მთავარი,სიახლეები

საფრანგეთში 2 შშმ შვილთან ერთად – რას ჰყვება ემიგრანტი ქალი ქართულ ჯანდაცვაზე

16.02.2024 • 6585
საფრანგეთში 2 შშმ შვილთან ერთად – რას ჰყვება ემიგრანტი ქალი ქართულ ჯანდაცვაზე

მაია ფუტკარაძე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ემიგრაციაში 2021 წელს წავიდა. მისი ორივე შვილი შშმ პირია, თუმცა არცერთს არ ჰქონია თანდაყოლილი შეზღუდვა. ქალი ამბობს, რომ ორივეს ექიმების შეცდომების შემდეგ გაუჩნდა პრობლემები.

მაიას უფროსი შვილი, ზაზა 10 წლის ასაკში ავარიაში მოჰყვა, ერთი თვე იყო შეერთებული ჟანგბადზე, გადარჩა, თუმცა ჟანგბადის ჭარბმა დოზამ ყელი დაუწვა და ქსოვილები უკიდურესად დაუზიანა. ოპერაციის დროს ბათუმში ყელი არასწორ ადგილას გაჭრეს და ხორხი დაუზიანეს, რაც მოგვიანებით აღიარეს ექიმებმა ოჯახთან. ზაზამ ხმა საერთოდ დაკარგა.

„თვეობით უტარებდნენ ბრონქოსკოპიას, მერე ყელი გაუჭრეს და ტრაქეოსტომია ჩაუდგეს. ასე გახდა 20 წლის. თბილისში წავედით კონსულტაციაზე და გვითხრეს, რომ ტრაქეოსტომიით ზაზა ვერასდროს შეძლებდა ლაპარაკს და დრო იყო ოპერაციები დაგვეწყო, რომ ალაპარაკებულიყო. გაუკეთეს სამი უშედეგო ოპერაცია, წერდნენ კიდეც დასკვნაში, რომ უშედეგოდ ჩატარდა ოპერაცია და ისევ ტრაქეოსტომია ჩაუდგეს კლინიკაში.

იმდენად უხარისხო იყო ეს მილი, რომ პირველი დახველებისთანავე ყელი გაეჭრა, დაზიანდა საყლაპავიც და სისხლი წასკდა. ამ დროს გამოწერილები ვიყავით კლინიკიდან. ბათუმში ვიყავით და არ ვიცოდით რა გვექნა. სასწრაფოთი წავიყვანეთ თბილისში. აღიარეს, რომ საყლაპავი იყო გაჭრილი და ქსოვილები დაზიანებული. შვილს ვეღარ ვაჩერებდი კლინიკაში, გარბოდა საავადმყოფოდან და მივდევდით.

წავედით თურქეთში, სადაც გვითხრეს, რომ ვერ გააკეთებდნენ ვერაფერს გარდა იმისა, რომ გაკერავდნენ საყლაპავს. გაკერეს და დავბრუნდით საქართველოში“, – იხსენებს მაია 7 წლის წინანდელ ამბებს.

ზაზამ მეხუთე კლასის შემდეგ სკოლაში ვეღარ იარა, სკოლა შორს იყო და გადაადგილება მის ყელს პრობლემებს უქმნიდა. ატესტატი სიმბოლურად მიიღო, სწავლის პროცესს ჩამორჩა. მერე ბევრი სხვადასხვა კურსი გაიარა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სურდა რაიმე შეესწავლა კოლეჯში, რომ დასაქმებულიყო, თუმცა რახან საუბარი არ შეეძლო, ვერსად საქმდებოდა და მაია ამბობს, რომ ბათუმის პროფესიულ სასწავლებელშიც არ მიიღეს.

ზაზამ სუიციდი სცადა, მამამ ძლივს გადაარჩინა. ამას დაემატა ისიც, რომ მაიას უმცროს ბიჭს ყურის დაუსრულებელი ტკივილი დაეწყო.

ექიმთან რომ მიიყვანეს ყელ-ყური გამოურეცხეს და დაუნიშნეს ანტიბიოტიკი. ბავშვი დაუსრულებლად ტიროდა ტკივილებისგან. ისევ ექიმთან მიჰყავდათ და იგივე პროცედურები მეორდებოდა, პრობლემა კი არ გვარდებოდა.

ბავშვს მალე ყურზე ოპერაცია გაუკეთეს. აღმოჩნდა, რომ ბუზი შეფრინდა ნიჟარაში და დაჩირქდა. ოპერაციისას ყველაფერი გაწმინდეს, თუმცა ბავშვმა ცალ ყურში სმენა დაკარგა, ხრტილი დაუზიანდა.

„ამ ყველაფრის შემდეგ საფრანგეთში ემიგრაცია გადავწყვიტეთ. უმცროს შვილს რომ ცალ ყურში სრულად ჰქონდა სმენა დაკარგული, ეს ფრანგმა ექიმებმა აღმოაჩინეს სასკოლო გეგმური შემოწმებისას. მათ ბევრი იბრძოლეს ჩემს შვილს სმენა რომ დაჰბრუნებოდა, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ სმენა ვეღარ აღდგებოდა. შშმ პირის სტატუსი მიანიჭეს. ახლა ველოდებით ყურის აპარატს, რომელსაც საფრანგეთის სახელმწიფო გვიფინანსებს და 2600 ევრო ღირს“, – ამბობს ორი შშმ პირის დედა.

საფრანგეთში ოჯახი ლტოლვილად ჩაბარდა. სტატუსზე მათ თავიდან უარი უთხრეს, თუმცა მერე სასამართლო მოიგეს და მიიღეს საცხოვრებელი, მუშაობის და ცხოვრების უფლება.

ზაზას ჯანმრთელობის 100%-იანი დაზღვევა აქვს. საფრანგეთში ჩასვლიდან 1 წლის შემდეგ მას პირველი ოპერაცია გაუკეთეს. დაყოვნებებით და ჩუმად, თუმცა ალაპარაკდა. საყლაპავის გაწმენდას და ჩაკეტილის სასუნთქი მილის გახსნას დიდი ბრძოლა დასჭირდა:

„ფრანგი ექიმები არ გასცემენ უსაფუძვლო დაპირებებს, მაგრამ არის შანსი, რომ ჩემი შვილი სრულფასოვნად ალაპარაკდეს, არა ისე, როგორც ადრე, სანამ ყელი დაუზიანდებოდა, მაგრამ მაინც. კლინიკა, სადაც მას მკურნალობენ ტულუზადან 50 კილომეტრის დაშორებითაა. ჩვენ ტულუზაში ვცხოვრობთ. გვაკითხავს ტაქსი და მივყავართ საავადმყოფომდე და უკან. ესეც დაზღვევაში შედის. ყველა წამალი უფასოა. ევროპელებისგან მაოცებს ის, რომ უზარმაზარი გულისხმიერებით ექცევიან განურჩევლად ყველას, არ აქვს მათთვის მნიშვნელობა შენ ფრანგი ხარ თუ უცხოელი.

ზაზა ახლა 27 წლისაა. მძიმე ცხოვრებას გავდივართ. 10 წელი ჩემი შვილის ტანჯვას ვუყურებ. მხოლოდ 10 წლამდე ჰქონდა ბავშვობა. მას მერე მისი ცხოვრება საავადმყოფოდან საავადმყოფოში სიარულია. არ შეიძლება დალევა, არ შეიძლება ურთიერთობები, რადგან შეიძლება ინფექცია განვითარდეს, არანაირ უფლებას არ აძლევდნენ საქართველოში. აქ რომ ჩამოვიყვანეთ ბევრი შეზღუდვა მოუხსნეს, უყურებენ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“, – ამბობს მაია ფუტკარაძე.

საქართველოში დაბრუნებაზე როცა ვეკითხებით, გვპასუხობს, რომ ახლა ეს წარმოუდგენლად მიაჩნია. მით უფრო, რომ აჭარისწყლის სოფელ კაპნისთავში, სადაც მათი სახლი დგას, მეწყერია მოწოლილი.

ოჯახმა გაყიდა ყველაფერი, რაც ებადათ, რადგან საქართველოში მკურნალობის საფასურის დიდ ნაწილს თავად იხდიდნენ. გაყიდეს საქონელი და თხილის პლანტაციები, ეხმარებოდნენ მეზობლები, ნათესავები და მეგობრები ფულით. ზაზას, როგორც შშმ პირის პენსია საქართველოში 180 ლარი იყო.

მაია ფრანგულ ენას სწავლობს და მოხალისედ მუშაობს, მისი მეუღლე დასაქმებულია. ზაზა ფრანგულ კოლეჯში დადის და უკვე კარგად ესმის ფრანგული, ექიმების საუბარს უთარგმნის დედას:

„არ ვიცი, როდის დავბრუნდები, მაგრამ მე მაქვს შენახული უამრავი ფურცელი, სადაც მიწერია, ვინ რით გვეხმარებოდა სოფელში ზაზას როცა ვმკურნალობდით. ვინახავ ამ ფურცლებს. ეს ხალხი გვერდით მედგა და ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის“, – ამბობს მაია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: