სიახლეები

დახვრეტა გასამართლებისა და ბრალის დადასტურების გარეშე – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი აჭარიდან

16.02.2024 • 4433
დახვრეტა გასამართლებისა და ბრალის დადასტურების გარეშე – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი აჭარიდან

1937-38 წლების სტალინურ რეპრესიებს ასეულობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. იოსებ სტალინის ბრძანებით დახვრიტეს ადამიანები, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაგრამ მათი არსებობა მიუღებელი იყო სტალინური რეჟიმისთვის.

  • დახვრეტა გასამართლებისა და ბრალის დადასტურების გარეშე

ხელვაჩაურში, აჭარისწყლის თემში მცხოვრები იბრაიმ ზაქარაძე განათლებული გლეხი იყო. მისი არსებობაც, ათასობით სხვა ადამიანის მსგავსად, მიუღებელი აღმოჩნდა რეჟიმისთვის, ამიტომ დააპატიმრეს და დახვრიტეს.

„რეაბილიტაციის ცნობაში, რომელიც ბაბუაჩემის გაქრობიდან მრავალი წლის შემდეგ ავიღეთ, წერია, რომ 1937 წლის მარტშია განაჩენი სისრულეში მოყვანილი. ანუ დაპატიმრებიდან მალევე დახვრიტეს. ძალიან უნდოდა, რომ არ ყოფილიყო საქართველოში კომუნისტური პარტია. უნდოდა, რომ არ ყოფილიყო ეს სახელმწიფო რუსეთის ქვეშევრდომი. ალბათ ამიტომ დახვრიტეს,“ – უყვება „ბათუმელებს“ 1937 წელს რეპრესირებული იბრაიმ ზაქარაძის შვილიშვილი, ნინო ბერიძე.

ნინო ბერიძე რეპრესირებული იბრაიმ ზაქარაძის შვილიშვილია ქალიშვილის ხაზით. დედამისი, სემაეთ ზაქარაძე 2 წლისაც არ ყოფილა, როდესაც იბრაიმი დააპატიმრეს და მერე „გააქრეს“.

„ბიძაშენი, მურადი 40 დღისაც არ იყო, როცა ჩემი ქმარი წაიყვანესო, იტყოდა ბებიაჩემი. დედაჩემი ორი წლის იყო. თუმცა არ ახსოვდა მამა. მძიმე დღეები გადაიტანა ოჯახმა. ბაბუაჩემი აჭარისწყლის თემში შემავალ პატარა სოფელ კიბეში დაიბადა. განათლებული და ავტორიტეტული კაცი ყოფილა. სოფელში მის აზრს თურმე ყველა პატივს სცემდა და ითვალისწინებდა,“ – გვიყვება იბრაიმის შვილიშვილი ნინო ბერიძე.

იბრაიმ ზაქარაძე და მისი მეუღლე – ემინე ცინცაძე ფოტო: ნინო ბერიძის საოჯახო ალბომიდან

ნინოს და მის ძმას ბაბუაზე მოგონებები ბებიისგან, ემინე ცინცაძისგან შემორჩათ.

„ბებიაჩემიდან გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა ძალიან კარგი ადამიანი იყო – მედგარი, პატრიოტი, სოფელში გამორჩეული პიროვნება. დოკუმენტებით გავარკვიეთ, რომ ატარებდა იატაკქვეშა კრებებს და იბრძოდა დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ეს კი საშიშროებას წარმოადგენდა მაშინდელი კომუნისტური მთავრობისთვის,“ – ამბობს ნინო ბერიძე.

ნინო ბერიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ბაბუამისი წაიყვანეს და დახვრიტეს, ოჯახი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„ძალიან უჭირდათ. არ ჰქონდათ მაღაზიაში შესვლის უფლება. არ ჰქონდათ პურის ყიდვის საშუალება. უფრო მეტი უნდა ემუშავათ კოლექტივში – სხვას თუ ათი კილო სიმინდის ჩაბარების ვალდებულება ჰქონდა, ბებიაჩემს ოცი უნდა ჩაებარებინა. ძალიან მშრომელი ქალი იყო. დედაჩემიც იხსენებდა – 5-6 წლიდან მეც ვშრომობდიო.

ძალიან რთული პერიოდები გაიარა ბებიაჩემმა. მარტო ბებიამ არა, შვილებმაც. ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ ყველაფერში. ზოგიერთები ამბობდნენ დედაჩემზე და ბიძაჩემზე – „ხალხის მტრის შვილები“ არიანო. ნათესაობა და მეზობლობა არ ამახვილებდა ამაზე ყურადღებას, მაგრამ სხვა ადამიანებთან გვქონდა პრობლემებიო.

კინოში ვერ წავიდოდითო. ბათუმში მომავალ ავტობუსში ვერ ვჯდებოდით, რადგან ჩვენ ფულს ვერ იღებდა ავტობუსის მძღოლი, იმდენად ეშინოდა. მტრის ოჯახიდან არ შეიძლებოდა ფული აეღოო – ბებიაჩემი იტყოდა.

თუ მაინც ავიდოდი, მეტყოდა – ახლა კი წაგიყვანთ, მაგრამ მეტჯერ აღარ ჩაჯდეთ ჩემს ავტობუსში. რამდენჯერ ურმით ჩავსულვარ ბათუმში, აუცილებელი ნივთების საყიდლადო.

დედაჩემი იხსენებდა ხოლმე, ბებიაშენი თავის დიდ კაბებს ჭრიდა და ისე მიკერავდა ტანსაცმელს, ბათუმში რომ ვერ ჩადიოდა ახლის საყიდლადო.

1937 წლის რეპრესიამ ჩემს ოჯახზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ბიძაჩემი იტყოდა 20 წლით უკან ვართ იმის გამო, მამაჩემი რომ დახვრიტესო. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ისეთი ოჯახის წევრი წავიდა ჩვენიდან, რომელსაც შეეძლო მთელი საგვარეულო ფეხზე დაეყენებინა. მერე არ გვეძლეოდა საშუალება სადმე გავსულიყავით და გამოვჩენილიყავითო,“ – ამბობს ნინო ბერიძე.

ნინო ბერიძე, რეპრესირებული იბრაიმ ზაქარაძის შვილიშვილი

ნინო ბერიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ბაბუამისი, იბრაიმ ზაქარაძე სასამართლოს და ბრალის დამტკიცების გარეშე დახვრიტეს, ოჯახზე პასუხისმგებელი ბებია, ემინე ცინცაძე გახდა.

„ულამაზესი ქალი იყო ბებიაჩემი. ზუსტი თარიღი არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 1933 წელს დაქორწინდა ბაბუაჩემზე. ძალიან ცოტა ხანი იყვნენ ერთად, მაგრამ იმ ერთად ყოფნის პერიოდს უდიდესი სიყვარულით იხსენებდა.

ბებიას აქვს მოყოლილი ბაბუას დაპატიმრების ისტორიაც. გააფრთხილეს თურმე იბრაიმი, არ მიხვიდე სახლში, დაგიჭერენო. ბაბუაჩემს უთქვამს, მივალ თუ არ მივალ, მაინც დამიჭერენ, ამიტომ ოჯახთან დამშვიდობების გარეშე არ მინდა გამოგყვეთო. კიდევ უთქვამს, თუ სახლში მოხვალთ დასაჭერად, შიგნით არ შემოხვიდეთ, მე თვითონ გამოვალ თქვენთანო.

ჩვენი სოფლის მკვიდრი იყო ის პიროვნება, ვინც ბაბუაჩემი დააბეზღა. ბებია სულ გვეუბნებოდა – ამ გვარმა, ამ პიროვნებამ, დაასმინა ბაბუათქვენი. მე და ჩემი ბიძაშვილები 7 გოგო ვიზრდებოდით სახლში. ბებიაჩემი სულ გვეუბნებოდა – არ შეიყვაროთ ვინმე ამ გვარის და ამ მოდგმისო.

ბაბუას დაპატიმრების გამო ყველანაირად შეზღუდულები იყვნენ ბებია, დედაჩემი და ბიძაჩემი. ბებიას მისი ძმები ეხმარებოდნენ. თავადაც ბევრს მუშაობდა, ისე გაჰქონდათ თავი.

მიუხედავად იმისა, რომ მეზობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაინც ასე ეტყოდნენ თურმე ბებიას: „ხომ იცი, კოკვა (ბებიაჩემს ეძახდნენ ასე სიყვარულით), ასეთი დროა, ჩემთან ნუ მოხვალ, შეიძლება პრობლემა შემექმნას“.

1953 წელს იქნა ბაბუაჩემი რეაბილიტირებული და მოეხსნა მისი ოჯახის წევრებს შეზღუდვები. მანამდე კი რთული ცხოვრება განვლეს,“ – იხსენებს ნინო ბერიძე.

ნინო ბერიძის თქმით, ბებია, ემინე ცინცაძე 1986 წელს გარდაიცვალა. „მიუხედავად ყველაფრისა, მთელი ცხოვრება ელოდა ბაბუას და იმედი ჰქონდა, რომ დაბრუნდებოდაო“.

„ვერ იტანდა სტალინის სახელის გაგონებას. ბერიას ვერ იტანდა უფრო მეტად. მერე ომი რომ მოიგო სტალინმა, შედარებას აკეთებდა. ქმარი დამიხვრიტა და მე მაინც ვერ ვიტანო – შვილიშვილებს გვეუბნებოდა, თორემ საჯაროდ ვერ იტყოდა მაშინ. საერთოდ ცხოვრება დამინგრია. ძალიან ცუდი პერიოდები გამოვიარე. ბაბუაშენი რომ წაიყვანეს, ერთი კვირა ლოგინიდან ვერ ავდექიო. ისეთ სტრესში ვიყავი, სულ ვტიროდიო“, – იხსენებს ნინო ბერიძე.

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ შთამომავალთა სოციალური დაცვის ორგანიზაცია „მემორიალის“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, სოფელ აჭარისწყლიდან 32 ადამიანია რეპრესირებული. მათ შორის იყო იბრაიმ ზაქარაძე.

„მემორიალი“ გეგმავს სოფელ აჭარისწყალში მოაწყოს რეპრესირებულთა მემორიალი, რომელზეც ყველა იმ ადამიანის სახელი იქნება ამოტვიფრული, რომლებიც სოფელ აჭარისწყლიდან სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლნენ.

1937-38 წლებში სტალინის სისხლიან ტერორს მარტო საქართველოში 20 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ათასობით ადამიანი დახვრიტეს ან გადაასახლეს.

IDFI-ის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, უშუალოდ სტალინის ხელმოწერით დახვრიტეს მინიმუმ 3 616 ადამიანი. ეს სია ცნობილია როგორც ე.წ. სტალინური სია.

1937-38 წლების დიდი ტერორის დროს ადამიანებს აპატიმრებდნენ და ბრალის დადასტურების გარეშე ხვრეტდნენ. საქმეებს ე.წ. სამეული განიხილავდა. არქივების შესწავლით დადასტურებულია, რომ საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე ერთი ადამიანის საქმის განხილვა მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: