განათლება,მთავარი,სიახლეები

„შეწყვიტეთ ნერვების წვრთნა“ – რას წერენ სკოლის დირექტორობის კანდიდატები მინისტრს

19.02.2024 • 16330
„შეწყვიტეთ ნერვების წვრთნა“ – რას წერენ სკოლის დირექტორობის კანდიდატები მინისტრს

საჯარო სკოლის პედაგოგებმა განათლების მინისტრს წერილობით მიმართეს. ისინი სკოლებში დირექტორების არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს ბუნდოვანს უწოდებენ და მინისტრს დიალოგისკენ მოუწოდებენ.

„ბატონო მინისტრო, თქვენ ბრძანებთ, რომ პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზი არის ძველი, 2011 წლის დირექტორების შერჩევის წესი და შემოგვთავაზეთ ახალი წესი 15 თებერვალს. აცხადებთ, რომ ახალი წესი არანაირ სპეკულაციას არ გამოიწვევს. ახალ წესში გაცილებით მეტი ბუნდოვანებაა, ვიდრე ძველში იყო.

ჩვენ, განათლების დამცველთა ასოციაციამ, 17 თებერვალს, გავმართეთ კონფერენცია კონკურსების შესახებ სახელწოდებით – „ადამიანური რესურსების შერჩევა და განათლების მომავალი“.

პირადად გადმოგეცით მოსაწვევი თქვენ და სახალხო დამცველს. არცერთმა, არათუ არ მობრძანდით, წარმომადგენელიც კი არ გამოგზავნეთ“, – წერენ დირექტორობის კანდიდატები.

მათი განცხადებით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, არ სურს მოისმინოს სამართლიანად გაჩენილი კითხვები.

დირექტორობის კანდიდატებმა ხაზი გაუსვეს რამდენიმე პუნქტს, რის გამოც დირექტორების არჩევის ახალი წესი აჩენს კითხვებს და ბუნდოვანებას.

  • ბუნდოვანია, დირექტორობის კანდიდატის დეფინიცია, დირექტორობის კანდიდატი ხდები სურვილის გამოთქმისას
  • აქამდე არსებობდა ორი რეგისტრაცია, ერთი ტესტირებამდე, მეორე – სკოლებში ვაკანსიების გამოცხადებისას, როცა აპლიკანტი ირჩევდა სკოლებს. ახლა ერთი რეგისტრაციაა და როდის რეგისტრირდება უკვე სერტიფიცირებული აპლიკანტი, რა მიზანი გქონდათ ამ ცვლილებისას და რა გააუმჯობესა ამან? ბუნდოვანია და აგვიხსენით.
  • დავუშვათ, გაქვთ პასუხი და ორშაბათს იწყებთ რეგისტრაციას, სადაა ვაკანტური სკოლების ჩამონათვალი რეგისტრაციის დაწყებამდე, რომ აპლიკანტმა იფიქროს და შეარჩიოს სასურველი სკოლა?
  • გააუქმეთ პირველი გასაუბრება და მივესალმებით, მაგრამ სერტიფიკატიც გააუქმეთ? არსებობს ამ ეტაპზე სერტიფიკატის ცნება, თუ აღარ არსებობს? ეს ამ წესიდან არ ჩანს.
  • თუ ან გასაუბრება და ან სერტიფიკატი, ერთ-ერთი მაინც გააუქმეთ, მაშინ რატომ უნდა გაიაროს 2023 წელს გამოცდაჩაბარებულმა ტესტი? თუ თვლით, რომ ძველი წესია დამნაშავე, თუ თვლით, რომ ეს გასაუბრება ზედმეტი იყო, ჩვენ რომ დაგვბლოკეს და მოხსენით, ტესტი იმავე სირთულისა დატოვეთ, რას ემსახურება თავიდან ტესტირება? იმას ხომ არა, რომ ტესტირებაზევე შექმნით დაბლოკვის მექანიზმს?
  • თუ გასაუბრების ზედმეტობა აღიარეთ, გარდამავალ დებულებაში უნდა ჩაგეწერათ არა მოქმედი სერტიფიკატის მქონე, არამედ ტესტგადალახული ყველა აპლიკანტი დაიშვება წარდგენის კონკურსზე. ეს ლოგიკურია, დღეს მოქმედი სერტიფიკატის მქონეა ის სუბიექტიც, რომელსაც 2013 წელსაც კი არ გაუვლია ტესტირება, რადგან მოქმედი სერტიფიკატი ჰქონდა უკვე, გახდა ან დარჩა დირექტორი და სერტიფიკატის განახლებისთვის ტესტირება აღარასოდეს გაუვლია. გაგახსენებთ, რომ 2023 წლის ტესტი შეიცვალა და ჩვენ განსხვავებული დავწერეთ უკვე. მას არ სჭირდება ტესტი და ჩვენ გვჭირდება 2023 წელს რომ გავიარეთ იმათ?
  • თქვენ წერთ მეათე მუხლში, რომ მონიტორინგი ევალება ზოგადი განათლების დეპარტამენტს და არაა დაზუსტებული, რომელი ეტაპის მონიტორინგი ევალება. გასაუბრებების კომისიებში დღემდე ეს ადამიანები იყვნენ და რანაირად ხდება ეს, რომ თვითონ ატარებენ კონკურსს და თვითონ ევალებათ მონიტორინგიც? თქვენი ბრძანებით სხვა ხალხი შევა იმ კომისიებში, წარდგენის ეტაპზე რომ იმუშავებენ, თუ ისევ ქალბატონები: ლალი კალანდაძე, ეკა ხუციშვილი მარიამ ძიძიგური და სხვები, გასაუბრებაზე რომ სხვას შემოუშვებენ და ხელს მოაწერენ ჩვენს შეფასებაზე?
  • გარდა ამისა, რა ადამიანური და ფინანსური რესურსით გააკეთებს მონიტორინგს ზოგადი განათლების დეპარტამენტი? როგორ გასწვდება 1500-მდე სკოლას? ამას ვერ ჩაწერდით წესში, მაგრამ წარმოუდგენელია და განმარტებას საჭიროებს.
  • ჩვენ ვითხოვდით წარდგენის გასაუბრების გაუქმებასაც სავსებით სამართლიანად, რადგან სრულიად ზედმეტია. ექსპერტები აცხადებენ, რომ შეუძლებელია კომისიაში მყოფი 4-5 ადამიანი საქართველოს ყველა სკოლის საჭიროებას ერთნაირად კარგად ხვდებოდეს და სამინისტროსგან საკმარისი იქნებოდა, აპლიკანტის შემოწმება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაგალითად, შემოწმება ნასამართლევია თუ არა, ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს თუ არა და მსგავსი… ამას სკოლაც ძალიან კარგად შეძლებდა და ესეც ზედმეტად მიგვაჩნია, მაგრამ მაინც. დაუსაბუთებელი წარდგენის გასაუბრების დატოვებით თქვენ დაიტოვეთ, თუნდაც თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა და ჩვენი რვათვიანი პროტესტი არაფრად ჩააგდეთ.

კანდიდატების განცხადებით, იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემები აღმოიფხვრას, ხელმეორე ტესტირება არ უნდა მოსთხოვოს სამინისტრომ იმ კანდიდატებს, ვინც 2023 წელს გადალახა ტესტირების ეტაპი.

„ეს დაზოგავს დროს, რესურსს, ემოციებს. ამასთან, უნდა შეიქმნას ნამდვილად ინკლუზიური კომისია და კანდიდატებს მიეცეთ გასაუბრების გადაღების შესაძლებლობა.

პასუხი არ გაწელოთ დროში და მაშინვე ეცნობოს აპლიკანტს შედეგი, გასაუბრებაზე რომ გავა. დღის განმავლობაში მაინც.

ასევე, კომისიამ განმარტოს, რატომ ეთქვა თანხმობა ან უარი აპლიკანტს და არ დასჭირდეს მას თვეები ელოდოს შედეგს, განმარტება კი მაინც ვერ მოისმინოს.

კრიტერიუმები და კომისიის წევრების ვინაობა გაცხადდეს გასაუბრების დაწყებამდეც.

შესაძლებელი გახდეს კომისიის წევრის აცილება.

ტესტირების შემდეგ აპელაციაზე მიეცეს აპლიკანტს შესაძლებლობა, გაესაუბროს უშუალოდ სააპელაციო კომისიას და მიიღოს განმარტებები.

ყოველთვის, ყველა ეტაპზე, გახსოვდეთ, რომ თქვენ არჩევთ სკოლის ლიდერს და არა თქვენი აშენებული სასტუმროს მენეჯერს“, – წერენ დირექტორობის კანდიდატები წერილში.

ისინი ასევე დასძენენ, რომ უნდა მოიხსნას „საეჭვო და არაფრისმომცემი წარდგენის გასაუბრებაც, სკოლის დირექტორი აირჩიოს მთლიანად სასკოლო საზოგადოებამ და აპლიკანტს არ უწევდეს, მანამდე მოქმედი დირექტორის მიერ შერჩეულ და არა სასკოლო საზოგადოების მიერ არჩეულ სამეურვეო საბჭოსთან წყლის ნაყვა.

დაღლილი და გაწამებული დირექტორი არცერთ სკოლას არ გამოადგება, გაუფრთხილდით დირექტორობის კანდიდატის ჯანმრთელობას, მას სკოლაში გზავნით და არა ფრონტზე, ნერვების წვრთნა შეწყვიტეთ“, – წერენ კანდიდატები მინისტრს.

  1. მაია ეკალაძე
  2. დავით ფერაძე
  3. თამარ ფაჩულია
  4. მანანა მიქავა
  5. ნონა ფიფია
  6. შორენა შამათავა
  7. გვანცა აქიმიძე
  8. მზია მიქავა
  9. ლანა არახამია
  10. ნონა თოდუა
  11. თინათინ მაისურაძე
  12. ნანა მერკვილაძე
  13. ზვიად ყალიჩავა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: