწიფომ ამ ოჯახს შემწეობა გასული წლის ზაფხულიდან შეუწყვიტა. ოჯახში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა ამის შემდეგ კიდევ გაუარესდა.

ცოლ-ქმარი ბათუმში, ერთ ძველ, ნახევრად მორყეული სახლის ორ ოთახში ცხოვრობს 7 წლის შშმ შვილთან ერთად.

მძიმე სოციალური ფონი სახლის ყველა კუნჭულიდან გიყურებს. ბაწრით დამაგრებული, გატეხილი მინა, დაბზარული კედლები, მორყეული და ნახევრად ჩავარდნილი იატაკი, თითქმის ცარიელი მაცივარი, სადაც რამდენიმე ქილაში ჯერ კიდევ შემორჩენილია საკვების ნამცეცები და ისიც იმიტომ, რომ ოჯახის ერთი ახლობელი დროებით მათთან ერთად ცხოვრობს. ამიტომ მშიერ ოჯახს საკუთარ ლუკმას უყოფს ჯერჯერობით.

მეუღლისგან განსხვავებით, ნონა ცდილობს არ დაკარგოს იმედი, არ მიეცეს სასოწარკვეთას, რადგან როცა 7 წლის ბონდო სარეაბილიტაციო ცენტრიდან სახლში დაბრუნდება, შეძლოს რაღაც მაინც დაახვედროს საკვებად.

ახლაც იმაზე ფიქრობს, საიდან მოიტანოს დღეს პური, ისევ მაღაზიას მიაკითხოს და ვალს ვალი დაამატოს, თუ ათასგზის შეწუხებულ ახლობელ-ნათესავებს სთხოვოს ისევ დახმარება.

სახელმწიფომ ოჯახს ის მცირედი დახმარებაც შეუწყვიტა, რასაც ნონას შშმ შვილი იღებდა.

7 წლის ბონდოსთან ამჟამად სპეცმასწავლებელი მუშაობს

  • რატომ დატოვა სახელმწიფომ სამსულიანი ოჯახი ულუკმაპუროდ?

„ცოტა ხნის წინ დედამთილი გარდამეცვალა და მე თვითონ მივედი სააგენტოში. ვიკითხე, ხომ არ შეუწყდება ამის გამო ჩემს შვილს დახმარება-მეთქი. მითხრეს, რომ მოვიდოდნენ და გადაგვამოწმებდნენ“, – გვეუბნება ნონა.

კანონის მიხედვით, თუ სოციალური შემწეობის მიმღებ ოჯახში რაიმე იცვლება – მაგალითად, ბავშვის დაბადება, ოჯახის წევრის გარდაცვალება, მისამართის შეცვლა და სხვა, სახელმწიფომ ოჯახის სოციალური მდგომარეობა ხელმეორედ უნდა გადაამოწმოს.

„მოვიდნენ, გადაგვამოწმეს და დახმარება შეგვიწყვიტეს. სარეიტინგო ქულა კი იმაზე გაცილებით მაღალი დაგვიწერეს, რაც მანამდე გვქონდა. არ ვიცი, რატომ.

გვითხრეს, რომ თურმე ჩემს ქმარს მიწა და სახლი აქვს სოფელში და ეს იყო მიზეზი, მაგრამ ეს არ იყო ახალი ამბავი სახელმწიფოსთვის, რადგან ეს ყველაფერი ჩემი დედამთილის სახელზე იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემს მეუღლეს არც კი გადმოუფორმებია უსახსრობის გამო.

ამიტომ რატომ გახდა ეს მიწა სოციალური დახმარების შეჩერების მიზეზი, არ ვიცი. ეს ქონება, სოციალურ შემწეობას როცა ვიღებდი, მაშინაც ფიგურირებდა ჩემი დედამთილის სახელზე.

მიწა გაქვთო, რომ გვეუბნებიან, მიწას ხომ ვერ შევჭამთ? მიწას დამუშავება ხომ უნდა. მე და ჩემს მეუღლეს ფიზიკური შრომა არ შეგვიძლია. რომც შეგვეძლოს, მაინც ვერ ვიცხოვრებდით სოფელში, რადგან იქ ვერ მოვახერხებთ შვილის გამოკვებას და მკურნალობას. ჩვენი შვილი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა და წლებია ვცდილობთ მის გადარჩენას.

ოთახი, სადაც ნონა შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს

მძიმე დაავადება ჰქონდა, ვერ ჭამდა, ვერ ლაპარაკობდა. რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა და ახლაც ყოველ წელს სჭირდება გამოკვლევები და ექიმის მეთვალყურეობა.

ვერც სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვას ვახერხებდით სოფელში. ბოლო პერიოდია, რაც ლოგოპედთან დაგვყავს და ძლივს დაიწყო საუბარი და ჭამა. ახლაც სპეცმასწავლებელი მუშაობს მასთან.

იმუნიტეტი დაბალი აქვს, ხშირად ცივდება. სჭირდება ფსიქოლოგის დახმარებაც.

ახლაც თბილისშია წასაყვანი გამოკვლევებზე, მაგრამ ვერ ვახერხებთ უფულობის გამო“, – გვეუბნება ნონა.

მისი შვილი სახელმწიფო შემწეობის ფარგლებში 200 ლარს იღებდა თვეში, ახლა ეს დახმარებაც შეუჩერეს. მანამდე კი დედამთილის ავადმყოფობის გამო, რომელსაც მძიმე სენი ჰქონდა,  ოჯახს ეს დახმარებაც წინსწრებით ჰქონდა გამოტანილი.

„როცა ჩემს შვილს ოპერაცია დასჭირდა, ხან ვინ დაგვეხმარა და ხან ვინ. სოციალურ ქსელებშიც ვითხოვდი დახმარებას. საკვების ფულსაც მირიცხავდნენ ხოლმე, რადგან 200 ლარი საკმარისი არ არის ბავშვის გამოკვებისთვის. ისეა გაძვირებული ცხოვრება, ასი ლარი 10 ლარს უდრის. ბავშვს კი უამრავი საჭიროება აქვს“, – ამბობს ნონა.

მის მეუღლეს ბანკის ვალიც აქვს. ამბობს, რომ 400 ლარი იყო ბოლოს შესატანი, მაგრამ ვერ შეიტანეს და ჯარიმებიც დაემატათ. „გვემუქრებოდნენ, სახლს დაგიყადაღებთო და ამასაც ძალიან განვიცდიდით“-ამბობს ნონა. 

ნონას ვალი აქვს საავადმყოფოშიც, სადაც ბავშვი ეწვა რამდენიმე დღით, თუმცა მკურნალობის საფასურის გადახდა ვერ შეძლო.

„როცა სტატუსი გვქონდა, სოციალური სასადილოთი ვსარგებლობდით და ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იყო. საახალწლოდ ვეღარ ავიღეთ საკვები. იქ ვინც გვიცნობდა, სთხოვეს სასადილოს ხელმძღვანელს, ცოდვა არიან, იქნებ ერთი-ორი ცალი კანფეტი მაინც გაატანოთ ბავშვისთვისო. ასე გამოგვიშვეს იქიდან.

ზაფხულიდან მოყოლებული გაზი გათიშული მქონდა. ვერც შუქის გადასახადს ვიხდიდი. ამ ზამთარში ბავშვი სიცივეში მყავდა და სულ გაცივებული იყო. ახლობელმა ნახა, რომ გაზი არ გვქონდა და დავალიანება დაგვიფარა. რამდენიმე დღეა, რაც ოთახი გათბა, მაგრამ რა ვქნათ მომდევნო თვეში? პატარა ბავშვი მშიერი და გაყინული უნდა მყავდეს?“ – ეკითხება ნონა სახელმწიფოს.

ნონას სახლში ფანჯრები ძველია, მინები – ჩამტვრეული

ნონას მეუღლესაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. როგორც ქალი ამბობს, ამის გამო მას მძიმე სამუშაოს შესრულება არ შეუძლია. „ბოლო პერიოდში ახლობელი დაგვეხმარა და რაღაც სამუშაო გამოუძებნა. 600-700 ლარი შემოგვდიოდა ოჯახში ერთჯერადად, თუმცა ესეც არ იყო საკმარისი ვალების გამო.

მეც ანემია მაქვს, მკურნალობა მესაჭიროება, მაგრამ ვერ ვახერხებ. ვცდილობ, თუ რამე შემოვა ოჯახში, ისევ ჩემს შვილს მოვახმარო“, – ამბობს ნონა.

2024 წლის თებერვალში ნონას ოჯახი სახელმწიფომ 103 580 ქულით შეაფასა.

ეს მაშინ, როცა სოციალურ სააგენტოს კითხვები გაუჩნდა იმაზე, თუ რატომ ვერ იხდიდა ის კომუნალურ გადასახადებს. ანუ სახელმწიფო ხედავდა, რომ ოჯახი ვერც გაზის თანხას იხდიდა და ვერც შუქის.

დედამთილის გარდაცვალებით კი ოჯახს შემოსავალი კიდევ შეუმცირდა, რადგან შეწყდა მისი პენსია, რომელსაც ოჯახი სხვადასხვა საჭიროებისთვის იყენებდა.

ოჯახს უფიქსირდებოდა საბანკო და სხვა დავალიანებებიც, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე  სახელმწიფომ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ოჯახის სარეიტინგო ქულა გაეზარდა და სიღარიბეში მყოფი სამი დაუცველი ადამიანისთვის დახმარება შეეწყვიტა.

სარეიტინგო ფურცლის მიხედვით, სადაც ოჯახის გადამოწმების თარიღებია მითითებული, სახელმწიფოს დაფიქსირებული აქვს ფინანსური შემოსავლები, რომელიც ნონას თქმით, ის თანხებია, რომელსაც მისი შვილი სახელმწიფო დახმარების ფარგლებში იღებდა, შვიდ თვეში 1400 ლარი.

„ამით როგორ უნდა ეარსება ოჯახს? ახლა კი ესეც აღარ გვაქვს“, – ამბობს ნონა.

მისთვის გაუგებარია, თუ რა ნიშნით უზრდიდა სახელმწიფო მას სარეიტინგო ქულას, როცა ოჯახის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა წლიდან წლამდე.

ნონას სოციალური რეიტინგის ქულა წლების მიხედვით:

  • 2018 – 56 440
  • 2019 – 61 840
  • 2023 – 87 720
  • 2024 – 103 580

„მართლა ვერ ვხვდები, არ მესმის, რის საფუძველზე გაზარდეს ქულები“ – ამბობს ნონა.

რა იქნება ახლა? – ვეკითხებით მას.

„არ ვიცი. ისევ ახლობლებს უნდა ვთხოვო დახმარება, მაგრამ როდემდე?

ჩემი მეუღლე ისევ კლინიკაში წევს. მძიმე მდგომარეობა აქვს. არ ვიცი, როდის გამოწერენ. ისიც არ ვიცი, ისევ შეძლებს თუ არა მუშაობას. ვნახოთ“, – ამბობს ნონა და გაჰყურებს ცივი და ძველი ოთახის მინაჩამტვრეულ კარს, რომლის ზედა ნაწილს ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს დანით გადაჭრილი ბაწრის ნარჩენი, რომლითაც მისმა მეუღლემ რამდენიმე დღის წინ სუიციდი სცადა.

იმისათვის, რომ უკიდურესად ღარიბი ოჯახები ეგრეთ წოდებულ გადამოწმების პერიოდში ან შემდეგ, სისტემური ხარვეზების გამო არ აღმოჩნდნენ ნონას ოჯახის მსგავს მდგომარეობაში, აუცილებელია მუნიციპალურ დონეზე მოქმედებდეს სასწრაფო დახმარების პროგრამები – ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, მკვლევარი, მარიამ ჯანიაშვილი.

მარიამი მიიჩნევს, რომ ქულათა მინიჭების სისტემა პრობლემურ. ზოგადად, პრობლემაა ოჯახების გადამოწმების პროცედურა, რადგან დროშია გაწელილი და ადამიანები რჩებიან ყოველგვარი სერვისების და შემწეობის გარეშე, რაზეც აღნიშნული ისტორიაც მეტყველებს.

„ადამიანს, რომელსაც არ აქვს საკვები სახლში, ვერ ეტყვი – „მოდით დამელოდეთ“ ორი ან თუნდაც ერთი თვე. როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი, როცა სხვა შემოსავალი არ აქვს? მით უმეტეს, როცა ოჯახში არიან ბავშვები, შშმ პირები ან ხანდაზმულები.

ქულების დათვლის ელექტრონული სისტემა ვერასოდეს იქნება უნაკლო, ადამიანის სიღარიბის რეალური მდგომარეობა რომ ასახოს სიზუსტით. ამიტომ, მეთოდოლოგიის არასენსიტიურობის გამო შეიძლება სისტემაში ვერ მოხვდნენ ისეთი ადამიანები, ვისაც რეალურად აქვს პრობლემა.

თუ სისტემაში დავაფიქსირებთ, რომ ესა თუ ის ოჯახი ფლობს, მაგალითად, მიწას სოფელში, ისევე როგორც ნონას შემთხვევაში, სისტემამ ეს შეიძლება აღიქვას პოზიტიურად, რადგან ის ვერ შეაფასებს, რა ხდება რეალურად ამ მიწაზე, შეუძლია თუ არა ოჯახს მისი დამუშავება, გამოყენება და აქედან ეკონომიკური სარგებლის მიღება.

სისტემა აღიქვამს იმას, რამდენი აქვს კომუნალურებში გადახდილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ ვერ აღიქვამს იმას, ოჯახმა სესხი აიღო, ნათესავმა გადაუხადა თუ შემოსავლები ჰქონდა.

სისტემა ხედავს, რომ ადამიანს სახლში აქვს პარკეტი და ამას ენიჭება ქულა, მაშინ, როცა ეს პარკეტი შეიძლება იყოს ძველი და შელახული. ამიტომ არის პრობლემა ეს მეთოდოლოგიური გამოწვევები“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

მარიამ ჯანიაშვილი. მკვლევარი

მისი თქმით, ან სისტემა უნდა შევცვალოთ, ან სულ იქნება ასეთი შეცდომები. სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ ადამიანები მინიმალური მხარდაჭერის გარეშე არ დარჩნენ სიღარიბეში.

„ქულათა მინიჭების ეს სისტემა იმიტომ არის პრობლემური, რომ ამაზეა მიბმული ყველა სოციალური სერვისი, მათ შორის მუნიციპალური სასადილოს სერვისიც. თუ სისტემა მაღალ ქულას მიანიჭებს ოჯახს, ეს ოჯახი ყველა სოციალური სერვისის გარეშე რჩება.

საერთაშორისო დონეზე ამბობენ, რომ სოციალური დაცვა უნდა იყოს უნივერსალური და რაღაც შეფერხებების თუ ოჯახების გადამოწმების პროცესში უნდა მუშაობდეს ე.წ. სასწრაფო დახმარების სერვისები, რომ ადამიანები არ დარჩნენ საარსებო მინიმუმის გარეშე“, – ამბობს მარიამი.

რა არის სასწრაფოდ გადასახედი და შესაცვლელი სახელმწიფოს სოციალურ პოლიტიკაში? – მარიამ ჯანიაშვილის თქმით, უნდა ვილაპარაკოთ იმაზეც, როგორია სოციალური სერვისები როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე.

„ხშირად, ყველა სოციალური სერვისი თავმოყრილია ცენტრში და მუნიციპალურ დონეზე ადამიანებს არ შეუძლიათ სარგებლობა. თუნდაც იგივე სასადილოს სერვისის მიღება.

საარსებო შემწეობას, ჩვენ რამდენიმე კვლევა მივუძღვნით. ერთი მხრივ საკმაოდ შემაშფოთებელი ის რიცხვები, რომელიც დაკავშირებულია საარსებო შემწეობასთან. 1 მილიონ 200 000-ზე მეტი ადამიანია სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, 600 000-ზე მეტი ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს – ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ადამიანი ითხოვს გარკვეული სახის სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან.

ყველაზე პრობლემურია ის, რომ ადამიანები თვიდან თვემდე იღებენ ძალიან მწირ ფულად დახმარებას. 16 წელს ზემოთ 30-დან 60 ლარამდე (გააჩნია რა ქულას აიღებენ), რაც მინიმალურადაც კი ვერ უზრუნველყოფს საჭიროებებს, რადგან ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმზე – 255 ლარზე ნაკლებ თანხას იღებენ.

ადამიანმა როგორ უნდა იარსებოს ამით? როგორ შეიძლება ადამიანი გადარჩეს თვეში 30-60 ლარამდე დახმარებით.

ბოლო წლებში შედარებით გაიზარდა ბავშვებზე დახმარება და თვეში 200 ლარი გახდა, თუმცა ესეც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

მისი თქმით, სოციალური სისტემის არაეფექტურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ადამიანები, რომლებიც წლებია სარგებლობენ სახელმწიფო შემწეობით, ვერ ამოდიან სიღარიბიდან.

„ეს ძალიან კარგად ჩანს სტატისტიკაში. საარსებო შემწეობის მიმღებთა 47%-ი, 5 წელზე მეტია იღებს სახელმწიფო შემწეობას. არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც 11-15 წლის განმავლობაში იღებენ დახმარებას. ეს ძალიან შემაშფოთებელია და მიუთითებს იმაზე, რომ ეს სისტემა ამ ადამიანების ეკონომიკურ გაძლიერებას ვერ უზრუნველყოფს.

ამიტომ, ამ ადამიანების მხარდამჭერი სისტემები გადასახედია.

ის, რაც არის, მაგალითად, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა, ესეც ბევრ კითხვას და ბუნდოვანებას აჩენს, რადგან არსად წერია, რა კრიტერიუმებით ხვდებიან ადამიანები ამ პროგრამაში, ყველას ასაქმებენ თუ არა და რამდენი ხანი იარსებებს ეს პროგრამა.

რა იქნება შემდეგ, როცა ეს პროგრამა დასრულდება, იქნებიან კი ეს ოჯახები ეკონომიკურად უფრო ძლიერი, ვიდრე მანამდე?

სჯობდა, ეს ადამიანები ეკონომიკურად გააქტიურებულიყვნენ, თუმცა დასაქმების ეს პროგრამა არ ითვალისწინებს იმას, რომ ვთქვათ პროფესიულად გადაამზადონ ადამიანები. ასევე, პროგრამა ნაკლებადაა გათვლილი შშმ პირების დასაქმებასა და იმ ბარიერების დაძლევაზე, რასაც ისინი აწყდებიან არსებულ გარემოში“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: