მთავარი,სიახლეები

„მგონია, ცისფერ მთებში ვთამაშობ“ – იუსტიციის საბჭოს მონიტორი 

18.02.2024 • 3661
„მგონია, ცისფერ მთებში ვთამაშობ“ – იუსტიციის საბჭოს მონიტორი 

„მთელი წელია მაქვს განცდა, რომ „ცისფერ მთებში“ ვთამაშობ და ფოიეში ველოდები კიდევ ერთ უარყოფას სხდომასთან დაკავშირებით“, – გვიყვება მარიამ ქვარიანი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კანონის უზენაესობის პროგრამის იურისტი. ის საიას და „სასამართლოს გუშაგის“ მონიტორებთან ერთად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომებს აკვირდება.

მარიამ ქვარიანის დაკვირვებით, ევროინტეგრაციის პროცესში იუსტიციის საბჭო ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ ფუნდამენტური რეფორმის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტ კარჩაკეტილობას ირჩევს.

„ბიუროკრატიულ ორგანოდ იქცა იუსტიციის საბჭო, სადაც დისკუსია არ არის,“ – მარიამ ქვარიანს ვთხოვეთ შეეჯერებინა, რა ორგანოა იუსტიციის საბჭო. – „უბრალოდ, ხმას აძლევენ და ერთმანეთს ეთანხმებიან. შეიძლება, 3-4 საათი ელოდო სხდომას და შემდეგ სხდომა 15 წუთში სრულდება. საგრძნობია, რომ სხდომამდე ყველაფერი წინასწარ განხილულია, ერთხმად მიიღება გადაწყვეტილებები.

სხდომებს ესწრება ლევან მურუსიძე და პოზიციებსაც გამოხატავს, თუმცა ძირითადად ეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოსამართლეთა ტრენინგი და ასე შემდეგ.

მე ვაკვირდები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პანდემიის პერიოდიდან, სისტემატურად დავიწყე 2022 წლის ნოემბრიდან. ქაოსური იყო ეს სხდომები ადრეც, ლოდინი გვიწევდა, მაგრამ ასე ხშირად არ ხდებოდა გადადება. თუ ასახელებდნენ კონკრეტულ დღეს, მეტი შანსი იყო, რომ სხდომა ჩატარებულიყო. ახლა უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო სხდომების გაცდენამ, გადადებამ და ღამით ჩატარებამ. მაგალითად, ერთ-ერთი სხდომა დაახლოებით 10 საათისთვის ჩაატარეს, არასამთავრობო ორგანიზაციები წამოვედით 9 საათის შემდეგ, რადგან ჩავთვალეთ, რომ არაგონივრული მოლოდინი გვქონდა.

საბჭოს თანამშრომლებმაც არ იციან, რამდენ ხანს მოუწევთ დარჩენა. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია ზეგანაკვეთურ ანაზღაურებაზე, როცა ღამის საათებში ტარდება სხდომები, 2023 წლის ოქტომბერში გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მიგვიღია პასუხი,“ – გვითხრა მარიამ ქვარიანმა.

მარიამ ქვარიანის დაკვირვებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები ასევე ხშირად მიმართავენ ბინის ქირასთან დაკავშირებით – რომ ქირა გაძვირდა და დახმარება სჭირდებათ. ეს საკითხიც განუხილავს გასულ წელს იუსტიციის საბჭოს და ქალაქების მიხედვით ქირის ხარჯები გაუზრდია.

ახალი მოსამართლეების შერჩევის ნაცვლად, მონიტორის დაკვირვებით, იუსტიციის საბჭო ამჯობინებს, სადაც გამოუვალი მდგომარეობაა, მივლინებით გაუშვას მოსამართლე.

„ძირითადად ერთსა და იმავეს საკითხს განიხილავენ, იღებენ ნორმატიულ აქტებს, მაგრამ ამას არსებითი გავლენა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაზე არ აქვს. იშვიათია, რომ რეალურ პრობლემასთან დაკავშირებით რაიმე არსებითი ნაბიჯი გადადგას საბჭომ,“ – ამბობს მარიამ ქვარიანი. მას მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობაზეც ვკითხეთ. მონიტორი განმარტავს, რომ მსგავს საკითხებს საბჭო დახურულ ფორმატში განიხილავს და მისთვის უცნობია, რეალურად რამდენი მსგავსი შემთხვევა განიხილა საბჭომ.

„გამჭვირვალედ არ მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ ადრე მინიმუმ იმას მაინც აკეთებდა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებს ოფიციალურ ვებგვერდზე ტვირთავდა, ამ მინიმუმსაც აღარ აკმაყოფილებენ.

ეს აჩვენებს, რამდენად იკეტება იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოებისთვის. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ სარგებლობს ნდობით საზოგადოებაში, ჩაკეტვა კი აუარესებს ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის აღქმას,“ – მიიჩნევს მარიამ ქვარიანი.

  • რას აკეთებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო? 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულების ორგანოა, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩევს მოსამართლეებს გამოსაცდელი ვადით, ამ ვადის დასრულების შემდეგ კი, უვადოდ ამწესებს.

იუსტიციის საბჭო, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, განიხილავს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ აგრძელებს სხდომათა გადადების მავნე პრაქტიკას. 2023 წელს გამოცხადებული 71 სხდომიდან ჩატარდა მხოლოდ 33, აქედან 20-ს არ ესწრებოდა საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე [უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე]“, – ვკითხულობთ „დემოკრატიული ინიციატივის“ GDI-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ეს ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას 2023 წელს აკვირდებოდა. 

ვლინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კანონის დარღვევაც: უკვე 7 თვეა იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს არ აქვეყნებს.

იმის მიუხედავად, რომ სასამართლო გადატვირთულია, 2023 წელს მხოლოდ ერთი ახალი მოსამართლე დაუნიშნავთ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით – ქრისტინე კოპალიანი.

„თუმცა იგი სასამართლო სისტემაში ახალი კადრი არ არის, 2011 წლიდან იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა ქუთაისის საქალაქო, თბილისის საქალაქო, თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში,“ – აღნიშნულია GDI-ის მონიტორინგის ანგარიშში.

2023 წელს სულ 33 მოსამართლე გამწესდა უვადოდ, ამავდროულად, უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა: მოსამართლეების დეფიციტის პირობებში, გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეს – ნინო გიორგაძეს [ბოლნისის რაიონული სასამართლო] უვადოდ განმწესებაზე უარი უთხრეს.

ნინო გიორგაძე მოსამართლეა, ვისაც ერთხელ სასამართლო სისტემა გაუკრიტიკებია:

„შემფასებელთა მიერ მომზადებული ანგარიშების საფუძველზე ნინო გიორგაძემ ვერ დააგროვა ქულათა საკმარისი რაოდენობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილვაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლე, ნინო გიორგაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გაასაჩივრა, თუმცა მის საჩივარს მხარი საბჭოს არცერთმა წევრმა არ დაუჭირა.

უნდა აღინიშნოს, რომ სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა, თავად გადაწყვეტილების მიმღები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ქადაგიძე.

ნინო გიორგაძე არის პირველი მოსამართლე, რომელიც გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდგომ უვადოდ არ გამწესდა,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

„სასამართლოს გუშაგმა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ნინო გიორგაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მოსამართლის დასჯად შეაფასა. ნინო გიორგაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა. მან თქვა, რომ სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილების დროს, ნინო გიორგაძე იყო ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც სამოსამართლოს დამოუკიდებლობის საფრთხეზე მოსაზრება ღიად დააფიქსირა.

  • კიდევ რა გამოჩნდა იუსტიციის საბჭოს მონიტორინგით? 

„გაცდენების სიხშირით უპირობო ლიდერს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, რომელიც 33 სხდომიდან 20-ს [60%] არ ესწრებოდა [2 შემთხვევაში უცნობია ესწრებოდა თუ არა ნინო ქადაგიძე სხდომას, მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებიდან ვერცერთი წარმომადგენელი ვერ დაესწრო],“ – აღნიშნულია „დემოკრატიული ინიციატივის“ ანგარიშში.

  • სხდომები მიმდინარეობდა ქაოსურად: ანგარიშის მიხედვით, სხდომების შესახებ დღის წესრიგი ვადის დარღვევით ქვეყნდება. პრობლემაა საკითხების ფორმულირება, უკანასკნელ თვეებში ასევე გახშირდა სხდომათა არასამუშაო საათებში ჩატარების პრაქტიკა. „დემოკრატიული ინიციატივის“ დაკვირვებით, სხდომა ხშირად უქმდება სხდომის დაწყებამდე 1 საათით, ან 30 წუთით ადრე. „საბჭოს ცხელ ხაზსა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დარეკვისას [თუ ოპერატორმა ტელეფონს უპასუხა], ოპერატორს ხშირ შემთხვევაში არ აქვს ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ, მათ შორის, არც სხდომის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
  • სხდომები ძირითადად 10-15 წუთს გრძელდება: „იშვიათ შემთხვევებში, როცა სხდომა 40 წუთი გრძელდება. სხდომა არაორგანიზებულად იმართება, ან კონკრეტულ პირებთან გასაუბრება იმართება. საბჭოს წევრთა ძირითადი ნაწილი სხდომის მიმდინარეობისას კვლავ არააქტიურია.
  • განსხვავებული აზრი არ ფიქსირდება, ყველა გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად: „დემოკრატიული ინიციატივის“ მონიტორინგის მიხედვით, ფარული კენჭისყრის პროცესში განსხვავებული ხმა ძალიან იშვიათია.

იმის მიუხედავად, რომ საბჭო სხდომების ჩატარებას ხშირად ვერ ახერხებს, ეს ხელს არ უშლის ყველა დონის სასამართლო ინსტანციაში მოსამართლეებისთვის დანამატის განსაზღვრას.

2023 წელს იუსტიციის საბჭომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო მართლმსაჯულების სისტემის თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოსთან დაკავშირებით, მაგალითად, იანვრის თვეში თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:

  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 4100 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 4025 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 3885 ლარი;
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 3745 ლარი;
  • თბილისის / ბათუმის / ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე – 4170 ლარი;
  • თბილისის / ბათუმის / ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე –
    4170 ლარი
  •  თბილისის / ბათუმის / ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე – 4030 ლარი;
  • სხვა რაიონული [საქალაქო] სასამართლოს თავმჯდომარე – 3540 ლარი;
  • სხვა რაიონული [საქალაქო] სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე –
    3260 ლარი ;

2023 წლის ივლისში საერთო სასამართლოების მოსამართლეებისთვის თანამდებობრივი სარგოს 70%-იანი დანამატი განისაზღვრა. ნოემბერში კი საბჭომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა დანამატის სახით თანხის განსაზღვრა: პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს დანამატის სახით განესაზღვრათ თანამდებობრივი სარგოს 30%-ი. დეკემბერში კი, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს კვლავ განესაზღვრათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით [გადაწყვეტილება არ არის გამოქვეყნებული].

იუსტიციის საბჭოს უმსჯელია ხულოს მაგისტრატ სასამართლოზეც:

„საბჭომ განიხილა ხულოს მაგისტრატი სასამართლოსთვის ფართის დაქირავებაზე, რადგან სასამართლოს შენობა ავარიულია. ასევე რამდენიმე რეგიონული სასამართლოს სახურავის/ოთახების რეაბილიტაციასა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილების ჩამოწერაზე…“ – აღნიშნულია ანგარიშში.

____

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მუშაობაზე გასაუბრება „ბათუმელებმა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ვთხოვეთ. თუმცა საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გასაუბრება რომელიმე წევრთან ვერ მოხერხდება. პრესცენტრში ვერც ის გვითხრეს, რატომ არ ქვეყნდება საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

____

სტატია სრულად:

მაღალი ძაბვის სადენები სახლის სახურავზე გაიყვანეს, საფრთხის ქვეშ ვართ – სასამართლო 5 წელია არ ინიშნება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: