სიახლეები

„რომც დაგვხვრიტონ, არ შემოვუშვებთ“ – ახალშენი კარიერზე ქვის მოპოვების წინააღმდეგ

13.02.2024 • 3982
„რომც დაგვხვრიტონ, არ შემოვუშვებთ“ – ახალშენი კარიერზე ქვის მოპოვების წინააღმდეგ

„არაფერი არ გვინდა მათი, არაფერი, ოღონდ აფეთქებები არ იყოს, ოღონდ კარიერის ამოღება შეწყვიტონ“, – ამ უპირობო მოთხოვნას სოფელ ახალშენის მოსახლეობა მთავრობას უყენებს. ამბობენ, რომ არ დათმობენ: „თუნდაც დაგვიჭირონ, დაგვხვრიტონ, ჩაგვცხრილონ, არ დავთმობთ“.

ბათუმთან ახლოს მდებარე სოფელ ახალშენში კარგად იციან, რომ კომპანიები, რომლებსაც დიდი ფული და, შესაბამისად, დიდი ძალაც აქვთ, „იოლად არ დათმობენ მილიონების კეთების შესაძლებლობას“.

„მილიონები უნდა აკეთონ ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე?“ – კითხვას სვამს ახალგაზრდა ქალი, ირმა ბერიძე ახალშენიდან. ის ამბობს, რომ მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის, „მთავრობა ხალხის გვერდში არ არის.“

ირმა სოფელში სატვირთოების გამოჩენაზე, კარიერთან დაკავშირებულ აფეთქებებზე და სოფლის შეცვლილ გარემოზე მშვიდად ვერ საუბრობს.

„არსებობას არ გვარგებენ, არაფერს არ ვითხოვთ მათგან, დაგვანებონ თავი. ვცხოვრობთ მთის პირას, სახლები დაბზარულია, გზები დასკდა. არავინ ყურად არ იღო ჩვენი პრობლემა. გასულ წლებში სპეცრაზმითაც მოვიდნენ ქალების წინააღმდეგ, რომლებიც 60-ტონიან მანქანებს არ ვუშვებდით და ხელს ვუშლიდით.

ხელისუფლება გვერდით არ არის, ვის უნდა მივმართოთ. მართლა უნდა ამოგვწყვიტონ? – ამოგვწყვიტონ და მოისვენონ მაშინ. არ მინდა მათი კომპენსაცია, მინდა იქ ვიცხოვრო, სადაც ვარ. დაინგრა ხულო და ქედა, ბაღდათი დაინგრა, ახალშენშიც კატასტროფა უნდა მოხდეს, ხალხის სიცოცხლის ზურგზე მილიონები უნდა აკეთონ?“ – ამბობს ირმა.

ახალშენში „ბრძოლისთვის მზად არიან“, დიდი გზა გვაქვს გავლილი, წლებია იმ კომპანიებს ვებრძვით, რომლებიც ჩვენს ხარჯზე მდიდრდებიანო:

„დაასრულეს მუშაობა, ცოტა ხანს გაჩერდნენ და გვეგონა ამოვისუნთქეთ. ახლა ახლები გამოჩნდნენ. დასასრული არ არის, უნდა დავიმარხოთ?“

ზაურ ბერიძე სახლის მდგრადობის დარღვევის გამო მთავრობას ორი წლის წინ ქირით გაუყვანია. მას კომპენსაციაც მიუღია, მაგრამ არა იმ ოდენობის, რომლითაც ახალი საცხოვრებლის ყიდვას შეძლებდა, ის თავისსავე სახლთან დაგვხვდა:

„ძლიერი აფეთქებებია, სახლები, გზები დაბზარულია. მთავრობამ გამიყვანა ქირით, ასე ორი წელი ვიყავი ნაქირავებში, კომპენსაცია გადამიხადეს, ისეთი თანხა, რომ ვერაფერს ვერ გავხდებოდი და ასე ვართ. ახლა ახალი კომპანიები გამოჩნდნენ, კიდევ აფეთქებებია და დაინგრევა ალბათ ეს სახლები. გორები სულ მოიშლება, რა ვიცი როგორ წავა მაი საქმე და რა იქნება. გამაგრება მოვითხოვეთ, მაგრამ სადაა – ვინმემ ყურადღება მოგვაქცია?“


ზაურ ბერიძე – სოფელ ახალშენში მცხოვრები

  • „ამ მდინარემ გაგიჟება იცის“

სოფელი ახალშენი მდინარე ბარცხანას მიუყვება. კონკრეტული უბანს კი, სადაც კარიერს იღებენ ტაშხანას ეძახიან. აქ გვიყვებიან, რომ პერიოდულად მდინარე დიდება და წყალი კალაპოტიდან გადმოდის.

„მთაა, მთის ძირია, მდინარეა, დატოვებენ მერე უყურადღებოდ. ერთი კაი წვიმა და… მდინარე ისე შემოვიდა, მეზობელმა ცხენით გამიყვანა. ისეთი გაგიჟება იცის ამ მდინარემ, აგენმა ეს არ იციან. ვეუბნებით და არ სჯერათ, ოღონდ მათი საქმე გააკეთონ“, – გვიყვება ალექსანდრე მიქელაძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კარიერთან დაკავშირებული აფეთქებები სახლების რყევებს იწვევს, დაიბზარა კედლები, ფერდობებზე ნაპრალები გაჩნდა, სასაფლაო ჩამოინგრა. აქ შიშობენ, რომ სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში საფრთხე ემუქრებათ.

„ტყუილების ქვეშ ვართ, აღარაფერი აღარ მჯერა“, – გვიყვება პენსიონერი ქალი, რომელმაც თურქეთში, ჩაიში იმუშავა, სახლის გადახურვისა და ახალი ფანჯრების შესაძენად ფული რომ შეეგროვებინა:

„თურქეთში წავედი სამუშაოდ, ვიწვალე, რომ სახლი გადამეხურა და ფანჯრები შემეცვალა. ახლა ეს ყველაფერი აფეთქებების გამო უნდა დამენგრეს თავზე. რა აზრი აქვს, რატომ ვწვალობ? – სოციალურად დაუცველი ვარ, მაგრამ დახმარება მომიხსნეს. თურქეთიდან რომ ჩამოვედი 300 ლარიანი დახმარება უნდა ამეღო, იქაც 200 ლარი ჩამომაჭრეს, სესხი გქონდა აღებულიო. არაფერი არ მინდა ამათი. არაფერს ვითხოვ, ოღონდ ეს აფეთქებები არ იყოს“.


ნანული ბერიძე – სოფელ ახალშენში მცხოვრები

  • „მთავრობას ლაპარაკის უმაღლესი აქვს დამთავრებული, მეტი არაფერი“

ახალშენში მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოები არიან. დეპუტატი გვყავს – კაი გამარჯობა იცის, ხანდახან მოგვიკითხავს, მაგრამ „კარგი გამარჯობით საქმე არ კეთდება“. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის გაკეთებული მხოლოდ გზა გვახსენდება, „ისიც იმიტომ, რომ ავჯანყდითო“.

„მთავრობა გამოვიდა – შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, ხომ იცით ლაპარაკის უმაღლესი აქვთ დამთავრებული, მეტი არაფერი. მოუსმენ, დატკბები და კმაყოფილი წამოხვალ, მაგრამ მეორე დღეს იგივე ხდება. ამიტომ არ ვენდობით არავის. გახედეთ ჩვენ სოფელს, სამოთხეა. ეს უნდა დაშალონ, რომ ახალი სამოთხე ააშენონ, რომელიც დიდხანს ვერ გაძლებს, დარწმუნებული ვარ. რატომ გვიშლი ამას, რა გინდა? – 80 წლის ისტორია გვაქვს აქ ცხოვრების. თუ გინდათ მილიონი მომცენ, მაგრამ არ მინდა. იქ მინდა, სადაც ვარ და დამთავრდა. ეს უნდა აქ ყველას, ყველას სახელით ვამბობ. მოგვეშვან, შეგვეშვან.“


ალექსანდრე მიქელაძე- სოფელ ახალშენში მცხოვრები

აქ იციან ისიც, რომ კომპანიებს მათი სოფლიდან კარიერი ბათუმში კუნძულის ასაშენებლად მიაქვთ:

„აქედან რაც გააქვთ არ არის სასარგებლო, ამ ქვას მარილი შლის. პალმა კეთდება თუ ნაძვი, ფუნდამენტი გაუვარდება, დაშლის და ჩავარდება. ხალხი დაიღუპება, მაგიტომ გააჩერეს ის პირველი კარიერი, რომ ზღვა შლიდა ამას. მე ასი წელი არ ჩავალ და იქ არ ვიცხოვრებ, მაგრამ სხვა ხომ იქნება, ჩვენი საშიშროება რა არის? –  რაც ყველგან ხდება იმას ველოდები ჩვენც.“

ადგილობრივები, ისინი, ვინც ღიად საუბრობს და ისინიც, ვისაც ამბის მოყოლა „ჩაწერის გარეშე“ უნდა, დარწმუნებულია, რომ მათ დაშინებას სხვადასხვა გზით შეეცდებიან:

„გამოცდილება გვაქვს და ვიცით. არ შემოვუშვებთ, დაგვიჭერენ, დაგვხვრეტენ, თუ რასაც მოიმოქმედებენ, ბოლო წერტილამდე ვიქნებით და ვნახოთ. თუ მაინცდამაინც ჩაგვცხრილავენ და ისე შემოვლენ… იქნება მუქარა, პოლიციაც იქნება. წინა შემთხვევაში სპეცრაზმი მოგვივარდა. ქალებს ხელი დაარტყეს და მაინც შემოვიდნენ, ყველაფერია მოსალოდნელი.“

ახალშენში შევხვდით ქალს, რომელიც ახალგაზრდობაში, 1989 წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მეწყერს გადაურჩა, მაგრამ დაეღუპა შვილები.

„ორი შვილი დავკარგე, მათი საფლავები ხულოშია. დავბერდი და ისევ იმავეს ვისმენ. აქ ვერ შემოვა კარიერი. ჩვენ წინააღმდეგ ვართ, ინგრევა ყველაფერი“, – ამბობს ლამარა დავითაძე.


ლამარა დავითაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: