მთავარი,სიახლეები

„გვეშინია აივნიდან დენმა არ აგვიტაცოს“ – კაცი, რომლის სახლზეც მაღალი ძაბვის სადენები გაატარეს

17.02.2024 • 4551
„გვეშინია აივნიდან დენმა არ აგვიტაცოს“ – კაცი, რომლის სახლზეც მაღალი ძაბვის სადენები გაატარეს

„ჩემნაირ ხალხს მოსამართლე ყურადღებას არ აქცევს,“ – ეს ხელვაჩაურში, მაჭახლისპირში მცხოვრები ზურაბ ბერიძის განცდაა სასამართლოზე – მეხუთე წელია სასამართლო ზურაბ ბერიძის სარჩელს „გადატვირთულობის მოტივით“ არ განიხილავს.

ზურაბ ბერიძე სახლიდან 4.5 მეტრის დაშორებით მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გაიყვანეს. მოქალაქე მოსამართლესთან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით მივიდა, სადაც წერია: „ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობისას დარღვეულია ელექტრორადარების მოწყობის წესები… საჰაერო ელექტროხაზების დაზიანების, კერძოდ, სადენების გაწყვეტისა და ჩამოვარდნის შემთხვევაში, შესაძლებელია სადენებმა დააზიანონ, როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე ქონება“.

ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ამ ოჯახის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას საფრთხე ემუქრება, საქმის სხვა მასალებთან ერთად, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მეხუთე წელია აქვს თაროზე შემოდებული. ეს საქმე მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს აწერია.

  • „მეუბნებოდნენ თვალი გატყუებსო, მერე ექსპერტიზამ დაადგინა სიმართლე, მაგრამ სამართალო არ მაქცევს ყურადღებას“ – მოქალაქე 

„თავიდან მოვიდნენ და მეუბნებოდნენ, არ იქნება ასე დაბლაო, რომ თქვენ პრობლემა შეგექმნათო. მერე მითხრეს, თვალი გატყუებსო და აჰა, მე ხომ არ ვიძახი ახლა მარტო, ექსპერტიზამ დაადგინა. პირდაპირ არ დაუწერიათ, მაგრამ დაღუპული ხარ მაგ ადგილზეო, მაგას ნიშნავს ხომ? ექსპერტიზამ გაგვამართლა, მაგრამ სასამართლო არ მაქცევს ყურადღებას,“ – გვიყვება ზურაბ ბერიძე, რომელმაც ხელვაჩაურის სასამართლოს სარჩელით 2019 წელს მიმართა.

ზურაბ ბერიძე ხელვაჩაურის მერიას, ენერგეტიკის მაშინდელ სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმას ედავება, რომ ამ სახელმწიფო უწყებებმა ჰესის მფლობელ კომპანიას – „აჭარა ინვესტ 2007-ს“ მაღალი ძაბვის ელექტროსადენების მისი სახლის თავზე გაყვანის თანხმობა მისცეს.

ზურაბ ბერიძის თქმით, მას მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „მესაკუთრის თანხმობა“ არასდროს გაუცია და არც კომპენსაცია მიუღია.

ისევ ამ სახლში ვცხოვრობ, სად წავიდეთ აბა? აივანზე გამოსვლისაც გვეშინია, არ აგვიტაციოს დენმა.

თანაც ორი პატარა შვილიშვილი მყავს, ერთი 6 წლისა, მერე – 5 წლის. 780 კვადრატული მეტრია ჩემი სახლი. რაზე უნდა მომელაპარაკონ, ან რა უნდა გადამიხადონ? მე არ მინდა საერთოდ ეს ხაზები აქ,“ – კატეგორიულია ზურაბ ბერიძე და ექსპერტიზის დასკვნასაც გვაჩვენებს.

„ზურაბ ბერიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი 110 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობისას დარღვეულია ელექტრორადარების მოწყობის წესები. საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ტერიტორია მოქცეულია ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში და დარღვეულია მანძილები ეგხ-ს სადენებიდან, როგორც საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ტერიტორიის საზღვრამდე, ასევე შენობა ნაგებობამდე,“ – ვკითხულობთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს გაცემულ დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, ზურაბ ბერიძის სახლიდან ელექტროგადამცემ ხაზამდე დისტანცია მხოლოდ 4,5 მეტრია, რაც კანონით განსაზღვრულ ნორმას არღვევს. დასკვნაში საუბარია საფრთხეებზეც.

„110 კვ ძაბვის ეგხ-ს ექსპლუატაციის პირობებში საჰაერო ელექტროხაზების დაზიანების, კერძოდ, სადენების გაწყვეტისა და ჩამოვარდნის შემთხვევაში, შესაძლებელია, სადენებმა დააზიანონ, როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე ქონება,“ – აღნიშნულია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში.

რატომ ვერ იცლის მოსამართლე ასეთი საქმეებისთვის? – მოსარჩელის მოსაზრებით დავინტერესდით.

„ალბათ რაღაც ზეწოლა აქვთ, არ ვიცი.

მოსამართლეც თუ უსამართლოდ მომექცევა, ესაა, თორემ მე ნორმალურად მაქვს ყველაფერი. თურქებს როცა დაველაპარაკეთ შორიდან, თქვენს მთავრობას მოსთხოვეთ პასუხი, ჩვენ ყველაფერი გადახდილი გვაქვსო. ხუთი წელი გავიდა, კაციშვილი არ მოსულა და არ უკითხავს არაფერი,“- გვითხრა ზურაბ ბერიძემ.

„ვითხოვთ გაცემული ნებართვის გაუქმებას და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებას, კომპენსაციაზე საუბარი არც ყოფილა, რადგან ზიანი დათვლილი არ არის,“ – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი. ის ზურაბ ბერიძის და შოთა გვარიშვილის ინტერესებს იცავს სასამართლოში.

იურისტი განმარტავს, რომ ზიანი ამ შემთხვევაში შეუფასებელია, რადგან სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა საფრთხე.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს საჯარო დაწესებულებების მხრიდან კანონის დარღვევაზე: მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნებართვის გასაცემად სავალდებულო იყო მესაკუთრის თანხმობა.

„არსებობდა მემორანდუმი ამ უწყებებს და კომპანიას შორის, მაგრამ მესაკუთრეები ჩართული არ ყოფილან ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში. ეს დაუშვებელია.  სახელმწიფომ არაფრად ჩააგდო საკუთრების უფლება, სასამართლომ კი დუმს,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი „ბათუმელებთან“.

„სასამართლოების გადატვირთულობას“ იშველიებს ლევან მურუსიძე, როცა ის სასამართლოში საქმეების განხილვის გაჭიანურებას ადასტურებს. ახალი მოსამართლეები ზუსტად ლევან მურუსიძემ და იუსტიციის საბჭომ უნდა შეარჩიოს. GDI-ის კვლევით, 2023 წელს საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ერთი მოსამართლე დანიშნეს გამოსაცდელი ვადით.

„სასამართლოს გუშაგის“ მონაცემებით კი, სასამართლოების ტოტალური გადატვირთულობის ფონზე, 100-ზე მეტი მოსამართლის ვაკანსიაა.

____

სტატია სრულად:

მაღალი ძაბვის სადენები სახლის სახურავზე გაიყვანეს, საფრთხის ქვეშ ვართ – სასამართლო 5 წელია არ ინიშნება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: