მთავარი,სიახლეები

„10 წევრიანი ოჯახი, სად წავიდეთ 350 ლარად?“ – რას ჰყვებიან ოჯახები, რომლებიც მეწყრის ზონებში რჩებიან

19.02.2024 • 4275
„10 წევრიანი ოჯახი, სად წავიდეთ 350 ლარად?“ – რას ჰყვებიან ოჯახები, რომლებიც მეწყრის ზონებში რჩებიან

„400-მდე ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. გეოლოგებმა დაასრულეს მუშაობა და მალე გვექნება დასკვნები, რომელთა საფუძველზეც ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას“, – ეს ინფორმაცია აჭარის მთავრობამ 2 დღის წინ გამოაქვეყნა.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ყველა ოჯახი, ვისი ერთადერთი საცხოვრებელიც მეწყერსაშიშ ზონაშია, მთავრობამ უკვე გაიყვანა, თუ ამ 400 ოჯახში არ შედიან ისინი, რომლებიც მთავრობამ ჯერ ვერ გაიყვანა? – ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი არ გვაქვს.

თუმცა ვიცით, რომ მეწყერსაშიშ ზონებში ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომლებიც ამბობენ, რომ ეშინიათ და „ღამეებს ათენებენ“. მაგრამ იმ ფასად, რაც მერიამ მათ უსაფრთხო საცხოვრებლის დასაქირავებლად შესთავაზა, ბინების პოვნა ვერ შეძლეს.

„მთავრობამ ქირის ფულს მოგცემთ 300 ლარს და გადითო, სად გავიდე-მეთქი, რომ ვეუბნები, ჩვენ არ ვიცითო. ათწევრიანი ოჯახი ვართ, სოფელ ოქტომბერში ვცხოვრობთ. დიახ, საშიშ ზონაში ვართ. გვეშინია, ღამეებს ვათენებთ, მაგრამ სახლში ვრჩებით. სად წავიდე 300 ლარად? თუ არის, მიქირავონ და წავალ“, – გვითხრა იმედა შერვაშიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

იმედა შერვაშიძის თქმით, ქედის მერიამ მას ბინის დაქირავება შესთავაზა იმ პირობით, რომ ბინა 10 -წევრიანი ოჯახისთვის 300 ლარად თავად უნდა იპოვოს, მერია კი ამ ხარჯს ბიუჯეტიდან დაფარავს.

იმედა ამბობს, რომ არათუ ამ ფასად, თავადაც რომ დაამატოს თანხა, ქედაში საქირავებელ ბინას მაინც ვერ იპოვის: „არ არის გასაქირავებელი ბინები ქედაში.“

იმედას თქმით, შესთავაზეს ასევე 50 000 ლარი კომპენსაციის სახით, თუ სახლს იყიდის, მაგრამ უსაფრთხო საცხოვრებელს ვერც ამ ფასად იპოვი და „მთავრობამ ესეც კარგად იცის“. ოჯახს კი დანაზოგი არ აქვს, რომ ამ თანხას დაამატოს და ასე შეიძინოს უსაფრთხო საცხოვრებელი, ამიტომაც ამბობს უარს ამ კომპენსაციის მიღებაზე.

„ისიც მიკვირს, რანაირია, როცა 2-წევრიან ოჯახსაც და ათწევრიანსაც 300 ლარს სთავაზობენ ბინის დასაქირავებლად. ეს სწორია?“

იმედას ვკითხეთ, ცუდი ამინდისა და შესაბამისი გაფრთხილების შემთხვევაში შეუძლია თუ არა თავი შეაფაროს ნათესავს ან მეზობელს, იციან თუ არა სოფლებში საფრთხისშემცველ ზონებში მცხოვრებლებმა ასეთი უსაფრთხო ადგილების შესახებ.

„20 მეზობელი მყავს, ოცივე ჩემ მდგომარეობაშია და ვისთან წავიდე“, – გვიპასუხა იმედა შერვაშიძემ. მისივე ინფორმაციით, იმავე მდგომარეობაშია სოფლის კიდევ ერთი უბანი, რომელსაც გოგინიძეებს ეძახიან:

„ნახევრად დაცლილია ის უბანი, ზოგს ადრე უქირავეს. ზოგი სხვაგან წავიდა.“

მოქალაქეებს კი, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონებში ცხოვრობდნენ და ბინების დაქირავება მოახერხეს, ამ დრომდე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენ ხანს მოუწევთ ქირით ცხოვრება და კონკრეტულად რა სახის მხარდაჭერას მიიღებენ მთავრობისგან.

მთავრობის ინფორმაციით, კომპენსაციების საკითხს განიხილავენ მას შემდეგ, როცა გეოლოგების დასკვნების გაცნობის საშუალება მიეცემათ.

„მალე გვექნება დასკვნები, რომელთა საფუძველზეც ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას“, – დაწერეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ფეისბუქის გვერდზე 2 დღის წინ.

საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცის, კომპენსირების რა ვერსიებზე მუშაობს სამთავრობო კომისია. მხოლოდ უსაფრთხო ადგილების დაქირავება განიხილება მათთვის, ვისი საცხოვრებელიც არამდგრად, სიცოცხლისათვის სახიფათო ზონაში მოექცევა, სოციალური სახლების აშენებას გეგმავენ, მთავრობის საბინაო ფონდის შეთავაზებას, თუ სხვა რამეს.

„დაითვლება ზარალი და მოხდება კომპენსაციების გაცემა. ამ ეტაპზე განხორციელდა მოსახლეობის ქირით გაყვანა“, – დამატებით მხოლოდ ეს განმარტება მივიღეთ დღეს, 19 თებერვალს, მთავრობის პრესსამსახურისგან.

დაზუსტებით არც ის ვიცით, რამდენმა ოჯახმა მოახერხა შეთავაზებულ ფასად სასურველი ფართობის დაქირავება.

ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებთა უსაფრთხო ადგილზე გასაყვანად ქირის სახით 500 ლარია განსაზღვრული და ამ დროისთვის ხელვაჩაურის სოფლებიდან 4 ოჯახი გაიყვანეს.

ლუკა დიასამიძის ინფორმაციით კი, რომლის სახლიც მეწყერსაშიშ ზონაშია, მთავრობა დაქირავებულ ფართობში 320 ლარის გადახდას დაუფინანსებს, 100 ლარს კი თავად დაამატებს.

„გადავედით უსაფრთხო ადგილზე, ბინა ვიქირავეთ. ქირის ნაწილს – 320 ლარს მერია იხდის, 100 ლარს მე ვამატებ“, – გვიყვება ლუკა დიასამიძე. სტიქიური მოვლენების დროს საკუთარ სახლთან ჩამოსულ მეწყერზე ვიდეოკადრები მან სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

ლუკას თქმით, მის საცხოვრებელთან დაკავშირებით გეოლოგიური დასკვნა ჯერ მზად არ არის, თუმცა უთხრეს, რომ „საშიშროებაა”, ამიტომაც უსაფრთხო ადგილზე გადავიდა, ბინა დაიქირავა.

ლუკას ინფორმაციით, მეწყრის მიერ ჩამოტანილი მასა ჯერ ისევ სახლის ეზოშია:

„იმ დონეზე გაწმინდეს, რომ მანქანა გამოსულიყო. ველოდებით, რომ ჩვენს ეზოსაც გაწმენდს ტექნიკა. ამ ეტაპზე მერიამ დაიქირავა ჩვენთვის ბინა. ჯერ არ მოსულა გეოლოგების დასკვნა, თუმცა ნათქვამი ჰქონდათ, რომ არის საშიშროება.“

ქედის მერიის პრესსამსახურში დაგვიზუსტეს, რომ მერია ბინების დასაქირავებლად მოქალაქეებს 350 ლარის გადახდას სთავაზობს. რა უნდა ქნან მათ, ვინც ამ ფასად საცხოვრებელს ვერ ქირაობს? – ამ თემაზე დღეს კითხვები ქედის მერს ვერ დავუსვით, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით დაგვიკავშირდა პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელმაც გვირჩია, მერიას წერილობით მივმართოთ.

ანალოგიური ვითარებაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ქედაში, შუახევში, ხულოში, ხელვაჩაურში მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრები ოჯახები შესაბამის დასკვნებსა და მერიის პასუხებს ჯერ ისევ ელიან.

მათ შორის რამდენიმე ოჯახი კი, როგორც თავად გვიყვებიან, მიუხედავად გაფრთხილებისა, კარგ ამინდში ისევ საკუთარ სახლში ცხოვრობს – წვიმიან ამინდში კი სახლს ტოვებენ და ნათესავთან მიდიან.

ლუკა დიასამიძის ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში მანამდე დარჩებიან, ვიდრე მთავრობა ქედაში სოციალურ სახლებს არ ააშენებს. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ სახიფათო ადგილებში მცხოვრებლებს სოციალურ სახლებში შესთავაზებენ ბინებს.

სტიქიის შემდეგ ქედაში რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სხდომაზე მერის დაბარებას ითხოვს ქედის საკრებულოს ოპოზიცია. ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის, დავით სირაბიძის ინფორმაციით, მათ მოთხოვნა დღეს, 19 თებერვალს, ოფიციალურად დაარეგისტრირეს.

„ჩვენ გვაინტერესებს, რამდენი ოჯახია რისკის ქვეშ და რამდენს სჭირდება დახმარება. ჩვენი ინიციატივაა ერთად ვიმსჯელოთ ბიუჯეტზე, რომ შევიდეს შესაბამისი ცვლილება. მართალია, ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გასწვდება იმ გამოწვევებს, რაც აქვს მუნიციპალიტეტს და საჭირო იქნება ტრანსფერი, მაგრამ შეიძლებოდა გადანაწილებით ოპტიმალური თანხის გამოთავისუფლება.“

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ფრაქციას მიმართეს მოქალაქეებმაც, რომლებსაც მერიიდან შესაბამისი დახმარება არ მიუღიათ.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში სტიქიამ სახლი დაანგრია, დაიღუპა ქალი.

დაღუპული ქალის ორი შვილი თავიანთი ოჯახებით სახელდახელოდ აშენებულ ქოხებში, „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას ელიან – მათ დაზუსტებით ჯერ არ იციან, რა კომპენსაცია ეკუთვნით და მიიღებენ თუ არა ოჯახის წევრის დაღუპვის გამო დახმარებას. ერთადერთი, რასაც თავად ვარაუდობენ არის ის, რომ შესაძლოა მიიღონ ბინები „ოცნების ქალაქში“  მთავრობის მიერ აშენებულ კორპუსებში.

„ბათუმელები“ ხვიჩა ბოლქვაძეს ტელეფონით ესაუბრა.

„ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ ასევე ისეთი ოჯახებიც, რომლებმაც სახელმწიფოსგან კომპენსაცია გასულ წლებში მიიღეს, თუმცა ამ კომპენსაციით მათ უსაფრთხო ადგილზე, ვერც ბათუმთან ახლოს და ვერც სოფლებში საკუთრების შეძენა ვერ შეძლეს. ამიტომაც სახელდახელოდ ააშენეს სახლები „ოცნების ქალაქში“ .

„ამ სახლებში ვცხოვრობთ ზამთარში, როცა მეწყერი აქტიურდება. ზაფხულში მიწის დასამუშავებლად ავდივართ. აბა რა უნდა ჭამო, ბავშვებს რა უნდა აჭამო?“ –  გვეუბნება ქალი სოფელ გელაძეებიდან.

ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სოფლიდან უსაფრთხო ადგილზე 56 ოჯახია გაყვანილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: