მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როცა თითებზე ფერი გვეცვლება და გვცივა – ექიმის რჩევები

17.02.2024 • 13407
როცა თითებზე ფერი გვეცვლება და გვცივა – ექიმის რჩევები

რეინოს დაავადება სისხლძარღვოვანი პრობლემაა, რომელიც იწვევს სხეულის ზოგიერთი ნაწილის, უხშირესად კი ხელისა და ფეხის თითების დაბუჟებასა და მოყინვას, სიცივის ან სტრესის საპასუხოდ. 

რეინოს დაავადების დროს ვიწროვდება მცირე სისხლძარღვები, რომლებიც კანს სისხლით ამარაგებს. ამ დაავადებას ძალიან სახასიათო სიმპტომი აქვს, ხელის ან ფეხის თითებზე ფერი იცვლება.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ სისხლძარღვთა ქირურგი, შალვა გლახოშვილი განმარტავს, რომ ასეთივე სიმპტომატიკა შესაძლოა თან სდევდეს სხვა ძირითად დაავადებას. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რეინოს სინდრომთან და არა რეინოს დაავადებასთან. 

  • ბატონო შალვა, რა არის რეინოს დაავადება?

რეინოს სინდრომი და რეინოს დაავადება სხვადასხვა მდგომარეობაა; რეინოს დაავადება არის წმინდად [პერიფერიული] სისხლძარღვოვანი წარმოშობის პრობლემა; რეინოს სინდრომსაც და დაავადებასც, ერთი და იგივე ობიექტური მონაცემები აქვს, მაგრამ რეინოს სინდრომის დროს პერიფერიული წვრილი სისხლძარღვების შევიწროება შეიძლება მოხდეს ნევროლოგიური ან ენდოკრინული სტატუსით და ამის შედეგად ხდება პერიფერიების სისხლით მომარაგების მოშლა.

ასეთ დროს მკურნალობის პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს შესაბამის სპეციალისტი; რეინოს დაავადების დროს პრობლემა წმინდად სისხლძარღვოვანია და მკურნალობს მხოლოდ სისხლძარღვთა ქირურგი, ანგიოლოგი. 

ძირითადად პრობლემა ვლინდება ზამთარში, როცა ცივა; ან თუ ადამიანს ცივ წყალთან უწევს შეხება, ცივ და ტენიან გარემოშია.

ასევე არსებობს რეინოს სინდრომის გარდამავალი ფორმა, რომელიც ძირითადად მოზარდობისას, გარდატეხის ასაკში ვლინდება, ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების გამო. შემდეგ კი ეს სიმპტომი გადადის და საერთოდ ქრება.

MayoClinic: მდგომარეობის ორი ძირითადი ტიპი არსებობს. რეინოს დაავადება, რომელიც პირველადი და ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის არ არის სხვა სამედიცინო მდგომარეობის შედეგი, [არის დამოუკიდებელი დაავადება, განვითარებული გაღიზიანების საპასუხოდ] – შეიძლება ძალიან მსუბუქად მიმდინარეობდეს და თავისითაც გადავიდეს; მეორადი რეინო, იგივე რეინოს სინდრომი – ვითარდება ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის გამო. ის შედარებით იშვიათია, მაგრამ უფრო სერიოზულია, ვიდრე რეინოს პირველადი ფორმა.

  • როგორია სიმპტომატიკა?

სიმპტომატიკა სტადიების მიხედვით ვლინდება, თავიდან პრობლემა შედარებით უსიმპტომოა, ახასიათებს მხოლოდ დაბუჟება და შესაძლოა ოდნავი ფერის შეცვლა თითებზე. მეორე სტადიაზე, უკვე სიცივეში, დაბოლოებების ფერი პრაქტიკულად მკვეთრად იცვლება, სიცივისა და დაბუჟების შეგრძნებასთან ერთად; ეს, ძირითადად, ეხება კიდურის – ფეხისა და თითებს [ფრჩხილის ფალანგები და ბალიშები] ტრანზიტულ ნაწილებს, შემდეგ ცხვირის წვერს, ტუჩებს, ყურების ბიბილოებს;

MayoClinic: რეინოს დაავადების სიმპტომებია

  • ფეხის ან ხელის თითების სიცივე;
  • კანის უბნები, რომლებიც ფერმკრთალდება, შემდეგ მოლურჯო ხდება. თქვენი კანის ფერიდან გამომდინარე, ფერის ცვლილებები შეიძლება უფრო რთული ან ადვილად შესამჩნევი იყოს;
  • გათბობისას [შეტევის გადასვლის პროცესში] დაბუჟების შეგრძნება ან  ტკივილი.

MayoClinic: თუ მეორადი რეინო მწვავეა, ხელისა და ფეხის თითებში სისხლის ნაკადის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება. მაგრამ ეს იშვიათია. მთლიანად დაბლოკილმა არტერიამ შეიძლება გამოიწვიოს კანის წყლულები ან ნეკროზი. ამის მკურნალობა შეიძლება რთული იყოს. იშვიათად, ძალიან მწვავე არანამკურნალევმა შემთხვევებმა შეიძლება მოითხოვოს სხეულის დაზიანებული ნაწილის ამპუტაცია.

  • რამ შეიძლება პრობლემის პროვოცირება გამოიწვიოს?

გარდა იმ ძირითადი მიზეზებისა, რაზეც ვისაუბრეთ, მცირე კალიბრის სისხლძარღვების დაზიანება გადაცივების დროსაც შეიძლება მოხდეს. ეს უფრო რეინოს დაავადება [ვიდრე სინდრომი], რადგან ეს გადაცივების შედეგად განვითარებულის სისხლძარღვოვანი პათოლოგიით არის გამოწვეული.

სისხლძარღვოვანი პრობლემები, მათ შორის რეინოს სინდრომი ან/და რეინოს დაავადება,  ძირითადად მწვავდება ადამიანებში, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს ან/და ალკოჰოლს; ეს იმიტომ, რომ ამ დროს ისედაც შევიწროებულია მათი სისხლძარღვები, თამბაქო და ალკოჰოლი კი კიდევ უფრო სპაზმავს და ავიწროებს მათ.

  • როგორია მკურნალობა?

ძირითადი მკურნალობა მედიკამენტურია, მაგრამ, ამასთან ერთად, აუცილებელია ადამიანმა გაითვალისწინოს გარკვეული რეკომენდაციები – მოერიდოს იმ გარემოს, რომელშიც უმწვავდება პრობლემა, უნდა მოერიდოს ცივ გარემოს, მისთვის საჭიროა მშრალი სითბო. ეს ნიშნავს, რომ ზამთარში ატაროს ხელთათმანები და ხელები ჰქონდეს მშრალად, ნაცვლად იმისა, რომ ცხელ წყალს შეუშვიროს ხოლმე.

თუ  რეინოს დაავადებაა, მკურნალობა მიდის ანგიოლოგიური მედიკამენტებით, თუ რეინოს სინდრომია, მაშინ კომპლექსური გამოკვლევაა საჭირო და მკურნალობა ხდება ენდოკრინოლოგის ან ნევროლოგის დანიშნულებასთან ერთად ანგიოლოგიური დანიშნულებით.

რეკომენდაციები: პაციენტმა ზამთრის პერიოდში უნდა ატაროს არა ის ხელთათმანი, რომელსაც ყველა თითი აქვს ცალკე, არამედ  ე.წ. ვარიშკები, რომელსაც ცერა თითი აქვს ცალკე და ოთხი ერთად, რადგანაც ასეთ ხელთათმანში თითები ახლოსაა ერთმანეთთან და უკეთ თბება. მოწოდებულია, რომ ხელთათმანი იყოს შალის.


ამავე თემაზე: რატომ გვეყინება ხელები და ფეხები | ექიმის რჩევები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: