მთავარი,სიახლეები

„კროსვორდივითაა, უნდა გამოიცნო“ – რა მოაწყვეს ბაგრატიონის ქუჩის სკვერში 2 მილიონად

16.02.2024 • 9940
„კროსვორდივითაა, უნდა გამოიცნო“ – რა მოაწყვეს ბაგრატიონის ქუჩის სკვერში 2 მილიონად

„ეს კროსვორდივითაა, უნდა გამოიცნო, რა არის,“ – ხუმრობის განწყობაზე დგება მოქალაქე ბათუმში, რომელსაც ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე სკვერში ჩადგმულ ლითონის კონსტრუქციების შესახებ ვკითხეთ.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩაზე ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში დაგვიდასტურეს, რომ ლითონის კონსტრუქცია, რაც ამ სკვერში უკვე დაამონტაჟეს, მხოლოდ დეკორაციული თაღია, ღამით ნათდება და მას აღარაფერი დაემატება. აქ უპასუხოდ დატოვეს კითხვა: ვინ გადაწყვიტა და რატომ, რომ მწვანე საფარის შემცირება და ლითონის ეს დეკორაციები მოუხდებოდა ბაგრატიონის ქუჩას?

ბაგრატიონის ქუჩაზე სკვერის კეთილმოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან თითქმის 2 მილიონი ლარი – [ზუსტად 1 940 000] იხარჯება.

ბაგრატიონის ქუჩის გამყოფ ზოლზე მწვანე საფარის შემცირების ხარჯზე ქვით მოპირკეთებული ორი, განიერი ბილიკი გაჩნდა. შარტავას ქუჩიდან ხიმშიაშვილის მონაკვეთამდე სკვერში 17 ლითონის კონსტრუქცია ჩაუდგამთ – ლითონის ფურცლები გადახურული არ არის, მას მხოლოდ დეკორაციული დატვირთვა აქვს.

სკვერი ბაგრატიონის ქუჩაზე

თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც ბაგრატიონის ქუჩაზე შევხვდით, სკვერის მოწყობით კმაყოფილია – ეს ქუჩა 10 წელია კეთდება. შემოუღობავი და უყურადღებოდ მიტოვებული მწვანე გამყოფი ზოლი კი, ავტომანქანების პარკინგად იყო ქცეული. ამ ფაქტორს გვახსენებენ მოქალაქეებიც, რომლებსაც მწვანე საფარის შემცირება არ მოსწონთ და ლითონის კონსტრუქციაც გაუგებარია, მაგრამ სკვერი რომ გაჩნდა, მოსწონთ.

სკვერში, რომელიც ინტენსიური დატვირთვის და, მათ შორის, ტრაილერების სამოძრაო ზოლებს შორისაა, მოეწყო საბავშვო ატრაქციონიც. მოქალაქეების ნაწილმა გვითხრა, რომ ეს უსაფრთხო არ არის და მწვანე საფარის შენარჩუნება სჯობდა. გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ტრენაჟორებია მოწყობილი, არც სიჩქარის შემაფერხებელი შეგხვდებათ.

ატრაქციონი გამყოფ ზოლში მოწყობილ სკვერში

„სკვერი კარგია, მაგრამ ბავშვების გასართობი აქ არ უნდა დაემონტაჟებინათ, ხშირია მანქანების მოძრაობა და საშიშია ბავშვებისთვის, არ ვიცი, ვისი იდეა იყო ეს,“ – გვითხრა ბაგრატიონის ქუჩაზე შემხვედრმა ილია ფუტკარაძემ. მას ლითონის კონსტრუქციებზეც ვკითხეთ: „მწვანე საფარი უკეთესი იქნებოდა,“ – დასძინა მან.

 

„ერთი ზოლი საკმარისი იქნებოდა, ასე მეტი ფართობი დარჩებოდა სიმწვანისთვის,“ – გვითხრა შალვა ბერიძემ, ნოდარ გერსამიას აზრით კი, უმჯობესი იქნებოდა, ხანდაზმული ადამიანების ინტერესების გათვალისწინება.

„ვერ გაიგო ხალხმა, რა მიზნით არის ეს თაღები გაკეთებული, მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს? განათება აქვს, მაგრამ არის აქ სხვა განათებაც და არაბუნებრივია, ეს არამიზნობრივი ხარჯია.

მე მოვაწყობდი ისე, რომ ხანშიშესული ადამიანები ჩამოსხდნენ სადმე, ითამაშონ, თან შვილიშვილები წამოიყვანონ,“ – უთხრა ნოდარ გერსამიამ „ბათუმელებს“.

„მაგას მწვანე ნარგავები სჯობია, ვერ გამიგია, რა არის ეს,“ – ლითონის კონსტრუქცია არც მერი კობალაძეს მოსწონს. ის არ ეთანხმება ბათუმის მერიას, რომ ეს სილამაზისთვის გაკეთდა: „ულამაზოა პირიქით“, – ამბობს ის.

ადამიანები, რომლებსაც „ბათუმელები“ ბაგრატიონის ქუჩაზე დღეს, 16 თებერვალს ესაუბრა, თქვეს, რომ სამუშაოების დაწყებამდე მათ ამ პროექტის და მით უმეტეს, ლითონის კონსტრუქციების შესახებ არაფერი იცოდნენ.

„ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის დროს მოსახლეობასთან იმართებოდა შეხვედრები, რომლის დროსაც ითხოვა იქ მცხოვრებლებმა საბავშვო ატრაქციონებისა და სკვერის მოწყობა. უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებულია. პროექტზე იმუშავა გამარჯვებულმა საპროექტო სამსახურმა სამმართველოს საპროექტოსთან ერთად,“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს პრესცენტრიდან.

___

ამ თემაზე:

ბაგრატიონის ქუჩა ბათუმში, რომელსაც სულ აკეთებენ – ბოლო 8 წლის ქრონოლოგია 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: