მთავარი,სიახლეები

პუტინი უკან ვეღარ დაიხევს, ანუ რა ხდება უკრაინაში ომის 2 წლის თავზე – ინტერვიუ გენერალთან

20.02.2024 • 4006
პუტინი უკან ვეღარ დაიხევს, ანუ რა ხდება უკრაინაში ომის 2 წლის თავზე – ინტერვიუ გენერალთან

„უკრაინა ძირითადად გადასულია მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე. ამ გამოფიტვას ემსახურება ასეთი მცირე წარმატებებიც, რაც რუსეთს ძალიან დიდი ფასი უჯდება: ცოცხალი ძალა, სხვა დანაკარგები. მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთს რესურსები ბევრად მეტი აქვს, ვიდრე უკრაინას. განსაკუთრებით ცოცხალ ძალაზეა ლაპარაკი,“ – დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი გიორგი სურმავა, რომელსაც ვკითხეთ, რა ჩანს მისთვის ამ გადასახედიდან, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკვე 2 წელი გადის.

გიორგი სურმავას აზრით, უკან დასახევი ამ ომში არც ერთ მონაწილეს არ აქვს, მათ შორის, დასავლეთს, რადგან მკაფიოა რუსეთის საფრთხის მასშტაბი. გენერლის აზრით, გადამწყვეტი ამ ომში რესურსებია და ამ რესურსების უკრაინისთვის დროული მიწოდება.

„ეს აღჭურვილობა და ტექნიკა უკრაინას უნდა მიაწოდონ დროულად, ვიდრე ადამიანური რესურსები აქვს უკრაინას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ბრიგადის გადამდგარ გენერალთან, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილე გიორგი სურმავასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო გიორგი, რა სურათი გვაქვს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2 წლისთავზე? „ფრონტის რამდენიმე უბანზე სიტუაცია უკიდურესად რთულია“, – განაცხადა 19 თებერვალს ზელენსკიმ.

2 წელი პატარა დრო არ არის – „დიდი სამამულო ომი“ სულ 4 წელი გაგრძელდა და ამდენი ხანი მაგაზე ვლაპარაკობთ.

თავდაპირველად რუსეთს გარკვეული წარმატება კი ჰქონდა, განსაკუთრებით ყირიმის  მიმართულებაზე, თუმცა შემდეგ, გაზაფხულის ბოლოსთვის, უკრაინელებმა ხერსონის ოლქი დაიბრუნეს, დნეპრის ზღუდეზე გავიდნენ. ჩრდილოეთის მიმართულებიდან რუსები თავად გავიდნენ, მაგრამ ტყუილად ხომ არა? – იგრძნეს საფრთხე და წარუმატებლობა.

მთლიანობაში რაც დაკარგეს უკრაინელებმა ამ ომის დაწყებიდან, დაახლოებით 50 პროცენტი დაიბრუნეს უკან.

ბოლო მოვლენებს რაც შეეხება, ავდიივკას მიმართულებაზე წარმატება ჰქონდათ რუსებს, მაგრამ ავდიივკა, როგორც ქალაქი, არ არის ისეთი წერტილი, რომელიც გარკვეული კომუნიკაციის გადამჭრელია, ამას ვერ ჩავთვლით ძალიან დიდ მიღწევად.

რა თქმა უნდა, ყველა დანაკარგი მტკივნეულია. ეს უფრო პოლიტიკური საკითხი იყო რუსეთისთვის, როგორც ბახმუტი, სადაც შეალიეს ამდენი ცოცხალი ძალა, ტექნიკა, დრო.

  • 2023 წლის ოქტომბრიდან ცდილობდა რუსეთი ავდიივკას ხელში ჩაგდებას, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, სულ მცირე 400 ტანკი და სხვა ტექნიკა დაკარგა ამისთვის რუსეთმა. რა გამოჩნდა ამ ბრძოლაში? 

დიახ, ძალიან ბევრი დახარჯეს რუსებმა. ბახმუტი აიღეს დაახლოებით 8 თვეში. ამდენი თვის განმავლობაში ასეთი პატარ-პატარა ქალაქების აღება დიდი ვერაფერი მიღწევაა რუსეთისთვის.

დონეცკის ოლქის საზღვარზე მაინც ვერ გადიან მხოლოდ ავდიივკით, თუმცა ჩვენ ხომ ბოლომდე რეალურ სურათს ვერ ვხედავთ. ბოლო მონაცემებით, რასაც აშშ-ს ომის შესწავლის ინსტიტუტი აქვეყნებს, უფრო ზაპოროჟიეს მიმართულებაზე მიდის ძალების გადაჯგუფება. მარინკაში აქამდეც მიდიოდა ბრძოლები და გაგრძელდება ალბათ, მაგრამ ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაისროლეს ახლა სადღაც 50 ათასიანი დანაყოფი. 50 ათასი კაცი არის 4 დივიზია. არა მგონია, რომ ამხელა ძალის გადაჯგუფება ხდებოდეს მხოლოდ კონტრპასუხისთვის. შეიძლება, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე იყოს შეტევა. ეს მალე გამოჩნდება.

  • სამხრეთის მიმართულებაზე უკრაინელებმა შეძლეს პლაცდარმის შექმნა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ეს ამას უკავშირდება? 

ეს პლაცდარმი ძალიან პატარაა, მას ვერაფერში გამოიყენებ, თუ არ გააგრძელებ მის მოწყობას და ვერ გააფართოვებ. რომ მოინდომოს მოწინააღმდეგემ, ის პლაცდარმი არის ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ, არაფერი განსაკუთრებული ძალისხმევა არ უნდოდა მაგის განადგურებას. კომუნიკაცია ძნელია: ნავებით მიჰქონდათ საბრძოლო მასალები და გადმოჰქონდათ, ვერ დაასაწყობებ და თავს ვერ მოუყრი, პატარა ტერიტორიაა და, ფაქტობრივად, ცეცხლის ქვეშ ხარ. თუ კონცენტრაცია მაღალი იქნება – შეიარაღების, ან ტექნიკის, გინდა ცოცხალი ძალის – იოლი გასანადგურებელია.

  • რის მიღწევას ცდილობს ამჯერად რუსეთი? რას იგებს პოლიტიკურად, როცა ამბობს, რომ მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმია ჰყავს და რამდენიმე თვეს ანდომებს პატარა ქალაქების აღებას? 

ეს წარმატებები უფრო შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი, რომლის დიდი ნაწილი მოკლებულია სხვა, რეალურ ინფორმაციას. ტელევიზია კი, რუსეთში მხოლოდ იმას აცხადებს, რაც პუტინს აწყობს – ავდიივკა შეიძლება გამოცხადებულია ვაშინგტონის დონის ქალაქად და ეუბნებიან ხალხს, აი, ავიღეთ ავდიივკაო. რუსეთის შიგნით ეს შეიძლება გაიყიდოს, როგორც ძალიან დიდი წარმატება.

უკრაინა ძირითადად გადასულია მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე. ამ გამოფიტვას ემსახურება ასეთი მცირე წარმატებებიც, რაც რუსებს ძალიან დიდი ფასი უჯდებათ: ცოცხალი ძალა, სხვა დანაკარგები. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთს რესურსები ბევრად მეტი აქვს, ვიდრე უკრაინას. განსაკუთრებით ცოცხალ ძალა. უკრაინას უფრო ადრე ამოეწურება ეს რესურსები, ვიდრე რუსეთს. კრიტიკულ წერტილამდე უკრაინა უფრო მალე მივა, თუ არ შეიცვალა რამე.

  • საითკენ მიდის პროცესი? რამდენად ელოდებით სტრატეგიულ ცვლილებას უკრაინის ახალი მთავარსარდლის, სირსკის პირობებში?

მთავარსარდლები და სარდლები ნაკლებად ცვლიან სტრატეგიას. ნაკლებად ველი ცვლილებებს სტრატეგიულ მიდგომებში. რესურსებზეა ყველაფერი დამოკიდებული. ეს ყოველთვის ასეა. თავიდან უკრაინას მიაწოდეს საცეცხლე და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და გამოიღონ ამან შედეგი ხარკოვის და ხერსონის მიმართულებებზე. შემდეგი ეტაპი იყო „ჰაიმარსის“ რაკეტების მიწოდება და ამანაც შედეგი გამოიღო. ბევრი კი არ მიუციათ, სულ 4 ერთეული მისცეს, მაგრამ „ჰაიმარსი“ უკვე სწვდებოდა ვერტმფრენების მოქმედების რადიუსს და იძულებულები გახდნენ, გაეყვანათ.

შემდეგი ეტაპია F-16. გასულ წელს იყო ლაპარაკი, რომ ამ დროისთვის უკვე უკრაინას უნდა ჰქონოდა F-16. ამბობენ, რომ ივნისისთვის იქნება. ავდიივკის შემთხვევაში დიდი როლი ითამაშა რუსების ავიაციამ. F-16 თუ გამოჩნდა, კიდევ ერთი გარდატეხა იქნება, რომ თვითმფრინავები ამ მანძილზე ვერ მიუახლოვდებიან ობიექტებს.

  • ამ დროს, როცა უკრაინა პარტნიორებისგან F 16-ს ელოდება, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები როგორ გამოიყურება?ესპანეთში მოკლული იპოვეს რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელმაც წინა წელს ვერტმფრენი „მი-8“ მოიპარა და უკრაინას გადასცა. უკრაინელებმა რუსების 337 სამხედრო თვითმფრინავი 325 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.  

ეს მონაცემები ალბათ ცოტა გაზვიადებულია, თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენი დარჩა რუსეთს. რაც დარჩა რუსეთს, ამით დიდი უპირატესობა აქვთ, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი კუთხით.

რუსებს უმეტესობა აქვთ სუ-35, სუ-34, ნაკლები აქვთ სუ-24 და სუ-25. უკრაინელებს კი, სულ ეს აქვთ. შესაბამისად, რუსებს ჯერ კიდევ საგრძნობი უპირატესობა აქვთ ჰაერში. ამის განეიტრალება შეიძლება, როგორც მრავალფუნქციური თვითმფრინავებით, რაც, პირველ რიგში, გამანადგურებელია. რუსეთის ამ უპირატესობის განეიტრალება თუ არ მოხდება, ძალიან გაუჭირდება უკრაინას.

  • რამდენად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ უკრაინამ საკუთარი სამხედრო მრეწველობა შექმნას? ბოლო მონაცემებით 33 კომპანია გადაამზადა ამისთვის.

არის ამის რესურსი, მაგრამ უფრო იმ საშუალებების, რაც ნაკლებ რესურსს მოითხოვს. თვითმფრინავების დამზადებას ასე უცებ ვერ დაიწყებს უკრაინა, რაც დღეს ასე სჭირდება. უკრაინაში პერსპექტიულია დღეს დრონების და უპილოტოების წარმოება, როგორც წყალზედა, ისე წყალქვეშა. ამას აწარმოებენ კიდეც, მაგრამ უნდა გაიზარდონ წარმოება. ასევე, უნდა აწარმოებდნენ დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს.

მნიშვნელოვანია დასავლეთიდან მიღებული სამხედრო საშუალებების მომსახურების შექმნა, რაც ამ დრომდე პრობლემაა. მაგალითად, „ლეოპარდები“ რაც გამოდის მწყობრიდან და რემონტი სჭირდება, მიჰყავთ უკან გერმანიაში. ამაში ძალიან დიდი დრო და რესურსი იხარჯება.

  • რამდენად ჩანს სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ ისინი ნაკლებად ემხრობიან კონტრშეტევას და მხარს უჭერენ ე.წ. სიღრმისეულ თავდაცვას, ანუ კონფლიქტის გაყინვას იმ პირობებში, როცა უკრაინის უმთავრეს მიზნად რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ტერიტორიის დაბრუნება?

პირიქით იყო შარშან, როცა დასავლეთში მოლოდინი ძალიან დიდი იყო უკრაინის მხრიდან კონტრშეტევაზე, მაგრამ კონტრშეტევა შესაბამისი საცეცხლე უზრუნველყოფის გარეშე, არის პირადი შემადგენლობის ძალიან დიდი დანაკარგი. ამ მოცემულობაში განწირული ხარ წარუმატებლობისთვის.

ჩემი აზრით, დასავლეთში ყველა თავის ელექტორატზე მუშაობს და პრობლემად აღიქვამენ უკვე არა ომს უკრაინაში, არამედ პერსპექტივას: მსგავსი რამ რუსეთმა სხვა ქვეყანასთან ვეღარ შეძლოს.

  • დასავლეთში, მათ შორის, მაგალითად, გერმანიის თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს რუსეთი რამდენიმე წელში ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას რომ დაესხას თავს. რა სტრატეგიული მიდგომა ჩანს დასავლეთის მხრიდან: როგორ წარმოუდგენიათ რუსეთის დამარცხება ამ ომში?

ეს არის რუსეთის დასუსტების გზა უკრაინაში, მისი გამოფიტვა. დასუსტება მოიცავს, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური სანქციების გატარებას. რუსეთის პოლიტიკური რესურსები დაყვანილია მინიმუმამდე და ურთიერთობა აქვთ ძალიან ოდიოზურ ქვეყნებთან, დიდი ქვეყნებიდან ნეიტრალურ სტატუსს ინარჩუნებენ მხოლოდ ჩინეთი და ინდოეთი. ვიცით ასევე, რომ ჩინეთზე აქვს გავლენა აშშ-ს.

ინფორმაციული ბერკეტი რუსეთს აქვს მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე, გარეთ ის სრულიად შეზღუდულია. ეს ოთხი ინსტრუმენტი მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ: დიპლომატია, ინფორმაცია, სამხედრო და ეკონომიკა. მთავარია, ამ ინსტრუმენტების ეფექტურად ამოქმედება.

  • რა შემთხვევაში იმოქმედებს ეს მიდგომა უფრო ეფექტურად? 

უკრაინას უნდა დაეხმარონ დროულად, რომ მისი საშუალებით მოხერხდეს რუსეთის დასუსტება… დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკოსების ამოცანაა მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ რუსეთი მათთვისაც საფრთხეა. ელექტორატისთვის ცოტა ძნელად ასახსნელია, რატომ გაძვირდა, მაგალითად, გაზი ახლა, რადგან რუსეთი 10 წლის შემდეგ შეიძლება ჩვენც დაგვესხას თავს.

ამერიკაშიც რესპუბლიკელებს არჩევნების მოგება უნდათ და ამიტომ სჭირდებათ ეს ყველაფერი, თორემ რუსეთი კი არ უყვართ. რესპუბლიკელები ყოველთვის უფრო მეტად ანტირუსული და ანტისაბჭოთა პოლიტიკური ძალა იყო,  ვიდრე დემოკრატები, მაგრამ დღეს პირიქით – ხელს უშლიან დახმარების გამოყოფას.

გადაგორდება ეს არჩევნები და ჩვეული რეჟიმი დაბრუნდება, მაგრამ ეს აყოვნებს პროცესს. თანაც, დასავლეთის ქვეყნებში რთულია გადაწყვეტილებების მიღება: აქ ხომ ერთი კაცი არ იღებს გადაწყვეტილებას, საჭიროა კონგრესი თანხმობა და ასე შემდეგ. ამ პროცედურების გავლაში ბევრი დრო იხარჯება, დრო კი, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.

  • თქვენი აზრით, რაზე აქვს გათვლა პუტინს? – 2 წლის თავზეც ჩანს, რომ  არ გამოდის გათვლა უკრაინის მოსახლეობის გადაღლასა და დანებებაზე.

პუტინს უკან დაბრუნების წერტილი უკვე გავლილი აქვს. აშკარად მოჩანს, რომ უკან ვერ მობრუნდება. ახლა უკან დაბრუნება ნიშნავს, რომ ყველაფერს დაკარგავს. თუ უკრაინა ვერ მიიღებს დროულად დახმარებას, რუსეთი გაძლიერდება და ცხადია, საფრთხეა ყველასთვის. შესაბამისად, დასავლეთს და არცერთ მხარეს უკან დასახევი გზა აღარ აქვს.

  • რა მოკლა რუსეთში ნავალნის სიკვდილმა ამ საომარ მოცემულობაში? რამდენად შეიძლება ამ ამბავმა კიდევ უფრო შეამციროს რუსეთში სისხლისღვრის გაპროტესტების სურვილი? 

არა მგონია, ამან დიდი გავლენა მოახდინოს, რადგან პუტინის პირობებში რუსეთში არაფერი იცვლება, თუ არ იქნება დიდი გაჭირვება, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ნიკოლოზ მეორის დროს: 1916 წელს ზარ-ზეიმით შეხვდნენ, წარმატებული მონარქი იყო, ერთ წელში კი ოჯახიანად დაცხრილეს.

ნავალნის სიკვდილი არის გზავნილი, რომ ეს ადამიანი შეიძლება ყველაფერზე წავიდეს.

  • ამ გადასახედიდან, რამდენად ჩანს 2024 წელს ამ ომში გარდამტეხი პირობები გამოჩნდეს? 

ავიაციის კუთხით უკრაინის მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს აღჭურვილობა და ტექნიკა უკრაინას უნდა მიაწოდონ დროულად, ვიდრე ადამიანური რესურსები აქვს უკრაინას. ადამიანი იღლება, თანაც უკვე 2 წელია ომია, შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს ადამიანი.

კონტრდარტყმა რამდენად გამოვა, არ ვიცი, რადგან ყოველთვის ეს დიდ დანაკარგებთან არის დაკავშირებული. მაგრამ როგორც თავად უკრაინელები ამბობენ, ისინი უფრო მუშაობენ მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე. ეკონომიკური სანქციები მუშაობს ასევე რუსეთის დასუსტებაზე.

ამასობაში, შესაძლოა ყველაფერი მოხდეს – პუტინი გადაბრუნდეს და მოკვდეს.

მთავარი პრობლემა რესურსებია, რაც ამ გათვლებით დიდხანს ეყოფა რუსეთს, მაგრამ მან თუ წარუმატებლობა განიცადა უკრაინაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები რუსეთში.

ერთ მხარეს რესურსების კუთხით არის რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი, მეორე მხარეს – დასავლეთი. რამშტაინის ჯგუფი რომ ავიღოთ სამხედრო თვალსაზრისით, რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით დიდია რუსეთთან განსხვავება, ამ რესურსებმა უნდა მოიგოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინას თუ ეყოფა ადამიანური რესურსი. უკრაინა რუსეთისგან განსხვავებით მგრძნობიარეა ადამიანური დანაკარგების მიმართ. რუსეთის რომელიღაც პროვინციაში, მაგალითად, ცოლს ურჩევნია ქმარი ომში წავიდეს და ბენეფიტი მიიღოს. სხვა ხალხია რუსეთში. მთელი ქვეყანა ასეა, დიდ ქალაქებს თუ არ ჩავთვლით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: