მთავარი,რეკლამა,სიახლეები

რა ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან ქალები და მათ შორის შშმ პირები აჭარიდან – „მე მინდა ხელოვნება“

20.02.2024 • 8725
რა ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან ქალები და მათ შორის შშმ პირები აჭარიდან – „მე მინდა ხელოვნება“

6 სხვადასხვა გამოცდილების მქონე ქალი აჭარიდან ერთ სივრცეში თავიანთმა ნამუშევრებმა შეკრიბა. ბათუმში,  ჟორდანიას 4 ნომერში, სოციალურ კაფე „სოციუმში“ დაგხვდებათ აჭარაში მცხოვრებ ქალთა, მათ შორის შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტექნიკით დამზადებული დეკორატიული თუ ყოველდღიური მოხმარების ნივთები.

იზა, ნათია, თეონა, მარია, მზიური, ნათია – მათ 17 თებერვალს გამართულ პრეზენტაციაზე შევხვდით და ვთხოვეთ მოეყოლათ, თუ რატომ და როდის დაიწყეს ხელნაკეთი ნივთების შექმნით თავიანთი ემოციებისა და სათქმელის გამოხატვა.

იზა სამველიძე ბათუმიდანაა, ის კერამიკულ ნივთებს ამზადებს და სურს თავისი ხაზი განავითაროს:

იზა სამველიძე

„სტერეოტიპის დარღვევასავით გამომივიდა, რადგან გარკვეულ ასაკში კლიშეა, რომ თითქოს ვერ შეცვლი ცხოვრებას. მე ყოველთვის რევოლუციური განწყობით ვიყავი, სკოლაშიც კი და ჩემ თავს ვუთხარი, რომ ასე ერთფეროვანი ცხოვრება აღარ შეიძლება, მინდა ხელოვნება.

ბევრი ლოდინი აღარ მინდოდა, მსურდა ეგრევე დამეწყო ჩემი იდეების განვითარება და ასე მოვედი კერამიკაში. მიყვარს ხატვა და ეს დავაკავშირე კერამიკას. საბოლოოდ, ჩემი მიზანი და ოცნებაა მხატვრული კერამიკით ვიყო დაკავებული და მქონდეს საავტორო ნამუშევრები. აქ, „სოციუმში“ მოსვლით მაქვს ისეთი შთაბეჭდილება, რომ მოვხვდი ჩემიანებში, ჩემს გარემოში, სადაც გვაერთიანებს ერთი დიდი იდეა – შენი ნიჭი, იდეა გადმოსცე ხელნაკეთი ნივთების სახით“, – ამბობს იზა.

მარია დავითაძე შუახევიდანაა: „ბავშვობიდან მიყვარდა ქსოვა, ქარგვა.. დიდი ხანია ვმუშაობ ამ მიმართულებით. ასევე ვასწავლი ბავშვებს, ვმუშაობ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში, სადაც ბავშვები დაინტერესებულნი არიან ხელსაქმით. ვატარებთ გამოფენებსაც“.

მარია დავითაძე

„სოციუმში“ ასევე ნახავთ ნათია მელაძის ნაქსოვ ნივთებს, ის ხულოში ცხოვრობს: „ვარ მარტოხელა დედა, ორი შშმ სტატუსის მქონე შვილი მყავს. წამოვიწყე ქსოვა, რათა ჩემი შვილებისთვის შემოსავლის წყარო გამეჩინა. ჩემ მოქსოვილ ნივთებს ვყიდი როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე ფოსტითაც შემიძლია გაგზავნა. აჭარული ხელნაკეთი ნივთები მუდამ დაფასებულია და მიხარია, რომ ამ სივრცეში გამოიფინება“.

ნათია მელაძე

თეონა ლანჩავა ქედის რაიონში ცხოვრობს. ის ეპოქსიდის დახმარებით ამზადებს სხვადასხვა ფიგურასა და ნივთს: „დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც დავინტერესდი ამ მასალით, თავიდან სოციალურ ქსელში ვპოულობდი ნამუშევრების ფოტოებს, მერე უკვე თვითონ დავიწყე ნივთების დამზადება. სახლში, ძირითადად, ბავშვის აღზრდით ვარ დაკავებული და ეს ხელსაქმე ძალიან მეხმარება. ეპოქსიდი ორი ელემენტისგან შედგება, ცხრილის მიხედვით ვაზავებ და შემდეგ ვაძლევ სასურველ ფორმებს“.

თეონა ლანჩავა

„აქ ყოფნა სასიხარულოა. ვფიქრობ, მაღალმთიან აჭარაში ძალიან ბევრს სჭირდება ნივთების რეალიზაცია და ხელშეწყობა. ამ  მხრივ ეს პროექტი ბევრს დაეხმარება და წარმატებულიც იქნება“, – ამბობს თეონა.

ნათია ნაგერვაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთიდანაა: „მას შემდეგ, რაც ტურიზმის განვითარებასთან ერთად ტრადიციული ხელსაქმე – რეწვა, აჭარული ნაქარგობა წინ წამოვიდა, ჩვენს სოფელშიც დაიწყო მათი ძიება, ვინც დაამზადებდა ისეთ ნივთებს, რომლებიც იქნებოდა ძველ, ტრადიციულ მოტივებზე და თანამედროვე აქსესუარებით. მივიღე ამ ინიციატივაში მონაწილეობა და გავხდი საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი. მქონდა ბევრი გამოფენაც“.

ნათია ნაგერვაძე

„შთაგონებას ვიღებ ძველი ნაკეთობებიდან, მცენარეებიდან. მაგალითად, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ვნახე მოჩუქურთმებული კარი, რომლის ორნამენტიც შემდგომში გადავიტანე ნაქარებში“, – ამბობს ნათია.

მზიური მელაძე

მზიური მელაძე ხულოს სოფელ ვაშლოვანში ცხოვრობს: „როცა ლამაზ ორნამენტს, სურათს ვხედავდი, ბავშვობიდან ნაქარგებში გადამქონდა. ქსოვას დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა თავიდან, შემდეგ, როცა მივხვდი, რომ ამით შემეძლო დამატებითი შემოსავლის წყარო გამეჩინა, უფრო მონდომებული გავხდი. ჩემი შვილი არის 8 წლის და მე რომ მხედავს, გაკვეთილების მომზადების შემდეგ თვითონაც ძაფი და საქსოვი ჩხირები უჭირავს. თუმცა მინდა, რომ ჯერ ისწავლოს, ხელსაქმის დრო მუდამ ექნება“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენელი ნინო დიასამიძე, რომელმაც ქალებს მაღალმთიანი აჭარიდან ხელსაქმისთვის საჭირო მასალები გადასცა საჩუქრად:

„ჩვენი კომპანია – „აჭარისწყალი ჯორჯია“ მხარს უჭერს ადგილობრივი ქალი მეწარმეების გაძლიერებას. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან ერთად განვახორციელეთ ადგილობრივი ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროექტი და დღევანდელი შეხვედრაც ერთგვარი გაგრძელებაა ამ ინიციატივისა. მოხარული ვარ და მინდა წარმატება ვუსურვო მონაწილეებს. იმედი მაქვს, რომ მსგავსი ღონისძიებები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს“, – გვითხრა ნინო დიასამიძემ.

ეს ღონისძიება სწორედ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

თავად პროექტი – „ქალთა, მათ შორის შშმ პირთა გაძლიერება“ ხორციელდება „პური მსოფლიოსთვის“ (bread for the world) ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებს. ორგანიზებას კი „მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი“ უწევს, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში დაფუძნდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ციალა ქათამიძის თქმით, ეს არ არის ერთჯერადი გამოფენა და სამომავლოდ დაგეგმილია უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები:

„ამ პროექტის და დღევანდელი ღონისძიების მიზანი არის ის, რომ ქალებს, მათ შორის შშმ პირებს, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ და არ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ნამუშევრები წარუდგინონ შედარებით ფართო საზოგადოებას, ვეხმარებით, ჰქონდეთ ხელმისაწვდომი, როგორც სოციალური ქსელები, ასევე სივრცე, სადაც განათავსებენ პროდუქციას და მოსინჯონ საკუთარი ძალები ამ სოციალურ-ეკონომიკურ მოცემულობაში. ვთვლით, რომ ქალების გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი სწორედ ეკონომიკური მდგრადობა და სტაბილურობაა.

ეს გამოფენა მეორედ ჩატარდა ამ სივრცეში, რომელსაც ჰქვია „სოციუმი“, მარტში ვგეგმავთ უფრო დიდ გამოფენა-გაყიდვას, რომლის მიზანია, როგორც ამ ქალებისა და შშმ პირების შესაძლებლობების ჩვენება, ასევე ბაზის შექმნა, რომელიც მათ მისცემთ სამომავლო კოლაბორაციის საშუალებას. შეიქმნება ასევე საიტი, სადაც მათი ნამუშევრები განთავსდება და გაიყიდება“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: