მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რას ცვლის საუზმე ორგანიზმისთვის და როგორი უნდა იყოს დღის პირველი კვება – ექიმის რჩევები

13.02.2024 • 17168
რას ცვლის საუზმე ორგანიზმისთვის და როგორი უნდა იყოს დღის პირველი კვება – ექიმის რჩევები

საუზმის მნიშვნელობის შესახებ შერეული წარმოდგენები არსებობს, ზოგი მიიჩნევს, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია. სხვები ამბობენ, რომ დილას ერთი ლუკმის გადაყლაპვაც უჭირთ. კლინიკა „მედცენტრის“ გასტროენტეროლოგი, ლუიზა კალანდაძე საუბრობს საუზმის მნიშვნელობაზე, საზიანო და სასარგებლო საუზმესა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

  • ქალბატონო ლუიზა, რა მნიშვნელობა აქვს საუზმეს ორგანიზმისთვის?

საუზმე ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, ის დიდწილად განსაზღვრავს, თუ როგორ წარიმართება მთელი დღე, რადგან ის გვაძლევს ენერგიას, არის თავის ტვინის მკვებავი, ასევე აბალანსებს შაქრის რაოდენობას სისხლში.

საუზმე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ ადამიანების დღის განრიგში, ვისაც აწუხებს რაღაც პათოლოგია და უწევს კონკრეტული მედიკამენტების მიღება დილით, რომლებიც ინიშნება აუცილებლად უზმოზე ან ჭამის შემდეგ.

საუზმე მნიშვნელოვანი კომპონენტია კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, მაგალითად, როცა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მიმდინარეობს ყაბზობით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დილით წყლის მიღებას.

  • ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს დილით წყლის დალევას, ეს ძალიან პოპულარული რეკომენდაციაა მოსახლეობაში, რა ხდება ამ დროს?

თუ კუჭ-ნაწლავის მხრივ რაიმე პათოლოგიასთან გვაქვს საქმე და, მაგალითად, პაციენტს აღენიშნება ყაბზობა, ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის დალევა უზმოდ. რეკომენდებულია, რომ ჭამამდე 45 წუთით ადრე ორი ჭიქა წყალი მიიღოს პაციენტმა, რა დროსაც ნაწლავების პერისტალტიკა [ღრუ ორგანოთა, მაგალითად, კუჭის და ნაწლავების კედლების ტალღისებური თანამიმდევრული შეკუმშვა] ძლიერდება. ეს ხელს უწყობს ნაწლავების შიგთავსის გადაადგილებას.

ზოგადადაც, ეს ყველასთვის კარგია; წყალი აუცილებელია ორგანიზმისთვის, ორგანიზმში ყველა რეაქცია მიმდინარეობს წყლის მეშვეობით, ყველაფერს სჭირდება წყალი, ამიტომ ადამიანმა დღის განმავლობაში ორ ლიტრამდე წყალი მაინც უნდა მიიღოს, სასურველია დაიწყოს დილიდანვე.

საკვების მიღების შემდეგ ან ჭამის პროცესში წყლის დაყოლება არ შეიძლება. საქმე ის არის, რომ წყლის დალევით ჩვენ ვანეიტრალებთ კუჭის წვენს, რის გამოც ფერხდება საკვების გადამუშავება; ამ დროს საკვები დიდ ხანს ჩერდება კუჭში და პაციენტს აღენიშნება სისავსის შეგრძნება, შებერილობა და დისკომფორტი.

ამიტომ წყალი უნდა მიიღოთ კვებას შორის შუალედში, მაგალითად, სადილობიდან ერთი-ორი საათის შემდეგ, ასევე ორი ჭიქა. გვიან ღამით არ ღირს დალევა, ვახშმის შემდეგ ასე ერთ-ორ საათში საკმარისია ერთი ჭიქაც.

თუ საუზმემდე 45 წუთით ადრე დავლევთ წყალს, საუზმის დრო ალბათ უნდა გავთვალოთ დილის 8 საათიდან 11 საათამდე; რათა სადილი და შემდეგ ვახშამიც არ დაგვიანდეს, რომელიც მაქსიმუმ საღამოს 8-9 საათზე შეიძლება იყოს.

  • რამდენად ჯანსაღია საუზმე მხოლოდ ყავით?

პაციენტები ხშირად მეუბნებიან, რომ დილას იწებენ ყავითა და ზოგჯერ, მასთან ერთად – სიგარეტითაც. რაღაც პერიოდი შეიძლება დილის ყავით დაწყება იყოს მათთვის კომფორტული, მაგრამ რეგულარულად საუზმის შეცვლა ყავით არ არის მიზანშეწონილი. ამას თუ ემატება სიგარეტი, რა თქმა უნდა, საზიანოა. ეს შეიძლება შემდეგში გასტრიტის, წყლულოვანი დაავადებისა და კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადების ჩამოყალიბების მიზეზიც გახდეს.

ყავას ორგანიზმიდან გამოჰყავს კალციუმი, ამიტომ დიდი რაოდენობით მისი მიღება არ არის კარგი, მაქსიმუმ 2-3 ფინჯანი დღეში. ისე კი, ყავას ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, უბრალოდ უზმოზე მხოლოდ ყავის მირთმევა დიდად არ არის რეკომენდებული.

  • სიგარეტის საზიანო შედეგები ცნობილია როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ისე კანცეროგენური თვალსაზრისით; კონკრეტულად კუჭ-ნაწლავის სისტემას როგორ აზიანებს?

კუჭ-ნაწლავის მხრივ სიგარეტი (ყავაც) ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ზედმეტად გამოყოფილი კუჭის წვენი აგრესიულად მოქმედებს კუჭის ლორწოვანზე, რაც შეიძლება წყლულის ჩამოყალიბების მიზეზი გახდეს; ეს იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით კუჭის წვენის გამოყოფის დროს,- კუჭში აღრა გვაქვს საკვები, რომელიც დამცავია კუჭისთვის, გვაქვს მხოლოდ ყავა – არასწორი კვება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი წყლულოვანი დაავადების. 

  • საუზმედ რა არის რეკომენდებული?

ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას მივირთმევთ საუზმეზე. მოწოდებულია, რომ საუზმე უნდა იყოს უფრო კალორიული, ვიდრე დანარჩენი კვება (ვახშამი კი ყველაზე ნაკლებკალორიული), მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი კალორიები.

საუზმე უნდა იყოს ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით სწორად დაბალანსებული.

მაგალითად, საუზმეზე ცილის კარგი წყაროა ერთი-ორი ცალი კვერცხი, ფაფებიდან ძალიან სასარგებლოა შვრიის ფაფა (რეკომენდებულია მრავალფეროვნებისთვის სხვა ფაფებიც); თუ პაციენტი მიირთმევს, საუზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია ხაჭო, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, ჩიას თესლი შეგვიძლია მივიღოთ როგორც უჯრედისი, ფაფაში შეიძლება ხილის გარევა, მაგალითად, მარწყვის, ვაშლის… თუ მიდრეკილება გაქვთ ყაბზობისკენ, შეიძლება შავი ქლიავის ჩირი შეურიოთ ფაფას.

დროის ეკონომიის მიზნით საუზმეზე შეიძლება მოიმზადოთ ტოსტი ყველითა და კვერცხით, შეიძლება ტოსტი არაქისის კარაქით (უშაქრო), რომელიც ძალიან კალორიულია და არ არის მავნე. არანაკლებ სასარგებლოა ტოსტი ავოკადოთი. 

დილით სასარგებლოა ჩაი, მწვანე იქნება ეს თუ შავი –  ჩაი შეიცავს კოფეინს, რაც გვმატებს ენერგიას. 

Cleveland Clinic: დილას თქვენი ორგანიზმი ყველაზე მეტად მგრძნობიარეა ინსულინის მიმართ – ამ დროს ის უფრო ეფექტურად იყენებს სისხლში არსებულ შაქარს. ამიტომაც დილა კარგი დროა საიმისოდ, რომ აირჩიოთ ბოჭკოვანი ნახშირწყლები, რისი დახმარებითაც დღიურად მიიღებთ 25 გრ ან მეტი საკვებ უჯრედისს ქოლესტერინის შესამცირებლად.

  • ვისაც არ შეუძლია ისაუზმოს დილას?

ეს ინდივიდუალურია და ეს ჩვევები გვიყალიბდება დროთა განმავლობაში, ალბათ როცა არ ვსაუზმობთ წლების განმავლობაში. ასევეა საუზმობა მხოლოდ ყავითა და სიგარეტით. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ეს ბავშვობიდან უყვარს, ესეც გვიან ჩამოყალიბებული ჩვევაა. ცხადია, ეს უმთავრესად ჩვენი მოუცლელობის გამო ხდება, ვერ ვასწრებთ სამუშაოს გამო; შემდეგ ყალიბდება სხვა ჩვევები, ზოგიერთი სამსახურშიც აგრძელებს [მშიერ კუჭზე] ყავის სმას; მყავს პაციენტები, რომლებიც დღის 3-4 საათამდე მშივრები არიან, რა დროსაც ენერგია იწურება, შაქრის დონე იცვლება, თავის ტვინს აკლდება გლუკოზა – ეს ძალიან საზიანოა.

Cleveland Clinic: დაკვირვება აჩვენებს, რომ ადამიანებთან, რომლებიც კვირაში 4-5 დღის განმავლობაში არ მიირთმევდნენ საუზმეს, გაიზარდა ტიპი 2 დიაბეტის რისკი; თუმცა ყურადღება უნდა მიაქციოთ, რა ხვდება საუზმობისას თქვენ თეფშზე. შაქრიანი მარცვლეული, მაფინები, ბლინები და ა.შ. შეიძლება დიდი რაოდენობით შეიცავდეს შაქარს, სახამებელს ან ცხიმს.

  • რა მნიშვნელობა აქვს ჭამას სკოლის მოსწავლეებისთვის?

ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საუზმეს, საბავშვო ბაღში თუ მიდის, იქ არის საუზმე, მაგრამ სკოლაში, სადაც კვება არ არის, მნიშვნელოვანია, რომ დილას ჭამა მოასწროს ბავშვმა.

ბევრ ბავშვს სწორედ სკოლის პერიოდში ეწყება კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ხდება ისე, რომ დილას ვერ ასწრებენ ვერც ბავშვები, ვერც მშობლები საუზმობას, სკოლებში კი არ არის ხელმისაწვდომი ნორმალური და დაბალანსებული კვება – ზოგიერთი ბავშვი სკოლის დამთავრებამდე მშიერია და გამოდის, რომ სადღაც სამ საათზე იკვებება ის პირველად; მას კი ენერგია სჭირდება, რომ აითვისოს, რასაც პედაგოგი აწვდის ცოდნის სახით.

კარგი იქნება, რომ სკოლაში შეიტანონ კვება და მოგვარდეს ეს პრობლემა. კუჭ-ნაწლავის ბევრი დაავადება იწყება სკოლის პერიოდში, არის ასეთი „სასკოლო გასტრიტი“, რომელიც ეწყებათ ბავშვებს იმის გამო, რომ არარეგულარულად იკვებებიან.

Cleveland Clinic: საუზმეზე გონების გამოკვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც დილით ჭამენ, უფრო ყურადღებიანები არიან სკოლაში, რაც აუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: