მთავარი,სიახლეები

22 ოჯახი სოფელ გელაძეებში 8 დღეა ჩამოშლილ მთებს შორის ცხოვრობს – გზა ჩაკეტილია

13.02.2024 • 3816
22 ოჯახი სოფელ გელაძეებში 8 დღეა ჩამოშლილ მთებს შორის ცხოვრობს – გზა ჩაკეტილია

„თუ ისევ გაწვიმდა, წაგვიღებს“ – გვიყვება მანანა სოფელ გელაძეებიდან. ახლა აქ ყველაზე მეტად წვიმის ეშინიათ.

უკვე რვა დღე და ღამე სოფელ გელაძეებში მოსახლეობა ჩამოშლილ მთებს შორის ცხოვრობს. აღამებენ და ათენებენ შიშით, რომ მეწყრული ზონები ისევ არ გააქტიურდეს. „გამომწყვდეულებს“ შორის, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, არიან ასაკოვნები და მცირეწლოვანი ბავშვებიც.

ადგილობრივებს „ბათუმელები“ ტელეფონით ესაუბრა. მათი თქმით, სოფელში ახლა მხოლოდ ფეხით, ბილიკებით შეიძლება გადაადგილება, თუმცა ეს ბილიკებიც საშიშია. საჭიროების შემთხვევაში ამ ბილიკებით რთული იქნება ხანდაზმული ადამიანების, ასევე მცირეწლოვნების გაყვანა.

ერთ-ერთ ოჯახში გვითხრეს, რომ მცირეწლოვან ბავშვს ექიმის დახმარება დასჭირდა. „სიცხე ჰქონდა მაღალი, წამლებმა არ უშველა, გადასხმა დასჭირდა. ორი კილომეტრი ზურგით ატარეს და გადასხმა გაუკეთეს. ახლა უკეთ არის, სოფელში ექიმი არ არის“, – გვიყვება მადონა.

„პურის ფქვილი გამითავდა, მეუღლემ ზურგით ამოიტანა“, – გვიყვება ქეთი.

მოსახლეობასთან გასაუბრების დროს ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე თავად დაგვიკავშირდა და  გვითხრა, რომ ის ახლა გელაძეებშია, იცის, რომ ამ სოფელთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები და თანამშრომელთან გადაგვამისამართა.

„მოსახლეობას ველაპარაკები და ვერ გპასუხობთ, დაურეკეთ ნურის“.

ნური გორგაძე ხულოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსია. მისი ინფორმაციით, დღეს გელაძეებში ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე და მერიის წარმომადგენლები საფეხმავლო ბილიკებით შევიდნენ. მერი მოსახლეობას შეხვდა და მათი პირველადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა.

მიუხედავად იმისა, რომ ეშინიათ, აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლებს ვერ დატოვებენ, რადგან თითოეულ ოჯახს 10-15 ან მეტი ძროხა ჰყავს.

„წასვლა როგორ წარმოგიდგენიათ, გადაიკიდებ ჩანთას და წახვალ? – სად უნდა წავიდეთ, ცხრა სული ვართ ოჯახში, ბავშვები გვყავს. საქონელი მყავს, სულიერია ისიც. ხომ ვერ დავტოვებ.“

სოფელ გელაძეებში სამანქანო გზის გახსნას არც ელოდებიან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ ამ სოფელთან მისასვლელ გზაზე ტექნიკის მიყვანას გეოლოგები ეწინააღმდეგებიან: „საშიშია, შეიძლება უარესი შედეგები გამიწვიოს.“

„დღესაც შევხვდით მოსახლეობას, ვართ ყოველდღიურ კომუნიკაციაში. ბუნებრივია, მათი პირველი საჭიროება არის გზის გახსნა, მაგრამ დავინტერესდით სხვა რაიმე საჭიროება ხომ არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე განსაკუთრებული საჭიროება არ აქვთ, რაც შეეხება გზას, ვმუშაობთ რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტზე, სწორედ მაგას ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა და ალბათ ახლო ხანში რაღაცაზე შევჯერდებით.

მთავარი არის ის, რომ მოსახლეობა კარგად არის და გადაუდებელი საჭიროება არ აქვთ ამ ეტაპზე, დღეს მერმა პირადად ჰკითხა, ავადმყოფი ან ვინმე ხომ არ გყავთო. თუ იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ აღმოვუჩინოთ დახმარება. საფეხმავლო გზა არსებობს და ჩვეულებრივად შეიძლება გადაადგილება, 2 კილომეტრი დღეს ფეხით გავიარეთ და მივედით სოფელში“.

ნური გორგაძის ინფორმაციით, ის ადგილი, სადაც 22 ოჯახი ცხოვრობს, არ არის საშიში.

„სოფელში მისასვლელი გზა დაიმეწყრა. საშიში რომ იყოს ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ, ბუნებრივია, ჩვენ გავიყვანდით მათ და ასე არ დავტოვებდით. ამ ეტაპზე არ დგას საკითხი ისე, რომ იქ მცხოვრები რომელიმე ოჯახი არის საფრთხის ქვეშ. ის კონკრეტული ოჯახები, რომლებიც ახლა ადგილზე რჩებიან, საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე არ არიან.

სოფლის შესასვლელთან ერთ კილომეტრში ჩამოიშალა კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზა, მეწყერი არის სოფელთან მისვლამდე. გეოლოგები ახლაც ჩვენთან არიან, როგორც აჭარის გეოლოგიური სამსახური, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. მათ უკვე მოიარეს ათობით სოფელი და სადაც მიგვითითებენ, რომ კონკრეტული ოჯახი არის საფრთხის შემცველ ზონაში, ჩვენ ვახდენთ რეაგირებას და გაგვყავს“, – ამბობს ნური.

ვრცელ რეპორტაჟს სოფლიდან „ბათუმელები“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: