სიახლეები

როგორ მიიტაცა 3 თვეში ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან სანაპირო

14.02.2024 • 10395
როგორ მიიტაცა 3 თვეში ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან სანაპირო

ბათუმის კონცხზე, იახტკლუბის მიმდებარედ არსებული პლაჟის ნაწილი ზღვამ უკვე მიიტაცა.

ფოტოებზე, რომლებიც „ბათუმელებმა“ 2023 წლის ოქტომბერში და 2024 წლის 13 თებერვალს გადაიღო, ნათლად ჩანს, თუ პლაჟის რა ნაწილი წარეცხა ზღვამ 3 თვეში.

აკვაპარკის მიმდებარედ არსებულ წყლის სატუმბი სადგურის შენობასთან პლაჟის ნაწილი დღეს წყლითაა დაფარული. ნაწილობრივ ზღვაშია თვითონ სატუმბი სადგურიც, საიდანაც ბათუმის დელფინარიუმი მარაგდება ზღვის წყლით:

წარეცხილი პლაჟი იახტკლუბთან / ზღვაში მდებარე რკინა-ბეტონის კონსტრუქციას და პლაჟს შორის არსებულ მანძილებს თუ შევადარებთ, დავინახავთ პლაჟის რა ნაწილი მიიტაცა ზღვამ 3 თვეში

კვლევებით დადგენილია, რომ ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობზე დღეს დაგროვილია ჭარბი ნატანი, რომელიც საფრთხეს უქმნის უშუალოდ პლაჟს. ამ ჭარბი ნატანის ბათუმის კანიონში ჩაზვავების შემთხვევაში ნაპირს მოსწყდება კონცხის გასწვრივ არსებული პლაჟიც. მსგავსი შემთხვევა ბოლოს 1999 წლის იანვარში მოხდა.

როდის განმეორდება ასეთი ფაქტი, წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, აქედან გამომდინარე დიდია ალბათობა იმისა, რომ მას კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

პლაჟის პარამეტრების ცვლილება სატუმბი სადგურის მიმდებარედ ბათუმის იახტკლუბთან

ბათუმის კონცხთან პლაჟის მდგრადობისა და, რაც მთავარია, კატასტროფული შედეგების პრევენციისთვის აუცილებელია კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი ნატანის ამოღება. ბათუმის კონცხიდან ამ ეტაპზე ამოსაღებია ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი. შესაბამისი პროცედურები დაიწყეს კიდეც, თუმცა „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო“ ეს პროცედურები შეწყდა და ამ დრომდე არ განახლებულა.

რატომ შეწყდა და როდის განახლდება ჭარბი ნატანის ამოღებისთვის საჭირო პროცედურები? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაუკავშირდა. აქ ჩვენს ზარს არ უპასუხეს.

დოკუმენტში, რომელიც სამმართველოს დაკვეთით 2023 წელს მომზადდა და რომლის საფუძველზეც წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი ნატანი უნდა ამოიღონ, აღნიშნულია, რომ ბათუმის კონცხთან მდებარე პლაჟის ცალკეულ უბნებზე შეიმჩნევა უმნიშვნელო წარეცხვები. ამასთან, [არსებული] მონაცემები იძლევა იმის საფუძველს „ვივარაუდოთ, რომ 2012 წლიდან დღემდე ადგილი ჰქონდა წყალქვეშა ფერდის განტვირთვას [კანიონში ჩაზვავებას] ლოკალურ უბნებზე“. ცხადია, არა იმ მასშტაბით, როგორც 1999 წელს.

„კერძოდ, 1999 წლის 14 იანვარს ბათუმის კონცხის ცენტრალურ უბანზე, აბსოლუტურად წყნარი ზღვის პირობებში, განვითარდა მოვლენა, როდესაც მყისიერად მოსწყდა და წავიდა სიღრმეში წყალქვეშა ფერდზე აკუმულირებული მასალა, თან წაიყოლა 200-250 მეტრი სიგრძის და 50-60 მეტრი სიგანის წყალზედა პლაჟის ზოლი, საერთო ფართობით დაახლოებით 12 ათასი კვადრატული მეტრი. პროცესის პროვოცირება გამოიწვია თურქეთში, ქ. ტრაბზონის რაიონში [ბათუმიდან 250-270 კმ-ში] მომხდარმა მიწისძვრის [3 მაგნიტუდა, დამოწმებულია თურქეთის მხარესთან] რეზონანსულმა მცირე ბიძგებმა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რა იწვევს ჭარბი ნატანის კანიონში ჩაზვავებას, ანუ წყალქვეშა ფერდობის განტვირთვას? – უკვე დადგენილია და ზემოთ ნახსენებ დოკუმენტშიც აღნიშნულია, რომ „პერიოდულად კანიონის სანაპირო ზონაში, ძირითადად წყალქვეშა ფერდის ლოკალურ უბნებზე, აკუმულირდება ნატანის დიდი მოცულობა. კრიტიკული მასის ჩამოყალიბების შემთხვევაში იგი გადაადგილდება სიღრმეებისაკენ და თან გაიყოლებს წყალზედა პლაჟის ნაწილს, პრაქტიკულად ზვავის ან მეწყრული
პროცესის ანალოგიურად.

პროცესის პროვოცირება შეუძლია ნებისმიერ უმნიშვნელო შემაშფოთებელ ფაქტორს: შტორმის ხანგრძლივობა, მიმართულება, სიძლიერე, კრიტიკულ მასაში არაერთგვაროვანი ნატანის [წინა წლებში ხშირ შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ნაგვის და სამშენებლო ნარჩენების შემცველობა] გაუწყლოვნების განსხვავებული პირობები, და ასევე მრავალი სხვა. ზემოთ აღწერილი პროცესის განვითარების დრო და შედეგების პროგნოზი შეუძლებელია.“

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ამჟამად, ბათუმის კონცხის სანაპირო ზონაში ჩამოყალიბებულია ორი აქტიური აკუმულაციის მონაკვეთი, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან წყალქვეშა კანიონის სათავეებს:

  • პირველი მონაკვეთი პრაქტიკულად მდებარეობს იმავე უბანზე, სადაც 1999 წელს ვიზუალურად დაფიქსირდა სანაპირო ზონიდან [პლაჟიდან] აკუმულირებული მასალის დაცლა სიღრმეებისაკენ.
  • მეორე უბანზე, იახტკლუბის ზღვისპირა მოლის წინ, მზარდი აკუმულირებული ფორმა წინა წლებში დაფიქსირებული არ ყოფილა. თუმცა, პერიოდულად შესაძლებელია ხდებოდეს წყალქვეშა ფერდის დაცლა მცირე მასშტაბებით, რაც არ აისახებოდა წყალზედა პლაჟის პარამეტრებზე“.

მიუხედავად დოკუმენტში ასეთი ჩანაწერისა, ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ იახტკლუბის მიმდებარედ „წყალზედა პლაჟის პარამეტრები“ აშკარად შეცვლილია – პლაჟის ფართობი სატუმბ სადგურთან ბოლო სამ თვეში საგრძნობლად შემცირდა.

აღნიშნულ ადგილზე „პლაჟის პარამეტრების ცვლილებას“ ასევე მოწმობს სხვადასხვა წლებში გადაღებული სატელიტური ფოტოებიც:

ფოტოზე ჩანს პლაჟზე აშენებული ე.წ. „ახალი დეზი] [2009 წ], რომელზეც შემდეგ „ალი და ნინოს“ მონუმენტი იდგა. ზღვამ მონუმენტს საფრთხე შეუქმნა და ის პლაჟიდან გადაიტანეს. ეს დეზი კი ნაწილობრივ ზღვაში აღმოჩნდა და დღეს ზღვაზე გადასახედის ფუნქციას ასრულებს. 2009 წლის ფოტოზე ჩანს, რომ სატუმბი სადგური სანაპიროზეა და მის წინ საკმაოდ ფართო პლაჟია. დღეს კი, სატუმბი სადგურის შენობაც ნაწილობრივ ზღვაშია.

„საჭიროა პრევენციული ღონისძიება შესაძლო რისკ-ფაქტორის შესარბილებლად ორივე უბანზე: კონცხის ცენტრალური და იახტკლუბის წინა მონაკვეთების წყალქვეშა ფერდიდან კრიტიკული მასის პერმანენტული დაცლა წყნარი ზღვის პირობებში“, – აღნიშნულია აჭარის სამმართველოს დაკვეთით მომზადებულ დოკუმენტში, რომელსაც „ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობის შესწავლის, ჭარბი აკუმულაციის უბნების გამოვლენისა და მოსალოდნელი რისკების შემცირების მიზნით, სათანადო კვლევის პროექტი“ ჰქვია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: